კომენტარი

ევროსაბჭოს ადამიანის უფლებათა კომისარი საქართველოს პარლამენტს მიმართავს

28 თებერვალი, 2023 • 1036
ევროსაბჭოს ადამიანის უფლებათა კომისარი საქართველოს პარლამენტს მიმართავს

ევროპის საბჭოს ადამიანის უფლებათა კომისარი დუნია მიატოვიჩი საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარეს, შალვა პაპუაშვილს წერილით მიმართავს და პარლამენტს მოუწოდებს, არ მიიღოს უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ ინიციირებული ან ნებისმიერი მსგავსი კანონპროექტი.

მიატოვიჩის აზრით, კანონპროექტის მიღებამ შეიძლება „სერიოზული შემაძრწუნებელი გავლენა“ იქონიოს საქართველოში ადამიანის უფლებების, დემოკრატიისა და კანონის უზენაესობის სფეროში მოქმედი სამოქალაქო  ორგანიზაციების საქმიანობაზე.

„მიუხედავად იმისა, რომ გამჭვირვალობა შეიძლება იყოს ლეგიტიმური საზრუნავი, ის არ უნდა იყოს მიღწეული არაკომერციული ორგანიზაციების, მედიასაშუალებების უფლებების და თავისუფლებების და მათი ლეგიტიმური საქმიანობის საზიანოდ“, — ამბობს კომისარი და დასძენს, რომ ანგარიშგების მოთხოვნები უნდა შეიქმნას თანაბარ და მიუკერძოებელ საფუძველზე, შემოსავლის წყაროების მიუხედავად.

„ნებისმიერი ჩარევა ამ სფეროში უნდა ეფუძნებოდეს აუცილებლობისა და პროპორციულობის პრინციპებს, როგორც ეს დადგენილია ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტული სამართლით. მინდა თქვენი ყურადღება მივაქციო მინისტრთა კომიტეტის რეკომენდაციას არასამთავრობო ორგანიზაციების სამართლებრივი სტატუსის შესახებ ევროპაში, რომელიც ადგენს არასამთავრობო ორგანიზაციების უფლებას, მოითხოვონ და მიიღონ დაფინანსება, მათ შორის უცხოური წყაროებიდან“, — ნათქვამია წერილში.

დუნია მიატოვიჩი ასევე შეახსენებს საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარეს, რომ სტრასბურგის სასამართლომ დაადგინა ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მე-11 მუხლის დარღვევა ე.წ. „უცხოური აგენტების შესახებ“ რუსეთის ფედერაციის კანონმდებლობასთან დაკავშირებით. კერძოდ, სასამართლომ დაადგინა, რომ უცხოური დაფინანსების მიმღები ორგანიზაციებისთვის სპეციალური სტატუსისა და სამართლებრივი რეჟიმის შექმნა არ იყო გამართლებული და ასეთი ინიციატივები მნიშვნელოვან შემაძრწუნებელ გავლენას ახდენდა არასამთავრობო ორგანიზაციებზე და მათ უნარზე, შეესრულებინათ სამოქალაქო საზოგადოების ლეგიტიმური ფუნქციები.

„მოვუწოდებ პარლამენტის წევრებს, ხელი შეუწყონ სამოქალაქო საზოგადოების მრავალფეროვან და აქტიური მონაწილეობის ხელშეწყობას საზოგადოებრივ საქმეებში და ხელსაყრელი გარემოს შექმნას სამოქალაქო  ორგანიზაციებისა და ადამიანის უფლებათა დამცველების ფუნქციონირებისთვის საქართველოში. მადლობელი ვიქნები, თუ უზრუნველყოფთ, რომ პარლამენტის ყველა წევრი მიიღებს ამ წერილის ასლს და მზად ვარ, თქვენთან ერთად განვიხილო ეს საკითხები საქართველოს ხელისუფლებასთან ჩემი კონსტრუქციული დიალოგის ფარგლებში“, — ნათქვამია ადამიანის უფლებათა კომისრის განცხადებაში.

მასალების გადაბეჭდვის წესი