კომენტარი

,,საქართველოში ეროვნულ თვითშეგნებაზე თამაში ადვილია’’

23 ნოემბერი, 2010 • • 1414
,,საქართველოში ეროვნულ თვითშეგნებაზე თამაში ადვილია’’

,,საზოგადოება ინდივიდუალურ პასუხისმგებლობას ნაკლებად გრძნობს. მასა, უმეტესწილად, პასუხისმგებლობას ლიდერს გადასცემს’’, – ამბობს ფსიქოლოგი, ლევან ზარდალიშვილი.

რამ შეიძლება გამოიწვიოს საზოგადოების მხრიდან  მაშტაბური დემონსტრაციები?

მიზეზი შეიძლება ძალიან ბევრი რამე გახდეს, უფრო სწორად, ბევრი შეიძლება დაასახელოთ მიზეზად, მაგრამ სინამდვილეში, უმეტესწილად ხალხი ერთიანდება  მაშინ, როდესაც მიაჩნიათ, რომ მათ კეთილდღეობას რაღაც ემუქრება. ამ შემთხვევაში კეთილდღეობას ზოგადად ვგულისხმობ – ეს შეიძლება იყოს გარეშე მტრის შემოსევა, ეს შეიძლება იყოს სოციალურად აუტანელი პირობები, ასევე, შეიძლება იყოს რაღაცა, რასაც ადამიანი განიცდის – როგორც საფრთხეს, რომ მის კეთილდღეობას რაღაც ემუქრება. სამწუხაროდ, დღეს ყველგან, არა მარტო საქართველოში, არის ძალიან ბევრი საშუალება იმისა, რომ  ასე თუ ისე მოახდინოთ ადამიანის მანიპულირება, ძალიან ხშირად თქვენ შეიძლება შექმნათ ისეთი წინაპირობა, რომელიც ხალხს ქუჩაში გამოიყვანს ამა თუ იმ მოთხოვნით.

როგორია იმ საზოგადოების ფიქოლოგიური მახასითებლები, რომლებიც სახელმწიფო სისტემას უნდობლობას უცხადებენ და მზად არიან, პროტსტის უკიდურეს ფორმას მიმართონ?

კონკრეტულად ქართველებისთვის ერთ-ერთ ძირითად მოთხოვნად დავტოვებ სოციალურ პირობებს; ასევე, ძალიან ადვილია საქართველოში, ჩემი აზრით, ეროვნულ თვითშეგნებაზე თამაში და ამის გამოყენება, როგორც ერთ-ერთ მიზეზად, რომ ხალხი გარეთ გამოიყვანო; ნაწილობრივ, ალბათ, ჩვენი უკიდურესი რადიკალიზმი, რომელიც არის ჩვენთვის საკმაოდ საზიანო თვისება. როდესაც ჩვენ გვინდა, რომ რაღაც აბსოლუტურად თეთრი იყოს, ან აბსოლუტურად შავი. ისიც მოგეხსენებათ, რომ ბევრი ქართველი თვლის, რომ შეუძლია ნებისმიერი თანამდებობა დაიკავოს და ნებისმიერი ეფექტურობით მართოს; და, ალბათ, არ არის ისიც ნაკლებად მნიშვნელოვანი ფაქტი, რომ ჩვენთან ისეთი ძალა არ აქვს იმ ფენას, რომელიც უკვე მიხვდა, ბოლომდე გააცნობიერა, რომ საკუთარი აზრის გამოთქმა ან ნებისმიერი ცვლილების მიღწევა შეიძლება სხვა ფორმით მოხდეს. ალბათ, ეს ყველაფერი ძალიან ზოგადად ქმნის იმ ფსიქოლოგიურ კლიმატს, რომელსაც ეს ხალხი ქუჩაში გამოყავს.

თქვენ თქვით, რომ შესაძლებელია ლიდერებმა გამოიყენონ რაღაც ბერკეტები ხალხის მანიპულირებისთვის, ანუ მოამზადონ საზოგადოება იმისათვის, რომ მათ თავად მიმართონ პროტესტის უკიდურეს ფორმას. ქართულ რელობაში თუ ვლინდება ეს?

ამას იყენებს ყველა ლიდერი ყველა ქვეყანაში, ოღონდ მეტ-ნაკლებად. მაგალითად, თქვენ თუ წაიკითხავთ სხვადასხვა ქვეყნის ლიდერების წინასაარჩევნო გამოსვლას, ყოველთვის იპოვით იქ გადაჭარბებას, ანუ დაპირებების ერთი ნაწილი წინასწარვე განწირულია შეუსრულებლობისთვის. თავისთავად, ესეც მანიპულირების ფორმაა.

ჩემი აზრით, სინამდვილეში, ალბათ, ოპოზიციის ფუნქცია ის უნდა იყოს, რომ ის მიდიოდეს დაახლოებით იმავე მიმართულებით, რა მიმართულებითაც ხელისუფლება მიდის. როცა მთავრობა მარცხნივ მიდის და ოპოზიცია მარჯვნივ, ეს უკვე ოპოზიცია აღარ არის, ეს უკვე რაღაც რევოლუციური ძალაა, რომელიც აპირებს, რომ მოაბრუნოს ქვეყნის სვლა. მაგალითად, თუ მთავრობა მიდის ევროპისკენ და ოპოზიცია მიდის რუსეთისკენ, ეს უკვე აღარ არის ოპოზიცია, ეს ქმნის უკვე რევოლუციის საშიშროებას იმიტომ, რომ არც ეს დათმობს და არც ის, რადგან მათი გენერალური კურსი რადიკალურად განსხვავდება: მაგალითად, ნატოსკენ სწრაფვა სრულიად სხვა პირობების დაკმაყოფილებას მოითხოვს და რუსეთისკენ სწრაფვა – სრულიად სხვას. მე ასე მგონია, ოპოზიცია მაქსიმალურად ეფექტური მაშინ იქნება, თუ ის და მთავრობა დაახლოებით ერთი მიმართულებით წავლენ, მაგრამ ოპოზიცია მოითხოვს მთავრობისგან იმის შესრულებას, რასაც მთავრობა ხალხს პირდება.

როცა ადამიანს ეუბნები, რომ ეს ასე არ უნდა გაგეკეთებინა, ეს, თავისთავად, იმას გულისხმობს, რომ უნდა უთხრათ – მაშინ ეს როგორ უნდა გაეკეთებინა. ოპოზიციის კრიტიკაში მე ამას ვერ ვხედავ. ეს იყო უფრო ემოციური კრიტიკა, მე ვგულისხმობ, რაც მიტინგებზე ისმოდა. კომუნიკაციის ფსიქოლოგიაში ძალიან მნიშვნელოვანია მიზანი. როდესაც ჩვენ რაღაცას ვაკეთებთ, განსაკუთრებით, თუ ეს რაღაც ქვეყნისთვის, საზოგადოებისთვის კეთდება, იქ აუცილებელად უნდა იყოს განსაზღვრული მიზანი და შემდეგ პროფესიონალი სულ უნდა ეცადოს, რომ ეს მიზანი არ დაკარგოს. კრიტიკა უნდა იყოს კონსტრუქციული. ეს ძალიან ხშირად არ ხდება ხოლმე, სამწუხაროდ.

ვარდების რევოლუციის დროს მიზანი იყო. იქ იყო კონკრეტული მოთხოვნა, რომ გადადექი და თუ არ გადადგები, ჩვენ შემოვალთ პარლამეტში და მოხდა კიდეც. ეს ნიშნავს, რომ იქ არა თუ მიაზნი იყო, იქ იყო ამ მიზნის მიღწევის განწყობაც. 

შეიძლება აქ ლიდერების პასუხისმგებლობის საკითხიც დავაყენოთ? საზოგადობამ,  რომელიც იდგა ვარდების რევოლუციის დროს ქუჩაში, მიზანს მიაღწი, მეორე შმეთხვევაში კი, თუნდაც გავიხსენოთ ნოემბრის აქციები, საზოგადოება იდგა ქუჩაში რამდენიმე თვე და მიზანს ვერ მიაღწია.

რა თქმა უნდა, ადამიანს ძალიან ეშინია პასუხისმგებლობის, რადგან ეს თავისუფლების ცნებასთან არის დაკავშირებული. როცა თქვენ იწყებთ ასეთ დიდ აქციას, კიდევ ერთხელ ვამბობ, მიზანი უნდა გქონდეთ აუცილებლად განსაზღვრული, უნდა იცოდეთ – რას გინდათ მიაღწიოთ, რა რისკზე შეგიძლიათ წახვიდეთ და სადამდე შეგიძლიათ წახვიდეთ. მოითხოვ, მაგალითად, პრეზიდენტის გადადგომას; პრეზიდენტმა თქვა, რომ არ გადავდგები. ეს იცით რა იყო? წარმოიდგინეთ, რომ თქვენ წახვიდეთ დათვზე სანადიროდ ცარიელი თოფით იმის იმედით, რომ დათვი თოფს რომ დაინახავს, შეეშინდება… და რომ არ შეეშინდეს? მერე უნდა გქონდეთ რაღაც სათადარიგო, ხომ? ანუ ჯიბეში ტყვიები უნდა გედოთ და ჩადოთ იმ თოფში, წინააღმდეგ შემთხვევაში, შეგჭამთ ის დათვი. აღმოჩნდა, რომ ეს ხალხი ამისთვის მოუმზადებელი იყო და ეს ყველაფერი გადავიდა ემოციულ ლანძღვა-გინებაში, ემოციების დაცლაში და არა რაიმე კონკრეტულ ქმედებაში. ეს არის, როცა მიზანი არ გაქვს. ლიდერი  არის ის, ვინც უნდა  წაიყვანოს მასა. ხალხი აქციაზე მოდის იმიტომ, რომ მხარი დაგიჭიროს. ლიდერის ძალაზე, მის ქარიზმაზე, მის გადაწყვეტილების მიღების უნარზე, მის რისკიანობაზეა ბევრი რამ დამოკიდებული.

როდესაც ოპოზიცია ვერ სთავაზობს კონკრეტულ, ალტერნატიულ გზებს საზოგადოებას, მაგრამ საზოგადოება მაინც მიდის საპროტესტო აქციაზე, ხომ არ დგება საკითხი, რომ თავად საზოგადოებაში მიმდინარეობს ეს პროცესი გაუაზრებლად?

არ შეიძლება, რომ მოთხოვოთ ბევრ ხალხს ის, რაც შეგიძლიათ, მოსთხოვოთ რამდენიმე ადამიანს. იმიტომ, რომ ხალხის მასა სხვანაირად ფიქრობს, ეს ერთი და მეორე, არსებობს სხვადასხვა ეფექტი, თუ როგორ შეგიძლიათ მასის განწყობა შეინარჩუნოთ. არ ვიცი, ამ მეთოდებს აქ მიტინგებზე რამდენად იყენებდნენ.

შეიძლება, რომ ჩამოთვლოთ რადენიმე მეთოდი?

მე ჩამოვთვლი რამდენიმეს, რადგან ასეთი ძალიან ბევრია. ეს გახლავთ ადამიანები, რომლებიც მასაში პერიოდულად თესავენ გარკვეული სახის ინფორმაციას, რომელიც სინამდვილეს არ შეეფერება, მაგრამ რომელიც იმ დროისთვის ამ ხალხის განწყობაზე, ამ ცეცხლზე ასხამს ნავთს. მე ეს შემიძლია შევადარო, მაგალითად, რეკლამას. რეკლამისთვის მნიშვნელოვანი არის ის, რომ თქვენი ყურადღება მიიპყროს რაიმე პროდუქტმა, აქედან გამომდინარე, რეკლამა შეიძლება გააკეთოთ ძალიან ცუდი წინასწარი განზრახვით, ძალიან უხარისხო, იმდენად უხარისხო, რომ მასზე ყველამ ილაპარაკოს, როგორც უხარისხო რეკლამაზე. ცოტა უტრირებული მაგალითი მოგიყვანეთ, ეს არის ერთი მეთოდი, როგორ შეიძლება გააკეთოთ მასაზე ზემოქმედება. მაგალითად, ქართველს ძალიან ხშირად ყოფნის ხოლმე იმ აზრის ჩანერგვა, რომ ვიღაცეები მოვიდნენ და ჩვენი მეგობრები უდანაშაულოდ დაიჭირეს, ან ახლა კაცი გამოვიდა მთავრობიდან და თქვა, რომ შიგნით მიდის ბჭობა იმაზე, ხომ არ გადადგეს მთავრობაო, – ამის გაკეთება ძალიან ელემენტარულია და საკმარისი. ამას ყველა ქვეყანაში აკეთებენ. მთავარია, თქვენ იცოდეთ, ვის რა მიაწოდოთ: თუ ნორვეგიელს ეპატიჟებით სტუმრად, მას თევზი უნდა შესთავაზოთ, ქართველს – მწვადი, დაახლოებით ამაზეა საუბარი.

ხალხის მართვა ძალიან მარტივია. მიაქციეთ ყურადღება ასეთ ფრაზებს. მაგალიათად, ასეთი ფრაზა, როგორც მეცნიერებმა დაამტკიცეს, თავისთავად,  უქმნის ხალხს იმის განცდას, რომ ეს მართლა დაამტკიცეს მეცნიერებმა. ამ დროს შეიძლება ეს იყოს ნამდვილი, სუფთა სახის მანიპულირება. იგივე შეიძლება ვთქვათ კვლევებზეც. ეს უნდა იყოს განსაზღვრული და ნათქვამი – სად დაამტკიცეს, როგორ? ეს უკვე მოგცემდა საშუალებას, რომ შეამოწმო, ნახო. ჩვეულებრივ ადამიანს ყოფნის ის, რომ მეცნიერებმა დაამტკიცეს და დაწერიალია სადღაც, მაგალიათად, რომ შაქრის მიღება არის მავნე, შემდეგ მეცნიერები დაამტკიცებენ, რომ მარილის მიღებაა მავნე და ა.შ. ეს ადამიანებზე ჭრის, წინააღმდეგ შემთხვევაში, რეკლამა ვერ იმუშავებდა.

როდესაც საზოგადოება გადაწყვეტს, რომ პროტესტის უკიდურესი ფორმა უნდა გამოიყენოს და გამოვა დემონტრაციების მოსაწყობად ქუჩაში, რას ელის ამ დროს საზოგადოება? რა შედეგებზე ფიქრობს?

საზოგადოებამ ძალიან ხშირად არ იცის, რას უნდა ამითი მიაღწიოს. აქ დიდი განსხვავება ქართულ და სხვა ქვეყნების საზოგადოებებში არ არის. ძალიან ხშირად საზოგადოებამ ეს არსად არ იცის, ანუ, ფაქტობრივად, საზოგადოება მიყვება ხოლმე ვიღაცას, ვინც იმ წუთში იმას წაიყვანს. ამას ან საზოგადოების ემოციებზე დაყრდნობით აკეთებენ, ან ინტელექტზე, ლოგიკაზე და ემოციაზე ერთად.  საერთოდ ემოციას რომ არ დაეყრდნო და მარტო ლოგიკით გამოიყვანო ხალხი, ამას ძალიან სერიოზული ლოგიკური ჯაჭვის აგება სჭირდება, რომელიც ძალიან ბევრს არგუმენტებს უნდა ეყრდნობოდეს. ძირითადად, ეს მაინც ემოციაზე და გარკვეული ტიპის ლოგიკაზეა დაფუძნებული. თქვენ რომ გააჩეროთ ეს ხალხი მიტინგზე და კითხოთ, რას გინდა რომ მიაღწიოთ, მაქსიმუმ რასაც ისინი გეტყვიან, იქნება ის, რასაც პოლიტიკოსი, რომელსაც ის მხარს უჭერს, მანამდე ამბობდა, და კარგი იქნება, თუ ვინმემ გითხრათ, რომ ახლა მაქვს ხელფასი ათასი ლარი და მინდა, რომ მქონდეს სამი ათასი ლარი და იმიტომ მოვედი აქ. ეს ისეთი მოთხოვნაა, როგორიც, თავისთავად, ყველა ადამიანს აქვს ყველა ქვეყანაში, ოღონდ მიიღწევა კი ეს მოთხოვნა ამ გზით? – ამაზე არავინ  ფიქრობს. ამიტომ საზოგადოებამ, ფაქტობრივად, არ იცის, რას უნდა რომ მიაღწიოს. ეს ზოგადი პასუხები, რომ მე მინდა კარგად ვიყო, მე მინდა, რომ უკეთეს სახელმწიფოში ვიცხოვრო და ის, რომ ეს სახელმწიფო შენი ასაშენებელია, ამაზე არავინ ფიქრობს. საზოგადოება ინდივიდუალურ პასუხისმგებლობას ნაკლებად გრძნობს. მასა უმეტესწილად პასუხისმგებლობას ლიდერს გადასცემს.

 

ლევან ზარდალიშვილი, – ფსიქოლოგი, დაამთავრა ივ. ჯავახიშვილის სახელობის სახელმწიფო სახელმწიფო უნივერსიტეტი. 1993 წლიდან ცხოვრობს ჩეხეთში. საქართველოს საზოგადოებრივ საქმეთა ინსტიტუტში (GIPA) კითხულობს ლექციის კურსს კომუნიკაციის ფსიქოლოგიაში: კომუნიკაციის როლი და მისი გამოყენება მართვაში. ამჟამად მუშაობს  ჩეხურ-ქართულ ფსიქოსომატიკის კვლვის ცენტრის დაარსებაზე.

 

მასალების გადაბეჭდვის წესი