კომენტარი

ბუჩაში მოკლული ქალის ამბავი, რომელიც მანიკურით ამოიცნეს

8 აპრილი, 2022 • 3687
ბუჩაში მოკლული ქალის ამბავი, რომელიც მანიკურით ამოიცნეს

ქალაქ ბუჩას დაბრუნების შემდეგ ასობით გარდაცვლილთან ერთად ჟურნალისტებმა ქალაქის ქუჩებში 53 წლის ირინა ფილკინას ცხედარიც აღმოაჩინეს. მისი ამოცნობა Reuters-ის ფოტოგრაფის მიერ გადაღებული ფოტოებით მისმა ვიზაჟის მასწავლებელმა და შვილმა შეძლეს.

ფოტოზე მხოლოდ ქალის ხელი ჩანდა, თუმცა ვიზაჟის მასწავლებელმა, ანასტასია სუბაჩევამ მაშინვე იცნო მანიკური, რომლითაც ირინა ომის დაწყებამდე ერთი დღით ადრე, 23 თებერვალს ნახა.

CNN-თან მისი შვილები და ახლობლები იხსენებენ, რომ ირინას ახალი ცხოვრების დაწყება ჰქონდა გადაწყვეტილი და მრავალწლიანი მუხლჩაუხრელი შრომის შემდეგ, პირველად აპირებდა იმის გაკეთებას, რაც მართლა სიამოვნებდა. 2022 წელს ირინამ ვიზაჟის კურსების სწავლა სწორედ სუბაჩევასთან დაიწყო.

სუბაჩევა იხსენებს, რომ ირინამ კოსმეტიკის საკუთარი ნაკრები პირველად შეიძინა და კონცერტზე გეგმავდა მის გამოყენებას. წითელი მანიკური კი ვალენტინობის დღისთვის გაიკეთა და გული დაიხატა, “რადგან მან საკუთარი თავის სიყვარული დაიწყო”, – უთხრა სუბაჩევამ CNN-ს.

თუმცა 24 თებერვალს უკრაინაში ომი დაიწყო და ყველას გეგმები შეიცვალა. ირინას ქალიშვილი პოლონეთში გადავიდა, თუმცა 53 წლის ქალმა ბუჩაში დარჩენა და ხალხის დახმარება არჩია. მისი შვილის თქმით, ის ერთი კვირის განმავლობაში ქალაქის სავაჭრო ცენტრში იყო, რომელიც თავშესაფრად იყო ქცეული. ირინა თავშესაფარში მყოფებისთვის და უკრაინელი ჯარისთვის საკვებს ამზადებდა.

ირინა რუსმა სამხედროებმა 5 მარტს მოკლეს. ამ დღეს ქალაქის დატოვებას გეგმავდა, თუმცა მანქანაში, რომელიც მოსახლეობას ევაკუაციაში ეხმარებოდა, ადგილი არ იყო, რის შემდეგაც ველოსიპედით სახლში წასვლა გადაწყვიტა.

მისი ქალიშვილი იხსენებს, რომ დედას სთხოვდა, ველოსიპედით არ წასულიყო სახლში, რადგან ეს უსაფრთხო არ იყო, თუმცა ირინამ არ დაუჯერა:

“ოლგა, არ იცნობ დედაშენს? მთების გადადგმა შემიძლია”, – უთხრა ირინამ შვილს.

ამის შემდეგ 26 წლის ოლგა შჩირუკი დედასთან დაკავშირებას ვეღარ ახერხებდა, თუმცა ჰქონდა იმედი, რომ ირინა რომელიმე ბუნკერს აფარებდა თავს და კომუნიკაციას ამიტომ ვერ ახერხებდა.

ირინას ვიზაჟის მასწავლებლის მსგავსად, ოლგამ დედის ცხედარი სოციალურ ქსელში გავრცელებული ხელის ფოტოთი ამოიცნო:

“როგორ შეიძლება ადამიანმა ვერ იცნო საკუთარი დედის ცხედარი?”, – უთხრა CNN-ს ირინას შვილმა.

ოლგამ არ იცის, როდის შეძლებს დედის ცხედრის ნახვას. მისი თქმით, ის ირინა ფილკინას სახელობის ფონდს ქმნის, რომ ომისგან დაზარალებულ უკრაინელებს დაეხმაროს.

მასალების გადაბეჭდვის წესი