კომენტარი

ნანა გეგეჭკორი: რის სამკურნალოდ სთავაზობთ სააკაშვილს პარენტერალურ კვებას, თუ ამბობთ, რომ სიმულანტობს?

2 თებერვალი, 2023 • 3008
ნანა გეგეჭკორი: რის სამკურნალოდ სთავაზობთ სააკაშვილს პარენტერალურ კვებას, თუ ამბობთ, რომ სიმულანტობს?

აშშ-ში მომუშავე ქართველი ექიმი ნანა გეგეჭკორი ეხმაურება დისკუსიას პარენტერალური კვების შესახებ, რომელიც სხვადასხვა ქართველი ექიმის შეფასებით მიხეილ სააკაშვილს სჭირდება.

პარენტერალური კვება წარმოადგენს მეთოდს, რა დროსაც პაციენტს საკვები კუჭ-ნაწლავის გვერდის ავლით მიეწოდება. როგორც ცნობილია, უკვე თვეებია სააკაშვილი საკვებს სრულფასოვნად ვერ იღებს.

ვივამედის ცნობით, სააკაშვილი ამ ტიპის სამედიცინო ჩარევაზე საქართველოში უარს ამბობს, თავად სააკაშვილის ადვოკატები ამბობენ, რომ პაციენტი საკვებს იღებს ტრადიციული მეთოდით და ვერ ხედავს საჭიროებს დამატებითი სამედიცინო ჩარევის.

ექიმი გეგეჭკორი კი სვამს კითხვას, რომელი დაავადების სამკურნალოდ შესთავაზეს პაციენტ სააკაშვილს პარენტერალური კვება ვივამედში, როცა იუსტიციის სამინისტროს და პენიტენციური სამსახური ამტკიცებენ, რომ მას კვებასთან დაკავშირებული არანაირი პრობლემა არ აქვს.

ნანა გეგეჭკორი მოსაზრებას უცვლელად გთავაზობთ


პროფესიული გული რომ ვერ მოითმენს, ისეთ ნიუანსზე მინდა მოგიყვეთ…

ალბათ, ბევრმა არც იცის რას ნიშნავს „პარენტერალური კვება“…

ერთი შეხედვით მარტივად ჟღერადი ეს პროცედურა საკმაოდ საშიში რისკების შემცველი, არაფიზიოლოგიური კვების მეთოდია. „პარენტერალური“ – სიტყვა მიანიშნებს რომ ნაწლავების შემოვლით გზას გულისხმობ. პარენტერალური კვების დროს, სიცოცხლისთვის აუცილებელი ნივთიერებების ორგანიზმისთვის მიწოდება ხდება კუჭ-ნაწლავის სისტემის გვერდის ავლით. ამ დროს საკვები პირდაპირ სისხლში ხვდება ცენტრალური ვენური კათეტერით ან პერიფერიულად ჩაყენებული ცენტრალური ვენური კათეტერის მეშვეობით (PICC line, არ ვარ დარწმუნებული რომ საქართველოში საერთოდ გამოიყენება), რომლის დაბოლოებაც პირდაპირ მარჯვენა წინაგულშია.

პარენტერალური კვების ერთ-ერთ ყველაზე საშიში გართულებას ვენური კათეტერის სეფსისი წარმოადგენს, განსაკუთრებით კი სოკოვანი სეფსისი (რომელიც სიკვდილიანობის მაღალი მაჩვენებლით გამოირჩევა). ასეთი კვებისას კათეტერებს იმაზე ხშირად ვცვლით, ვიდრე ჩვეულებრივი ინტენსიური თერაპიის შემთხვევაში. განსაკუთრებული დაცვა სჭირდება ასეპტიკის წესებსაც ამგვარი პაციენტის მოვლისას. გართულებების სია საკმაოდ გრძელია, მათ შორისაა გასტროპარეზი (კუჭის მოძრაობის სრული მოშლა), ღვიძლის ფუნქციის დარღვევა და ასე შემდეგ.

მედიცინის საბაზისო პრინციპია, რომ დიაგნოსტიკისა თუ მკურნალობისას გამოყენებული ნებისმიერი მეთოდის და საშუალების სარგებელი მნიშვნელოვნად აღემატებოდეს რისკებს, რათა მიდგომები პროტოკოლების ნაწილი გახდეს და ექიმს ჰქონდეს მათი პაციენტის საწოლთან გამოყენების უფლება. თუ რისკი მნიშვნელოვნად აღემატება სარგებელს, ასეთ პროცედურებს პროტოკოლებში ზიანის კვალიფიკაცია ენიჭება.

როცა ექიმი იყენებს მკურნალობის ოფიციალური პროტოკოლისგან აცდენილ მიდგომებს, ეს ან დანაშაულად ეთვლება, ან ასაბუთებს ე.წ.“off-label” გამოყენებას, რაც საკმაოდ რთული ამოცანაა, ვინაიდან სერიოზულ არგუმენტაციას საჭიროებს.

დავუბრუნდეთ პარენტერალურ მკურნალობას.

ვინაიდან კვების ეს მეთოდი მაღალ რისკებს შეიცავს, მხოლოდ კრიტიკულად მძიმე ავადმყოფების უკიდურესად შეზღუდულ პოპულაციაში გამოიყენება. სამედიცინო ტერმინოლოგიით არ დაგღლით, დაინტერესებული პირებისთვის “სქრინებს” და ბმულებს აქვე ავაკრავ, უბრალოდ აგიხსნით პრინციპს.
იმისთვის რომ პარენტერალური, ანუ შემოვლითი გზით კვების აუცილებლობა დაადასტურო, ჯერ უნდა დაადგინო, რომ პაციენტს აქვს ენტერალური (ფიზიოლოგიური გზით) კვების უკუჩვენება, ან მალაბსორბციის სინდრომით მიმდინარე რომელიმე დაავადება, რომელიც გამორიცხავს მიღებული საკვების შეწოვას.

პაციენტ სააკაშვილის სასამართლო პროცესი მთლიანად აგებულია ერთ დილემაზე. იუსტიციის მხარე ამტკიცებს, რომ მას კვების პრობლემები არ აქვს; უბრალოდ გამიზნულად არ ჭამს, თვითდაზიანების მიზნით. ეს პოზიცია ოფიციალურ ბრიფინგზეც ითქვა და უკვე პირდაპირ გაჟღერდა, რომ კლინიკა ვივამედის დიაგნოზია “თვითდაზიანების მცდელობა”. არ დაუზუსტებიათ საქმე არასუიციდურ თვითდაზიანებასთან აქვთ, თუ პაციენტს ასევე აღენიშნება სუიციდური იდეები. ორივე შემთხვევა ფსიქიატრიული დიაგნოზია.

თვითნასწავლ ექიმებად გამოცხადებული მაღალი რანგის პოლიტიკური თანამდებობის პირებმა დიაგნოზი დააზუსტეს და დაამატეს პაციენტი სიმულაციას ეწევაო. ესეც დიაგნოზია შესაბამისი კოდით. ბოლო ორი დღეა კლინიკა ვივამედი ოფიციალურ განცხადებებში ავრცელებს, რომ პაციენტს შესთავაზეს პარენტერალური მკურნალობა, მაგრამ მან უარი განაცხადა.

ახლა კი ჩემი კითხვა თქვენ; მკითხველებს, კლინიკას, სასამართლოს, ექიმ-პოლიტიკოსებს (კითხვა კი სამედიცინოა, მაგრამ დიაგნოზების დასმა რახან შეგიძლიათ ალბათ კითხვის არსსაც ჩასწვდებით. მითუმეტეს წინასწარ ნიუანსები ავხსენი).

რომელი დაავადების სამკურნალოდ შესთავაზეს პაციენტ სააკაშვილს პარენტერალური კვება? ხომ ამტკიცებენ რომ მას კვებასთან დაკავშირებული არანაირი პრობლემა არ აქვს?

რა კონკრეტული ჩვენებით დაინიშნა ამ კონკრეტულ პაციენტთან პარენტერალური კვება?

თუ იუსტიციის სამინისტრო, ვივამედის ექიმებზე დაყრდნობით სასამართლოზე და საჯარო ბრიფინგებზე ამტკიცებს რომ პაციენტს გასტროენტეროლოგიური პრობლემები არ აღენიშნება, არ აქვს კვების არც მექანიკური და არც საკვების შეწოვის პრობლემა, რა ჩვენებით დაინიშნა მასთან გართულებების ასეთი მაღალი რისკის შემცველი მკურნალობა?

ჯერჯერობით არ არსებობს სამედიცინო ლიტერატურა, ან კვლევა, რომელიც დაადასტურებს პარენტერალური კვების, თუნდაც “off-label”გამოყენებას თვითდაზიანების ან სიმულაციის სინდრომით დაავადებულ პაციენტებში. თუ ესაა მათი დიაგნოზი და თუ დღევანდელ ბრიფინგში არ მომესმა, მაშინ პარენტერალური კვების დანიშვნა უკიდურესად საშიში სამედიცინო შეცდომაა.

თუ კლინიკა თვლის, რომ ის მსოფლიოში აღიარებული მკურნალობის პროტოკოლების ფარგლებში მოქმედებს და პაციენტ სააკაშვილის შემთხვევაში პარენტერალურ მკურნალობის გამოყენებას კონკრეტული სამედიცინო დანიშნულებით გეგმავს, მაშინ აღიარებს რომ პაციენტს აქვს ენტერალური კვების უკუჩვენება ან რაიმე ტიპის გასტროენტეროლოგიური პრობლემა რომელიც მალაბსორბციით (საკვების შეწოვის შეუძლებლობით) ხასიათდება.

ასეთ აბსურდშია სამწუხაროდ სამედიცინო სისტემა გადავარდნილი.

მასალების გადაბეჭდვის წესი