ავტორი: ზურაბ დავითაშვილი – პროფესორი, საერთაშორისო ურთიერთობების სპეციალისტი
იდეალური ხელისუფლებები რომ არ არსებობენ, ეს ცხადია. არც საქართველოს ჰყოლია როდისმე უნაკლო და უშეცდომო ხელისუფლება. მაგრამ ქვეყნის მტერი და ეროვნული ინტერესების მოღალატე მთავრობა ნამდვილად პირველად გვყავს. ამ მხრივ ერთადერთ ანალოგად 1921 წლის შულავერის კომიტეტი შეიძლება მივიჩნიოთ. ვითარებას არ ცვლის ის, რომ არც ერთი არ ყოფილა ლეგიტიმური. ორივენი დე ფაქტო მმართველებს წარმოადგენენ და უზარმაზარი ზიანი მიაყენეს ქვეყანას.
მაგრამ თუ შულავერის კომიტეტი ხელისუფლებაში უცხო ძალამ მოიყვანა და რუსული არმიის ხიშტებზე იდგნენ, ივანიშვილის ხელისუფლებას საქართველოს მოსახლეობის თუ უმრავლესობამ არა, 35-40%-მა მაინც ხომ მისცა ხმა (თანაც მეცხრედ) და ეს სირცხვილი მუდმივად გაჰყვება ჩვენს ისტორიას.
სირცხვილი კი ის არის, რომ ხალხის რაღაც ნაწილმა მხარი დაუჭირა ქვეყნის ღალატს. უარი ევროატლანტიკურ კურსზე, ერთპარტიული დიქტატურის დამყარება, ოპოზიციის, ხელისუფლებისაგან დამოუკიდებელი მედიის განადგურება, არასამთავრობო ორგანიზაციების მოსპობა და იქ დასაქმებულთა უცხოეთის აგენტებად გამოცხადება, 2008 წელს რუსეთთან ომის დაწყება და ოსი და აფხაზი სეპარატისტებისთვის ბოდიშის მოხდა, ეს ყველაფერი ივანიშვილმა წინასაარჩევნო კამპანიის დროს დააანონსა. მიუხედავად ამისა, მილიონზე მეტმა კაცმა მხარი დაუჭირა. ამ შემთხვევაში სრულიადაც არა აქვს მნიშვნელობა, უმეცრებასთან გვაქვს საქმე, მოსყიდვასთან, დაშინებასთან თუ სულელურ “აბა, ომი გინდათ”? ფაქტი ფაქტად რჩება და ეს არის ეროვნული სირცხვილი.
მაგრამ ეროვნული ინტერესების ნამდვილი ღალატი მერე დაიწყო. განცხადება, რომ საქართველო აჩერებს მოლაპარაკებას ევროკავშირთან გაწევრიანების თაობაზე, ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის დატოვება, აშშ-თან განზრახ ურთიერთობების დაძაბვა, რასაც სტრატეგიული პარტნიორობის ხელშეკრულების შეწყვეტა მოჰყვა, ყოველივე ეს ნათელი დადასტურებაა, რომ საქართველო უარს ამბობს ევროკავშირზე, ნატოზე ანუ გარანტირებულ უსაფრთხოებაზე, კეთილდღეობაზე, ევროპულ განათლებაზე, ცივილიზაციაზე და პირს რუსეთისკენ იბრუნებს, რითაც მომავალს უსპობს ჩვენს ახალგაზრდობას.
ღალატის მწვერვალი კი არის ე.წ. პარლამენტის ე. წ . საგამომძიებლო კომისია. იდიოტი უნდა იყოს კაცი, რომ ვერ მიხვდეს, რა არის ამ კომისიის მიზანი. როცა ყველაფერი გამოძიებულია, ჰააგის სასამართლოს განაჩენი გამოტანილია, რომლის მიხედვითაც რუსეთი აგრესორი და ოკუპანტია, დადასტურებულია ეთნოწმენდა და უკანონოდ არის აღიარებული აფხაზეთის და ე.წ. სამხრეთ ოსეთის აღიარება რუსეთის მიერ, რაღაა გამოსაძიებელი? პასუხი მარტივია, იმის მტკიცება, რომ ომი საქართველომ დაიწყო, საქართველოა დამნაშავე და არა რუსეთი.
(აქვე მინდა ვთქვა, რომ დებილებზეა გათვლილი ქოცური ნარატივი, რომ საქართველო კი არ არის დამნაშავე, არამედ სააკაშვილი. ელემენტარული ჭეშმარიტებაა, რომ თუ მთავრობა იწყებს ომს, პასუხს ქვეყანა აგებს) და როცა ეს დასკვნა დაიდება, მაშინ საქართველომ, როგორც დამნაშავემ, ბოდიში უნდა მოუხადოს აფხაზებსა და ოსებს.
თუ აქამდე მივიდა საქმე, ნათელია, რომ სიტყვიერი ბოდიშით არავინ დაკმაყოფილდება, კომპენსაციაც უნდა გადაუხადო (რამდენიმე მილიარდი) და მათი დამოუკიდებლობაც ცნო. ამას მყისიერად მოჰყვება აღიარებების კასკადი, რადგან მსოფლიო (რამდენიმე ოდიოზური რეჟიმის გარდა) იმიტომ არ აღიარებს ამ ე.წ. რესპუბლიკებს, რომ ჰააგის გადაწყვეტილებით ისინი მიჩნეულია საქართველოს უკანონოდ ოკუპირებულ ტერიტორიებად რუსეთის მიერ. და თუ საქართველო ამ დანაშაულს რუსეთს მოწმენდს და თვითონ დაიბრალებს, რატომ გამოიდებენ მსოფლიოს ქვეყნები თავს იმ ქვეყნისთვის, რომელმაც ქართველი ხალხის საუკუნეობრივი ოცნების საწინააღმდეგოდ, ზურგი აქცია დასავლეთს, ანტიდასავლური პროპაგანდა გაიხადა ძირითად მიზნად, იზოლაციაში მოექცა და რუსეთ-ჩინეთ-ირანის ირგვლივ უნდა იტრიალოს.
ამიტომ მიმაჩნია, რომ ეს ე.წ. საგამომძიებლო კომისია არის საქართველოს წინააღმდეგ მიმართული გაუგონარი ღალატის განხორციელების მექანიზმი. მისი საბოლოო გადაწყვეტილება ახლავე ცნობილია და ის ბიძინამ დაუსახა. კომისიის სხდომები კი კლოუნადაა, სადაც მხოლოდ იმათ ნალაპარაკებს გააპიარებენ, ვინც ძველ ხელისუფლებას გალანძღავს (ნახეთ, ქოცურ საიტებზე აფორიზმებივით რომ არის მიმობნეული ქარელის ციტატები). ხოლო ისინი, ვისაც გულუბრყვილოდ სჯერათ (გენერლებს ვგულისხმობ), რომ კომისიას ჭეშმარიტება აინტერესებს, მათგან სიმართლეს გაიგებენ და წინასწარ განსაზღვრული დადგენილების ტექსტს შეცვლიან, მწარედ ცდებიან. მათი ნალაპარაკებიდან ისეთ ფრაზებს ამოგლეჯენ და ისე დაამონტაჟებენ, რომ სრულიად საპირისპირო აზრი გამოვიდეს. შესაბამისად, ვფიქრობ, რომ არც ერთი პატრიოტი, რომელიც დაბარებული იქნება ამ კომისიაზე, არ უნდა მივიდეს, რომ უნებლიე მონაწილე არ გახდეს იმ საშინელი ღალატისა, რასაც არალეგიტიმური პარლამენტის არალეგიტიმური კომისია უმზადებს საქართველოს.
კომენტარების სექციაში გამოქვეყნებული სტატიები შეიძლება არ გამოხატავდეს რედაქციის პოზიციას, მოსაზრებას.