კომენტარი

მიკ რაიანი: მარიუპოლი რუსეთის პატარა, თუმცა პიროსის გამარჯვება გამოდგა

24 მაისი, 2022 •
მიკ რაიანი: მარიუპოლი რუსეთის პატარა, თუმცა პიროსის გამარჯვება გამოდგა

ავტორი: მიკ რაიანი, ავსტრალიელი გადამდგარი გენერალ-მაიორი, არმიაში 35-წლიანი მუშაობის გამოცდილებით, ამჟამად „სტრატეგიული და საერთაშორისო კვლევების ცენტრის“ (CSIS) ანალიტიკოსი


უკრაინის აღმოსავლეთში რუსეთის ჯარის იერიში გრძელდება, მაგრამ მოკლევადიან პერსპექტივაში სავარაუდოა, რომ მათი შეტევითი შესაძლებლობები მაქსიმუმს მიაღწევს. აქედან გამომდინარე, შევეცდები ავხსნა, რას ნიშნავს რუსეთისთვის თავდაცვით სტრატეგიაზე გადასვლა.

რუსეთის ჯარი ცდილობს, გადატვირთოს თავისი ოპერაციები უკრაინაში. მოსკოვმა თანამდებობიდან გაათავისუფლა ხელმძღვანელი პირები, რომლებსაც წარუმატებლობაში ედებოდათ ბრალი, მოახდინა საბრძოლო შენაერთების რეორგანიზაცია, დაიწყო ხარკოვის ჩრდილოეთით თავდაცვითი პოზიციების თხრა და განახორციელა დამატებითი სტრატეგიული სარაკეტო დარტყმები მთელი უკრაინის მასშტაბით.

ამ ეტაპზე რუსეთის ძალების მიზანი აღმოსავლეთ უკრაინაა, კონკრეტულად კი დონბასის რეგიონზე კონტროლის დამყარება. ომის დაწყებისას პუტინის დიდ სურვილებთან შედარებით, ეს შედარებით თავმდაბალი მიზანია.

მიუხედავად მიზნების შემცირებისა, რუსეთის სამხედრო ძალებს მაინც უჭირთ მნიშვნელოვანი პროგრესის მიღწევა უკრაინელთა მედგარი თავდაცვისა და დასავლეთის მასობრივი სამხედრო დახმარების ფონზე.

უკრაინის აღმოსავლეთში ათასობით რუსი ჯარისკაცი მოკლულია ან დაჭრილი, ასობით დაჯავშნული ავტომობილია განადგურებული. ამ ფასად წინა თვეში რუსეთმა დაამყარა კონტროლი მხოლოდ მცირე ტერიტორიაზე.

შესაძლებელია, რომ აღმოსავლეთ იერიშის დასახმარებლად რუსებმა წამოიწყონ შეტევები ზაპოროჟიესა და ხერსონში.

თუმცა, უკრაინის სამხედრო მობილიზაციის, დასავლეთის დახმარებისა და რუსეთის მიერ ფართომასშტაბიანი ოპერაციების კომპეტენტურად წარმოების უნარის არქონის გათვალისწინებით, დიდი ალბათობით, ვერც ეს მოიტანს მნიშვნელოვან გარღვევებს.

ამ მიზეზით, სავარაუდოა, რომ რუსეთი უკრაინაში შემტევითი ოპერაციების წარმოების შესაძლებლობის მაქსიმუმთანაა. უკრაინელებმა გაანადგურეს რუსი სამხედროების ფიზიკური, მორალური და ინტელექტუალური შესაძლებლობები.

რუსეთის პრეზიდენტი და სამხედრო ხელმძღვანელობა კვლავ მოითხოვს წინსვლას, მაგრამ მომავალი ორი თვის განმავლობაში, რაღაც მომენტში რუსეთს აღარ ექნება ამის შესაძლებლობა.

ძალიან ბევრი რუსული შენაერთი ტყუილად გამოიყენება, ხოლო ბევრ ჯარისკაცსა და უმცროს ხელმძღვანელებს არ აქვთ სურვილი, „ბოლო ძალები მოიკრიბონ“ ინსტიტუტისთვის, რომელსაც მათი წესიერად გამოკვებაც არ შეუძლია.

არ უნდა გვეგონოს, თითქოს ეს რუსეთის დამარცხებას ნიშნავს, ან თითქოს ისინი მალე უკრაინას დატოვებენ. რუსები უბრალოდ თავდაცვით სტრატეგიაზე გადავლენ.

ერთი შეხედვით, ეს ამარტივებს რუსეთის პრობლემებს, მაგრამ სინამდვილეში ეს მათთვის ახალ გამოწვევებს ქმნის.

პირველი გამოწვევა ინიციატივის დაკარგვაა. თავდაცვითი სტრატეგიის პირობებში რუსეთის ჯარი რეაგირების რეჟიმში იქნება. უკრაინული ჯარი გადაწყვეტს, სად და როდის დაამყაროს კონტაქტი [შეუტიოს] რუსებთან.

შესაბამისად, სტრატეგიული, საოპერაციო და ტაქტიკური ინიციატივა უკრაინისკენ გადავა. ეს უკრაინის სამხედრო ხელმძღვანელობას მისცემს საშუალებას, მოქნილი იყოს გარდაუვალი კონტრ-იერიშის ადგილის, დროისა და ძალის არჩევისას.

მეორე გამოწვევა იმაში მდგომარეობს, რომ რუსეთის ბევრი შენაერთი სამხედრო ოპერაციებიდან საოკუპაციო აქტივობებზე გადავა. ანუ, ჯარისკაცები უნდა გახდნენ მმართველები უკრაინის იმ ტერიტორიებზე, რომლებსაც ისინი აკონტროლებენ და რომლების რუსეთის კოლონიებად ქცევა სურთ.

ეს არა მარტო შეათხელებს სამხედრო ძალების რიგებს, რომლებიც უკრაინისგან დასაცავად იქნება საჭირო. უფრო მეტიც – ამას სჭირდება ისეთი უნარ-ჩვევები, რომლებსაც სამხედრო ინსტიტუტებში არ ასწავლიან. გარდა ამისა, როგორც რუსეთმა ჩეჩნეთსა და სირიაში აღმოაჩინა, ეს ძალიან ძვირია.

მესამე გამოწვევა ოკუპანტებისთვის, უკვე არსებული მასობრივი პრობლემების გარდა, არის ის, რომ მათ ალბათ წინააღმდეგობის მოძრაობასთან მოუწევთ ბრძოლა. ომის მიმდინარეობისას უკრაინელებმა აჩვენეს, რომ ამაყი, მოწადინებული და მამაცი ადამიანები არიან.

უკვე არის ცნობები სამხრეთით აჯანყებულ უკრაინელებზე. ეს [ტენდენცია] მხოლოდ და მხოლოდ გაძლიერდება რუსეთის მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე. რუსებს ეცოდინებათ, რომ აჯანყებულებს დასავლეთი კარგ დახმარებას აღმოუჩენს.

დაბოლოს, რუსეთის ჯარს პრობლემები აქვს განწყობასთან დაკავშირებით. დარა მასიკოტი [ანალიტიკოსი, სამხედრო სფეროს ექსპერტი] „ფორინ ეფეირზში“ წერს: „სამხედროებისადმი გულგრილობის კულტურა ფუნდამენტურად უთხრის ძირს რუსეთის სამხედრო ძალების ეფექტიანობას“.

ამ კულტურულ პრობლემას ემატება მედიისა და სადაზვერვო სამსახურების არაერთი ცნობა რუს დეზერტირებზე, დაღუპული ჯარისკაცების ცხედრების პოვნის შესაძლებლობის არქონაზე და სამხედროების ოჯახების მხარდაჭერის ნაკლებობაზე.

ამ გამომწვევებს კიდევ უფრო გაამწვავებს ხანგრძლივი ოკუპაცია, რომლის განმახორციელებელ ჯარისკაცებს ცუდად ხელმძღვანელობენ და ელიან, რომ ისინი იქნებიან საოკუპაციო ადმინისტრაცია, დაიჭერენ აჯანყებულებს და მოიგებენ პატრიოტი უკრაინელების გულებსა და გონებებს.

ბევრად მეტი სამხედრო იქნება საჭირო საოკუპაციო ჯარისთვის. იმაზე მეტი, ვიდრე ახლა უკრაინაშია.

უკრაინის ახლანდელი გადაწყვეტილება, შეწყვიტოს მარიუპოლის დაცვა, რუსეთის პატარა, თუმცა პიროსის გამარჯვება [როდესაც სამხედრო წარმატება უზარმაზარი დანაკარგის ხარჯზე მიიღწევა და გამარჯვებულ მხარეს აღარ აქვს შეტევის გაგრძელების რესურსი] გამოდგა. ნაკლებად სავარაუდოა, რომ რუსეთის ჯარს მომავალშიც ექნება ასეთი პატარა წარმატებები.

აღმოსავლეთის იერიშში უპირატესობის დაკარგვის ფონზე, რუსეთს გარდაუვლად მოუწევს უკრაინაში თავდაცვაზე გადასვლა. ეს კი სხვადასხვა რთულ გამოწვევას მოიტანს.


თარგმანი: ნიკა ბურდული

მასალების გადაბეჭდვის წესი