კომენტარი

რუსეთის მიტაცებული საქართველო, მიტაცებული უკრაინა და რადიკალურობის აუცილებლობა

23 მაისი, 2023 • 2654
რუსეთის მიტაცებული საქართველო, მიტაცებული უკრაინა და რადიკალურობის აუცილებლობა

ავტორი: ლუკაშ გალუსეკი, კრაკოვის საერთაშორისო კულტურის ცენტრის პროგრამული პოლიტიკის დირექტორის მოადგილე; პოლონეთის რესპუბლიკის პრეზიდენტის საერთაშორისო პოლიტიკის აკადემიის წევრი. მისი საქმიანობის სფეროა სახალხო დიპლომატია, ასევე ცენტრალური ევროპის კულტურა, ხელოვნება და არქიტექტურა, კერძოდ, ურთიერთობები სივრცეს, მეხსიერებასა და იდენტობას შორის. არის მრავალი პუბლიკაციის ავტორი და თანაავტორი (მაგ. Borderland. On Reviving Culture;). გამოფენების თანაკურატორი ცენტრალური ევროპის კულტურული მემკვიდრეობის შესახებ. ამჟამად მუშაობს გამოფენაზე „ცენტრალური ევროპის “სოცმოდერნიზმი” – არქიტექტურა რკინის ფარდის მიღმა“.

ლუკაშ გალუსეკი 25-27 მაისს თბილისის წიგნის საერთაშორისო ფესტივალს სტუმრობს. ის მონაწილეობს სხვადასხვა პანელ-დისკუსიაში, რომელზე დასწრებაც ნებისმიერ მსურველს შეუძლია. ფესტივალის პროგრამა იხილეთ აქ.


ისტორიის გადმოსახედიდან ოცდაათი წელი ბევრი არ არის, თუმცა ერთი ადამიანის ცხოვრებისთვის საკმაოდ ბევრია. პირადად მე გამიმართლა, რომ  „აღმოსავლეთ ევროპის“ იმ მხარეში  და იმ დროს დავიბადე, როდესაც კომუნიზმი უკანასკნელ გზას მიუყვებოდა, საზღვრები კი ქრებოდა და იხსნებოდა.  ამის მიუხედავად, 1989 წლის ბუქარესტის სისხლიანმა მოვლენებმა, აფხაზეთის ომმა და მოგვიანებით, ყოფილი იუგოსლავიის ტრაგედიამ, ილუზიები  გამიქრო.

რუსეთი „მატრიოშკას“ ჰგავს. საბჭოთა კავშირის დანგრევის შემდეგ, „ლოყებღაჟღაჟა ბაბუშკა“ გამოჩნდა, რომელსაც შვებით შეეგებნენ ეგრეთ წოდებული „მომწიფებული დემოკრატიები“. ამ დახვეწილ საზოგადოებებში კითხვასაც კი ვერ დასვამდი, „რატომ გაქვს ასეთი დიდი თვალები? რატომ გაქვს ასეთი ბასრი კბილები?“  ხუმრობის გარეშე კი ჩვენ არასწორად ვივარაუდეთ, რომ საბჭოთა კავშირის ნგრევის პროცესი დასრულდა. საქმე ისაა, რომ მაშინ იმპერიის დაშლის მხოლოდ პირველი ნაწილი ვიხილეთ, ხოლო ისტორიის გადმოსახედიდან ოცდაათი წელი საერთოდ არ არის საკმარისი ამგვარ ბოროტ სისტემასთან გასამკლავებლად.

2008 წლის აგვისტოში „ბაბუშკამ“ ნიღაბი ჩამოიხსნა და კვლავ გამოაჩინა იმპერიის სასტიკი სახე, რომელიც თურმე არსად გამქრალა. მაშინ  დავინახეთ ისიც, თუ რამდენად დიდი სამუშაო ჩატარდა ბოლო ოცდაათი წლის განმავლობაში ევროპელების ცნობიერებაში  რუსეთის რეაბილიტაცია-გამართლებისათვის. არ იყო შემთხვევითი, რომ სწორედ ცენტრალური ევროპის ქვეყნების — პოლონეთის, უკრაინის, ლატვიის, ლიეტუვასა და ესტონეთის — პრეზიდენტების თვითმფრინავი, 2008 წლის აგვისტოს ცხელ ღამეს, თბილისის აეროპორტში დაეშვა. ცენტრალური ევროპა მიხვდა. დასავლეთმა კი მხოლოდ 2022 წლის თებერვალში აღიარა, რომ ძველი საფრთხე არსად  გამქრალა.  დღეს ჩვენ უკვე კარგად ვაცნობიერებთ, რომ წარმოსახვითი იმპერიის განიარაღება ისევე მნიშვნელოვანია, როგორც უკრაინის მცველების შეიარაღება.  ეს  კი ჩვენი, კულტურის მუშაკების მთავარი ამოცანა უნდა გახდეს.  

ერთ-ერთი ტოქსიკური მისტიფიკაცია არის თაყვანისცემა „დიადი“ რუსული კულტურის მიმართ, რომლის გარეშეც ევროპული მემკვიდრეობა თითქოს არასრულყოფილია.

უკრაინაში ომის ახალი ტალღის დაწყებიდან რამდენიმე დღის შემდეგ ერთმა პოლონელმა მწერალმა დაუფიქრებლად აღიარა, რომ სიამოვნებით ესროდა უკრაინაში შემოჭრილ რუსებს, თუმცა არაფრის დიდებით იტყოდა უარს დიდ რუსულ კულტურაზე, რადგან ამით მხოლოდ საკუთარ თავს ავნებდა.

თებერვლის მოვლენებიდან სამი თვის შემდეგ, მაისში, ომის 70-ე დღეს,  გერმანელი მაესტრო დანიელ ბარენბოიმი სიტყვით გამოვიდა. იგი პოლონეთის მუსიკალურ სცენებზე რუსული მუსიკის მიმართ ბოიკოტის გამო წუხდა. აღმოჩნდა, რომ მას მეგობარმა დირიჟორმა შესჩივლა, რომელსაც პოლონეთის ქალაქ კატოვიცეში უარი უთხრეს ჩაიკოვსკის მესამე სიმფონიის შესრულებაზე — იმ სიმფონიის, რომელსაც „კეთილშობილმა“ კომპოზიტორმა ქვესათაურად Polska მისცა.

„ეს გროტესკული და სულელურია“ — გვისაყვედურა მაესტრომ პოლონელებს. მას მსხვერპლისადმი დუმილით პატივის მიგემა ბოიკოტი ეგონა. დიახ, რაც უფრო დიდია მსხვერპლი, მით უფრო ხანგრძლივია დუმილი, მაესტრო. 

გამიჩნდა კითხვა,  რუსული მუსიკის ნაკლებობა რატომ არის ასეთი შემაშფოთებელი დირიჟორისთვის მაშინ, როდესაც არავის გახსენებია დვორჟაკი, იანაჩეკი, ბარტოკი, ფალიაშვილი, შიმანოვსკი, ენესკუ… რატომ იყო რუსული რეპერტუარის ნაკლებობა დარტყმა ევროპული ორკესტრებისთვის და რატომ არავინ ღვრის ცრემლებს შეუსრულებელი პოლონური, ჩეხური, ლიეტუვური, ქართული თუ რუმინული კომპოზიციების გამო?

გამაოგნებელი პასუხი ერთი თვის შემდეგ პეტერბურგიდან მოვიდა. ერმიტაჟის მუზეუმის დირექტორმა მიხაილ პიოტროვსკიმ ხაზგასმით აღნიშნა, რომ რუსული კულტურა უფრო ევროპულია, ვიდრე ზოგიერთი ევროპული ქვეყნისა, მაგალითად კი ნორვეგია მოიყვანა! თურმე, რუსეთის ევროპული ტრადიციები ანტიკური ხანიდან იღებს სათავეს, რაზეც მეტყველებს ძეგლები სამხრეთ ყირიმში! თვალებს არ ვუჯერებდი, ის ხომ უკრაინიდან მოპარულ სამუზეუმო ნივთებზე, გატაცებულ კულტურულ არტეფაქტებზე საუბრობდა. ალბათ, მაინც არ უნდა მიკვირდეს, ეს ხომ იმპერიული კულტურის წესებია, რომელიც ითვისებს, ართმევს და ამაში  ცუდს ვერაფერს ხედავს. იგი უმოწყალო კოლონიზატორია და ანადგურებს დაუმორჩილებელს.

თუმცა არსებობს გარკვეული განსხვავება ძველ და დღევანდელ იმპერიალიზმს შორის: თანამედროვე იმპერიები, პირველ რიგში, ადამიანების გონების განკარგვას ცდილობენ და კულტურა, სამწუხაროდ, მათ ხელში იარაღად იქცევა ხოლმე. 

გთხოვთ, ეწვიოთ ვიკიპედიას. მართალია, რუსული ენა განასხვავებს ტერმინებს russkiy და rossiyskij (ეროვნება vs მოქალაქეობა), მაგრამ ეს არავის ადარდებს! უდიდესი ქართველი მხატვარი ნიკო ფიროსმანი, რუსულენოვანი ვერსიით, რუსი ხელოვანია. განა როგორ შეიძლება ფიროსმანი რუსი ყოფილიყო? მთელი ცხოვრების განმავლობაში მას საქართველოს გარდა ხომ არაფერი უნახავს?! თუმცა პოლტავასა და ხარკოვს შორის დაბადებულ ილია რეპინის, ან ნიკოლაი გოგოლისთვის „რუსული სულის“ ტიტულის მინიჭებისას მემატიანეები ერთხელაც არ შეყოყმანებულან (მიუხედავად იმისა, რომ „მკვდარი სულების“ ავტორმა  თვითონ აღიარა, რომ წარმოდგენა არ ჰქონდა, თუ როგორი იყო მისი სული).

მიკოლა რიაბჩუკი რომელიც  ამგვარ „ნიუანსებს“ წლების განმავლობაში ამხელდა, განმარტავს, რომ მსგავსი გამოვლინებები ცალ-ცალკე უმნიშვნელოდ გამოიყურება, თუმცა მთლიანობაში ერთ დიდ ცრუ სურათს ქმნის — ნაკლებად ხელსაყრელს საქართველოსთვის, უკრაინისთვის, თუმცა  ყოველთვის მომგებიანს რუსეთისთვის.

იმპერიაში წესი მარტივი იყო. მეფის რუსეთში ან საბჭოთა კავშირში ნებისმიერს შეეძლო კარიერულ კიბეზე მაღლა ასვლა „გარუსების“ შემთხვევაში. თუ  ადამიანი ხაზს უსვამდა საკუთარ წარმომავლობას: ქართველობას, ლიეტუველობას ან უკრაინელობას, იმპერიის რისხვას მწარედ იწვნევდა.

ამავდროულად, საქართველოსა და უკრაინაში რუსები კულტურას ყოველ ათწლეულში ერთხელ „ასუფთავებდნენ“. 1920-იან წლებში ხარკოვში ეროვნული კულტურის აღორძინება დაიწყო. ქალაქი აყვავდა, როგორც უკრაინის ცენტრი. მოსკოვმა საპასუხოდ  სწრაფად იმოქმედა. დღემდე არ არის ცნობილი რამდენი ხელოვანი დაიღუპა მაშინ. „დახვრეტილი აღორძინების“ შესახებ დუმილის შეთქმულება მთელი კომუნისტური ეპოქის მანძილზე გაგრძელდა. 1960-იან წლებში რეპრესიების კიდევ ერთი ტალღა აგორდა, ამჯერადაც ხელოვანთა და ინტელექტუალთა იმ თაობის წინააღმდეგ, რომელსაც „შესტიდიატნიკი“ უწოდეს. მიზეზი? მხოლოდ ის, რომ ამ ხალხს სურდა უკრაინის საბჭოთა სოციალისტურ რესპუბლიკაში საკუთარ ენასა და კულტურაზე  უფლებები დაებრუნებინა. ოცი წლის შემდეგ იგივე ბედი გაიზიარეს უკრაინის ჰელსინკის ჯგუფის წევრებმა — დეპორტაცია და ოჯახის წევრთა რეპრესიები.

საბჭოთა კავშირს საქმე მარტივად ჰქონდა, იგი უბრალოდ ავითარებდა წინამორბედების მიერ გამოყენებულ მეთოდებს. გავიხსენოთ თუნდაც 1876 წლის ალექსანდრე II-ის  სამარცხვინო ბრძანება, რომელიც უკრაინული ენის და თავად სიტყვის „უკრაინა“ ბეჭდვით გამოყენებას კრძალავდა. სწორედ ესაა მიზეზი, რომ უკრაინელებს არ ჰყავთ საკუთარი პუშკინი, ტოლსტოი, დოსტოევსკი, რომლებსაც ასე აფასებენ ევროპელები. მათ არ ჰქონდათ უფლება, გამოევლინათ და ჰყოლოდათ საქვეყნოდ აღიარებული კლასიკოსები, რომელთა დანატოვარზეც თანამედროვე უკრაინელი მწერლებისა თუ არტისტების თაობები გაიზრდებოდა. დღეს საქმე სხვაგვარადაა: უკრაინელი ხელოვანები აერთიანებენ თანამედროვე შემოქმედებასა და  საბჭოთა მორევში ჩაკარგულ, განწირულ  მემკვიდრეობას და მას მსოფლიოს აცნობენ. 

ქართველი მოღვაწე ნინო ყიფიანი თავის მემუარებში წერდა: „ეს გარუსება-გადაგვარება სასწავლებლიდან დაიწყეს. ქართული ენა ძაღლის ენად მონათლეს და მასზე ლაპარაკი აკრძალეს. ვინც ქართულად დაილაპარაკებდა, მას გულზე წითელ ფირფიტას ჩამოჰკიდებდნენ, რომელზეც ზედ ძაღლის ენა იყო გამოხატული.” 

ხშირად ისმის მოსაზრება, რომ რუსი ხელოვანები არაფერში  იყვნენ დამნაშავ. ბოლოს და ბოლოს, შოსტაკოვიჩი, მანდელშტამი, ბროდსკი —  სახელისუფლებო რეპრესიების წინააღმდეგ იბრძოდნენ. ისინი ჩაგრულნი, დევნილნი, ან სულაც  მოკლულები იყვნენ მათსავე სახელმწიფოს მიერ. ეს მართლაც ასეა და ამიტომაც იბრძვიან უკრაინელები საკუთარი სახელწიფოსთვის, რადგან მათი სახელმწიფო, თუნდაც არასრულყოფილი, დაიცავს მათ, ხოლო რუსეთი — არასდროს. რუსეთი არ ცვლის მეთოდებს, თუმცა ადაპტირდება ახალ გარემოებებთან.

ოქსანა ზაბუჟკო ამბობს, რომ რუსეთი უკრაინელებს იტანდა იქამდე, სანამ ისინი მორჩილად ასრულებდნენ რუსული კულტურის დონორების როლს, თუმცა ყოველთვის აწყდებოდნენ ძლიერ წინააღმდეგობას მაშინ, როდესაც დამოუკიდებლობისა და მათი კულტურისა და ისტორიის განცალკევება სურდათ. ერთი მხრივ, რუსეთი ცდილობდა, მსოფლიოს არ გაეცნო უკრაინული თუ ქართული კულტურის მიღწევები ევროპული კულტურის კონტექსტში. მეორე მხრივ კი, მან ჩადო ინვესტიცია თავისი „დიადი“ კულტურის პოპულარიზაციაში, რომელიც  მისი იმუნიტეტი უნდა ყოფილიყო, რადგან ევროპული ცნობიერება ვერ ითავსებს ხელოვნების დიდი ნიმუშების შექმნის უნარსა და ამავდროულად  ომის დანაშაულების ჩადენის შესაძლებლობას.   

ჩვენ, ცენტრალური ევროპის მკვიდრებმა, ეს ყველაზე სწრაფად დავინახეთ, რამაც შემდგომი ამოცანების განსაზღვრის უნარი მოგვცა. კარგია, რომ დღეს საერთაშორისო მედია უკრაინას  არა მხოლოდ მისი პოლიტიკური რეალობის გამო აშუქებს, არამედ მისი კულტურითაც ინტერესდება. მაგრამ სანამ ჩვენ რეალურად არ დავუჭერთ მხარს უკრაინელების მცდელობას მსოფლიოს თავიანთი კულტურის შესახებ უამბონ, „დიდი კულტურისა“ და „მცირე კულტურების“ ცნება შენარჩუნდება. შეგახსენებთ, რომ გასულ საუკუნეში დასავლეთის ბევრ უნივერსიტეტში  პოლონისტიკა, ბოჰემისტიკა თუ ქართველოლოგია, სოვიეტოლოგიის ფაკულტეტების ფარგლებში ისწავლებოდა.

დროა, ერთხელ და სამუდამოდ გავათავისუფლოთ და გავმიჯნოთ უკრაინელები, ბელარუსები და სხვა „მოძმე“ ერები რუსებისგან და ეს, პირველ რიგში, ხალხის ცნობიერებაში უნდა მოხდეს. წინააღმდეგ შემთხვევაში, დროდადრო ევროპელები შეგვახსენებენ „რუსეთის გავლენის სფეროსა“ და „ორი სლავი ერის ურთიერთანგარიშსწორების“ შესახებ.  ჯერ კიდევ ბევრს უკვირს უკრაინელების ბრაზი მოსაზრებაზე,  რომ ეს ორი ერი მოძმეა. ისინი ბოლომდე არ აღიარებენ, რომ უკრაინელებს ცალკე კულტურა, ისტორიული ტრადიციები და საკუთარი იდენტობა გააჩნიათ.

გამოჩენილი ევროპელი ინტელექტუალი, ბულგარელი ივან კრასტევი, მამაც უკრაინელებს „მოულოდნელი ერს“ უწოდებს, რომელიც მხოლოდ ცალკეული აჯანყებების დროს იჩენს ხოლმე თავს. დიახ, ასეთი ტრაგიკული მომენტები აცოცხლებს ერის ყველაზე მძლავრ მითებს – უკრაინელი ჯარისკაცების პასუხი რუსული სამხედრო გემის ეკიპაჟისთვის უკვე შევიდა ისტორიაში, თუმცა უკრაინელების, როგორც „მოულოდნელი ერის“ მოხსენიება სხვა არაფერია, თუ არა უცოდინრობა. ამიტომაც, უმეცრების წინააღმდეგ ბრძოლა კვლავ გახდა ცენტრალური ევროპის ინტელექტუალებისა და ჩვენი ინსტიტუტების მთავარი ამოცანა. კულტურის საერთაშორისო ცენტრში ამის შესახებ კარგად მოგვეხსენება. 

აღმოსავლეთ უკრაინაში, 2015 წელს, როდესაც რუსეთმა ყირიმი დაიპყრო, გამოჩნდა, რომ უკრაინელები, როგორც  საზოგადოება, ორ საუკუნეზე მეტია ყალიბდებიან. ამის შესახებ ჩვენ „გალიციის მითის“ გამოფენაზე ვისაუბრეთ და ვაჩვენეთ, თუ როგორ იქცა ისტორიული ავსტრია-უნგრეთის იმპერიის ეს მხარე თანამედროვე უკრაინელი ერის დაბადების კერად. დიდი ხნის განმავლობაში გვარწმუნებდნენ, რომ უკრაინა არ არსებობდა და შედგებოდა ერთმანეთთან შეუსაბამო ნაწილებისგან. ვცდებოდით!

უკრაინა თავისი უზარმაზარი ტერიტორიით  ერთგვაროვანი ერთეული რომ იყოს, იგი მშვენივრად მოერგებოდა პუტინის არქაულ იდეებს „პატარა რუსეთის“ შესახებ.  ჰეტეროგენულობა და მრავალფეროვნება მათი სიძლიერე, რაღაც უნიკალური და სასარგებლო თვისება აღმოჩნდა. მათ, ვინც ამტკიცებდამ რომ სახელმწიფო უფუნქციოა, ომმა დაუმტკიცა — მიუხედავად უკრაინის არაერთგვაროვნებისა, იგი არ არის დაყოფილი. ამავდროულად, ეს პარადოქსი მისი უდიდესი წარმატებაცაა. და ჩვენ ყველა აღფრთოვანებული ვართ უკრაინის უნარით, იარსებოს ამ მრავალფეროვნების პირობებში.

დამოუკიდებელი უკრაინის 30 წლისთავთან დაკავშირებით საერთაშორისო კულტურის ცენტრის გალერეაში უკრაინული ხელოვნების გამოფენა გავმართეთ და საკუთარი თვალით ვიხილეთ მრავალფეროვანი უკრაინა: ეროვნული, ხალხური, საბჭოთა, სლავური, აღმოსავლური, ცენტრალურ ევროპული, კაზაკური, ადგილობრივი, გლობალური და თანამედროვე. დავინახეთ, თუ როგორ ეძებდა უკრაინა საკუთარ თავს, ამსხვრევდა ნიღბებსა და სტერეოტიპებს, რომლებსაც მას ათწლეულების განმავლობაში რეპრესიული სისტემა არგებდა. ეს გამოფენა უკრაინის არაჩვეულებრივი ავტოპორტრეტი იყო. 

გამოფენის დასრულებიდან ერთი თვის შემდეგ რუსეთი უკრაინას თავს დაესხა. 

მაგრამ მოდით, გაავანლიზოთ ოცდაათი წლის წინ არსბეული რეალობა.

საბჭოთა იმპერიის ასე ეფექტიანად განიარაღება შეუძლებელი იქნებოდა, რომ არა კუნდერას „ჯადოსნური ფორმულა“ და „გატაცებული დასავლეთის“ კონცეფცია, რომლებიც ინტელექტუალებმა და ხელოვანებმა 1980-იან წლებში შექმნეს. ჰაველის პერიფრაზით რომ ვთქვათ, ეს იყო „უძლურთა ძალა“, რომელიც ნაკლოვანებების წარმოსახვის საშუალებით იმპერიის წინააღმდეგ ბრძოლაში რეალური ძალაუფლების მოპოვების შესაძლებლობას იძლეოდა. ფორმულა შედარებით მარტივი იყო, ეფუძნებოდა დასავლეთ ევროპელებისთვის  შეხსენების რიტორიკასა და მათში ვალდებულების განცდის გაღვივებას. ცენტრალური ევროპა ლაპარაკობდა ღირებულებების ენაზე. იგი იყო დისიდენტი და ლიბერალი. ამ ყველაფერმა შესანიშნავად იმუშავა. 

სინამდვილეში, ცენტრალური ევროპის იდეა მუშაობდა არა იმდენად საბჭოთა კავშირის წინააღმდეგ, არამედ იმ „ფილოსოფიური გეოგრაფიის“ დასაშლედად, რომელიც ორი საუკუნის წინ შეიქმნა და დასავლეთ ევროპელების გონებაში ჩაიბეჭდა. ეს ფილოსოფია არ იყო მომართული რეალურ დაპყრობაზე არამედ, იგი ითვალისწინებდა კონტინენტის იდეურ და წარმოსახვით გაყოფას, გარკვეული იდეებისა და პრეფერენციების მიხედვით. ამ მოცემულობაში დასავლეთი  ცივილიზაციის წყაროს, ხოლო ორიენტალური სამყარო მის ანტიპოდს წარმოადგენდა. ამ ორს შორის დააარსეს ევროპული აღმოსავლეთი — მთლად უცხო არა, თუმცა ჩამორჩენილი და განუვითარებელი ადგილი.

გამოიგონეს ბალკანეთი, როგორც რაციონალური ევროპის საპირისპირო, „დაავადებული“ თურქეთის ირაციონალური შვილი. მეტერნიხის ანეკდოტური ბაღი აყვავებული ევროპის ფიგურა გახდა —  ავსტრიის კანცლერის, რომელიც თავს ზესახელმწიფოების კონცერტის დირიჟორად მიიჩნევდა.  ამ ბაღის გალავნის მიღმა ველური აზია იყო გადაჭიმული, რომელიც სტალინს მეორე მსოფლიო ომის შემდეგ უნდა მოეთვინიერებინა, ამიტომაც, მისთვის „შუა“ ნაწილის მიცემა დანაკარგად არ მიიჩნეოდა. „მეტერნიხის ღობე“ რკინის ფარდამ შეცვალა.

„გატაცებული დასავლეთის“ იდეამ სინდისის ქენჯნა გამოიწვია. ევროპელებმა  მათ „შუა“ ძმებსა და დებს კომუნიზმის უღელისაგან თავის დაღწევაში მხარი დაუჭირეს. სამწუხაროდ, თავისი რომანტიული ამოცანის შესრულების შემდეგ, ცენტრალური ევროპის იდეა მოკლევადიანი ამოჩნდა. ევროკავშირის „ბაღში“ ერთბაშად ყველა ვერ შევიდა. სწორედ ამიტომ, ჩვენ ხელახლა შევქმენით იგივე კატეგორიები, ახლა უკვე საკუთარ ეზოში — დაყოფა უფრო ნაცნობ და უცხო, ანუ „ცენტრალურ“ და „აღმოსავლეთ“ — „ნაკლებად ცივილიზებულ ნაწილებად“. ცენტრალური ევროპის იდეა ინტელექტუალური ჰორიზონტიდან ეტაპობრივად გაქრა. ისევე ვუღალატეთ მეგობრებს, როგორც ერთხელ დასავლეთმა? ვაქციეთ თუ არა ღირებულებები ინტერესებად? ცენტრალური ევროპა საზღვრისპირა თანამშრომლობის მშვენიერ ფორმულამდე დავიყვანეთ.

ამ უსიამოვნო კითხვებს უკრაინელი ინტელექტუალები კარგა ხანია გვისვამენ. მათ სურდათ დაეჯერებინათ, რომ ცენტრალური ევროპა უბრალოდ არ დაიშალა, არამედ გადავიდა უკრაინაში. ვფიქრობ, რომ მისი ყველაზე გულწრფელი დაცვა ზემოხსენებული მიკოლა რიაბჩუკის ფხიზელი მზერა იყო და მისი გულწრფელი საუბარი ცენტრალურ ევროპულ მესიანიზმთან. კუნდერას  შემდეგ ოცდაათი წლის თავზე გამოჩნდა, რომ „გატაცებული დასავლეთის“ იდეა ცენტრალური ევროპისთვის ხსნად, ხოლო აღმოსავლეთ ევროპისთვის მძიმე ხვედრად იქცა. აჩვენა ის, თუ როგორ არ ვისწავლეთ კედლების  ნგრევა, არამედ ვისწავლეთ მათი  აღმოსავლეთისკენ გადაწევა.

აღმოსავლეთ პარტნიორობის ან დასავლეთ ბალკანეთის ფორმატის ბუნდოვანი შეთავაზებებით, ჩვენ სინანული დავიმშვიდეთ მაშინ, როცა იმპერიამ შეუმჩნევლად აღადგინა თავისი გავლენის სფერო. კრემლი ევროპელებს თავისი „დიადი“ კულტურის ოპიუმით აბრუებდა. ვოლტერის დროის მსგავსად, კვლავ პოპულარულები გახდნენ მდიდრულ იახტებზე ან ლონდონის სასტუმროების ელეგანტურ აპარტამენტებში ჩასახლებული ახლა უკვე წვერგაპარსული ბოიარები. ბევრი აღფრთოვანებული იყო თვით „განმანათლებლური ავტოკრატიითაც“.

უკრაინელები და ქართველები დღეს ორივე ფრონტზე იბრძვიან — ველზეც და წარმოსახვაშიც. მეორე პუნქტით, ჩვენც ოკუპაციის ქვეშ ვიყავით.

თუ ჩვენ გვურს, რომ გავლენა გვქონდეს, უნდა ვიყოთ რადიკალურები. თორემ ისევ დაწყევლილ, „სისხლიან“, მარადიულად „ცეცხლმოკიდებულ“ ადგილად გადავიქცევით. ამიტომაც, დაუყოვნებლად უნდა მივიღოთ უკრაინა და საქართველო ევროპის „შუაში“. ენაში, კულტურაში, ფიქრებში. დავიწყოთ საუბარი უკრაინულ და ქართულ კულტურებზე, როგორც ცენტრალური ევროპულ კულტურებზე. მოდით, გამოვგლიჯოთ ისინი „აღმოსავლეთის“ ჩრდილს. ცენტრის ასეთი გარდაქმნა საჭიროა როგორც მათთვის, ისე — ჩვენთვის.

სტატია თარგმნა მაგდა ნოვაკოვსკამ

მასალების გადაბეჭდვის წესი