კომენტარი

“გასაკვირია” – კობახიძე ISFED-ის დაბლოკვაზე აშშ-ის საელჩოს კრიტიკას პასუხობს

23 აგვისტო, 2022 •
“გასაკვირია” – კობახიძე ISFED-ის დაბლოკვაზე აშშ-ის საელჩოს კრიტიკას პასუხობს

“ქართული ოცნების” თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე ეხმაურება აშშ-ის საელჩოს განცხადებას, რომელიც ეხებოდა პარლამენტის სამუშაო ჯგუფში ISFED-ის დაბლოკვას. მისი თქმით, საელჩოს შეფასებები არის “გასაკვირი”.

“ISFED PVT-ის (ხმების პარალელური დათვლა) გაყალბებაში აქტიურად იყო ჩართული. რადიკალური ოპოზიციისთვის PVT გაყალბება გახდა ერთ-ერთი მთავარი საყრდენი იმისთვის, რომ განეხორციელებინათ პარლამენტის საბოტაჟი. ეს იყო ერთი ძალიან მძიმე ფაქტი, პრაქტიკულად, ISFED მაშინ პირდაპირ იყო ჩართული რადიკალური ოპოზიციის მიერ მართულ რევოლუციურ პროცესებში.

ამის შემდეგ ჩვენ ISFED-ს უკვე პარლამენტის წინ აღმართულ სცენაზე ვხედავთ, საიდანაც გაისმის, მათ შორის მათ მხრიდან, პოლიტიკური მოთხოვნა მთავრობის გადადგომასთან და ე.წ. ტექნიკური მთავრობის ჩამოყალიბებასთან დაკავშირებით. ანუ აქაც მოგვევლინა რევოლუციური პროცესის უშუალო თანამონაწილედ. როდესაც სრული ლუსტრაციის შემდეგ საელჩო ISFED-ს უწოდებს ერთ-ერთ ყველაზე სანდო ორგანიზაციას და მის მიმართ გამოთქვამს ასეთს სურვილს, რომ იყოს სამუშაო პროცესში ჩართული, ეს ჩვენთვის, ბუნებრივია, გასაკვირია”, – განაცხადა კობახიძემ რ2-ის ცნობით,

მისი თქმით, “საზოგადოება ვერ ხვდება, როგორ შეიძლება პოლიტიკურ პროცესებში ჩართული იყოს ამერიკული დაფინანსებით მოქმედი NGO” და “როდესაც ამას ემატება ამერიკის საელჩოს ასეთი ტიპის განცხადებები, ეს, ბუნებრივია, საზოგადოებაში გაურკვევლობის ხარისხს კიდევ უფრო მეტად ზრდის”.

18 აგვისტოს პარლამენტში საარჩევნო კოდექსის გადასინჯვის საკითხზე სამუშაო ჯგუფის შეხვედრა გაიმართა. ეს ერთ-ერთია იმ სამუშაო ჯგუფთა შორის, რომელიც „ქართულმა ოცნებამ“ ევროკომისიის პირობების შესრულების მიზნით პარლამენტში შექმნა.

თუმცა, მიუხედავად იმისა, რომ ევროკავშირის მოწოდება არის პროცესის ინკლუზიურობა და მასში არასამთავრობო ორგანიზაციების ჩართვა, „ქართული ოცნების“ გადაწყვეტილებით, სამუშაო ჯგუფში არ დაუშვეს საარჩევნო საკითხებზე მუშაობის კუთხით ერთ-ერთი ყველაზე დიდი გამოცდილების მქონე ორგანიზაცია „სამართლიანი არჩევნები“(ISFED).

ოპოზიციაში ეჭვობენ, რომ ამ ნაბიჯით ხელისუფლება “მაგიდის აყირავებას” ცდილობს და მისი მიზანია, სამუშაო ჯგუფი სხვებმაც დატოვონ. მმართველი გუნდის განცხადებით კი, ISFED ნეიტრალურობის კრიტერიუმს ვერ აკმაყოფილებს.

აშშ-ის საელჩო საქართველოში გამოეხმაურა ISFED-ის დაბლოკვას პარლამენტის სამუშაო ჯგუფში და განაცხადა, რომ ეს პირდაპირ ეწინააღმდეგება ევროკომისიის რეკომენდაციას.

მასალების გადაბეჭდვის წესი