კომენტარი

„ოცნება“ ამომრჩევლებზე სოციალურ/პოლიტიკურ ექსპერიმენტს ატარებს – კაჭკაჭიშვილი

12 ივლისი, 2022 • 1096
„ოცნება“ ამომრჩევლებზე სოციალურ/პოლიტიკურ ექსპერიმენტს ატარებს – კაჭკაჭიშვილი

სოციოლოგი, თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორი იაგო კაჭკაჭიშვილი ეხმიანება ბოლო პერიოდში ქვეყანაში მიმდინარე მოვლენებს და ამბობს, რომ „ქართული ოცნება“ ამომრჩეველზე სოციალურ/პოლიტიკურ ექსპერიმენტს ატარებს. „ნეტგაზეთი“ უცვლელად გთავაზობთ მის წერილს.

„ჩემს დაკვირვებას შემოგთავაზებთ მიმდინარე მოვლენებზე:

ხელისუფლება ხვდება, რომ მის ამომრჩევლებში არიან ევროკავშირში გაწევრიანების მომხრეებიც და მოწინაღმდეგეებიც. ძალაუფლების შესანარჩუნებლად მას სჭირდება მინიმუმ საკუთარი ამომრჩევლების შენარჩუნება (მით უფრო, თუ არჩევნები სრულად პროპორციული სისტემით ჩატარდება).

რა გზას მიმართავს ხელისუფლება მინიმუმ საკუთარი ამომრჩევლების შენარჩუნებისთვის?

ა) ცდილობს საკუთარი ამომრჩევლების ნაწილში პარტიის მიმართ მხარდაჭერამ გადაწონოს ევროკავშირის მიმართ მხარდაჭერა.
ბ) ცდილობს, საკუთარი ამომრჩევლების ნაწილს ისიც დაანახოს, რომ თავად ხელისუფლება ისწრაფვის ევროინტეგრაციისკენ
გ) პარალელურად ცდილობს, რომ, ევროკავშირთან ინტეგრაციის უარმყოფელი (კონსერვატორი და ნაციონალისტი) ამომრჩევლები თავის რიგებში დატოვოს.

არცერთი გზა, ცალკე აღებული, ხელისუფლების ამომრჩევლების სრული კოჰორტის შენარჩუნებას ვერ უზრუნველყოფს და რომელიმე ნაწილის დაკარგვა მას მხარდამჭერებს შეუმცირებს, შესაბამისად, დააყენებს ძალაუფლების დაკარგვის რისკის წინაშე.

სწორედ ამითაა გამოწვეული ქართული ოცნების მოჩვენებითად ორად გაყოფა:

უფრო „პროგრესული“ ნაწილი (ოფიციალური ქართული ოცნება) ახლა ლაპარაკობს, რომ ევროპის საბჭოს 12-ივე მოთხოვნას ხელისუფლება 6 თვეში შეასრულებს (ამ რიტორიკაში ხელისუფლებას რაღაც გადაცდომები მოსდის, მაგრამ პროევროინტეგრაციას მაინც „აწვება“).

ოცნების მეორე – არაოფიციალური – ნაწილი, რომელსად „ტროიკა“ და ადგილობრივი ხელისუფლების „განდგომილი“ წევრები წარმოადგენენ, ვალდებულებას იღებს, გამოკვებოს ქართული ოცნების ამომრჩეველთა ნაციონალისტური ფრთა.

რაც შეეხება იმ ამოცანას, რომ პარტიულმა მხარდაჭერამ გადაწონოს ევროკავშირის მხარდაჭერა, ამის შესასრულებლად ხელისუფლებას მომარჯვებული აქვს დეზინფორმაცია, თითქოს დასავლეთი (ამერიკა და ევროკავშირი) საქართველოს რუსეთთან ომში და უბედურებაში ითრევენ, რასაც ხელისუფლება (პირადად, ივანიშვილი) ეწინააღმდეგება და საქართველოში მშვიდობას კბილებით იცავს.

ეს უკანასკნელი ტაქტიკა, ამავე დროს, ემსახურება არაქოცი, მოჭოჭმანე და შუაშისტი ამომრჩევლის გადმობირებასაც. ისიც აღსანიშნავია, რომ ქართული ოცნებისგან „განდგომილები“, დიდი ალბათობით, პოლიტიკურ პარტიას ჩამოაყალიბებენ და თუ მომავალ არჩევნებში კოალიციური მთავრობის შექმნის აუცილებლობა დადგა, ოცნების ორივე ნაწილი კვლავ შეერთდება.

მოკლედ, ქართული ოცნება სოციალურ/პოლიტიკურ ექსპერიმენტს ატარებს ამომრჩევლებზე (პირველ რიგში, საკუთარზე) და ზემოაღნიშნულთაგან იმ ხაზს გააძლიერებს, რომელიც უფრო წარმატებული აღმოჩნდება.

რა დაანგრევს ქართული ოცნების ამ ტაქტიკას? მოკლედ და მარტივად ვიტყვი: თუ ამომრჩეველთა პროევროპული ნაწილის (რომელიც მოსახლეობის ყველაზე დიდ ნაწილს წარმოადგენს) უმრავლესობა დაიჯერებს, რომ ქართულ ოცნებას ევროკავშირში გაწევრიანება არ უნდა“, – წერს იაგო კაჭკაჭიშვილი.

მასალების გადაბეჭდვის წესი