კომენტარი

ბრეგაძე სააკაშვილის ქმედებებს „ჩანასახშივე განწირულ მანიპულაციებს“ უწოდებს

4 ივლისი, 2023 • 1648
ბრეგაძე სააკაშვილის ქმედებებს „ჩანასახშივე განწირულ მანიპულაციებს“ უწოდებს

იუსტიციის მინისტრი რატი ბრეგაძე კვლავ აცხადებს, რომ ექსპრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი ექიმების მიერ რეკომენდებულ საკვებს არ იღებს.

დღეს, 4 ივლისს, ბრეგაძემ სპეციალური ბრიფინგი გამართა, რომელშიც ოპოზიცია დაადანაშაულა „მსჯავრდადებულ სააკაშვილის საზღვარგარეთ გაყვანის მორიგ წარუმატებელ მცდელობაში“  და თქვა, რომ ამ წარუმატებლობის შემდეგ მათ განაახლეს საერთაშორისო საზოგადოების შეცდომაში შეყვანის მცდელობები.

ბრეგაძე ირწმუნება, რომ „ამჟამინდელი, ტყუილზე დაფუძნებული მავნებლური კამპანიის მიზანია მსჯავრდადებულის თავისუფლების უკანონოდ მოპოვება, მათ შორის, სახელმწიფოს ინტერესების დაზიანების ხარჯზე.“

„ჩვენ, როგორც ადრე, მომავალშიც აუცილებლად გავაგრძელებთ ჩვენი ძვირფასი ხალხის ინფორმირებას და სიმართლის თქმას. საზოგადოებისთვის კარგად ცნობილია მიხეილ სააკაშვილის მიერ წარმოებული საკმაოდ ხანგრძლივი თვითდაზიანება, რომელიც მიზნად ისახავდა ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუარესებას და ამით სასჯელის გადავადებას ან გათავისუფლებას. თუმცა საზოგადოებამ იხილა ტყუილზე დაფუძნებული მოკლე ნაბიჯების ძალიან სწრაფად დასრულდება.

მსჯავრდადებული სააკაშვილი ახლაც სრულად არ ემორჩილება მკურნალობის კურსს და არ იღებს ექიმების მიერ რეკომენდებულ საკვებს. მსჯავრდადებულის გამოჯანმრთელებით გულწრფელად დაინტერესებულ ადამიანებსა და თავად მსჯავრდადებულსაც მოვუწოდებთ, რომ ჩანასახშივე განწირული მანიპულაციების ნაცვლად, შეასრულოს ექიმების რეკომენდაციები და მიიღოს იმ რაოდენობის, იმ სახეობის საკვები, რასაც ეუბნებიან ექიმები“, — თქვა იუსტიციის მინისტრმა.

ჟურნალისტის კითხვაზე საპასუხოდ ბრეგაძე აცხადებს, რომ ვერასდროს დაეთანხმება დებულებას, რომ საქართველოში ვინმეს აწამებენ:

„გამომდინარე იქიდან, რომ თუკი სადმე არის, ალბათ, ამ რეგიონში ადამიანის უფლებები დაცული, განსაკუთრებით პენიტენციურ დაწესებულებებში,აქ ლიდერი ნამდვილად არის საქართველო“, — თქვა ბრეგაძემ.

მასალების გადაბეჭდვის წესი