ავტორი: მიკ რაიანი, ავსტრალიელი გადამდგარი გენერალ-მაიორი, არმიაში 35-წლიანი მუშაობის გამოცდილებით, ამჟამად „სტრატეგიული და საერთაშორისო კვლევების ცენტრის“ (CSIS) ანალიტიკოსი.
უკრაინის თავდასხმებმა რუსულ ბაზებზე ყირიმში მოაბრუნა ყურადღება ომისკენ, რომლის მოვლენებსაც დიდწილად აღარ ადევნებენ თვალს დასავლეთში. აქ მიმოვიხილავ უკრაინის გამარჯვების პერსპექტივებს.
მნიშვნელოვანი შეხსენება – ომში შედეგების წინასწარმეტყველება შეუძლებელია. თუმცა ქვეყნებს შეუძლიათ მიიღონ გარკვეული ზომები, რომლებიც მათი წარმატების შანსს გაზრდის. ჩემი მიზანია, გამოვიკვლიო ხუთი ფუნდამენტური პირობა, რომელიც აუცილებელია უკრაინის გამარჯვებისთვის.
პირველი: დასავლეთის პოლიტიკური მხარდაჭერა უკრაინის თავდაცვის მნიშვნელოვანი ელემენტია. მართალია, დასავლეთის ქვეყნების სამხედროები უკრაინაში არ იბრძვიან, მაგრამ დასავლეთის ქვეყნები იარაღს აწვდიან უკრაინას, ხოლო საერთაშორისო კოალიციამ რუსეთს ეკონომიკური სანქციები დაუწესა.
უკრაინის მხარდაჭერისა და ომის დასრულებისთვის დასავლეთის სტრატეგიული მოთმინების უზრუნველყოფა უკრაინის მთავრობისა და დიპლომატების მნიშვნელოვანი დავალებაა. დასავლეთის ქვეყნების წარმომადგენლებმა კი უნდა დაარწმუნონ თავიანთი მოქალაქეები, რომ საჭიროა რუსეთის აგრესიისთვის წინააღმდეგობის გაწევა.
მეორე: უკრაინამ უნდა მოიპოვოს ეკონომიკური მხარდაჭერა. რუსეთის შეჭრამ გავლენა მოახდინა წარმოებაზე, სოფლის მეურნეობასა და რესურსების მოპოვებაზე. უკრაინული პორტები, რომლებსაც საექსპორტო შემოსავლები შეჰქონდათ, რუსეთის შეიარაღებულმა ძალებმა აიღეს.
უკრაინას სჭირდება ეკონომიკური დახმარება სახელმწიფო მომსახურებების გაწევის გასაგრძელებლად და უზარმაზარი საომარი დანახარჯების დასაფარად. დასავლეთის ეკონომიკური მხარდაჭერა უნდა გაგრძელდეს, რომ უკრაინამ შეძლოს თავდაცვა და რუსების განდევნა.
მესამე: უკრაინის სამხედრო მხარდაჭერა. თანამედროვე ომებში, განსაკუთრებით ამ მასშტაბის, ძალიან სწრაფად მოიხმარენ ტყვია-წამალს და აღჭურვილობას. მნიშვნელოვანია, რომ დასავლეთმა განაგრძოს და გაზარდოს უკრაინისთვის იარაღის მიწოდება.
დასავლეთმა უკრაინას გადასცა მილიარდობით დოლარის ტყვია-წამალი და იაღარი, მათ შორის, ყველაზე დახვეწილი და ზუსტი იარაღი. ნატომ დაიწყო სავარჯიშო პროგრამა უკრაინელი ჯარისკაცებისთვის, მაგრამ მომავალ თვეებში საჭირო იქნება ამ ზომების მასშტაბის გაზრდა.
მეოთხე: ლიდერობა. პრეზიდენტ ზელენსკის სიტყვებმა „მჭირდება შეიარაღება და არა [ქვეყნიდან] გაყვანა“, გააერთიანა ხალხი და მას გლობალური გავლენა მოუტანა. ეს აუცილებელი იყო ეკონომიკური, ჰუმანიტარული, დიპლომატიური და სამხედრო დახმარებისთვის.
ასევე ნათელია, რომ უკრაინის სამხედრო ხელმძღვანელობამ რუსეთის წინააღმდეგ ჭკვიანური და დახვეწილი სამხედრო კამპანია აწარმოა და, ამავე დროს, წვლილი შეიტანა გლობალური გავლენის კამპანიაში. ესეც უნდა შენარჩუნდეს, რათა უკრაინამ ომი მოიგოს.
მეხუთე: უკრაინელებმა ბრძოლის ველზე უნდა მოიპოვონ გამარჯვება. თუკი ყველა სხვა ელემენტი იქნება, ისინი შექმნიან საძირკველს ბრძოლის ველზე, რომელზეც გამარჯვება აუცილებელია რუსეთის დასამარცხებლად. ბრძოლაში მონაწილეობა უკრაინელთა ნების გამოხატვაა.
მათ ესმით, რომ ეს ეგზისტენციალური ბრძოლაა. ომში მოსაგებად უკრაინელებმა უნდა იბრძოლონ და დაიბრუნონ თავიანთი ტერიტორია.
როგორც მკვლევარი და სტრატეგოსი ლოურენს ფრიდმანი აღნიშნავს: „არის მიზეზები, რომელთა გამოც უკრაინამ ტერიტორია უნდა დაიბრუნოს. სანამ ტერიტორიების კონტროლი და რუკები არ შეიცვლება, რთული იქნება სკეპტიკოსების დარწმუნება იმაში, რომ უპირატესობა უკრაინის მხარესაა“.
დღეიდან ზამთრამდე სავარაუდოა, რომ უკრაინა განახორციელებს იერიშს სამხრეთის მიმართულებით და შეეცდება დაიბრუნოს პორტები, ქალაქები და ტერიტორიები. ოღონდ, თავდასმხა ბევრად უფრო რთულია, ვიდრე თავდაცვა – წარმატების გარანტია არ არსებობს.
თუმცა ბოლო ექვსი თვის განმავლობაში უკრაინელებმა აჩვენეს გამჭრიახობის, მამაცობის, გავლენისა და ნების ღირებულება.
რაც ასევე მნიშვნელოვანია, მათ აჩვენეს დემოკრატიულ ქვეყნებს, რომ მიუხედავად მათი ზომისა, მათ აქვთ შესაძლებლობა წინ აღუდგნენ დაუნდობელ დიქტატურებს, რომლებიც ემუქრებიან საერთაშორისო წესრიგს.