კომენტარი

რუსეთის შემდეგი სამიზნე შესაძლოა, დნიპრო იყოს — ამერიკელი გენერლის მოსაზრება

4 აპრილი, 2022 •
რუსეთის შემდეგი სამიზნე შესაძლოა, დნიპრო იყოს — ამერიკელი გენერლის მოსაზრება

ამერიკელი გადამდგარი გენერალი უესლი კლარკი ფიქრობს, რომ უკრაინის შეიარაღებული ძალების მიერ კიევის ოლქის დაბრუნება დიდი ტაქტიკური წარმატებაა, თუმცა პროცესი შორს არის დასასრულისგან და დიდი სიფრთხილეა საჭირო იმისთვის, რომ არ შეიქმნას გადაჭარბებული მოლოდინები.

აღნიშნულთან დაკავშირებით კლარკმა ტელეკომპანია CNN-ის ეთერში ისაუბრა მას შემდეგ, რაც ჟურნალისტმა ჰკითხა, ფიქრობს თუ არა, რომ რუსი სამხედროები კიევის ოლქის დატოვების შემდეგ გადაჯგუფებასა და დედაქალაქზე ხელახალ შეტევას გეგმავენ.

გადამდგარი გენერლის აზრით, “ის, რაც ახლა უნდა მოხდეს”, არის მეტი დახმარების აღმოჩენა უკრაინელებისთვის, რათა შეძლონ რუსეთის განდევნა სამხრეთიდან და თავიანთი ძალების გაძლიერება დონბასის რეგიონში.

აღნიშნულის შემდეგ კლარკმა ცენტრალური უკრაინის ქალაქ დნიპროს მნიშვნელობაზე ილაპარაკა:

“რუსები დნიპროს ჩრდილოეთით და სამხრეთით არიან. დნიპრო იქნება შემდეგი მთავარი სამიზნე, თუ ისინი შეძლებენ დნიპროსკენ წინსვლას და გათიშვას უკრაინული ძალებისა, რომლებიც აკავებენ სეპარატისტებს დონბასში. რუსეთის შემდეგი მიზანი არის ამ ძალების ალყაში მოქცევა”.

ISW-ის რუკა, რომელიც უკრაინაში ამჟამინდელ მდგომარეობას ასახავს ომის თეატრში. წითლად მონიშნულია ტერიტორია, რომელსაც რუსები აკონტროლებენ

გადამდგარი გენერლის თქმით, აღნიშნულის თავიდან ასაცილებლად საჭიროა, უკრაინელებს “მძიმე შეიარაღება ჰქონდეთ”.

“არა – ჯაველინები, არა – სტინგერები: ისინი ქალაქების დაცვაში დასახმარებლად არის კარგი… მათ სჭირდებათ ტანკები, სჭირდებათ მობილური არტილერია, სჭირდებათ უამრავი საბრძოლო მასალა; სჭირდებათ საწვავი, შეკეთება…

ჩვენ [აშშ-ს] ეს არ გვაქვს მათთვის. ეს უნდა წამოვიდეს ნატო-ს მოკავშირეებისგან აღმოსავლეთ ევროპაში… უკრაინელები ნამდვილად აპირებენ ბრძოლას, რადგან მათ სურთ ამ ბრძოლაში გამარჯვება”, — დასძინა მან.

უესლი კლარკის აზრით, აშშ-მა უკეთ უნდა მოუსმინოს უკრაინელებს, თუ რა სჭირდებათ მათ. მისივე სიტყვებით, უკრაინელებს ტანკებისა და არტილერიის გარდა თვითმფრინავებიც სჭირდებათ.

კითხვას, უკრაინის ნაწილზე კონტროლი რომ დაამყაროს, დაკმაყოფილდება თუ არა ვლადიმერ პუტინი ამ შედეგით, გადამდგარმა გენერალმა ასე უპასუხა:

“…მას სურს უკრაინა. მას სურს ბალტიისპირეთის ქვეყნები. მას სურს კონტროლის დამყარება აღმოსავლეთ ევროპაზე. მას სურს, დაშალოს ნატო და სურს, [დარჩეს] შეერთებული შტატები [პროცესებს] გარეთ…”

“უკრაინა მხოლოდ ახლანდელი ბრძოლის ველია. მაგრამ თუ უკრაინელები ამ ბრძოლის ველზე რუსეთს დაამარცხებენ, ყველაფერი შეიცვლება…

ასე რომ, ნატო-ს დაცვის საუკეთესო გზა, საერთაშორისო სისტემის დაცვის საუკეთესო გზა არის უკრაინისთვის იმ დახმარების გაწევა, რომელიც მას სჭირდება და საშუალების მიცემა მისთვის, გაუმკლავდეს რუსეთს ბრძოლის ველზე.”

მასალების გადაბეჭდვის წესი