კომენტარი

როგორ შეიძლება ითარგმნოს კანდიდატის სტატუსზე ჩანაწერი ევროპარლამენტის რეზოლუციაში – კახა გოგოლაშვილი

9 ივნისი, 2022 • 1815
როგორ შეიძლება ითარგმნოს კანდიდატის სტატუსზე ჩანაწერი ევროპარლამენტის რეზოლუციაში – კახა გოგოლაშვილი

„კანდიდატის სტატუსთან დაკავშირებით საქართველოსადმი ნაკლები მხარდაჭერა გამოავლინეს, ვიდრე მოლდოვისა და უკრაინის მიმართ“, — ასე აფასებს რონდელის ფონდის ევროპული კვლევების ცენტრის დირექტორი კახა გოგოლაშვილი ევროპარლამენტის რეზოლუციას.

ევროპარლამენტმა საქართველოში მედიის თავისუფლებების დარღვევებსა და ჟურნალისტების უსაფრთხოებაზე ევროპარლამენტის ხუთი პოლიტიკური ჯგუფის ინიცირებული ერთობლივი რეზოლუცია მიიღო. რეზოლუციის თანახმად, ევროპარლამენტი „მოუწოდებს ევროკავშირის ინსტიტუტებს, იმუშაონ საქართველოსთვის ევროკავშირის კანდიდატის სტატუსის მინიჭების მიმართულებით, ევროკავშირის შესახებ ხელშეკრულების 49-ე მუხლის შესაბამისად, დამსახურების საფუძველზე და იმ პირობით, რომ საქართველოს ხელისუფლება ყველა კრიტერიუმს შეასრულებს“.

კანდიდატის სტატუსზე ევროპარლამენტის რეზოლუციის ჩანაწერი საქართველოსთან დაკავშირებით განსხვავდება მოლდოვისა და უკრაინის მიმართ გამოხატული უფრო მკაფიო მხარდაჭერისგან. მოლდოვისა და უკრაინის შემთხვევაში, ევროპარლამენტი ევროკავშირის ინსტიტუტებს მოუწოდებს, „მიანიჭონ კანდიდატის სტატუსი, ევროკავშირის შესახებ ხელშეკრულების 49-ე მუხლის შესაბამისად და დამსახურების საფუძველზე“.

„მოლდოვისთვის და უკრაინისთვის ითხოვენ პირდაპირ კანდიდატის სტატუსის მინიჭებას. ჩვენს შემთხვევაში ევროპარლამენტი ითხოვს, რომ ევროკავშირის წევრმა ქვეყნებმა იმუშაონ კანდიდატის სტატუსის მინიჭებაზე, რაც ნიშნავს პროცესს. ანუ ისინი მიესალმებიან კანდიდატის სტატუსის მინიჭების პროცესს და არა — ახლავე მინიჭებას“, — განუცხადა „ნეტგაზეთს“ გოგოლაშვილმა.

მისი შეფასებით, ევროპარლამენტის ეს რეკომენდაცია შეიძლება ითარგმნოს, როგორც საქართველოსთვის ევროპული პერსპექტივის მინიჭება.

„მე მეშინია, რომ საუბარი არ არის კანდიდატის სტატუსი მინიჭებაზე ახლა. საუბარია იმაზე, რომ საქართველოს მიენიჭოს ევროპული პერსპექტივა, რაც ნიშნავს იმას, რომ ევროკავშირის გააგრძელებს საქართველოსთან დიალოგს მისთვის კანდიდატის სტატუსის მინიჭებასთან დაკავშირებით. ევროკომისიის დასკვნაში მოცემული იქნება მოთხოვნები, რომლებიც საქართველომ უნდა დააკმაყოფილოს იმისთვის, რომ გაგრძელდეს კანდიდატის სტატუსის მინიჭებაზე მსჯელობა“, — ამბობს იგი.

კახა გოგოლაშვილი ტრაგედიად არ მიიჩნევს ასოცირებული ტრიოს (საქართველო, უკრაინა, მოლდოვა) მიმართ გაყოფას ევროინტეგრაციის პროცესში, აცხადებს რა, რომ ეს არის პირობითი ტერმინი და არა რამე ფორმალური სტრუქტურა.

„უამრავი სხვა შემთხვევა იყო ევროკავშირის გაფართოების ისტორიაში, როდესაც ქვეყნები ერთ რეგიონულ კალათაში განიხილებოდნენ, მაგრამ კანდიდატის სტატუსები ერთმანეთისგან დამოუკიდებლად მიიღეს“, — აცხადებს გოგოლაშვილი, თუმცა დასძენს, რომ თუ ევროკავშირი უკრაინას და მოლდოვას მიანიჭებს კანდიდატის სტატუსს, საქართველოს კი — არა, ეს ქვეყანაში გაზრდის ევროსკეპტიციზმს.

„საქართველოში გამოჩნდება ბევრი, ვინც იტყვის, — ხომ ვამბობდით, არ ვჭირდებით ევროკავშირსო. ამიტომ ძალიან მნიშვნელოვანია, თუ რა სახის გადაწყვეტილებას მიიღებენ, როგორ ჩამოაყალიბებენ და როგორი გეგმა დაიდება მომავალში. საჭიროა მთავრობის და ყველა სხვის მხრიდან მუშაობა ევროსკეპტიციზმთან საბრძოლველად, წინააღმდეგ შემთხვევაში, ევროსკეპტიციზმი შესაძლოა სერიოზულ პრობლემად ჩამოყალიბდეს“, — ამბობს იგი.

გოგოლაშვილი „ძალიან სამწუხაროს“ უწოდებს იმ ფაქტს, რომ ჩნდება კითხვა, საქართველოს მთავრობა ევროსკეპტიციზმის წინააღმდეგ იმუშავებს თუ პირიქით, გააღვივებს მას იმ ფონზე, როდესაც ევროპარლამენტმა მოითხოვა ბიძინა ივანიშვილის სანქცირების განხილვა.

„ერთ-ერთი არგუმენტი და სრულიად ლეგიტიმური მიზეზია ევროკავშირისთვის, რომ ქვეყანას, რომელის მთავრობისადმი შეიძლება ასეთი კითხვები დაისვას, არ მიანიჭოს კანდიდატის სტატუსი და დაელოდოს ვითარებას, როდესაც სრული ნდობა ექნება მთავრობისადმი“, — დასძენს გოგოლაშვილი.

კახა გოგოლაშვილი, ასევე, ხსნის ძირითად ფაქტორებს, რის გამოც ევროპარლამენტში მეტი მხარდაჭერაა უკრაინისა და მოლდოვისადმი იმ ფონზე, როდესაც ასოცირების შეთანხმების იმპლემენტაციის კრიტერიუმებით საქართველოს უკეთესი შედეგები აქვს. „ევროპული პოლიტიკის კვლევის ცენტრის” (CEPS) მიერ 2021 წელს გამოქვეყნებული კვლევის თანახმად, პოლიტიკური და ეკონომიკური კრიტერიუმების საერთო საშუალო რეიტინგით საქართველო უსწრებს როგორც უკრაინას და მოლდოვას, ისე დასავლეთ ბალკანეთის სამ ქვეყანას: კოსოვოს, ბოსნია და ჰერცეგოვინასა და ალბანეთს.

„კრიტერიუმებს გააჩნია ევროკავშირისთვის. პოლიტიკური კრიტერიუმი არის ყველაზე მნიშვნელოვანი. მათთვის გასაგებია, რომ ყველაფერი დანარჩენი, რაც შეეხება ეკონომიკურ განვითარებას, საკანონმდებლო ჰარმონიზაციას და სხვა, ტექნიკური საკითხებია და შეიძლება მარტივად გადაწყდეს. პოლიტიკური კლიმატი ქვეყანაში და დემოკრატიის ხარისხი არის უფრო ფუნდამენტური და ბევრად რთულად შესაცვლელი მდგომარეობა. ამიტომ მათთვის ბევრად მნიშვნელოვანია, არსებობს თუ არა კითხვები საქართველოს დემოკრატიის წინსვლასთან დაკავშირებით. შეიძლება, საქართველოში დემოკრატიის ხარისხი არ იყოს ძალიან დაბალი — ჰიბრიდული დემოკრატიის ქვეყანა ვართ — მაგრამ მნიშვნელოვანი არგუმენტია ის, რომ ევროპელი პარტნიორების აზრით, ბოლო ორ წელიწადში საკვანძო მიმართულებებზე მოხდა დემოკრატიული რეგრესი და არა — პროგრესი. უკრაინასთან და მოლდოვასთან მიმართებაში პირიქით — თვლიან, რომ პროგრესი აქვს. შეიძლება ვთქვათ, რომ ჩვენ უფრო წინ ვართ და ა.შ., მაგრამ სინამდვილეშია აქ საუბარია, რა ტენდენციებია სამივე ქვეყანაში. ამ ეტაპზე ისინი თვლიან, რომ უკრაინაში და მოლდოვაში უფრო ადვილია მთავრობებთან კომუნიკაცია, უფრო მეტი ურთიერთგაგება აქვთ იგივე დემოკრატიულ რეფორმებთან დაკავშირებით. საქართველოს მთავრობასთან ბოლო ორი წლის განმავლობაში ძალიან გართულდა კომუნიკაცია“, — აცხადებს გოგოლაშვილი.

რეზოლუციაში ევროპარლამენტი ევროპულ საბჭოსა და დემოკრატიულ პარტნიორებს მოუწოდებს, განიხილონ ბიძინა ივანიშვილისთვის პერსონალური სანქციების დაწესება იმ დესტრუქციული როლის გამო, რომელსაც საქართველოს პოლიტიკურ და ეკონომიკურ ცხოვრებაში და მთავრობის კონტროლის კუთხით ასრულებს. ევროპარლამენტი ღრმად შეშფოთებულია ივანიშვილის პერსონალური და ბიზნესკავშირებით კრემლთან, რაც, რეზოლუციის ავტორების აზრით, განსაზღვრავს საქართველოს ამჟამინდელი მთავრობის პოზიციას რუსეთის წინააღმდეგ სანქციების მიმართ.

კახა გოგოლაშვილი ამბობს, რომ ევროპარლამენტის რეზოლუციაში სანქციებზე ჩანაწერმა ბიძინა ივანიშვილს და „ქართულ ოცნებასაც“ რეპუტაციული ზიანი მიაყენა, მაგრამ არ ფიქრობს, რომ აღნიშნულს რეალური გაგრძელება მოჰყვება და ივანიშვილს სანქციებს დაუწესებენ.

„სანქციების დაწესებას ცოტა უფრო მეტი კონკრეტული მტკიცებულებები სჭირდება ადამიანის უფლებების, დემოკრატიის, საერთაშორისო სანქციებისთვის ზიანის მიყენების შესახებ. რეზოლუციაში მოყვანილი არგუმენტები არასაკმარისია და არ არის კარგად დამუშავებული. თუ მოხდება ამ საკითხის გამოძიება და მეტი არგუმენტების მოზიდვა იმისთვის, რომ აუცილებლად დაუწესონ ივანიშვილს სანქციები, შეიძლება ეს რეალობა გახდეს, მაგრამ ეჭვი მეპარება“, — ამბობს გოგოლაშვილი.

ბიძინა ივანიშვილისთვის სანქციების დაწესების განხილვაზე რეზოლუციაში ცვლილებების ინიცირება მოახდინეს ანა ფოტიგამ („ევროპის კონსერვატორები და რეფორმატორების“, ECR), მირიამ ლექსმანმა („ევროპის სახალხო პარტია“, EPP), პეტრას აუსტრევიჩიუსმა (Renew Europe). ევროპარლამენტმა ინიცირებულ შესწორებებს მხარი დაუჭირა.

საქართველოში მედიის თავისუფლებების დარღვევებსა და ჟურნალისტების უსაფრთხოებაზე ხუთი პოლიტიკური ჯგუფის (Verts/ALE, S&D, ECR, PPE, Renew Europe) ინიცირებული ერთობლივ რეზოლუცია ევროპარლამენტმა 9 ივნისს მიიღო — ცოტა ხნით ადრე, ვიდრე ევროკომისია და ევროპული საბჭო საქართველოს, უკრაინისა და მოლდოვას გაწევრიანების განაცხადზე დასკვნას გამოაქვეყნებენ.

მასალების გადაბეჭდვის წესი