კომენტარი

საქართველო უნდა გაერთიანდეს პოლიტიკურად, სტრუქტურული რეფორმებისათვის – ფონ დერ ლაიენი

17 ივნისი, 2022 • 626
საქართველო უნდა გაერთიანდეს პოლიტიკურად, სტრუქტურული რეფორმებისათვის – ფონ დერ ლაიენი

ევროკომისია გამოდის რეკომენდაციით, უკრაინასა და მოლდოვას კანდიდატის სტატუსი მიენიჭოთ თანდართული პირობებით, საქართველოს კი ენიჭება ევროპული პერსპექტივა და პირობები შესასრულებლად კანდიდატის სტატუსის მიღებამდე.

მას შემდეგ, რაც უკრაინისა და მოლდოვის მაგალითები მიმოიხილა, ევროკომისიის პრეზიდენტმა ურსულა ფონ დერ ლაიენმა საქართველოსთან დაკავშირებით განაცხადა:

„საქართველოს აქვს იგივე მისწრაფებები და პოტენციალი, რაც უკრანასა და მოლდოვას. მისი აპლიკაცია ძლიერია, განსაკუთრებით ძლიერია მისი ორიენტაცია საბაზრო ეკონომიკაზე, მას ჰყავს ძლიერი კერძო სექტორი.

წარმატების მისაღწევად ქვეყანა ახლა უნდა გაერთიანდეს პოლიტიკურად, რათა ჩამოაყალიბოს ცხადი გზა სტრუქტურული რეფორმირებისა და ევროკავშირისაკენ. გზა, რომელიც ცხადად ადგენს საჭირო რეფორმებს, შეიამხანაგებს სამოქალაქო საზოგადოებას და ექნება ფართო პოლიტიკური მხარდაჭერა.

ამიტომაც, რეკომენდაციას ვუწევთ საბჭოს, მიანიჭოს ევროპული პერსპექტივა [საქართველოს] და შემდეგ განიხილოს, როგორ ასრულებს საქართველო პირობებს, სანამ კანდიდატის სტატუსი მიენიჭება“.


კანდიდატის სტატუსის მისაღებად საქართველოს პირობების შესრულება მოუწევს.

გადაწყვეტილება გამოცხადდა ევროკომისიის პრეზიდენტის ურსულა ფონ დერ ლაიენის და გაფართოებისა და სამეზობლო პოლიტიკის საკითხებში ევროკომისარ ვარჰეის პრესკონფერენციაზე.

ურსულა ფონ დერ ლაიენმა განაცხადა, რომ ევროკომისიამ რეკომენდაცია გაუწია უკრაინისა და მოლდოვისთვის ევროპული პერსპექტივის და კანდიდატის სტატუსის მინჭებას თანდართული პირობებით.

კანდიდატის სტატუსის მინიჭებაზე საბოლოო გადაწყვეტილებას 23-24 ივნისის სამიტზე მიიღებს ევროპული საბჭო, რომელიც შედგება ევროკავშირის წევრი ქვეყნების სახელმწიფოს მეთაურებისგან, საბჭოს პრეზიდენტისა და ევროკომისიის პრეზიდენტისგან.

როგორც წესი, ევროკომისიის მოსაზრება მნიშვნელოვანი დოკუმენტია, თუმცა სავალდებულო არ არის, ევროპულმა საბჭომ ის გაითვალისწინოს და შესაძლებელიც კი არის, რომ ამ უკანასკნელმა ევროკომისიის შეფასებისგან განსხვავებული პოლიტიკური გადაწყვეტილება მიიღოს.

მასალების გადაბეჭდვის წესი