ადვოკატი ირმა ჭკადუა აცხადებს, რომ პროკურატურას არ აქვს საკმარისი მტკიცებულებები იმ დაკავებულთა წინააღმდეგ, რომლებსაც პროევროპულ აქციებზე ჯგუფურ ძალადობაში მონაწილეობას ედავება. მისი თქმით, სამართლიანი სასამართლოს პირობებში, უწყება ვერ შეძლებს იმის დამტკიცებას, რომ რომელიმე მათგანმა პოლიციელი დააზიანა.
სწორედ ჭკადუა იცავს ერთ-ერთ დაკავებულს – ვალერი თეთრაშვილს. ეს საქმე განიხილება 10 სხვა დაკავებულის – ანდრო ჭიჭინაძის, ონისე ცხადაძის, რევაზ კიკნაძის, ჯანო არჩაიას, გურამ მირცხულავას, ლუკა ჯაბუას, გიორგი ტერიშვილის, ირაკლი ქერაშვილის, რუსლან სივაკოვისა და სერგი კუხარჩუკის საქმეებთან ერთად.
ყველა მათგანს ბრალდება სისხლის სამართლის კოდექსის 225-ე მუხლით აქვს წარდგენილი, რაც ჯგუფურად ორგანიზებულ ძალადობაში მონაწილეობას გულისხმობს. ბრალის დამტკიცების შემთხვევაში მათ 4-დან 6 წლამდე პატიმრობა ემუქრებათ.
ჭკადუას ინფორმაციით, ვალერი თეთრაშვილს ედავებიან უკვე გამოყენებული პიროტექნიკის ნაწილის სროლას აქციაზე. მისივე თქმით, პროკურატურისვე წარმოდგენილ კადრებში ჩანს, რომ ნასროლი საგანი არ ხვდება არავის, მით უფრო პოლიციელს, და ვარდება ძირს.
“ძირს ეგდო ნასროლი პიროტექნიკა, ქაღალდი, რომელიც აიღო, გადაამტვრია და ის ისროლა. ასევე, კადრი მიჰყვება, რომ პოლიციელებამდე ვერც აღწევს და გაცილებით ადრე ვარდება ის მიწაზე. გარდა ამისა, ქაღალდმა, გარედან რომ ქაღალდი აქვს შემოხვეული, როგორ შეიძლება, რომ ვინმე დააზიანოს?!”, – ამბობს ჭკადუა.
დაზარალებულად ცნობილ პოლიციელთაგან თეთრაშვილს ვერც ერთი ვერ ადებს ხელს. იგივე ვრცელდება სხვა ბრალდებულებებზეც – პროკურატურის მიერ მოწმედ გამოძახებული 97 პირიდან დიდი ნაწილი პოლიციელია. მათ შორის არიან დაზარალებულად ცნობილი პოლიციელებიც. თუმცა ვერც ერთი მათგანი ვერ უთითებს რომელიმე დაკავებულზე, ვის გამოც დაზიანდა თავად ან მისი რომელიმე კოლეგა. თუმცა პროკურორები ამტკიცებენ, რომ პოლიციელები ამ ადამიანების მიერ ჯგუფურად, ორგანიზებულად ჩადენილი ქმედებების შედეგად არიან დაზიანებული.
“ჩემი დაცვის ქვეშ მყოფს რომ ედავებოდნენ, რომ მისი ქმედებით ზიანი მიადგა კონკრეტულ პოლიციელს და მან მიიღო სხეულის დაზიანება: რა ტიპის სხეულის დაზიანება მიადგა იმას, ამაზე რომ მთხოვდნენ პასუხს, ბუნებრივია, მე ვიფიქრებდი, რომ გარკვეულწილად ჩაიდინა დანაშაული. აქ ამაზე არ არის ლაპარაკი. ნახეთ, რა გააკეთა პროკურატურამ – გამომდინარე იქიდან, რომ მას არ აქვს არცერთი მათგანის ქმედებაში ვინმეს დაზიანების მტკიცებულება, ამიტომ გამოკითხა მთელი აქციების პერიოდში თუ ვინმე დაზიანდა და ესენი ჩაყარა საქმეში. კი ბატონო, ვადასტურებთ, რომ იქ ვიღაცები დაზიანდნენ როგორც იქითა მხარეს [პოლიციელები], ასევე აქეთა მხარეს [დემონსტრანტები].
თუმცა ისინი, სამართლიანი სასამართლოს პირობებში, ამის დადასტურებას ვერ შეძლებენ, რომ რომელიმე ჩვენი დაცვის ქვეშ მყოფის ქმედების შედეგად არის რომელიმე პოლიციელი დაზიანებული. ამას ვერ ამბობს ვერც ერთი პოლიციელი, რომელიც დაკითხული ჰყავს თავად ბრალდების მხარეს, ამიტომ, მე ვამბობ, რომ მტკიცებულებები, რომელიც ბრალდების მხარემ მოიტანა, ჩვენ მტკიცებულებებია. იმიტომ, რომ იმით ვერ დასტურდება, რომ ამათ დანაშაული ჩაიდინეს”, – ამბობს ჭკადუა.
ვალერი თეთრაშვილი დუმილის უფლებას იყენებს. სხვა დაკავებულებისგან განსხვავებით, მას სხდომაზე აქამდე არ დაუფიქსირებია არანაირი პოზიცია. თუმცა ჭკადუა ადასტურებს, რომ თეთრაშვილი არ იცნობდა არცერთ ადამიანს, ვისთან ერთადაც ჯგუფური დანაშაულის ჩადენას ედავებიან. ის არ იცნობს არც იმ ადამიანებს, ვინც პროკურატურის მტკიცებით ამ ძალადობრივი მოქმედების ორგანიზატორები არიან.
“როგორც შეიძლება იყო იმ ჯგუფის წევრი, რომელი ჯგუფის წევრებსაც არ იცნობ, არც ორგანიზატორს იცნობ, არც დავალება მიგიღია?! მნიშვნელოვანია, ბრალდების მხარემ სასამართლოს დაუდასტუროს, როდის, ვისგან და რა დავალება მიიღო და რის სანაცვლოდ. მსგავსი მტკიცებულება საქმეში წარმოდგენილი არ არის. შესაბამისად, მე მიმაჩნია, რომ ჩემი დაცვის ქვეშ მყოფი უნდა გამართლდეს. ისევე, როგორც სხვა ბრალდებულები, რომლებიც საბრალდებო სკამზე სხედან. ვინაიდან მათ მიმართაც ანალოგიური მტკიცებულებები არის. როცა ვსაუბრობ ჩემზე, ვსაუბრობ ყველაზე, ვინაიდან არ განსხვავდება ეს საქმეები ერთმანეთისგან”, – აცხადებს ირმა ჭკადუა.
ადვოკატს ვკითხეთ, რა არის ჯგუფურად ჩადენილი დანაშაულის მტკიცების სტანდარტი. რა მტკიცებულებები უნდა ჰქონდეს ბრალდების მხარეს იმისთვის, რომ დასაბუთებული იყოს მათ მიერ წარდგენილი ბრალი და რა მტკიცებულებები დევს საქმეში.
“ჯგუფი და ერთიანი განზრახვა უნდა არსებობდეს. თუ ორგანიზებულ ჯგუფზეა საუბარი, მით უფრო უნდა არსებობდეს ორგანიზატორი. ასევე, უნდა არსებობდეს მტკიცებულება, რომ ეს ორგანიზატორი ჯგუფის წევრებს აძლევს კონკრეტულ დავალებას, რაც ამ სისხლის სამართლის საქმეში არ არსებობს.
ამ კონკრეტულ ჯგუფში – თუ ასეთი ჯგუფი არსებობს ბუნებაში – მისი [ვალერი თეთრაშვილის] ჩართულობის მტკიცებულება არ არსებობს, დავალების მიღების მტკიცებულება არ არსებობს, ჯგუფის წევრობის მტკიცებულება არ არსებობს, ჯგუფის წევრებთან მისი კომუნიკაციის მტკიცებულება არ არსებობს და ქმედება, რომელიც მან განახორციელა, არ არის ინკრიმინირებული, ანუ არ არის დანაშაულის შემადგენლობა მის ქმედებაში.
მოწოდება იყო და რომ დაინახეს, რომ ვიღაცა ძალადობდა, ესენიც ჩაერთნენო – ეს არის ბრალდების მხარის პოზიცია. ბრალდების მხარემ ისიც უნდა დამიდასტუროს, რომ იმ ვიღაც სამმა ადამიანმა [საუბარია სხვა საქმის ფარგლებში ჯგუფური ძალადობის ორგანიზებაში ბრალდებულ ზვიად ცეცხლაძეზე, ვასილ კაძელაშვილსა და ვეფხია კასრაძეზე], თუ ეს მოწოდება გააკეთა, ჩემი დაცვის ქვეშ მყოფმა ეს საერთოდ იცოდა – მოისმინა თუ არა. სამწუხაროა, თუკი ამას სასამართლო გაიზიარებს.
ყველაზე მნიშვნელოვანი გახლავთ ის, რომ თუკი ეს პრაქტიკა დამკვიდრდა და მსგავსი ტიპის საქმეებზე დადგა გამამტყუნებელი განაჩენი, ეს შექმნის ზოგადად პრობლემას გამოხატვის თავისუფლებასთან მიმართებაში. ვინაიდან ნებისმიერ ადამიანს აქვს გამოხატვის უფლება, მანიფესტაციებში მონაწილეობის უფლება და ა.შ. მით უფრო, ამ კონკრეტულ სისხლის სამართლის საქმეში ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილი ყველა მტკიცებულება ადასტურებს იმას, რომ ჩემი დაცვის ქვეშ მყოფს არანაირი დასჯადი ქმედება არ ჩაუდენია”, – ამბობს ჭკადუა “ნეტგაზეთთან” საუბრისას.
საქმე მტკიცებულებათა გამოკვლევის ეტაპზეა. მოსამართლემ, ირაკლი შვანგირაძემ მოისმინა მხარეების მიერ ერთმანეთის მტკიცებულებების შესახებ მოსაზრებები. დაცვის მხარე საუბრობს გამოძიების მხრიდან მტკიცებულების კანონდარღვევით მოპოვებაზე. მათ შორის, მოსამართლის განჩინების გარეშე ჩატარებულ საგამოძიებო მოქმედებებზე. ისინი შუამდგომლობენ, რომ მოსამართლემ განსახილველად არ დაუშვას პროკურატურის მიერ საპროცესო დარღვევებით მოპოვებულო მთელი რიგი მტკიცებულებები.
“ძალიან სერიოზული ამოცანის წინაშე დგას სასამართლო, რომ დაუშვებლად ცნოს ასეთი მტკიცებულებები. მიმაჩნია, რომ ვერც ერთი მხარე – ვერც დაცვა, ვერც ბრალდება- ისეთ შეურაცხყოფას ვერ მიაყენებს, ვიდრე სასამართლო საკუთარ თავს, თუკი სასამართლომ არ სცა პატივი საკუთარი გადაწყვეტილებით საკუთარ თავს, ბუნებრივია, ამას სხვა ვერავინ ვერ გააკეთებს. ამიტომ, დღეს სასამართლოს აქვს უმნიშვნელოვანესი როლი, რომ მან მისი გადაწყვეტილებით დაცვასაც უნდა უთხრას და ბრალდებასაც უნდა უთხრას, რომ არ გაბედოთ ასეთი უვარგისი მტკიცებულებებით სასამართლოში მოსვლა”, – ამბობს ირმა ჭკადუა.
საქმის განხილვა 25 მარტს, 13:00 საათზე განახლდება.
მტკიცებულებათა განხილვის ეტაპზეა მეორე, 8-პირიანი საქმეც, სადაც ბრალდებულები არიან როგორც ჯგუფურ ძალადობაში მონაწილეობისთვის [თორნიკე გოშაძე, ნიკოლოზ ჯავახიშვილი, ირაკლი მიმინოშვილი, გიორგი გიორგაძე და ინსაფ ალიევ], ასევე ორგანიზებისთვის [ზვიად ცეცხლაძე, ვასილ კაძელაშვილი და ვეფხია კასრაძე]. ამ ეტაპზე ამ საქმეს მოსამართლე დავით მგელიაშვილი განიხილავს.
რაც შეეხება ბრალდების მხარეს, ორივე საქმის პროკურორია ვაჟა თოდუა. წინასასამართლო სხდომამდე მასთან ერთად მუშაობდა პროკურორი გიორგი მუკბანიანი. წინასასამართლო სხდომებზე ის ვახტანგ ცალუღაშვილმა ჩაანაცვლა.
ამავე თემაზე: როგორ დატოვეს პატიმრობაში “ავანსად დაკავებულები” – რეპორტაჟი სასამართლოდან
