კომენტარი

საარჩევნო ყუთებთან გაიხსენეთ, ვინ დაწია საქართველო უკან, რუსეთისკენ – ევროპარლამენტარი

20 ივნისი, 2022 •
საარჩევნო ყუთებთან გაიხსენეთ, ვინ დაწია საქართველო უკან, რუსეთისკენ – ევროპარლამენტარი

‘როგორც ჩანს, თქვენმა მთავრობამ ყველაფერი გააკეთა, რომ ევროკომისიის რეკომენდაცია საქართველოსთვის სასურველი არ ყოფილიყო”, – ეს განცხადება ევროპარლამენტარმა რასა იუკნევიჩიანემ გააკეთა ქართველი ხალხისადმი მიმართვაში, რომელიც დღეს, 20 ივნისს რუსთაველის გამზირზე მიმდინარე აქციაზე უჩვენეს.

“ძმებო და დებო, ვხვდებით ევროპისთვის გადამწყვეტ დროს. თავისუფლების მოყვარული უკრაინელები ყოველდღიურად იღუპებიან. სხვას არავის ესმის მათი ბრძოლის ისე, როგორც საქართველოს მოსახლეობას ან ჩვენ ლიეტუველებს. უკრაინელები იბრძვიან ჩვენთვისაც, საკუთარი ევროპული ცხოვრებისთვის, დიდება უკრაინას. 10 წლის წინ საქართველოს სახელი ევროპაში ასოცირდებოდა დაუჯერებლად წარმატებულ რეფორმებთან. მეზობელ სომხეთში ვიზიტისას მახსოვს, როგორ მესმოდა იქაური პოლიტიკური ექსპერტების შეფასებები. მაგალითად, მეუბნებოდნენ, რომ საქართველომ შეძლო კორუფციის აღმოფხვრა, რაც მაშინ სამხრეთ კავკასიაში თითქმის შეუძლებელი მისია იყო. მაშინ ჩანდა, რომ ეს გზა შენარჩუნდებოდა თქვენი პოლიტიკოსების მხრიდან წარმატებულ ფინიშამდე. მართლაც, საქართველო წლების განმავლობაში იყო ლიდერი აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნებს შორის, თუმცა დღეს, როცა უკრაინელებმა სისხლით დაამსხვრიეს ყინული და ევროკავშირის ლიდერებმა კანდიდატის სტატუსის საკითხი უნდა გადაწყვიტონ ამ კვირაში, საქართველომ, სამწუხაროდ, ლიდერის სტატუსი დაკარგა, ქვეყნის პოლიტიკა სიძულვილით გაივსო, შესაძლებლობა, რომელიც შარლ მიშელმა უზრუნველყო, ხელიდან იქნა გაშვებული. ბოლო დროს საქართველოს პოლიტიკურ ცხოვრებაზე ჩვენამდე მხოლოდ ცუდი ამბები აღწევს. ყოფილი პრეზიდენტი, ყველაზე მსხვილი ოპოზიციური მედიის მფლობელი ციხეში იმყოფებიან… ხორციელდება თავდასხმები სხვა ჟურნალისტებზე, საქართველოს მეგობრებზეც კი ევროპასა და შეერთებულ შტატებში”, – აცხადებს ევროპარლამენტარი.

მისი თქმით, გასაკვირი არაა, რომ ევროკომისია ძალიან კრიტიკულია თავის მიმართვაში იმ პრობლემების მიმართ, რაზეც პასუხისმგებლობა საქართველოს მთავრობას ეკისრება.

“კომისია გარკვევით ამბობს: ქვეყანას სჭირდება დეოლიგარქიზაცია. ყველამ კარგად იცის, რომელ ოლიგარქზეა საუბარი. გთხოვთ, არ დაუშვათ, რომ თქვენი ლამაზი ქვეყანა გახდეს იმ ხალხის მძევალი, რომლებიც ძალაუფლების ჩრდილში რჩებიან, ასეთი პოლიტიკა ევროკავშირში არ მიგიყვანთ, ეს კრემლისთვის საჩუქარია. ძვირფასო ქართველებო, დარწმუნებული იყავით, რომ ვითარება უიმედო არ არის. თქვენ გამოხვალთ ამ მდგომარეობიდან”, – განაცხადა ლიეტუველმა ევროპარლამენტარმა.

მისი თქმით, საქართველოს მსგავსი პრობლემების წინაშე სხვა პოსტსაბჭოთა ქვეყნებიც მდგარან, სადაც კრემლის მეგობარი მანიპულატორები მუშაობდნენ. ევროპელი პარლამენტარის განცხადებით, ყველამ უნდა გაიაზროს საკუთარი პასუხისმგებლობა და საარჩევნო ყუთთან გაიხსენოს, თუ ვინ დაწია საქართველო უკან, რუსეთისაკენ.

მასალების გადაბეჭდვის წესი