კომენტარი

ქუთელია: რუსეთის ინტერესები ტერორისტებისას უფრო ემთხვევა, ვიდრე – დასავლეთის

18 ნოემბერი, 2015 • • 2176
ქუთელია: რუსეთის ინტერესები ტერორისტებისას უფრო ემთხვევა, ვიდრე – დასავლეთის

რა მიზანი ამოძრავებს რუსეთს, როდესაც ის ჩაერთო ანტიტერორისტულ ოპერაციაში საფრანგეთთან ერთად პარიზში მომხდარი ტერაქტის შემდეგ?


უნდა აღინიშნოს ის, რომ რუსეთი ამ ოპერაციაში ან ნებისმიერ სხვა საერთაშორისო ღონისძიებაში არ ერთვება იმისათვის, რათა დაიცვას საყოველთაოდ აღიარებული დემოკრატიული ფასეულობები. მას აქვს თავისი დღის წერიგი, თავისი პოლიტიკური თუ გეოპოლიტიკური ინტერესები და მათ მისაღწევად იყენებს ისეთ საერთაშორისო კონტექსტს, რომელიც იქმნება ამა თუ იმ ეტაპზე ცვლადი საერთაშორისო უსაფრთხოების გარემოში.


თვითონ რუსეთი გარკვეულწილად იქცევა, როგორც სახელმწიფო ტერორისტი, იმიტომ, რომ მასობრივი დაშინების მეთოდს იყენებს თავის სამეზობლოში, საქართველოსა და უკრაინის მიმართ და, ასევე, ქვეყნის შიგნით.


ამიტომ შორს ვარ იმ აზრისგან, რომ რუსეთის მთავარი მოტივატორი სირიაში ან ნებისმიერ ანტიტერორისტულ ოპერაციაში მონაწილეობისა არის ამ ფასეულობით ბრძოლაში ცივილიზებული სამყაროს გვერდით დგომა. მას აქვს თავისი კონკრეტული მიზნები და ამოცანები.


რუსეთის მიზნების მიღწევაზე პარიზის ტერაქტმა გავლენა იქონია?


ამ ტერაქტის შედგად რუსეთი შეეცდება კაპიტალიზება მოახდინოს, რაც უკვე ამორალური არის ზოგადად ჰუმანური პრინციპებიდან გამომდინარე, და ვხედავთ ამის ნიშნებს. პირველი ისაა, რომ ცდილობს ყურადღება გადაიტანოს ახლო აღმოსავლეთზე და დასავლეთს თვალი დაახუჭვინოს იმავე უკრაინასა და საქართველოში მიმდინარე პროცესებზე.


უკვე არავისთვის საიდუმლო არაა, რომ ევროპის შიგნით ულტრამემარჯვენე რადიკალურ-პოლიტიკურ ძალებს აქვთ მსუყე ფინანსური მხარდაჭერა რუსეთისგან. სწორედ ეს პოლიტიკური ჯგუფები გააქტიურდნენ ამ ტერორისტული აქტის შედეგად, ისინი ცდილობენ პოპულისტური გზავნილებით გაზარდონ მხარდაჭერა მათი პოლიტიკური დღის წესრიგისკენ, რაც მიმართულია ევროპის იზოლაციისკენ და მსოფლიოს მასშტაბით რუსეთისთვის გარკვეული როლის მინიჭებისკენ.


წარმატებული იქნება ეს პოლიტიკა?


ზუსტად მაგ შეკითხვაზე პასუხი არ მაქვს და ვიმედოვნებ, რომ არ იქნება. როგორც აღვნიშნეთ, პარიზის ტერაქტი იყო წყალგამყოფი, როდესაც ის შეფასდა ღიად გამოცხადებულ, დეკლარირებულ ომად დასავლური ღირებულებების წინააღმდეგ. ეს არ არის არც ერთი ქვეყნის წინააღმდეგ მიმართული ტერაქტი, ეს არის დასავლური ღირებულებების წინააღმდეგ მიმართული ტერაქტი.


აქედან გამომდინარე ამ ფასეულობის დასაცავად გაერთიანდება დასავლური სამყარო და არ მისცემს საშუალებას რუსეთის მსგავს ოპორტუნისტ ქვეყნებს, განახორციელონ თავიანთი გეოპოლიტიკური ინტერესები.

ბათუ ქუთელია. ფოტო; საინფორმაციო პორტალი კვირა
ბათუ ქუთელია. ფოტო; საინფორმაციო პორტალი კვირა

დასავლეთს რამდენად სჭირდება რუსეთი, როგორც მოკავშირე ანტიტერორისტულ ღონისძიებებში?


როგორც გითხარით, ეს მარტო ტერორიზმთან ბრძოლა არ არის, ეს არის ბრძოლა ცივილიზაციასა და ანტიცივილიზაციას შორის. თვითონ რუსეთი, რომელიც არ აღიარებს ამ ფასეულობებს თავის ქვეყანაში, თავის ახლო სამეზობლოში, ბუნებრივია, ვერ იქნება მათი მოკავშირე, ვინაიდან რუსეთს სხვა ამოცანა ამოძრავებს. აქედან გამოდინარე, მე ვთვლი, რომ რუსეთს არ უნდა ჰქონდეს საშუალება რაიმე მნიშვნელოვანი როლი ითამაშოს და ამის სანაცვლოდ თავისი გეოპოლიტიკური ამბიციები დაიკმაყოფილოს.


თუმცა რუსეთი უკვე ჩართულია ამ პროცესში. ის ბომბავდა ასადის მოწინააღმდეგეებს, შეიძლება თავად იყოს დამაბრკოლებელი დასავლეთისთვის. ასევე, ობამა და პუტინი შეხვდნენ ერთმანეთს, ხომ არ მიდის პროცესი იქით, რომ დიალოგი დაიწყო?


თუ ფართო კონტექსტს გავაანალიზებთ, რუსეთისა და ტერორისტული ორგანიზაციების, ან ტერორისტული კვაზი-სახელმწიფოების ინტერესები უფრო ემთხვევა ერთმანეთს, ვიდრე რუსეთისა და დემოკრატიული სამყაროსი. აქედან გამომდინარე, წარმოუდგენელი და დაუშვებელია, რომ რუსეთს ჰქონდეს რაიმე მნიშვნელოვანი როლი 21-ე საუკუნის გამოწვევასთან დაკავშირებით.


სამწუხაროა ის, რომ არაპროაქტიული დასავლეთის პოლიტიკის შედეგია, რომ რუსეთმა გარკვეული სივრცე თავისი ყოფნისთვის ახლო აღმოსავლეთში მოიპოვა. თუმცა ვთვლი, რომ ეს დროებითი მოვლენაა და პარიზის ტერაქტი, ასე ვთქვათ, გეოპოლიტიკურ და სამხედრო ლანდშაფტს როგორც ახლო აღმოსავლეთში, ისე ევროპაში შეცვლის.


სირიის ფაქტორი არ შეასუსტებს დასავლეთის სანქციებს და აღმოსავლეთ ევროპა არ გახდება უმნიშვნელო რეგიონი?


არ შეასუსტებს იმიტომ, რომ თუკი ასეთ კომპრომისს დასავლეთი დაუშვებს, ეს იქნება კომპრომისი მთავარ ფასეულობებზე, რაზეც ცივილიზებული, დეოკრატიული სამყარო დგას და ძალზე დააზიანებს დასავლეთს.

უკვე მოვისმინეთ განცხადებები აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტისა, რომ ეს არამცდაარამც არ ნიშნავს, რომ ეს რეგიონი, უკრაინა, საქართველო და რუსეთის სამეზობლო იქნება მივიწყებული. მეორე, რაც ასევე ძალიან მნიშვნელოვანია, რუსეთის ფაქტორი და როლი არ იქნება და არ არის გადამწყვეტი, თუნდაც სამხედრო კუთხით დასავლეთისთვის, რომ გაუმკლავდეს ამ გამოწვევას.

მასალების გადაბეჭდვის წესი