„გარედან ჩარევის გარეშე ირანში რეჟიმი არ შეიცვლება და დიდი ხნით მოისპობა პროტესტის მუხტი ქვეყანაში“, — მიიჩნევს ახლო აღმოსავლეთის მკვლევარი და ისფაჰანის უნივერსიტეტის სპარსული სკოლის კურსდამთავრებული ბაკო ხელაძე, რომელსაც „ნეტგაზეთი“  ირანში განვითარებული მოვლენების შესახებ ესაუბრა:

— პრეზიდენტმა ტრამპმა შეარბილა რიტორიკა ირანთან დაკავშირებით, თქვა რა, რომ მკვლელობები დასრულდა და სიკვდილით დასჯის გეგმები არ არსებობს. რამდენად სანდოა, რომ სიკვდილით დასჯები არ განახლდება? ელით თუ არა, რომ რეჟიმი გააგრძელებს შურისძიებას დაკავებულებზე მას შემდეგ, რაც დეესკალაცია მოხდება?

— ვითარება იმედის მომცემი არ არის და არ გვაფიქრებინებს, რომ ისლამური რესპუბლიკა უარს იტყვის მათებური სამართლის აღსრულებაზე. ისლამური რესპუბლიკა არასდროს უშვებს შანსს, დაამტკიცოს, რომ ამერიკას არ ეპუება. პოლიტიკური ჯიბრი აქვთ. სკეპტიკურად და პესიმისტურად ვარ განწყობილი, მაგრამ გამიხარდებოდა, რომ ვცდებოდე და ადამიანები სიკვდილით არ დასაჯონ, თუმცა ისლამური რესპუბლიკის მოქმედების სტრუქტურა მიანიშნებს, რომ შესაძლებელია ხალხი სამაგალითოდ დასაჯონ. ყოველთვის ასე იქცეოდნენ და არც ახლა იქნება გამონაკლისი. რომც არ მოხდეს დასჯა, იმის განცდა, რომ სისტემამ ამდენი ხალხი დახოცა, ამერიკელები კი შეგვპირდნენ ჩარევას, მაგრამ არ ჩაერივნენ — დიდ უიმედობას გააჩენს და ძალიან დიდი ხნით მოისპობა პროტესტის მუხტი ქვეყანაში.

— აშშ-ის პრეზიდენტის განცხადება ნიშნავს თუ არა, რომ დღის წესრიგიდან სამხედრო ჩარევის შესაძლებლობა მოიხსნა?

— თავიდან ტრამპი ამბობდა, რომ თუ იქ ვიღაც მოკვდებოდა და ტყვია გავარდებოდა, აუცილებლად ჩაერეოდა. მოჰყვა მეორე გაფრთხილება, რომ თუ უფრო მეტი ხალხი დაიღუპებოდა, აუცილებლად ჩაერეოდა, მერე კი მესამე — რომ თუ ხალხი სიკვდილით დაისჯებოდა, კიდევ ჩაერეოდა. ჯერჯერობით სულ ავადებს. როცა განცხადებები კეთდება ჩარევასთან დაკავშირებით და ქმედითი ნაბიჯები არ მოჰყვება, ეს გვაფიქრებინებს, რომ მე მგონი, მართლა არ იქნება რაღაც. ეს ნელ-ნელა ასამარებს იმედებს, თუ ჯერჯერობით კიდევ არის მოსახლეობაში, და ძალიან ცუდად აისახება არა მხოლოდ მიმდინარე, არამედ მომავალ პროტესტზეც. თუ მართალია საერთაშორისო მედიისა და სხვა წყაროების ინფორმაცია და 10 000 ადამიანია დაღუპული, მომდევნო ჯერზე, როცა ხალხი გაპროტესტებას დააპირებს, უფრო მეტად დაფიქრდება. 2022 წლის მერე პროტესტების სამწლიანი შესვენება იყო, რადგან ხალხმა გააცნობიერა თავისი უძლურება და ის, რომ გარედან დამხმარე არავინ მოვიდოდა. შესაბამისად, გრძელვადიან პერიოდში ეს კიდევ უფრო მოკლავს პროტესტის შესაძლებლობას.

— რა აფერხებს ამერიკის შეერთებულ შტატებს ჩარევისგან?

— პირველ რიგში, გეოგრაფიული სიშორე. ირანი შორს არის აშშ-ისგან, ეს არ არის ვენესუელა ან ლათინური ამერიკის ქვეყანა. ასეთი კამპანიების წარმოება ძვირია.

მეორე ის, რომ ირანი არ არის ხელწამოსაკრავი ქვეყანა. მართალია, 12-დღიან ომში არც ისე რესპექტაბელურად გამოიყურებოდა და თითქმის ყველა პოზიცია დათმო, განსაკუთრებით ჰაერის მიმართულებით, მაგრამ მაინც ანგარიშგასაწევი ძალაა — დიდი სამხედრო გამოცდილების და ტრადიციების ქვეყანაა. ბალისტიკური რაკეტების სახით მძლავრი იარაღი აქვს, რაშიც დავრწმუნდით, რადგან დიდი ზიანი მიაყენა ისრაელს 12-დღიან ომში. ასე რომ, დასაფიქრებელია, სანამ სამხედრო ოპერაციას დაიწყებ.

მესამე არის თვითონ ქვეყნის გეოგრაფიული კომპლექსურობა. რელიეფის დიდი ნაწილი უდაბნოა. ნებისმიერი სამხედრო ოპერაციის წამოწყება ირანის ტერიტორიაზე დიდ რისკებთანაა დაკავშირებული. მაგალითად, 1980 წელს აშშ-ს ჰქონდა მძევლების გამოხსნის მცდელობა, მაგრამ მაშინ კლიმატმა და მკაცრმა ბუნებრივმა გარემოებებმა ირანს თავი დააცვევინა. ეს გარემოებები გვაძლევს ამ დასკვნის საშუალებას. (საუბარია სპეცოპერაციაზე „არწივის კლანჭი“, რომლის მიზანსაც თეირანში აყვანილი 52 ამერიკელი მძევლის გათავისუფლება წარმოადგენდა. რთული კლიმატური პირობებისა და ქვიშის ქარიშხლის გამო, მისია კატასტროფით დასრულდა — ტექნიკურ შეფერხებებსა და ავიაკატასტროფას 8 ამერიკელი სამხედრო ემსხვერპლა, ოპერაცია კი გაუქმდა — ავტ.).

— ირანში პროტესტის საფუძვლებს რომ დავუბრუნდეთ, როგორც ვიცით, ამჟამად პროტესტი არ დაუწყიათ სტუდენტებს ან პოლიტიკურ აქტივისტებს, ყველაფერი დაიწყო მოვაჭრეების მიერ. რა ფენომენია „ბაზარი“ ირანში და რით განსხვავდება ეს პროტესტი წინა მასობრივი გამოსვლებისგან?

— ზოგადად ირანის საზოგადოება ტრადიციულად რამდენიმე ფენისგან შედგებოდა: მოლები, პოლიტიკური კლასი, ეკონომიკური კლასი, რომელსაც ირანულ ჟარგონზე „ბაზარის“ ეძახიან. ირანში დიდი მნიშვნელობა აქვს ვაჭრობას. ისლამში და ზოგადად, აღმოსავლურ საზოგადოებაში ვაჭრები ყოველთვის დაწინაურებული ფენა იყვნენ და დიდი გავლენა ჰქონდათ საზოგადოებრივ და პოლიტიკურ ცხოვრებაზე. ისლამური რევოლუციისას ამ კლასის მხარდაჭერა მოლებისადმი იყო ძალიან მნიშვნელოვანი ფაქტორი, რატომაც გაიმარჯვა რევოლუციამ შაჰის წინააღმდეგ. ეს ეკონომიკური კლასი ჩამოყალიბებულია საუკუნეების განმავლობაში და მამიდან შვილს გადაეცემა ბიზნესის მართვის ტრადიციები.

დღევანდელ რეალობას რომ დავუბრუნდეთ, ირანს სერიოზული ეკონომიკური პრობლემები აქვს. ვალუტის კურსი ისეთი სისწრაფით და ისე უპროგნოზოდ ვარდება ხოლმე, განსაკუთრებით 2016 წლის შემდეგ, როცა ტრამპმა პირველად დაიწყო მაქსიმალური წნეხის პოლიტიკა. როცა ვაჭრების ფენას — და აქ მნიშვნელოვანია, რომ ეს იყო IT მიმართულება და ტექნოლოგიების ხალხი — შეეხო პრობლემა, მათ რეაქცია ჰქონდათ. ეს სფერო ძალიან არის დამოკიდებული იმპორტზე. ეს ხალხი დოლარში ყიდულობს რაღაცას საზღვარგარეთ და მერე შემოაქვს თავის ქვეყანაში და ყიდის ეროვნულ ვალუტაში, რომელიც კატასტროფულად არასტაბილურია. წლებია უკვე ზარალზე მიდიან და ამან გამოიყვანა ეს კომერციული ფენა გარეთ. სხვა წლები რომ ავიღოთ, არასოდეს ასე გამოკვეთილად ჩართული არ ყოფილა პროტესტში ბაზარი.

  • 1999 წელს სტუდენტები და ჟურნალისტები იყვნენ წინა ხაზზე (პროტესტი მოჰყვა რეფორმისტული გაზეთის, „სალამის“ დახურვას — ავტ.).
  • 2009 წელს ოპოზიციურად განწყობილი პოლიტიკოსები იყვნენ ლიდერები.
  • 2017 წელს ეკონომიკური და სოციალური მოთხოვნები იყო.
  • 2019 წელს პროტესტი დაიწყო ბენზინის ფასის მატების გამო.
  • 2022-ში აქ უფრო კულტურული და ჰიჯაბის საკითხები იყო მწვავედ დაყენებული (პროტესტი მოჰყვა „მორალის პოლიციის“ მიერ მაჰსა ამინის დაკავებასა და პატიმრობაში სიკვდილს — ავტ.).

დღევანდელი პროტესტი იმით განსხვავდება ზემოთ ჩამოთვლილთაგან, რომ პირდაპირ ხელისუფლების ცვლილებაზეა ორიენტირებული და არა რამე შემსუბუქებასა და რეფორმაზე.

— რამე სახის ოპოზიცია თუ არსებობს ახლა ირანში და რა ფორმაშია ის?

— ოპოზიცია დასავლური გაგებით არ არსებობს. თუმცა არსებობს თვითონ სისტემაში დაპირისპირებული ინტერესების მქონე პოლიტიკური საზოგადოება. ადრე ეს ჯგუფები იყო დაყოფილი სამ მიმართულებად: ხისტი კურსის მიმდევრები, შედარებით ზომიერები და რეფორმისტები. 2021 წლისთვის ეს ფენები შთაინთქა, მაგრამ მაინც არიან რეფორმისტების ნარჩენები ჰასან რუჰანის (ყოფილი პრეზიდენტი) და ჯავად ზარიფის (ყოფილი საგარეო საქმეთა მინისტრი) სახით. სასულიერო პირები ძირითადად ორად იყვნენ გაყოფილი: ყუმის დაჯგუფება და მაშჰადის დაჯგუფება. ბოლო 20-30 წელია მაშჰადის დაჯგუფება დომინირებს. ბოლო პერიოდში ახალი ფიგურები არიან გამოსული ასპარეზზე: ხომეინის (ისლამური რევოლუციის ლიდერი) შვილიშვილი ჰასან ხომეინი და ხამენეის (მოქმედი ლიდერი) შვილი მოჯთაბა ხამენეი, რომელსაც ბევრი განიხილავს მომავალ სულიერ ლიდერად. მაგრამ ის კონსტიტუცია და ის თეოლოგიური საფუძვლები, რაც შიიტურ რესპუბლიკას უდევს საფუძვლად, არ იძლევა მამიდან შვილზე ძალაუფლების გადაცემის საშუალებას, ამიტომ გაფორმება როგორ მოხდება ლეგალურ და თეოლოგიურ ჩარჩოებში, რთული სათქმელია. მაგრამ დაპირისპირებული ჯგუფები არსებობს და ესენია: ჰასან ხომეინი, მოჯთაბა ხამენეი და ჰასან რუჰანი, რომელიც ყოფილი პრეზიდენტი იყო, მაგრამ დიდი სასულიერო წოდება აქვს მასაც და თეორიული შანსები მაინც აქვს.

— მოსალოდნელია თუ არა შიდაკლანური დაპირისპირებების გამწვავება იმ ფონზე, რომ ირანის სასულიერო ლიდერი ასაკშია და მემკვიდრის საკითხი იქნება გადასაწყვეტი?

— ეს დაპირისპირება ყოველთვის იყო და ბუნებრივიცაა, რომ ახლა პიკს აღწევდეს სხვადასხვა დაჯგუფებებს შორის. პრობლემა იმაში მდგომარეობს, რომ აიათოლების უდიდესი ნაწილი არის 80 წელს გადაცილებული და რამდენიმე საერთოდ — 100 წელს. ახალგაზრდებს აქვთ ამბიციები, რომ ჩაანაცვლონ ისინი და ეს დინებები დიდი ხანია დაწყებულია. თუმცა არავინ აპირებს თავისი ნებით დათმოს ძალაუფლება, სანამ სიკვდილი არ წაიყვანს. ასე რომ, შიდაპოლიტიკური მოზაიკა საკმაოდ ჭრელია. შეიძლება გარედან ჩანდეს, რომ ყველა მონოლითურად გაერთიანებულია ერთი იდეის ქვეშ, მაგრამ – არა.

— რაც შეეხება რეზა ფეჰლავის  — ყველაზე ხშირად მას ახსენებენ ახლა მომიტინგეები, როგორც რეჟიმის ალტერნატივას. მას რა გავლენა აქვს ემიგრაციის მიღმა, თვითონ ირანში?

— გამოსვლების დროს ხალხი სკანდირებდა, რომ ფეჰლავები დაბრუნდებიან. გასულ პერიოდებში თუ დისკუსია იყო, გვინდა თუ არა მონარქიის აღდგენა, ამ აქციების პერიოდში ეს კითხვა ფაქტობრივად აღარ იდგა დღის წესრიგში — ყველა ერთხმად შეთანხმებულია, რომ მონარქია უნდა აღდგეს. ირანელებს დიდი პატივისცემა აქვთ შაჰის ინსტიტუტის მიმართ. ვერ ვიტყვით, რომ რეზას ისეთი დიდი პოლიტიკური მიღწევები აქვს, რის გამოც მიიღო ხალხის ლოიალობა; ეს უფრო ინსტიტუციური მეხსიერებაა. ფაქტია, ყველაზე დიდი გამოსვლა, რაც მოხდა, რეზას მოწოდებას მოჰყვა. ახლა კიდევ უფრო გამოჩნდება მომდევნო დღეებში რეზა ფეჰლავის ძალაუფლება და მისი ავტორიტეტი.

— გარედან დახმარებაზე რამდენად იქნება დამოკიდებული, გააგრძელებს თუ არა პროტესტს ირანელი ხალხი?

— პირველივე დღეს, როცა დიდი მსხვერპლის შესახებ დაიწერა, ყველასთვის გასაგები იყო, რომ გარე ჩარევის გარეშე იქ არაფერი მოხდებოდა. ხელისუფლებამ აჩვენა, რომ სისხლის ბოლო წვეთამდე იბრძოლებს. იმ კადრების მერე ყველას გაუჩნდა განცდა, რომ გარედან თუ არ მოხდება რამე, ეს პროტესტი უბრალოდ ვერ გაგრძელდება. სისტემა არც მალავდა, რომ რამდენიც გამოხვალთ ქუჩაში, ჩვენ ამ საქმეს მივხედავთ. გარედან დახმარების გარეშე გამორიცხულია, რომ რამე მოხდეს.