საქართველოში არსებული დამოუკიდებელი ორგანიზაციები და ასოციაციები, დამოუკიდებელი ხელოვანები, ღია წერილით მიმართავენ საერთაშორისო კინოფესტივალების, წიგნის ბაზრობების, საგამოფენო სივრცეების, მუზეუმების, მემორიალური და საარქივო-კვლევითი ინსტიტუციების, თეატრალური, მუსიკალური და სხვა სახელოვნებო ღონისძიებების ორგანიზატორებს, დირექტორებს, კურატორებს, პროგრამერებსა და მონაწილეებს – ნუ გახდებიან საქართველოში არსებულ რეპრესიული მმართველობის ნორმალიზაციისა და პროპაგანდის ნაწილი და ნუ მისცემენ პროპაგანდისტებს საშუალებას რეალობის დასამალად გამოიყენონ მათი სახელი და რეპუტაცია.
ღია წერილში ნათქვამია, რომ ქვეყნის ფარგლებს გარეთ სახელმწიფოს მიერ დაფინანსებული კულტურული ინსტიტუციები მხოლოდ მათთვის ხელსაყრელ რეალობას წარმოაჩენენ და ქმნიან ილუზიას, თითქოს ქვეყანაში ყველაფერი კარგადაა, მაშინ როცა მსოფლიოს არ აჩვენებენ პოლიტპატიმრებს, ნაცემ დემონსტრანტებს, დევნილ ჟურნალისტებს, გათავისუფლებულ საჯარო მოხელეებს ან რეპრესირებულ ხელოვანებს.
„ძვირფასო კოლეგებო, გწერთ საქართველოდან, ქვეყნიდან, სადაც დღეს დემოკრატიული ინსტიტუტები, სამოქალაქო საზოგადოება, დამოუკიდებელი მედია და ხელოვნების თავისუფლება მზარდი ზეწოლის ქვეშ იმყოფება.
ისტორია გვასწავლის, რომ ავტორიტარული რეჟიმები მხოლოდ ძალადობით არ არსებობენ. ისინი არსებობენ ნორმალიზაციის მეშვეობითაც. მათ სჭირდებათ არა მხოლოდ პოლიცია, სასამართლო და პროპაგანდა, არამედ ისეთი კულტურული სივრცის შექმნა, რომელიც დანარჩენ მსოფლიოს დაარწმუნებს, რომ ყველაფერი რიგზეა.
ამიტომ თითქმის ყველა ავტორიტარული რეჟიმი განსაკუთრებულ ყურადღებას უთმობს კულტურულ ღონისძიებებს, ფესტივალებს, გამოფენებსა და საერთაშორისო ფორუმებს.
ასეთ დროს მსოფლიოს არ აჩვენებენ პოლიტპატიმრებს, ნაცემ დემონსტრანტებს, დევნილ ჟურნალისტებს, გათავისუფლებულ საჯარო მოხელეებს ან რეპრესირებულ ხელოვანებს. აჩვენებენ ისტორიულ ქალაქებს, სტუმართმოყვარეობას, ეგზოტიკურ ღირშესანიშნაობებს, კულტურულ მრავალფეროვნებას, ტრადიციებსა და საერთაშორისო თანამშრომლობის ფასადს.
ამ სტრატეგიის მიზანი მარტივია: შეიქმნას პარალელური რეალობა, სადაც რეპრესია უხილავი ხდება.
დღეს საქართველოში 150-ზე მეტი ადამიანი იმყოფება პატიმრობაში პოლიტიკურად მოტივირებული და არასამართლიანი სამართალწარმოების შედეგად, საერთაშორისო უფლებადამცველი ორგანიზაციების შეფასებით.
მათ შორის: ჟურნალისტი მზია ამაღლობელი, პოეტი ზვიად რატიანი, ოპერის მსოფლიო ვარსკვლავი პაატა ბურჭულაძე, მსახიობი ანდრო ჭიჭინაძე, ასევე პოლიტიკური ლიდერები. მათი დიდი ნაწილი მონაწილეობდა მშვიდობიან პროტესტში საქართველოს ევროპული მომავლისა და დემოკრატიული ღირებულებების დასაცავად.
ამ რეალობის ფონზე კვლავ იმართება ფესტივალები, კონფერენციები და საერთაშორისო კულტურული ღონისძიებები. სახელოვნებო პლატფორმებზე, სადაც საგულდაგულოდ ნიღბავენ რეპრესირებული ხელოვანებისა და მოქალაქეების რეალურ მდგომარეობას. იქმნება შთაბეჭდილება, რომ კულტურული ცხოვრება ჩვეულ რიტმს მიჰყვება.
ინფორმაციის გადამოწმება არასოდეს ყოფილა ისეთი მარტივი, როგორც დღეს.
სანამ ასეთ პროექტში, თანამშრომლობაში ან ღონისძიებაში მონაწილეობას დათანხმდებით, საკუთარ თავს რამდენიმე კითხვა დაუსვით:
რა ხდება დღეს იმ ქვეყანაში, რომლის სახელმწიფო კულტურულ ინსტიტუციასთან ვთანამშრომლობ?
ასახავს თუ არა ეს პროექტი, თანამშრომლობა ან ღონისძიება იმ ქვეყნის რეალურ პოლიტიკურ, სოციალურ და კულტურულ მდგომარეობას, თუ მხოლოდ საგანგებოდ შერჩეულ, უსაფრთხო და პოლიტიკურად სტერილურ სურათს?
შესაძლებელია თუ არა ღიად საუბარი ხელოვნების როლზე, გამოხატვის თავისუფლებაზე, ცენზურაზე, პოლიტიკურ რეპრესიებსა და დემოკრატიის მდგომარეობაზე?
მონაწილეობენ თუ არა დამოუკიდებელი ხელოვანები, ჟურნალისტები, ისმის თუ არა კრიტიკული ხმები, თუ მხოლოდ ხელისუფლებისთვის მისაღები პოზიციებია წარმოდგენილი?
შეიძლება თუ არა, რომ ჩემი მონაწილეობა და თანამშრომლობა, განზრახვის მიუხედავად, ავტორიტარული რეჟიმის ლეგიტიმაციასა და მის მიერ შექმნილ „ნორმალურობის“ ილუზიის განმტკიცებას ემსახურებოდეს?
ხელოვნების დანიშნულება ძალაუფლების გაფორმება არ არის.
ხელოვნება არსებობს იმისთვის, რომ სიმართლე გამოაჩინოს და არა იმისთვის, რომ მიჩქმალოს.
და როდესაც ხელოვნება რეალობის დამალვას იწყებს, იგი ხელოვნებიდან პროპაგანდად გადაიქცევა.
ამიტომ მოგმართავთ თქვენ, ჩვენი წერილის ადრესატებს: ნუ გახდებით იმ ნორმალიზაციისა და პროპაგანდის ნაწილი, რომელიც ჩაგვრას ფარავს. ნუ მისცემთ თქვენს სახელს, ავტორიტეტსა და რეპუტაციას რეალობის დამალვის პროცესს.
თუ კულტურული ღონისძიება, პროექტი ან თანამშრომლობა სისტემატურად დუმს რეპრესიაზე, ფარავს უსამართლობას და ქმნის ილუზიას, რომ ყველაფერი რიგზეა, იგი, განზრახ თუ უნებლიედ, ჩაგვრის ნორმალიზაციას ემსახურება.
და ისტორია ასეთ თანამონაწილეობას არასოდეს ივიწყებს“ – ნათქვამია ღია წერილში [ქვეყნდება მცირედი შემოკლებით].
ღია წერილს ხელს აწერენ:
საქართველოს კინო ინსტიტუტი;
დოკა – დოკუმენტური კინოს ასოციაცია;
საქართველოს კინოოპერატორთა ასოციაცია;
საქართველოს პენცენტრი;
საქართველოს წიგნის ასოციაცია;
თბილისის საერთაშორისო კინოფესტივალი;
ქუთაისის მოკლემეტრაჟიანი ფილმების ფესტივალი;
კულტურა დემოკრატიისთვის;
საზოგადოებრივი ასამბლეის კულტურული მემკვიდრეობის ჯგუფი;
ქოლგა თბილისი ფოტო;
თბილისის ფოტო ფესტივალი;
პროექცია 24;
თბილისის საერთაშორისო ლიტერატურული ფესტივალი;
საქართველოს ხელოვნების კრიტიკოსთა ასოციაცია.
