კომენტარი

ის არა ამერიკულის, არამედ რუსული კანონის მსგავსია – შაჰინი „უცხოური გავლენის აგენტების“ კანონპროექტზე

20 თებერვალი, 2023 • 963
ის არა ამერიკულის, არამედ რუსული კანონის მსგავსია – შაჰინი „უცხოური გავლენის აგენტების“ კანონპროექტზე

ამერიკელი სენატორი ჯინ შაჰინი აცხადებს, რომ კანონპროექტი „უცხოური გავლენის აგენტების“ შესახებ არის რუსული კანონის მსგავსი და მას საერთო არ აქვს აშშ-ის კანონმდებლობასთან.

საქართველოში 2-დღიანი ვიზიტით იმყოფებიან სენატორები, ჯინ შაჰინი და დიკ დურბინი. ოფიციალური შეხვედრების შემდეგ მათ დღეს, 20 თებერვალს პრესკონფერენცია გამართეს.

ჟურნალისტის კითხვაზე, თუ რას ფიქრობს კანონპროექტზე „უცხოური გავლენის შესახებ“, შაჰინი ამბობს:

„მინდა ნათლად ვთქვა, კანონპროექტი, რაც საქართველოს პარლამენტში წარადგინეს, არ არის ამერიკული კანონის მსგავსი… ეს არის რუსული კანონის მსგავსი და, ვფიქრობ, ის არ შეესაბამება დემოკრატიას.

უნგრეთშიც მიიღეს მსგავსი კანონი და აღიარებულია, რომ ის არ მოდის თანხვედრაში ევროკავშირის ღირებულებებთან ადამიანის უფლებებისა და გამჭვირვალობის თვალსაზრისით. როდესაც ვსაუბრობ დემოკრატიის უკუსვლაზე, ვგულისხმობ მსგავს კანონს“, – აცხადებს ჯინ შაჰინი.

კანონპროექტზე ისაუბრა  დიკ დურბინმაც. მან თქვა, რომ საკითხზე იმსჯელეს პრემიერ-მინისტრთანაც:

„აშშ-შიც არის მსგავსი კანონი გამჭვირვალობაზე, თუმცა მთავარია ის, რომ ასეთმა კანონმა არ უნდა წაიყვანოს სიტუაცია იქით, რომ ასეთმა ორგანიზაციებმა შეწყვიტონ საქმიანობა და მათ არ მიეცეთ საქმიანობის უფლება. ეს ის მიმართულებაა, რაც რუსეთმა და ვენესუელამ აირჩია“, – აცხადებს დიკ დურბინი.


მედიაორგანიზაციებისა და არასამთავრობო ორგანიზაციების „უცხოური გავლენების აგენტად“ მიჩნევას ითვალისწინებს კანონპროექტი, რომელიც ანტიდასავლური რიტორიკით ცნობილმა „ხალხის ძალამ“ შეიმუშავა. „ხალხის ძალა“ „ქართული ოცნებიდან“ წასულმა დეპუტატებმა დააფუძნეს. გაერთიანების ერთ-ერთი ლიდერია ყოფილი ომბუდსმენი სოზარ სუბარი. სოზარ სუბარი და მისი ცოლი თამთა ყუბანეიშვილი წლების განმავლობაში მუშაობდნენ არასამთავრობო სექტორში, რომელთა დონორები სწორედ დასავლური ორგანიზაციები იყვნენ.

კანონპროექტის მიზანი მოკლეა და მკაფიო: არასამთავრობო ორგანიზაციების და კრიტიკული მედიაორგანიზაციების „გაშავება“, რომლებიც საერთაშორისო, ავტორიტეტული და დემოკრატიის განვითარებაზე ორიენტირებული ორგანიზაციებიდან გრანტს იღებენ. ამ გზით პუტინის რუსეთში გააქრეს კრიტიკული მედია და მესამე სექტორიც.

ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეა საქართველოს პარლამენტის პოლიტიკურ ფრაქციებს მოუწოდებს, მხარი არ დაუჭირონ “ხალხის ძალის” ინიციირებულ კანონპროექტს, რომელიც დამოუკიდებელ მედიასაშუალებებსა და სამოქალაქო ორგანიზაციებს აიძულებს, დარეგისტრირდნენ “უცხო ქვეყნის გავლენის აგენტების” რეესტრში.

აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტი აცხადებს, რომ შეშფოთებულია საქართველოში „უცხოური გავლენის აგენტის“ კანონპროექტით და მიიჩნევს, რომ ის ქვეყანაში ჩაახშობს დამოუკიდებელ ხმას. როგორც სახელმწიფო დეპარტამენტის პრესსპიკერმა ნედ პრაისმა განაცხადა, მსგავსი კანონი პოტენციურ საფრთხეს შეუქმნის საქართველოს ევროატლანტიკურ ინტეგრაციას.

მასალების გადაბეჭდვის წესი