კომენტარი

კალაძე უკრაინის მთავრობაზე: „ისეთი სამარცხვინო განცხადებები კეთდება, აღარაფერი მჯერა მაგათი“

6 აპრილი, 2022 • 2415
კალაძე უკრაინის მთავრობაზე: „ისეთი სამარცხვინო განცხადებები კეთდება, აღარაფერი მჯერა მაგათი“

„ქართული ოცნების“ გენერალური მდივანი კახა კალაძე ჟურნალისტების კითხვის საპასუხოდ აცხადებს, რომ უკრაინიდან ისეთი სამარცხვინო განცხადებები კეთდება, მათი აღარაფერი სჯერა. „კეთილი ინებონ და წარმოადგინონ მტკიცებულებები“ – ამბობს თბილისის მერი:

„საქართველოს არანაირი მტკიცებულება არ აქვს წარმოსადგენი. ეს იყო სამარცხვინო განცხადება… ჩვენ ბევრი სხვა სამარცხვინო განცხადება მოვისმინეთ. ჩვენ ველოდებით უკრაინის მხარისგან, სამარცხვინო ბრალდება იყო მათი მხრიდან გაჟღერებული და კეთილი ინებონ და წარმოადგინონ, თუ რაიმე მტკიცებულება გააჩნიათ. მე ყველაფერი მესმის, რომ ქვეყანა ომშია, ყველანაირად თავს ვიკავებთ, კომენტარი გავაკეთოთ.

ყველაფერს ვაკეთებთ, რომ უკრაინას და უკრაინელ ხალხს მხარში დავუდგეთ და არაერთი მნიშვნელოვანი გადაწყვეტილება იყო ჩვენი მხრიდან საერთაშორისო პლატფორმებზე და ამას ჩვენი პარტნიორებიც ღიად აღნიშნავენ. მაგრამ ის სამარცხვინო განცხადებები, რაც მოდის ბოლო დღეების განმავლობაში, კატეგორიულად მიუღებელია. […] ისეთი სამარცხვინო განცხადებები კეთდება, არაფერი აღარ მჯერა მაგათი, კეთილი ინებონ და წარმოადგინონ მტკიცებულებები“, – ამბობს კახა კალაძე.

უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრმა დმიტრო კულებამ დღეს განაცხადა, რომ უკრაინა საქართველოსგან ელოდება მტკიცებულებებს და დამაჯერებელ არგუმენტებს, რომ ის არ ეხმარება რუსეთს სანქციების გვერდის ავლაში.

„თუ ეს მტკიცებულებები და არგუმენტები საკმარისად დამაჯერებელი არ იქნება, შემდეგ გადავწყვეტთ, რა ზომები მივიღოთ“, — განაცხადა კულებამ, censor.net-ის ინფორმაციით, ერთიანი ტელემარათონის ეთერში.

მისი თქმით, უკრაინა მუშაობს სხვა ქვეყნებთან, რომ ისინი არ დაეხმარონ რუსეთს სანქციებისთვის გვერდის ავლაში. უკრაინის თავდაცვის სამინისტროს დაზვერვის სამსახურის ინფორმაციით, რუსეთი კონტრაბანდულ არხებს ქმნის სანქცირებული სამხედრო, ორმაგი დანიშნულების და სამოქალაქო საქონლის მისაღებად, რომელიც, საქართველოს ტერიტორიაზე გადის.

ქართული მხარე „ყოვლად დაუსაბუთებელს და აბსურდულს“ უწოდებს ბრალდებას და უკრაინისგან მტკიცებულებების წარდგენას ითხოვს.

მასალების გადაბეჭდვის წესი