კომენტარი

სააკაშვილის დაავადებები სიმძიმის მე-3 სტადიაზეა, მე-4 – სიკვდილია | ნევროლოგის ჩვენება

20 იანვარი, 2023 • 1053
სააკაშვილის დაავადებები სიმძიმის მე-3 სტადიაზეა, მე-4 – სიკვდილია | ნევროლოგის ჩვენება

მედიცინის დოქტორი, ნევროლოგი ოთარ თოიძე მიიჩნევს, რომ ექსპრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის ნევროლოგიური დაავადებების სიმძიმე მესამე სტადიას შეესაბამება და მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა სასჯელისაგან გათავისუფლების საფუძველია.

ოთარ თოიძე ნევროლოგი, ეპილეფტოლოგი და ნეიროფიზიოლოგია. 2006-12 წლებში იყო საქართველოს პარლამენტის წევრი „ნაციონალური მოძრაობის“ სიით. მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობის ექსპერტიზაში ცენტრ „ემპათიის“ მიწვევით მონაწილეობდა. ოთარ თოიძე მიხეილ სააკაშვილისთვის სასჯელის გადავადების ან სასჯელისგან გათავისუფლების საქმეზე სასამართლოში 18 იანვარს გამოიკითხა. მან აღნიშნა, რომ პაციენტი სულ მცირე 16-ჯერ მოინახულა და იცნობს მის კლინიკურ ისტორიებს.

ამასთან, თოიძის თქმით, ადგილობრივი და უცხოელი ექსპერტების მიერ ექსპერტიზის პროცესში გამოვლენილი დიაგნოზები ემთხვევა სასჯელაღსრულების სისტემის მე-12 და მე-18 დაწესებულებების, გორის ჰოსპიტლისა და „ვივამედის“ ექიმების, ასევე სახელმწიფო და სახალხო დამცველების კონსილიუმების დიაგნოზებს, ინსტრუმენტული კვლევის შედეგებსა და დასკვნებს.

„დიდი სხვაობა დიაგნოზის გამოტანაში არ ყოფილა“, — თქვა მან.

ნევროლოგიური დაავადებები

თოიძემ სასამართლო სხდომაზე აღნიშნა, რომ დაპატიმრებამდე მიხეილ სააკაშვილი ნევროლოგიურად ჯანმრთელი იყო, ახლა კი მისი ნევროლოგიური სტატუსი და, შესაბამისად, ჯანმრთელობის მდგომარეობა მძიმეა.

„სააკაშვილის ნერვული სისტემის დაზიანებების კრიტერიუმები სრულ შესაბამისობაშია ჯანდაცვის მინისტრის ბრძანებით განსაზღვრულ იმ განუკურნებელ, მძიმე დაავადებათა ჩამონათვალთან, რომელიც სასჯელისგან გათავისუფლების საფუძველია. მათ შორისაა ატაქსიური სინდრომი, რომელსაც თან ახლავს მენტალური ფუნქციების ტლანქი მოშლა. ამ მუხლით მოაზრებული ნევროლოგიური დიაგნოზების თვალსაზრისით საქმე გვაქვს დისმეტაბოლური, ტრავმული და დეგენერაციული გენეზის პათოლოგიურ მდგომარეობებთან“, — განაცხადა თოიძემ.

მისი თქმით, სააკაშვილს აღენიშნება ისეთი სერიოზული დაზუსტებული და დაუზუსტებელი ნევროლოგიური დაავადებები, როგორიცაა ვერნიკეს ენცეფალოპათიის ქრონიკული სტადია და დაუზუსტებელი ენცეფალოპათია, პერიფერიული ნევროპათია კვებითი უკმარისობის ფონზე განვითარებული პოლინეიროპათიისას და დაუზუსტებელი ავტონომიური ნერვული სისტემის დაზიანება.

თოიძემ განმარტა, რომ მოსალოდნელი იყო ქრონიკული ვერნიკეს ენცეფალოპათიის კორსაკოვის სინდრომში გადაზრდა, თუმცა გარკვეული მედიკამენტების მოხსნის ფონზე გამოიკვეთა, რომ რეალურად უფრო რთული, დაუზუსტებელი ენცეფალოპათიაა.

„დაუზუსტებელი ენცეფალოპათია უფრო მძიმეა, ვიდრე კორსაკოვის სინდრომი, რადგან კორსაკოვის სინდრომს მენტალური ცვლილებები არ ახასიათებს, იქ მხოლოდ მეხსიერების პრობლემებია. ამ შემთხვევაში ჩვენ გვაქვს მენტალური პრობლემები, რაც გამოიხატება დაუზუსტებელი ნეიროკოგნიტიური აშლილობის სახით. ეს არის აზროვნების, მეტყველების, ქცევის პრობლემები, რომელიც მანამდე არ ჰქონდა“, — თქვა ოთარ თოიძემ.

თოიძის დასკვნით, ნერვული სისტემის მხრივ საქმე გვაქვს დისმეტაბოლური, ტრავმული, დეგენერაციული და შესაძლოა, ტოქსიკური ეტიმოლოგიის პროგრესირებად მძიმე პათოლოგიურ პროცესებთან — პოლინეიროპათიის, მიელოპათიის, ენცეფალოპათიის, ავტონომიური ნერვული სისტემის დისფუნქციის სახით. თოიძის თქმით, ამას თან ერთვის ორგანიზმის სხვა სისტემების ასევე მძიმე დაავადებები: გასტროენტეროლოგიური სისტემის პერმანენტული აშლილობანი, პროგრესირებადი წონაში კლება, კუნთთა ატროფია, ძვალ-სახსროვანი სისტემის დაზიანება, დაუზუსტებელი, თითქმის მუდმივი, სხეულის მომატებული ტემპერატურა, გამონაჟღენთი მცირე მენჯის ღრუში.

ყველაზე მძიმე, თოიძის აზრით, დაუზუსტებელი დემენციაა. ექიმის განმარტებით, დემენცია მრავალგვარია — ტრავმის შემდგომი, ინსულტის შემდგომი, დეგენერაციული, ალკოჰოლური ან ნარკოტიკული ინტოქსიკაციით გამოწვეული, დიაბეტური და სხვა — სააკაშვილის შემთხვევაში, მიზეზი დასადგენია.

„არსებობს დაავადების სიმძიმის 4 სტადია: პირველი, როცა რომელიღაც ორგანო დაავადებულია და ხელს არ გიშლით; მეორე — დაავადება ხელს უშლის ყოველდღიურ ფუნქციონირებაში; მესამე — დაავადება გაცდენილია ერთ ორგანოს და მოიცავს სისტემას; მეოთხე — სიკვდილი. ეს კლასიფიკაცია უნივერსალურია და ამ შემთხვევაში ჩვენ ვიმყოფებით მესამე სტადიაზე. ნებისმიერი ჩვენი ნევროლოგიური დიაგნოზი რომ აიღოთ, ეს არის დაავადებათა სიმძიმის მესამე კლასიფიკაციის უკიდურესი ზღვარი. ამის მერე უკვე მოდის პალეატური მზრუნველობა“, — თქვა მან.

რამ გამოიწვია დამძიმება?

„აღნიშნული დიაგნოზები კავშირშია ხანგრძლივი შიმშილობის შედეგებთან, ასევე, კავშირშია ვერნიკეს ენცეფალოპათიის არასწორ მკურნალობასთან და ამ დაავადების პრედიქტორების დროულად არგამოვლენასა და პრევენციული მიდგომების არგამოყენებასთან, რაც განიხილება როგორც არაადეკვატური სამედიცინო მომსახურება“, — განაცხადა ოთარ თოიძემ.

მისი თქმით, ბოლო დროს გამოვლენილ ინფექციურ-ტოქსიკოლოგიურ მონაცემებზე დაყრდნობით, მოსალოდნელია ზემოთ მოყვანილი დიაგნოზების მოდიფიკაცია.

კახექსია

ოთარ თოიძე ამბობს, რომ ექსპერტიზის პერიოდში მიხეილ სააკაშვილი ახლოს იყო კახექსიის კრიტერიუმების დაკმაყოფილებასთან და ვარაუდობს, რომ დღეს უკვე გამოხატულია კახექსიაც.

„დაახლოებით 6 თვის განმავლობაში ძირითადი ატროფია მიმდინარეობდა კიდურებში, განსაკუთრებით- წვივსა და წინა მხარში. სახალხო დამცველის მეოთხე დასკვნაში აღწერილია, რომ განლეულია საფეთქლის კუნთები, რაც კახექსიის პირველი ნიშანია. კახექსია დაწყებულია სადღაც 8 თვის წინ და ჩვენ როდესაც შევწყვიტეთ პაციენტის მონიტორინგი — ეს არის ნოემბრის ბოლო დღეები — კახექსიისთვის დამაკმაყოფილებელ კრიტერიუმებს რამდენიმე კილოგრამი აკლდა. დღეს არ ვიცი მონაცემები. ალბათ, უკვე არის კახექსიის სტადია“, — განაცხადა თოიძემ.

მხედველობის პრობლემა

ოთარ თოიძემ არ გამორიცხა, მიხეილ სააკაშვილმა მარჯვენა თვალში მხედველობა დაკარგოს.

„სასჯელაღსრულების სისტემაში მოთავსების პირველი სამი თვის განმავლობაში იგი ოფთალმოლოგს ორჯერ ჰყავს ნანახი და დასკვნა არის, რომ ჯანმრთელია. „ვივამედის“ კლინიკაში, პირველ გამოკვლევაში — არა, მაგრამ მეორე გამოკვლევიდან ჩნდება ე.წ. თვალის ფსკერზე ბადურის დეგენერაციული ცვლილებები, მაკულოპათია, რაც დაემთხვა მხედველობის გაუარესებას მარჯვენა თვალში. მაკულოპათია ეს არის დეგენერაციული დაავადება, რომელიც განაგრძობს პროგრესირებას. ნუ პრინციპში, უმძიმეს შემთხვევაში, ცალი თვალით მხედველობას დაკარგავს, თუ არ გავრცელდა მეორე მხარესაც. უკანასკნელი პერიოდის ოფთალმოლოგიური დასკვნები ჩვენ არ გვაქვს, ბოლო დასკვნა, თუ არ ვცდები, ოქტომბერშია“, — განაცხადა ოთარ თოიძემ.

მაკულოპათია, ოთარ თოიძის შეფასებით, მძიმე დაავადების კატეგორიას არ განეკუთვნება.

ოთარ თოიძე მიიჩნევს, რომ გამომდინარე მიხეილ სააკაშვილის დაავადების სიმძიმიდან და პროგრესულობიდან, ციხის საკანში მისი გადაყვანა სიკვდილის ტოლფასი იქნება.

„ჩასატარებელია რიგი გამოკვლევებისა სამომავლოდ, წინააღმდეგ შემთხვევაში ჩვენ დავკარგავთ ადამიანს“, — განაცხადა ოთარ თოიძემ და დასძინა, რომ საქართველოში შესაბამისი კვლევების და მკურნალობის გაწევას შეუძლებლად მიიჩნევს.


უკვე რამდენიმე კვირაა, რაც სასამართლოში მიხეილ სააკაშვილის სასჯელის გადავადების ან სასჯელისგან გათავისუფლებასთან დაკავშირებით შუამდგომლობას განიხილავენ. ამის ფარგლებში სასამთლოს მოწმის სტატუსით ჩვენებები მისცეს როგორც ქართველმა, ასევე უცხოელმა სპეციალისტებმა.

მასალების გადაბეჭდვის წესი