კომენტარი

მაია ქურციკიძე: “მთავარია, დავიცვათ ბავშვები მათთვის საზიანო ინფორმაციისგან”

19 ნოემბერი, 2010 • • 1731
მაია ქურციკიძე: “მთავარია, დავიცვათ ბავშვები მათთვის საზიანო ინფორმაციისგან”

საქართველოს კანონში რეკლამის შესახებ ცვლილებების დამტკიცების შემთხვევაში, შესაძლოა, ეს საკითხები გაეროს ბავშვთა უფლებების კომიტეტმა განიხილოს. საქართველოში UNICEF-ის (გაეროს ბაშვთა ფონდის) კომუნიკაციის პროგრამის ხელმძღვანელის, მაია ქურციკიძის თქმით, ამ საკითხის წამოწევა სხდომაზე არასამთავრობო ორგანიზაციებს შეუძლიათ.

საპარლამენტო უმრავლესობის ინიციატივით, მომზადდა კანონპროექტი ,,რეკლამის შესახებ კანონში’’ ცვლილებების შეტანის თაობაზე. ცვლილების თანახმად, მაგარი სპირტიანი სასმელების რეკლამისთვის დასაშვები საეთერო დრო საღამოს 8 საათიდან განისაზღვრა, მოქმედი კანონმდებლობით კი ეს საღამოს 11 საათიდან იყო დასაშვები.

იურისტები და პოლიტიკოსთა ნაწილი თვლის, რომ სპირტიანი სასმელების რეკლამისთვის გამოყოფილი დროის გადმოწევამ, შესაძლოა, მავნე ზეგავლენა მოახდინოს არასრულწლოვნებზე.

რა სტანდარტებს აწესებს ბავშვთა უფლებების საერთაშორისო კონვენცია მავნე ზეგავლენისაგან არასრუსწლოვანთა დასაცავად? – ამ შეკითხვით ნეტგაზეთმა საერთაშორიო ორგანიზაცია UNICEF-ის კომუნიკაციის პროგრამის ხელმძღვანელს საქართველოში, მაია ქურციკიძეს მიმართა.

მაია ქურციკიძე: მე, როგორც UNICEF-ის წარმომადგენელმა, ხაზი მინდა გავუსვა ბავშვთა უფლებების კონვენციას. კონვენცია არის მნიშვნელოვანი დოკუმენტი, რომელთანაც საქართველო არის შეერთებული და რომელსაც აქვს უპირატესი მნიშვნელობა ადგილობრივ კანონმდებლობასთან მიმართებაში. ბავშვთა კონვენციის მე–17 მუხლი პირდაპირ ამბობს, რომ სახელმწიფოებმა ყველანაირად ხელი უნდა შეუწყონ ბავშვის დაცვას ისეთი ინფორმაციისგან, რომელიც მისთვის, შესაძლოა, საზიანო აღმოჩნდეს. ის, თუ რა არის ბავშვისთვის საზიანო, ამაზე არსებობს კანონი და ამ კანონში პირდაპირ არის მითითებული, იგივე რეკლამირება, ფილმების ჩვენება, სადაც ფიგურირებს ალკოჰოლური სასმელები, თამბაქო და ა.შ. ასე რომ, პრინციპში, მთავარი აქ სწორედ ის არის, რომ დავიცვათ ბავშვები მათთვის საზიანო ინფორმაციისგან. არ არსებობს საერთაშორისო სტანდარტები, რომლებიც განმარტავენ, თუ რომელი საათიდან არის დასაშვები ასეთი რეკლამების გაშვება. ყველა ქვეყანა აწესებს თავის ნორმას და თავის სტანდარტს, მაგრამ, რასაკვირველია, უპირატესი მნიშვნელობა აქვს იმას, რომ არ მოხდეს ბავშვისათვის საზიანო ინფორმაციის გაცემა, ანუ ასეთი ინფორმაციის ისეთ დროს გაშვება, როდესაც ბავშვი, შესაძლოა, უყურებდეს მას. ჩვენთვის მთავარი არის კონვენცია და მისი მეჩვიდმეტე  მუხლი, რომელიც ამბობს, რომ ბავშვი დაცული უნდა იყოს მავნე ზეგავლენისაგან.

შეიძლება ვთქვათ, რომ უმრავლესობის წარმომადგენლებმა კანონპროექტის შემუშავებისას არ გაითვალისწინეს ბავშვთა უფლებების კონვენცია?

კონვენცია არის ზოგადი პრინციპების კრებული და იქ არ არის მითითებული, რომ არ უნდა გავიდეს რეკლამა ამა და ამ საათზე. კონვენცია მოუწოდებს სახელმწიფოებს, რომ მაქსიმალურად გვიან მოხდეს ისეთი ინფორმაციის გაშვება, რომელიც, შესაძლოა, საზიანო აღმოჩნდეს ბავშვისათვის. ამ შემთხვევაში, საღამოს 8 საათი უფრო მეტ საშუალებას იძლევა იმისათვის, რომ ბავშვმა ნახოს ეს რეკლამები. სხვა რაიმე კომენტარის გაკეთება, ალბათ, გამიჭირდება. ჩვენთვის ამოსავალი წერტილი არის ბავშვთა უფლებების კონვენცია. როცა ხდება ახალი კანონმდებლობის შემუშავება, ალბათ, უნდა იქნას გათვალისწინებული, რომ კანონპროექტი არ მოდიოდეს წინააღმდეგობაში არსებულ კანონებთან, რომელთაც აქვთ უპირატესი მნიშვნელობა.

კონვენციასთან შეერთებით საქართველომ აიღო გარკვეული სამართლებრივი ვალდებულება ამ კონვენციის შესრულებისა. რა ხდება მაშინ, როცა ქვეყანა დაკისრებულ მოვალეობას დაარღვევს?

არსებობს სპეციალური ორგანო, გაეროს ბავშვის უფლებათა კომიტეტი, რომელიც აწარმოებს მონიტორინგს, რომელი ქვეყანა როგორ ახორციელებს კონვენციით ნაკისრ ვალდებულებებს. ასევე, სახელმწიფო ვალდებულია, ყოველ ხუთ წელიწადში ერთხელ წარუდგინოს ანგარიში  გაეროს ამ კომიტეტს, ასევე, არასამთავრობო ორგანიზაციები ალტერნატიულ ანგარიშებს წარუდგენენ და შემდეგ იმართება სხდომა, რომლის დროსაც ხდება განხილვა, თუ როგორ სრულდება ნაკისრი ვალდებულებები. შემდეგ გაეროს კომიტეტი გამოსცემს რეკომენდაციებს, მის მოსაზრებებს ამასთან დაკავშირებით. კომიტეტი სანქციებს არ აკისრებს, ეს უბრალოდ არის რეკომენდაციები, სადაც გამოთქმულია გარკვეული წახალესება იმ საკითხებისადმი, სადაც ქვეყანამ პროგრესი განიცადა კონვენციის განხორციელების თვალსაზრისით, ხოლო ხაზგასმულია ის სფეროები, რომელშიც სამუშაო კიდევ არის შესასრულებელი.

როცა საქართველო წარადგენს ანგარიშს კომიტეტში, გათვალისწინებული იქნება იმ ანგარიშში საკითხი, თუ როგორ შეესაბამება ადგილობრივი კანონმდებლობა საერთაშორისო კონვენციას?

დიახ, არსებობს სპეციალური მონახაზი, რის მიხედვითაც, კომიტეტი აფასებს სახელმწიფოების პროგრესს. ერთ-ერთი მათგანი არის კანონმდებლობა, თუმცა, როგორ შეესაბამება ადგილობრივი კანონმდებლობა საერთაშორისო სტანდარტებს, ამის განსაზღვრა ქვეყნის ვალდებულებაა, რადგან საერთაშორისო კონვენციები ქვეყნის კანონმდებლობით უპირატესი ნორმატიული აქტებია. ქვეყანამ მუდმივად უნდა მოახდინოს ანალიზი და შედარება ადგილობრივი კანონმდებლობისა საერთაშორისო კონვენციებთან. სწორედ ამ მიზნით, ჩვენი და პარლამენტის ერთობლივი ძალისხმევით, შეიქმნა პარლამენტის ადამიანის უფლებათა კომიტეტში ბავშვის უფლებათა საბჭო. სწორედ ეს საბჭო განიხილავს კანონმდებლობასთან შესაბამისობის საკითხს.

2011 წელს საქართველომ უნდა წარადგინოს გაეროს ბავშვთა უფლებების კომიტეტში ხუთწლიანი ანგარიში, შესაბამისად, იქნება კომიტეტზე მსჯელობა, თუ როგორ ასრულებს საქართველო ნაკისრ ვალდებულებებს. შესაძლოა ეს (ცვლილება რეკლამის შესახებ კანონში) საკითხი გახდეს კომიტეტის განხილვის საგანი?

შესაძლებელია, თუ, მაგალითად, არასამთავრობო ორგანიზაციები ამ საკითხს დააფიქსირებენ თავიანთ ანგარიშში და წამოწევენ. კომიტეტზე პირველად ანგარიშს წარადგენს სახელმწიფო, შემდეგ, გარკვეული დორის მერე, არასამთავრობო ორგანიზაციები – ალტერნატიულ ანგარიშს, შემდეგ იმართება შეხვედრა ჟენევაში, სადაც ყველას – საერთაშორისო და ასევე ადგილობრივ არასამთავრობო ორგანიზაციებს აქვთ საშუალება, გამოხატონ თავინთი მოსაზრება, ამის შემდეგ იმართება უკვე პლენარული სხდომა, სადაც კომიტეტის წევრები უსვამენ შეკითხვებს სამთავრობო დელეგაციის წარმომადგენლებს. პროცესი ასეთი იმიტომ არის, რომ თუ არასამთავრობო ორგანიზაციებს აქვთ გარკვეულ საკითხებზე შეკითხვები, წამოწიონ ეს საკითხები შეხვედრაზე. ასე რომ, ყველა საკითხის წამოწევის შესაძლებლობა არის, თუ ამას მიეცემა შესაბამისი მსვლელობა რომელიღაც ორგანიზაციის მხრიდან. ამიტომ, თუ არასამთავრობო ორგანიზაციები წამოწევენ ამ საკითხს, რა თქმა უნდა, კომიტეტი ამას ყურადღებას მიაქცევს.

 

ორგანიზაცია UNICEF -ი გაეროს ბავშვთა საერთაშორისო ფონდია. ბავშვთა უფლებების კონვენცია გაერთიანებული ერების ორგანიზაციამ 1989 წელს მიიღო.

კონვენცია 54 მუხლისაგან შედგება. პირველი 42 მუხლი ბავშვთა დაცვასთან დაკავშირებულ ძირითად პრინციპებს შეეხება – ბავშვის უფლებებს, სახელმწიფო ვალდებულებებს და ბავშვის აღზრდასთან დაკავშირებულ ადამიანის მოვალეობებს. დანარჩენ მუხლებში კი საუბარია იმაზე, თუ რა უნდა გააკეთოს სახალმწიფომ კონვენციით ნაკისრი ვალდებულებების შესასრულებლად.

საქართველოს კონვენციას 1994 წელს შეუერთდა, რაც იმას ნიშნავს, რომ საქართველომ აიღო კონვენციით ნაკისრი ვალდებულებების შესრულების სამართლებრივი პასუხისმგებლობა.

მასალების გადაბეჭდვის წესი