კომენტარი

“ბოდიში პოლიტიკაში არა შერიგებას, არამედ დანაშაულის აღიარებას ნიშნავს“ — პროფესორი ზურაბ დავითაშვილი

20 სექტემბერი, 2024 •
“ბოდიში პოლიტიკაში არა შერიგებას, არამედ დანაშაულის აღიარებას ნიშნავს“ — პროფესორი ზურაბ დავითაშვილი

„ბოდიში პოლიტიკაში არ ნიშნავს შერიგებას, ეს არის დანაშაულის აღიარება“, — ამბობს თსუ-ის სოციალურ და პოლიტიკურ მეცნიერებათა ფაკულტეტის საერთაშორისო ურთიერთობათა მიმართულების ხელმძღვანელი, პროფესორი ზურაბ დავითაშვილი 2008 წლის რუსეთ-საქართველოს ომის შესახებ „ქართული ოცნების“ შეფასებაზე.

დავითაშვილი მიიჩნევს, რომ „ქართული ოცნების“ ასეთი პოლიტიკის შედეგი რუსეთის პასუხისმგებლობისგან გათავისუფლება და  არაღიარების პოლიტიკის დაზიანება იქნება, რაც საქართველოს შესაძლოა ოკუპირებული ტერიტორიების საბოლოოდ დაკარგვად დაუჯდეს.

„თუ დანაშაულს სჩადიხარ, მაშინ პასუხიც უნდა აგო. ასეთ შემთხვევაში მოგიწევს საზღაურის გადახდა — იმ ტერიტორიების აღიარება და კომპენსაციის გადახდა. ასეა ომის კანონების მიხედვით. და თუ ჩვენ ომი დავიწყეთ, ჩვენ გამოვდივართ აგრესორი. აგრესიულ ომს გმირები არ შეიძლება ჰყავდეს, ამიტომ ანწუხელიძე და სხვები, ვინც ამ ომს შეეწირნენ, გმირებად ვერ ჩაითვლებიან. ნაცისტურ გერმანიას არ ჰყოლია გმირები, იმიტომ, რომ აგრესიულ ომს აწარმოებდა. ამ პოლიტიკის შედეგი იქნება ის, რომ რუსეთს ეხსნება აგრესორის თუ დამნაშავის სტატუსი და საქართველო გამოდის აგრესორი. პუტინი ასეთ საჩუქარს ვერც ინატრებდა“, — განუცხადა „ნეტგაზეთს“ ზურაბ დავითაშვილმა.

დავითაშვილის თქმით, „უმეცრების მწვერვალია“ იმის თქმა, რომ აგვისტოს ომში საქართველოს  ყოფილი ხელისუფლების წევრების ბრალეულობის გამოკვეთის შემთხვევაში მხოლოდ მათი ინდივიდუალური პასუხისმგებლობის საკითხი დადგება და ქვეყანა არ დაზიანდება.

„წარმოიდგინეთ, ვინმემ რომ ამტკიცოს, ჰიტლერი სხვა იყო და გერმანია სხვა იყო. ქვეყნის პრეზიდენტი წარმოადგენს სახელმწიფოს. მისი ნაბიჯები აღიქმება, როგორც სახელმწიფოს ნაბიჯები. ეს ანბანია, რომელსაც პირველ კურსზე ვასწავლით პოლიტიკის მეცნიერებებში. თუ ომი ჩვენ დავიწყეთ, მაშინ დამნაშავე გამოდის საქართველო — არ ამარტო ის, ვინც ეს გადაწყვეტილება მიიღო, არამედ ვინც იბრძოდა, მხარს უჭერდა, ყველანი დამნაშავეები გამოდიან“, — ამბობს დავითაშვილი.

დავითაშვილი იხსენებს, რომ საერთაშორისო საზოგადოების მიერ სერბეთის დამნაშავედ მიჩნევამ გამოიწვია მისი ტერიტორიული მთლიანობის პრინციპის დარღვევა და კოსოვოს დამოუკიდებლად აღიარება:

„თუ გაზიარებული იქნება „ქართული ოცნების“ პოზიცია, რომ საქართველომ დაიწყო ომი, ყველა ქვეყანა აღიარებს აფხაზეთსაც და სამხრეთ ოსეთსაც, რადგან ისინი აგრესიის მსხვერპლად ჩაითვლებიან“, — დასძენს ზურაბ დავითაშვილი.

„ქართული ოცნება“ ამტკიცებს, რომ ტერიტორიული მთლიანობის აღსადგენად საკონსტიტუციო ცვლილებების განხორციელება გახდება აუცილებელი. ზურაბ დავითაშვილის თქმით, ერთადერთი, რისთვისაც ამ კონტექსტში საკონსტიტუციო ცვლილებები შეიძლება სჭირდებოდეს, საქართველოს კონფედერაციად ქცევაა. ასეთი სცენარი, რასაც მისი თქმით, შეიძლება ეს გეგმა ითვალისწინებდეს არის აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის დამოუკიდებლად აღიარება და შემდეგ კონფედერაციაში მათთან ერთად შესვლა.

„ერთ-ორ წელიწადში ისინი თავისუფლად გავლენ კონფედერაციიდან იურიდიულად და ვერასოდეს დავიბრუნებთ“, — მიიჩნევს ზურაბ დავითაშვილი.

2008 წლის აგვისტოს ომის გამოძიება არის ბიძინა ივანიშვილისა და „ქართული ოცნების“ ერთ-ერთი ძირითადი წინასაარჩევნო დაპირება. მმართველმა გუნდმა უკვე მისცა საკითხს პოლიტიკური შეფასება, რომლის თანახმადაც, „2008 წლის ომი, გარე დაკვეთით, ნაციონალებმა დაიწყეს“ და რუსეთი საქართველოში სამართლებრივი საფუძვლის გარეშე არ შემოჭრილა.

„26 ოქტომბრის არჩევნებზე მისვლით და „ქართული ოცნების“ მხარდაჭერით, თქვენ იღებთ გარანტიას, რომ საქართველოს ომში ჩართვას ვეღარავინ შეძლებს, ხოლო ომის დამნაშავეები უმკაცრესად დაისჯებიან“, — განაცხადა „ქართული ოცნების“ საპატიო თავმჯდომარე ბიძინა ივანიშვილმა 19 სექტემბერს, საარჩევნო კამპანიის რეგიონულ ღონისძიებაზე რუსთავში.

ბიძინა ივანიშვილმა და პირობა დადო, რომ „ქართული ნიურნბერგის პროცესი“ ძალიან მალე ჩატარდება და „აუცილებლად გახდება“ შერიგების წინაპირობა.

ცნობისთვის, სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს (ICC) პროკურორის ოფისმა 2022 წელს დაასრულა აგვისტოს ომის 7-წლიანი გამოძიება და სასამართლომ დაპატიმრების ორდერები გამოსცა მხოლოდ სამხრეთ ოსეთის სამ წარმომადგენელზე: მიხაილ მინძაევზე, გამლეტ გუჩმაზოვსა და დავით სანაკოევზე. გამოიკვეთა რუსეთის ფედერაციის შეიარაღებული ძალების გენერალ-მაიორის და საჰაერო ძალების მაშინდელი მეთაურის მოადგილე ვიაჩესლავ ბორისოვის როლიც, რომელმაც, გამოძიების ვარაუდით, განზრახ შეუწყო ხელი დანაშაულების ჩადენას, თუმცა ის უკვე გარდაცვლილია. ქართული მხრიდან ჰააგის სასამართლოს პასუხისგებაში არავინ მიუცია.

საქართველომ რუსეთს სტრასბურგის ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოშიც (ECHR) მოუგო სახელმწიფოთაშორისი დავები აგვისტოს ომისა და განგრძობითი ოკუპაციის საქმეებზე.

მასალების გადაბეჭდვის წესი