კომენტარი

„კრემლისგან შთაგონებული კანონმდებლობა“ — ვაშინგტონმა რიტორიკა დაამძიმა

18 აპრილი, 2024 • 2509
„კრემლისგან შთაგონებული კანონმდებლობა“ — ვაშინგტონმა რიტორიკა დაამძიმა

აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტი კიდევ ერთხელ ეხმაურება განცხადებით საქართველოში „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტის განხილვას.

როგორც სახელმწიფო დეპარტამენტის სპიკერის მეთიუ მილერის განცხადებაშია ნათქვამია, ეს არის კრემლისგან შთაგონებული კანონმდებლობა. მანამდე საპარლამენტო უმრავლესობის თავმჯდომარე მამუკა მდინარაძე კმაყოფილებას გამოთქვამდა შედეგით, რომ შარშანდლისგან განსხვავებით, საერთაშორისო აქტორები კანონპროექტს „რუსულს“ აღარ უწოდებდნენ.

„ჩვენ უკიდურესად იმედგაცრუებული ვართ საქართველოს პარლამენტის გადაწყვეტილებით კრემლისგან შთაგონებული „უცხოური გავლენის“ კანონმდებლობის წინ წაწევის შესახებ. როგორც ევროკავშირმა განაცხადა, ამ კანონის მიღებამ შეიძლება დააზიანოს საქართველოს პროგრესი ევროკავშირის გზაზე. ჩვენ ვუერთდებით ჩვენს ევროპელ მოკავშირეებს და საქართველოს მოვუწოდებთ, არ მიიღოს კანონმდებლობა, რომელიც ეწინააღმდეგება საქართველოს მოქალაქეების აბსოლუტური უმრავლესობის სურვილს ევროკავშირში სრული ინტეგრაციის შესახებ“, — ნათქვამია განცხადებაში.

სახელმწიფო დეპარტამენტის სპიკერის განცხადებით, საქართველოს ჰყავს აქტიური სამოქალაქო საზოგადოება, რომელიც ემსახურება თავის მოქალაქეებს და მუშაობს საქართველოს ეკონომიკის გასაუმჯობესებლად.

„თუ მიღებული იქნება, შემოთავაზებულმა კანონმდებლობამ შეიძლება შეზღუდოს გამოხატვის თავისუფლება, სტიგმატიზირება მოახდინოს ორგანიზაციების, რომლებიც ამ სარგებელს აძლევენ საქართველოს მოქალაქეებს და შეაფერხოს დამოუკიდებელი მედიაორგანიზაციები, რომლებიც მუშაობენ ქართველებისთვის მაღალი ხარისხის ინფორმაციის ხელმისაწვდომობაზე. კრემლის მიერ შთაგონებული ასეთი კანონმდებლობა არ არის მიზანშეწონილი, თუ მიზანი გამჭვირვალობის ხელშეწყობაა“, – აცხადებს სახელმწიფო დეპარტამენტი და ყველა მხარეს მოუწოდებს, დაიცვან მშვიდობიანი შეკრების უფლება.

17 აპრილს, „ქართულმა ოცნებამ“ „რუსული კანონი“ პირველი მოსმენით მიიღო. კანონპროექტის განხილვა რამდენიმე დღეა საპროტესტო აქციების ფონზე მიმდინარეობს.

მასალების გადაბეჭდვის წესი