23 ივლისს ევროკავშირმა სანქციები დაუწესა ყულევის ნავთობგადამმუშავებელ ქარხანასა და საქართველოში მოქმედ კრიპტოპლატფორმებს. თუმცა, ევროკომისია ყულევის ნავთობგადამმუშავებელ ქარხანას 6-თვიან ვადას აძლევს იმისთვის, რომ უარი თქვას პრაქტიკაზე, როდესაც რუსულ ნავთობს იძენდა, ამუშავებდა და შემდეგ ყიდდა. თუ კომისია დაადგენს, რომ აღნიშნული ვალდებულება შესრულდა, ყულევის ქარხანა სანქცირებულთა ჩამონათვალში აღარ იქნება. წინააღმდეგ შემთხვევაში კი, საბჭოს წარედგინება წინადადება, რომ ობიექტი სანქცირებულთა სიაში დარჩეს.
რას ნიშნავს ყულევის ქარხნის დასანქცირება საქართველოსთვის და რას უნდა ველოდოთ სამომავლოდ „ქართული ოცნებისა“ და ევროკავშირისგან — ამ საკითხებზე „ნეტგაზეთი“ საგარეო ურთიერთობათა სპეციალისტსა და ყოფილ დეპუტატს, დიმიტრი ცქიტიშვილს ესაუბრა.
— თქვენი შეფასებით, რა მთავარ სიგნალს აგზავნის ბრიუსელი ყულევის ქარხნის დასანქცირებით?
— ეს ერთგვარი გაფრთხილებაცაა, რადგან გამოსასწორებლად 6-თვიანი ვადაა მიცემული. რეალურად, აქამდე თუ ამაზე მხოლოდ ზეპირი საუბარი იყო და [არა ქარხანას, არამედ] ტერმინალს ეხებოდა, საქართველოს მთავრობამ პირობა დადო, რომ ყულევის თემას რუსეთის ჩრდილოვანი ფლოტისა და სანქცირებული ნავთობისთვის აღარ გამოიყენებდა.
ამაზე ეჭვები დიდი ხანია არსებობს. პირადად ჩემთვის ეს უკვე ეჭვზე მეტია, რადგან საერთაშორისო საგამოძიებო ჟურნალისტებიც საუბრობდნენ კავშირებზე ყულევის მფლობელებსა და რუსულ სპეცსამსახურებს შორის — მათ შორის, სამხედრო დაზვერვის ხელმძღვანელობასთან და მათი ოჯახის წევრებთან.
პრაქტიკულად, უკვე ზედაპირზე ჩანს, რომ ყულევი რუსეთის სამხედრო დაზვერვასა და არალეგალური სამხედრო-ფინანსური რესურსების მობილიზებას ემსახურება.
ამ შემთხვევაში ევროკავშირი საკმაოდ ფრთხილი და თავდაჭერილია. ვინაიდან საქმე ეხება კანდიდატ ქვეყანას — რაც ძალიან მნიშვნელოვანი ფაქტორია — პირველად მხოლოდ სიტყვიერი გაფრთხილებით შემოიფარგლნენ. ახლა კი განაცხადეს, რომ ობიექტი სანქცირებულია და თუ 6 თვეში მდგომარეობა ისევ ასე გაგრძელდა, სანქციები შეიძლება საბოლოოდ დამტკიცდეს. შესაბამისად, მეორადი სანქციები გავრცელდება იმ კომპანიებზეც, რომლებიც ამავე მფლობელების ხელშია — მათ შორის, Mercedes-ის ცენტრზე, „რუსთავოილსა“ და სხვებზე. ეს ყველაფერი ჯაჭვია, რომელიც, საბოლოო ჯამში, ქვეყანას ძალიან მნიშვნელოვნად აზიანებს.
პროცესში ფიგურირებს სამი კომერციული ბანკიც: ივანიშვილთან დაკავშირებული „ქართუ ბანკი“, „ხალიკ ბანკი“ და „ბაზისბანკი“. მართალია, მათი მფლობელები შეიძლება საქართველოს მოქალაქეები არ იყვნენ, მაგრამ ქართულ იურიდიულ პირებს წარმოადგენენ და ჩვენი საბანკო სისტემისა და ეკონომიკის ნაწილები არიან. უმნიშვნელოვანესია, რომ საქართველოს იურიდიული პირები, თუნდაც „ოცნებასთან“ ასოცირებულები, სანქციების ქვეშ არ მოხვდნენ. სახელმწიფო აქტიურად მონაწილეობს ამ პროცესში და, სინამდვილეში, რას აკეთებს? აკეთებს რუსულ საქმეს, რის გამოც სანქციები წესდება და სპეკულაციებისთვის სივრცე აღარ რჩება.
მანამდე იყო ჟურნალისტური გამოძიება, ამაზე ეჭვების დონეზე საუბრობდნენ, თუმცა ინფორმაცია ძალიან მაღალი სტანდარტით იყო მომზადებული. დღეს უკვე ეჭვები აღარ არსებობს; სახეზეა საერთაშორისო დონეზე მიღებული კონკრეტული გადაწყვეტილება, რომელიც შესაბამის პოლიტიკურ მტკიცებულებებს ეფუძნება.
— ევროკავშირი სანქციების მე-20 პაკეტის ფარგლებში განიხილავდა ყულევის სანქცირებას, თუმცა დამტკიცებამდე სიიდან ამოიღეს იმ მიზეზით, რომ საქართველოს მთავრობამ და პორტის ოპერატორმა „პოზიტიური ვალდებულებები“ აიღეს. რაზე მეტყველებს ის ფაქტი, რომ ყულევის ქარხანა [და არა პორტი, რომლის ოპერატორიც “სოკარია”] საბოლოოდ მაინც მოხვდა სანქციების პაკეტში? ეს უფრო ქართული მხარის უმოქმედობის შედეგია, თუ ბრიუსელში მივიდნენ დასკვნამდე, რომ სანქციების სიაში შეყვანის გარეშე, რისკების აღმოფხვრა ადგილზე შეუძლებელი იყო?
— მე მგონია, რომ ევროკავშირმა კი არ შეცვალა გადაწყვეტილება, არამედ საქართველოს ხელისუფლებამ არ შეასრულა ნაკისრი ვალდებულებები და, შესაბამისად, 21-ე პაკეტით ეს კომპანია მაინც მოხვდა სანქცირებულთა სიაში. „ქართული ოცნება“ ახლაც იმავეს ამბობს, რომ ნავთობის შემოტანის დივერსიფიცირებას მოახდენენ, მაგრამ, როგორც ჩანს, წინა პირობები არ შეასრულეს. ვნახოთ, რას იზამენ უახლოეს 6 თვეში.
არ არის გამორიცხული, ამ ნავთობზე უარის სათქმელად რესურსი აღარც ჰქონდეთ, რადგან ვალდებულებები აქვთ აღებული სხვადასხვა სტრუქტურასთან, მაგალითად, რუსულ სპეცსამსახურებთან ან სამხედრო დაზვერვის მაღალჩინოსნებთან, რომლებთანაც დაკავშირებულნი არიან. შეიძლება უკან დასახევი გზაც აღარ აქვთ, ამიტომ აგრძელებენ და სადამდეც გაუდით, გაუვათ.
— ევროკავშირის მიერ სანქციების სიაში შეყვანამდე რამდენიმე კვირით ადრე, ყულევის ნავთობგადამმუშავებელი ქარხნის მფლობელმა კომპანია „ბლექ სი პეტროლიუმმა“ განაცხადა, რომ მიმდინარე წლის აგვისტო-სექტემბრიდან გეგმავდა, რუსული ნავთობის გადამუშავებაზე სრულად ეთქვა უარი. თქვენი აზრით, რატომ არ აღმოჩნდა საკმარისი ეს განცხადება?
— თუ ამას ახლა, აგვისტოდან აპირებენ, შეგახსენებთ, რომ საკითხი ჯერ კიდევ მე-20 პაკეტში განიხილებოდა და ეს აქამდე უნდა გაეკეთებინათ. თუ არ გააკეთეს, ე.ი. პირობა დაარღვიეს და რუსული ნავთობის შემოტანისა და შემდგომ ვითომ ქართულ ნავთობპროდუქტებად გატანის კიდევ რამდენიმე ციკლი გაითამაშეს.
ეს, ბუნებრივია, ეჭვებს აჩენს, რადგან ევროკავშირი გადაწყვეტილებებს ასე სწრაფად და წინდაუხედავად არ იღებს. ახლაც აქვთ დატოვებული უკან დასახევი გზა — თუ კომპანია და, ზოგადად, საქართველო უარს იტყვის სანქცირებული რუსული ნავთობის გათეთრებაზე, სანქციებისგან შეიძლება გათავისუფლდნენ. ის, რომ „აწი გააკეთებენ“ და რუსულ ნავთობს აღარ შემოიტანენ, პირდაპირ მიანიშნებს, რომ აქამდე შემოჰქონდათ და დღესაც შემოაქვთ. შესაბამისად, ევროკავშირის გადაწყვეტილებაც ასეთია: თუ რუსული ნავთობით გინდათ ვაჭრობა, წადით და ივაჭრეთ სანქცირებულ სივრცეში.
— რა მოკლევადიანი და გრძელვადიანი შედეგები შეიძლება ჰქონდეს ამ პრეცედენტს საქართველოსთვის, როგორც ეკონომიკური თვალსაზრისით, ისე ქვეყნის რეპუტაციაზე?
— ქვეყნის რეპუტაციისთვის იმაზე ცუდი მდგომარეობა წარმოუდგენელია, რაც ახლა გვაქვს. ჩვენ ერთ დროს არა მხოლოდ აღმოსავლეთ პარტნიორობის, არამედ, შეიძლება ითქვას, გაფართოების ქვეყნებს შორისაც ერთ-ერთი მოწინავე სახელმწიფო ვიყავით. დღეს კი, რუსული ინტერესების გატარებისა და სანქცირებულ ნავთობთან დაკავშირებული მაქინაციების გამო, ერთ-ერთი ყველაზე მძიმე სურათი გვაქვს. ეს რეპუტაციული ზიანი უკვე ფორმდება კონკრეტული სანქციებით კონკრეტული იურიდიული პირების მიმართ.
რაც შეეხება კრიპტოვალუტის პლატფორმებს, რომლებიც ასევე სანქციების სიაშია — არ ვიცი, იქ რა სიღრმეებია და სახელმწიფო რამდენად არის ჩარეული. ყულევის საკითხიც არსით იმდენად მასშტაბური არ არის, რამდენადაც რეპუტაციულად დამაზიანებელი, რადგან პროცესში სახელმწიფო მონაწილეობს და გარკვეულწილად ჩვენი საერთო ფულია ჩადებული. იყო საუბარი იმაზეც, თითქოს 700-მილიონიანი ინვესტიცია განხორციელდა [ამ ქარხანაში], მაგრამ ეს ყველაფერი სიყალბეა — 700 მილიონის საინვესტიციო იქ არაფერი ჩანს. მოტიტვლებულ ადგილზე რამდენიმე მილი გაიყვანეს და ვითომ ქარხანაა. პრაქტიკულად, იქ არაფერია და ნებისმიერი ნავთობის ექსპერტი დაასაბუთებს, რომ ნავთობგადამამუშავებელი ქარხნის ნიშნებიც არ არსებობს. —
ამიტომ, პირდაპირი ეკონომიკური ზიანი შეიძლება ნაკლები იყოს, მაგრამ რეპუტაციულად უმძიმესი დარტყმაა, რადგან ამაში სახელმწიფოა ჩართული, რომელიც სულ უფრო ეფლობა ჭაობში. საბოლოო ჯამში, საშუალო და გრძელვადიან პერსპექტივაში, საქართველო ხდება არასანდო პარტნიორი, რომელიც მსგავს მაქინაციებში მონაწილეობს. ხოლო თუ ამაში ბანკებიც ჩაერთვებიან, მაშინ უკვე ძალიან რთული იქნება იმის განსაზღვრა, რა მასშტაბზე შეიძლება გავიდეთ. ჩვენ ბოლომდე არ ვიცით, რამდენად და რა სიღრმეშია სახელმწიფო ამ სქემებში ჩასული, მაგრამ ფაქტია, რომ საქმე გვაქვს მაქინაციებთან.
— აქამდე ვიცოდით, რომ ვიქტორ ორბანის უნგრეთი ხშირად იყენებდა ვეტოს უფლებას და აფერხებდა სანქციების მიღებას არამხოლოდ რუსეთის წინააღმდეგ, არამედ საქართველოსთან დაკავშირებითაც. ის, რომ უნგრეთი აღარ არის შემაფერხებელი ფაქტორი, ზრდის თუ არა შანსს, რომ საქართველოსთან მიმართებით სხვა სანქციების, მათ შორის პერსონალურის მიღებაც მოხერხდეს?
— გარკვეულწილად მთავარი შემაფერხებელი მართლაც ორბანი იყო, მაგრამ ვფიქრობ, ახლა თავად ევროკავშირი და წევრი ქვეყნები ცდილობენ სივრცის დატოვებას, რათა საქართველოს, ხელისუფლებას საშუალება მისცენ, მდგომარეობა სანქციებამდე არ მიიყვანონ. როდესაც კანდიდატი ქვეყანა სანქცირებულია, ის ამ სტატუსსაც ვეღარ იმსახურებს, რამაც შეიძლება ქვეყანაზე ძალიან ცუდად იმოქმედოს. ამიტომაც, დე-ფაქტო ვეტოს მქონე ორბანის ფაქტორის გარდა, არსებობს ასეთი მიდგომაც — იქნებ სანქციების გარეშე მოხერხდეს ქვეყანაში ქმედებების შეცვლა. შესაბამისად, ძალიან გამიჭირდება იმის თქმა, მიიღებს თუ არა ევროკავშირი გადაწყვეტილებას პერსონალურ სანქციებთან დაკავშირებით.
თუმცა, „ქართული ოცნება“, როგორც ჩანს, ყველაფერს აკეთებს სიტუაციის მაქსიმალურად გასამწვავებლად. იქაც კი, სადაც ევროკავშირს დასანქცირება ძალიან არ უნდა, იძულებულს ხდიან, ნაბიჯი გადადგას, რადგან ხელისუფლება მაქინაციებში იმდენად ღრმად არის შესული, უკან ვეღარ იხევს. ამიტომ, პროცესის განვითარება ცალსახად იმაზეა დამოკიდებული, თუ როგორ მოიქცევა „ქართული ოცნება“ და გააგრძელებს თუ არა დაწყებულ საქმეს. ევროკავშირის სტრუქტურებში მართლაც შეინიშნება, რომ არ სურთ დასაჯონ ის ხალხიც კი, ვინც ამას იმსახურებს, რადგან შედეგი პირდაპირ თუ ირიბად ქვეყანაზე აისახება. როგორც ჩანს, თავს ამის გამო იკავებენ, მაგრამ მათ მოთმინებასაც აქვს ზღვარი.
ორბანის ფაქტორის მოხსნა არ ნიშნავს, რომ სანქციები ავტომატურად დაწესდება. ყოველ ჯერზე ხდება კალკულაცია: რამდენად მოიტანს ეს შედეგს, კიდევ უფრო ხომ არ დააზიანებს რამეს და ა.შ. უბრალოდ, ორბანი ამ პროცესს მაქსიმალურად ხისტად აჩერებდა, ახლა კი ამ მხრივ მეტი თავისუფლებაა. მიუხედავად ამისა, ევროკავშირი ყოველთვის ცდილობს, არ მიიღოს ისეთი გადაწყვეტილება, რაც საშუალო და გრძელვადიან პერსპექტივაში საქართველოს, როგორც კანდიდატ ქვეყანას, დააზიანებს. თუმცა, „ქართული ოცნება“ მათ ყველანაირ საფუძველს აძლევს, რომ მკაცრად მოიქცნენ.
— თქვენი შეფასებით, ქართული მხარე მოწადინებულია, რომ ეს პირობები შეასრულოს, თუ ყულევის ქარხანა საბოლოოდ მაინც სანქციების სიაში დარჩება?
— ვფიქრობ, ამ 6 თვეში ისინი შეეცდებიან, მაქსიმალურად, რამდენსაც შეძლებენ, გაატარონ გარკვეული მოცულობის რუსული ნავთობი. თუმცა, საბოლოო ჯამში, ალბათ მაინც ეცდებიან სანქციების არიდებას, რადგან დასანქცირების შემთხვევაში ეს ყველაფერი მათთვისაც აზრს კარგავს. სანქცირებული ქარხანა აღარც მათ სჭირდებათ, რადგან ასეთი ობიექტები რუსეთშიც აქვთ. თუ საბოლოოდ სანქციების ქვეშ მოხვდება, ამ ქარხანას აზრი დაეკარგება. მეტიც, სანქციები შეიძლება გადავიდეს არა მხოლოდ ამ კონკრეტულ ქარხანაზე, არამედ მის მფლობელებთან ასოცირებულ ყველა ბიზნესზე, რაც მათთვის სერიოზულ პრობლემებს შექმნის.
ამიტომ, ახლა შეეცდებიან წილების გადათამაშებას ისე, რომ ამას ჯაჭვური რეაქცია არ მოჰყვეს და მეორადი სანქციებისგან თავი გარკვეულწილად დაიცვან. თუმცა, „ქართული ოცნება“ შეეცდება — თუ ეს არა, სხვა მსგავსი რამ გააკეთოს. ისინი მატერიალურ რესურსებს იზიდავენ და ყულევი იქნება თუ სხვა რამ, ფაქტია, რომ ამ სქემებში მონაწილეობენ. როგორც ჩანს, აქედან სარგებელსაც იღებენ და რუსულ სპეცსამსახურებთან ვალდებულებებიც აკავშირებთ.
