საქართველოში ამერიკის შეერთებული შტატების ელჩის, კელი დეგნანის განცხადებით, ექსპრემიერ ბიძინა ივანიშვილთან 21 მარტის შეხვედრაზე არ ყოფილა საუბარი საქართველოს ჩართვაზე უკრაინის წინააღმდეგ რუსეთის ომში, ან შანტაჟზე, ან მოქმედებაზე, რაც ივანიშვილისთვის ფულის გადარიცხვის შეფერხებას უკავშირდება.
ამის შესახებ დეგნანმა „ინტერპრესნიუსთან“ ინტერვიუში განაცხადა.
„როგორც წესი, ჩვენ პრესასთან არ ვსაუბრობთ პირად შეხვედრებზე, მაგრამ როგორც ბატონმა ივანიშვილმა დაადასტურა, მას ბოლოს 21 მარტს შევხვდი, რის შემდეგაც საკმაო დრო გავიდა. ჩვენი შეხვედრები ყოველთვის ეხებოდა აშშ-საქართველოს სტრატეგიული პარტნიორობას და აშშ-ის ძალისხმევას საქართველოს ეკონომიკის, უსაფრთხოებისა და დემოკრატიის განვითარების მხარდაჭერის კუთხით.
მოდით, ძალიან მკაფიოდ ვიტყვი, რომ აღარავის დარჩეს შეკითხვები — არასოდეს ყოფილა საუბარი საქართველოს ჩართვაზე უკრაინის წინააღმდეგ რუსეთის ომში, ან „შანტაჟზე“ ან მოქმედებებზე, რაც უკავშირდება ბატონი ივანიშვილისთვის ფულის გადარიცხვის შეფერხებას. ამ საკითხებზე მას ან იმ კონკრეტულ ბანკებს უნდა მიმართოთ“, — განაცხადა კელი დეგნანმა.
მისი თქმით, როდესაც შეერთებული შტატები ფინანსურ სანქციებს აწესებს, ამის შესახებ საჯაროდ აცხადებს და შვეიცარიის საბანკო ანგარიშების განხილვა არის ყურადღების გადატანა.
„სახაზინო დეპარტამენტის ვებ-საიტზე არის საძიებო სია, სადაც ბანკებს, მედიას და ფართო საზოგადოებას შეუძლიათ შეამოწმონ, ვინ ექვემდებარება და არ ექვემდებარება ფინანსურ სანქციებს. შვეიცარიის საბანკო ანგარიშების ნებისმიერი განხილვა, გულწრფელად, არის ყურადღების გადატანა მნიშვნელოვანი სამუშაოდან. როგორც ივანიშვილმა 27 ივლისის განცხადებაში აღნიშნა, ეს არის კერძო საქმე მასსა და ფინანსურ ინსტიტუტს შორის“, — თქვა კელი დეგნანმა.
ბიძინა ივანიშვილი ადასტურებს “ქართული ოცნებიდან” გასული პოლიტიკოსების მიერ გავრცელებულ ინფორმაციას, რომლის მიხედვითაც აშშ-ის ელჩს კელი დეგნანს შეხვდა.
როგორც ივანიშვილის მიერ გავრცელებულ განცხადებაშია აღნიშნული, დეგნანს 21 მარტს შეხვდა:
„ქართული ოცნების“ დამფუძნებელი არ საუბრობს, რას შეეხებოდა მისი და ელჩის საუბარი.ბიძინა ივანიშვილმა განცხადება 27 ივლისს გაავრცელა. ამ განცხადებას წინ უსწრებდა „ქართული ოცნებიდან“ გასული 3 დეპუტატის განცხადებები.
ისინი ჯერ ელჩს, შემდეგ კი ივანიშვილს მოუწოდებდნენ, ესაუბრათ ამ შეხვედრის შესახებ. მათ აინტერესებდათ „ხომ არ მოსთხოვეს“ ივანიშვილს რაიმე, ან ხომ არ „დააშანტაჟეს“.
21 ივლისს, როდესაც ამ საკითხზე დაუსვეს კითხვა, შეერთებული შტატების ელჩმა საქართველოში, კელი დეგნანმა თქვა, რომ ივანიშვილს კარგა ხანია არ შეხვედრია.