კომენტარისაზოგადოება

“სამარცხვინო ხარ” – როგორ გამოეხმაურა ოსიმენი ჯუღელის პროგნოზს მისი სამომავლო კარიერის შესახებ

10 იანვარი, 2024 • 5128
“სამარცხვინო ხარ” – როგორ გამოეხმაურა ოსიმენი ჯუღელის პროგნოზს მისი სამომავლო კარიერის შესახებ

იტალიური საფეხბურთო კლუბ “ნაპოლის” თავდამსხმელმა, ვიქტორ ოსიმენმა თანაგუნდელის, ხვიჩა კვარაცხელიას აგენტს, მამუკა ჯუღელს სამარცხვინო უწოდა. ასე გამოეხმაურა ფეხბურთელი ჯუღელის განცხადებას, რომელშიც მისი და კვარაცხელიას სამომავლო პერსპექტივები შეადარა ერთმანეთს.

“მთელი ცხოვრება ნეაპოლში ითამაშებს ოსიმენი? მე წინასწარ გეტყვი – ზაფხულში წავა არაბეთში. გაუკეთეს ოსიმენს ხელფასი და ხვიჩას მილიარდი რომ მისცე, არაბეთში არ წავა. ხვიჩა წავა რეალში, ბავარია – სიტყვაზე გეუბნები, რა, გუნდებს ისე ვისვრი – ბარსელონა, მანჩესტერ სიტი … ხვიჩას სხვა გემოვნება და სხვა ცხოვრებისეული ტვინი აქვს. ხვიჩა უნდა სულ ზემოთ იყოს. თვითონ ბავშვს ეგ უნდა და ეგ იქნება “, – განაცხადა ჯუღელმა საზოგადოებრივი მაუწყებლის ეთერში.

ჯუღელის ამ განცხადებას ვიქტორ ოსიმენი სოციალურ ქსელში გამოეხმაურა.

“ძვირფასო მამუკა ჯუღელო, ბინძური და სამარცხვინო ხარ. მრცხვენია შენი მსჯელობის გამო. ჩემი სახელი აღარ ახსენო!!!”, – წერს ოსიმენი.

ვიქტორ ოსიმენის სთორი ინსტაგრამზე

ჯუღელმა ვიქტორ ოსიმენზე საუბარი ხვიჩა კვარაცხელიას შეფასების შემდეგ დაიწყო. მისი თქმით,”ნაპოლის” შემდეგ კვარაცხელიას კარიერის გაგრძელება ნებისმიერ გუნდში შეუძლია, თუმცა ყველაფერს თავისი დრო აქვს.

“ხვიჩა არის მსოფლიოში ერთ-ერთი საუკეთესო ფეხბურთელი, ხვიჩას ყველა გუნდი აიყვანს. დაწყებული ყაზახეთის ჩემპიონატიდან, დამთავრებული პრემიერ ლიგამდე. რომელი დეგენერატი პრეზიდენტი იტყვის – კვარაცხელია არ მინდა?! ეს ბიჭი მსოფლიოში ტოპ სამეულში შედის”, – განაცხადა კვარაცხელიას აგენტმა.

მამუკა ჯუღელის თქმით, აღარ გააგრძელებს ახალი ტალანტების ძებნას და მისი, როგორც აგენტის კარიერა იმ ფეხბურთელებთან დასრულდება, ვისთანაც ახლა მუშაობს.

აღსანიშნავია, რომ საზოგადოებრივი მაუწყებლის ვებ-გვერდზე ვიდეო, სადაც მამუკა ჯუღელი ვიქტორ ოსიმენზე საუბრობს, წაშლილია.

მასალების გადაბეჭდვის წესი