კომენტარისაზოგადოება

ზელენსკის ისტორიული გამოსვლა კონგრესში — ძირითადი გზავნილები

22 დეკემბერი, 2022 • 1529
ზელენსკის ისტორიული გამოსვლა კონგრესში — ძირითადი გზავნილები

აშშ-ში ვიზიტის ფარგლებში უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ კონგრესის გაერთიანებულ სხდომას სიტყვით მიმართა.

ეს პირველი შემთხვევაა, როდესაც ზელენსკიმ უკრაინაში ომის დაწყების შემდეგ საზღვარგარეთ ვიზიტი გამართა. კონგრესი მას 3-წუთიანი ოვაციებით შეხვდა. ვრცელ სიტყვაში ზელენსკიმ ისაუბრა უკრაინის დახმარების მნიშვნელობაზე, რუსულ აგრესიასა და ომზე, რომელმაც სამყაროს მომავალი უნდა გადაწყვიტოს.

„იმედი მაქვს, რომ პატივისცემისა და მადლიერების ჩემი სიტყვები თითოეული ამერიკელის გულში იპოვის გამოძახილს. „მიუხედავად ყველაფრისა, მიუხედავად შავბნელი წინასწარმეტყველებებისა, უკრაინა არ დაეცა. უკრაინა ცოცხალია“, — თქვა ზელენსკიმ გამოსვლისას.

მადლიერების სიტყვასთან ერთად, ზელენსკიმ შეახსენა კონგრესს, რომ ამწუთსაც კი ბრძოლის წინა ხაზზე მყოფ უკრაინის შეიარაღებული ძალებს აღჭურვილობის თვალსაზრისით დახმარება სჭირდება — „გვაქვს არტილერია. დიახ, გვაქვს, რისთვისაც მადლობა. საკმარისია? გულწრფელად, რომ ვთქვა, არც ისე.“

„ჩვენი ორი ქვეყანა მოკავშირეა ამ ბრძოლაში და შემდეგი წელი, ვიცი, რომ გადამწყვეტია – ეს იქნება წერტილი, როდესაც უკრაინელთა სიმამაცე და ამერიკელთა სიმტკიცე ჩვენი საერთო, თავისუფალი მომავლის გარანტი იქნება“, — აღნიშნა ზელენსკიმ.

ზელენსკიმ კონგრესში მიიტანა უკრაინის დროშა ბახმუტის დამცველთა ხელმოწერებით. მისი გამოსვლის პარალელურად, ეს დროშა წარმომადგენელთა პალატის სპიკერმა ნენსი პელოსიმ და ვიცე-პრეზიდენტმა კამალა ჰარისმა გაშალეს:

„ეს არის დროშა მათგან, ვინც უკრაინას იცავს, იცავს ევროპასა და მთელ სამყაროს, მათივე სიცოცხლეების სანაცვლოდ. მათ მთხოვეს, რომ ეს დროშა თქვენთვის კონგრესში მომეტანა – აშშ-ის წარმომადგენელთა პალატის წევრებისა და სენატორებისთვის, რომელთა გადაწყვეტილებებსაც მილიონობით ადამიანის გადარჩენა შეუძლია. ამიტომ, დაე, ეს გადაწყვეტილებები მიღებულ იქნას და დარჩეს ეს დროშა თქვენთან, ქალბატონებო და ბატონებო.“

ვოლოდიმირ ზელენსკიმ კონგრესს ბახტუტიდან უკრაინის დროშა ჩაუტანა. ფოტო: EPA-EFE/MICHAEL REYNOLDS

„თქვენი ფული არ არის ქველმოქმედება. ეს არის ინვესტიცია გლობალურ უსაფრთხოებასა და დემოკრატიაში“, — უთხრა კონგრესმენებს უკრაინის პრეზიდენტმა.

ზელენსკიმ დიდხანს ისაუბრა ბახმუტსა და სხვა ქალაქებზე, რომლებიც რუსულმა სამხედროებმა გაანადგურეს:

„შეიძლება ჩვენ არ გვქონდეს ელექტრობა, მაგრამ ჩვენს გონებაში რწმენის სინათლე არასდროს ჩაქრება.

რუსების ტაქტიკა პრიმიტიულია. ისინი მიწასთან ასწორებენ ყველაფერს, რასაც ხედავენ. ისინი აგზავნიან მკვლელებსა და ავაზაკებს ფრონტის წინა ხაზებზე. ისინი აგზავნიან პატიმრებს ომში. ისინი იყენებენ ყველაფერს ჩვენ წინააღმდეგ, იმ ტირანიის მსგავსად, როგორიც იყო [ნაცისტური გერმანიის] არდენის ოპერაცია. ისინი იყენებენ ყველაფერს თავისუფალი სამყაროს წინააღმდეგ.“

ვოლოდიმირ ზელენსკი კონგრესში. ფოტო: EPA-EFE/ERIC LEE

„ჩვენ უკვე გავიმარჯვეთ – რადგან ჩვენ გვეშინია. რუსულმა ტირანიამ დაკარგა ჩვენზე კონტროლი. თავად რუსეთის მოქალაქეებს კი გათავისუფლების საშუალება ექნებათ მხოლოდ მაშინ, როდესაც თავად დაამარცხებენ კრემლს თავიანთ გონებაში. ეს არის ომი არა მხოლოდ ტერიტორიისთვის, არამედ ის წყვეტს, თუ რა სამყაროში იცხოვრებენ ჩვენი შვილები და შვილიშვილები. ამ ბრძოლას ვერც გავყინავთ და ვერც გადავდებთ.“

გამოსვლის ბოლოს ზელენსკიმ კონგრესს დამდეგი შობა და მომდევნო, გამარჯვების წელი მოულოცა: „დიდება უკრაინას!“ თქვა მან გამოსვლის ბოლოს.

მასალების გადაბეჭდვის წესი