კომენტარი

მკვლევარი ხსნის, რატომ არის უსაფუძვლო “ოცნების” რიტორიკა ტერიტორიულ მთლიანობაზე

30 სექტემბერი, 2024 •
მკვლევარი ხსნის, რატომ არის უსაფუძვლო “ოცნების” რიტორიკა ტერიტორიულ მთლიანობაზე

„ილუზიის შექმნას, თითქოს ტერიტორიული მთლიანობის საკითხზე მნიშვნელოვან პროგრესს შეიძლება ჰქონდეს ადგილი, რეალური საფუძველი არც მანამდე ჰქონდა, არც ახლა აქვს და მეეჭვება, რომ ახლო პერსპექტივაში უნდა ველოდოთ“, — ამბობს „ჯეოქეისის“ თავდაცვის და უსაფრთხოების მიმართულების მკვლევარი გიორგი ანთაძე.

„ქართული ოცნების“ რიტორიკის, ბოდიშის ინიციატივისა და მინიშნებების ფონზე ოკუპირებულ ტერიტორიებთან დაკავშირებით, რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა სერგეი ლავროვმა დღეს მოსკოვში აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო საგარეო საქმეთა მინისტრებს უმასპინძლა და დაუდასტურა მოსკოვის პოზიცია, რომ 2008 წლის გადაწყვეტილებები მათი დამოუკიდებლობის აღიარებისა და „სახელმწიფოს განმტკიცებაში“ დახმარების მიმართულებით არ გადაიხედება.

გიორგი ანთაძე ხაზს უსვამს რუსეთის პოზიციონირების თანმიმდევრულობას და ფიქრობს, რომ არც „ქართულ ოცნებას“ ჰქონია რეალური პოზიტიური მოლოდინი მოსკოვისგან და ტერიტორიული მთლიანობის ნარატივს მმართველი გუნდი შიდა აუდიტორიისთვის წინასაარჩევნოდ იყენებს.

„საქართველოს ხელისუფლებამ ცალმხრივად რაც არ უნდა ხედვები და განწყობები გააჩინოს ტერიტორიული მთლიანობის აღდგენასთან დაკავშირებით, რუსეთს აქვს თავისი მუდმივი ინტერესები, მათ შორის საქართველოში. ოკუპირებული ტერიტორიები მისი ინტერესების განხორციელების ინსტრუმენტია და სანამ ასეთი კრემლი არსებობს, ეს პოლიტიკა არ გადაიხედება. შესაბამისად, პრაქტიკული შედეგების ნებისმიერი მოლოდინი თავიდანვე განწირული იყო. რუსეთი არის სახელმწიფო უზარმაზარი გეოპოლიტიკური ინტერესებით სხვადასხვა რეგიონებში. ეს გეოპოლიტიკური ინტერესები ერთი პარტიის ან ერთი ქვეყნის ცალმხრივი მარტივი განწყობების გამო არ იცვლება. შეუძლებელია, რუსეთი რამე კომპრომისზე წავიდეს მისთვის მნიშვნელოვანი სასიკეთო ცვლილებების გარეშე. ვიღაცების გონებაში საქართველოს მხრიდან მეტი დათმობის რაც არ უნდა სურვილი იყოს, რუსულ ხედვაში სტატუსის გადახედვა მაინც არ არის განხილვადი საკითხი“, — განუცხადა „ნეტგაზეთს“ გიორგი ანთაძემ.

მისი თქმით, რუსეთის პოზიციის შეცვლის არანაირი საფუძველი არ არსებობს, მაგრამ მიუხედავად ამისა, საქართველოს ხელისუფლება, „ქვეყნის ინტერესების და იმიჯის საზიანოდ, აგრძელებს საკამათო განცხადებების გაკეთებას“.

„ჩემი ღრმა რწმენით, ეს ყველაფერი თავიდან ბოლომდე შიდაპოლიტიკური რიტორიკის კონტექსტში უნდა განვიხილოთ და წინასაარჩევნო ამოცანებს ემსახურება“, — ამბობს ანთაძე.

იმის დასტურად, რომ თბილისის რიტორიკა რუსეთის პოლიტიკას არ ცვლის, გიორგი ანთაძეს მოჰყავს მცოცავი ოკუპაციისა და საქართველოს მოქალაქეების პერიოდული გატაცებების გაგრძელება საოკუპაციო ხაზთან.

მმართველი პარტიის განცხადებებს, რომ 2008 წლის ომი საქართველოს წინა ხელისუფლებამ გარე დავალებით დაიწყო, რუსეთის იერიში კი „საპასუხო“ იყო, გიორგი ანთაძე უკიდურესად საზიანოდ მიიჩნევს საქართველოს არაღიარების პოლიტიკისთვის.

„ასეთი განცხადებები სახელმწიფოს გლობალურ ინტერესებში არ არის და იმ შემთხვევაშიც არ უნდა აკეთებდე, მართლა რომ არსებობდეს რაღაც ბრალეულობა… თუ, რა თქმა უნდა, სახელმწიფოებრივად აზროვნებ და ქვეყნის ინტერესია შენთვის პირველ ადგილზე და არა — პარტიული. მით უმეტეს, ჩვენს შემთხვევაში, საქართველოს მხრიდან არანაირ ომის დაწყებაზე არ შეიძლება საუბარი იყოს. დამოუკიდებლობის დღიდან საქართველო ომის პირობებში იმყოფება რუსეთთან. ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმება გვაქვს — ფაქტობრივად ცივი ომის რეჟიმში ვიმყოფებით. ამ ყველაფრის უგულებელყოფა არ არის სახელმწიფოს ინტერესებში. რაც მთავარია, ანტიდასავლური, ანტიამერიკული რიტორიკა პირდაპირ ურტყამს არაღიარების პოლიტიკას. გლობალურად ჩვენი არაღიარების პოლიტიკა პრაქტიკაში განმტკიცებულია ამერიკის შეერთებული შტატების მხარდაჭერით, ლათინო-ამერიკული ქვეყნების შემთხვევაში ვატიკანსაც დიდი წვლილი აქვს“, — განმარტავს გიორგი ანთაძე.

ის იმედოვნებს, რომ საქართველოს ხელისუფლება არ მიისწრაფვის კონფლიქტის მხარეებად აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონების აღიარებისა და რუსეთისთვის მედიატორობის როლის შემოფარგვლისკენ. ასევე ფიქრობს, რომ „ქართული ოცნება“ არჩევნებამდე ვერ გაბედავს ტერიტორიული მოწყობის მოდელებზე საუბარს.

„ქართული ოცნება“ აცხადებს, რომ საკონსტიტუციო უმრავლესობა სჭირდება საქართველოს კონსტიტუციაში ტერიტორიულ მთლიანობასთან დაკავშირებით პოტენციური ცვლილებების შესატანად.

„მმართველი პარტია ასეთ ცვლილებას თავის თავზე ვერ უნდა იღებდეს. მსგავს სიღრმეებში წასვლის კურთხევა საქართველოს მოსახლეობის მხრიდან არავის მიუცია. თუ ქვეყანაში მზაობა იქნება, მთლიანად საზოგადოების გადასაწყვეტია, როგორ სტრატეგიაზე იფიქროს ტერიტორიულ მთლიანობასთან და ოკუპირებულ ტერიტორიებთან მიმართებით. შეიძლება რაღაც მოდელზე ფიქრობდნენ, მაგრამ წინასაარჩევნოდ ამაზე საუბარს ვერ გაბედავენ, რადგან რისკის შემცველი ნებისმიერი მოდელის განხილვას პოლიტიკური მღელვარება მოჰყვება. გამარჯვების შემთხვევაში არ გამოვრიცხავ, ასეთი პროცესების დაწყებას შეეცადონ, თუმცა მე პირადად არ მაქვს მოლოდინი, რომ ეს ინიციატივები ისეთი პრაქტიკული შედეგით დამთავრდება, სადაც საქართველოს ინტერესები არ დაზარალდება. კონფედერაციული მოწყობა და მსგავსი [თეორიული] განხილვები სერიოზული რისკების შემცველია და ფაქტობრივად უტოლდება ოკუპირებული ტერიტორიების აღიარებას. ყველას მოვუწოდებდი, დიდი სიფრთხილით მოეკიდონ ასეთ საკითხებს“, — ამბობს გიორგი ანთაძე.

რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა სერგეი ლავროვმა დღეს, სამხრეთ ოსეთის ე.წ. საგარეო საქმეთა მინისტრ ახსარ ჯიოევთან მოლაპარაკებების გახსნისას განაცხადა, რომ 2008 წლის გადაწყვეტილებები „გადახედვას არ ექვემდებარება”.

მანამდე „ქართულმა ოცნებამ“ „პოზიტიურად“ და „რიტორიკის ცვლილებად“ შეაფასა სერგეი ლავროვის განცხადება, რომ მოსკოვი მზადაა, თბილისს აფხაზეთსა და სამხრეთ ოსეთთან, როგორც „მეზობლებთან“ ურთიერთობების ნორმალიზებაში დაეხმაროს, მათ შორის, თავდაუსხმელობის შესახებ შეთანხმებების გაფორმების მიმართულებით.

ეს არის მოსკოვის მიერ არაერთხელ გახმიანებული პოზიცია და მცდელობა, კონფლიქტის მხარის ნაცვლად მედიატორად იქცეს და თბილისს უშუამავლოს აფხაზეთსა და ცხინვალის რეგიონებთან, როგორც დამოუკიდებელ სახელმწიფოებთან, ურთიერთობებში. რუსეთის დუმის დეპუტატმა, დსთ-ის საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ კონსტანტინ ზატულინმა „ქართულ ოცნებას“ განუმარტა, რომ სერგეი ლავროვის სიტყვები სამხრეთ ოსეთისა და აფხაზეთის საქართველოს შემადგენლობაში დაბრუნების ინტერესს არ გამოხატავდა და საუბარი შეეხებოდა ახალი რეალობის მიღებასა და „სახელმწიფოთაშორისი ურთიერთობების“ დამყარებას.

მასალების გადაბეჭდვის წესი