კომენტარი

ფუკუიამა და ევგენიძე დასავლეთს ივანიშვილის სანქცირებისკენ მოუწოდებენ

6 აპრილი, 2023 • 5383
ფუკუიამა და ევგენიძე დასავლეთს ივანიშვილის სანქცირებისკენ მოუწოდებენ

ამერიკელი პოლიტოლოგი და ავტორი ფრენსის ფუკუიამა და „ეკონომიკური პოლიტიკის კვლევის ცენტრის“ დირექტორი ნინო ევგენიძე სტატიაში „რუსეთი საქართველოში იმარჯვებს“ აშშ-სა და დასავლეთს ბიძინა ივანიშვილის სანქცირებისკენ მოუწოდებენ.

„ფორინ ეფეარზში“ გამოქვეყნებულ სტატიაში მიმოხილულია „ქართული ოცნების“ მმართველობის პერიოდი და ნათქვამია, რომ ხელისუფლება განზრახ უწევს საბოტაჟს ევროინტეგრაციის პროცესს, ვინაიდან ბიძინა ივანიშვილი შიშობს, რომ ეს მის ძალაუფლებას შეარყევს.

სტატიის ბოლოში ავტორები ამბობენ, რომ დასავლეთმა მთელი საქართველოს ნაცვლად ზომები უნდა მიიღოს ბიძინა ივანიშვილის წინააღმდეგ:

„სანამ ივანიშვილი და მისი პარტია მართავენ საქართველოს, ევროკავშირის წევრობაზე ფიქრიც არ შეიძლება. თუმცა დასავლეთის ნებისმიერი მცდელობა, დასაჯოს მმართველი პარტია ევროკავშირის წევრობის იმედის მოჭრით, მხოლოდ ივანიშვილს დაეხმარება, ვინაიდან მან თავად სცადა ევროკავშირში გაწევრიანების დაბლოკვა კანონის დარღვევით. მთლიანად ქვეყნის დასჯის ნაცვლად, უკეთესი იქნებოდა ივანიშვილის და მისი ქონების სანქცირება.

5 აპრილს სახელმწიფო დეპარტამენტმა სანქციები დაუწესა ოთხ ქართველ მოსამართლეს კორუფციის გამო – ეს იშვიათი ნაბიჯია აშშ-სა და საქართველოს ურთიერთობებში და დიდი ალბათობით, გაფრთხილებაა ივანიშვილისთვის და სხვებისთვის, რომ შემდეგნი შეიძლება ისინი იყვნენ. რუსეთთან ივანიშვილს კვლავ აქვს ძლიერი პირადი ეკონომიკური კავშირები, მაგრამ ბევრი აქტივი აქვს დასავლეთის ქვეყნებში.

უაზრობაა, მიზანში ამოიღო რუსი ოლიგარქები და არ შეეხო ქართველ მილიარდერს, რომელიც პოლიტიკურად პუტინთან უფრო მეტად ახლოსაა, ვიდრე რუსი ოლიგარქები. აშშ-მა და მოკავშირეებმა აგრეთვე უნდა დაუწესონ სანქციები ქართულ კომპანიებსა და იურიდიულ პირებს, რომლებიც რუსეთს სანქციებისთვის გვერდის ავლაში ეხმარებიან“.

მასალების გადაბეჭდვის წესი