უკრაინის ომის პარალელურად, რა საფრთხეების წინაშე დგას საქართველო და რა უნდა გააკეთოს ქვეყნის მთავრობამ და საზოგადოებამ ამ საფრთხეებთან გასამკლავებლად. ამ და სხვა საკითხებზე ნეტგაზეთთან საუბრობს პროფესორი ჩარლზ ჰ. ფეირბანკსი, რომელიც რეიგანის კამპანიის (1980 წლის) და ბუშის (1988 წლის) კამპანიის მრჩეველი იყო საგარეო პოლიტიკის საკითხებში.
უკრაინაში ომის დაწყების შემდეგ, როგორ შეიცვალა მსოფლიო დღის წესრიგი, მათ შორის როგორ შეიცვალა ცალკეული ქვეყნების საგარეო თუ თავდაცვის პოლიტიკები? რა ტენდენციებს ხედავთ?
როგორც კორეის ომმა 1950-იან წლებში, როდესაც ჩრდილოეთ კორეა თავს დაესხა სამხრეთს, გამოიწვია ამერიკის შეერთებული შტატების თავდაცვის ხარჯების რამდენიმე თვეში სამჯერ გაზრდა, ასევე, უკრაინის ომის შემდეგ, გერმანიის თავდაცვის ბიუჯეტიც გაიზარდა სამჯერ. გერმანია, მეორე მსოფლიო ომის შემდეგ, პირველად აძლევს ლეტალურ იარაღს მეგობრულ სახელმწიფოს.
მსოფლიო წესრიგში მნიშვნელოვანი ცვლილებებია. როგორც ამას დასავლეთის ბევრი პოლიტიკოსი და დიპლომატი ამბობს – ეს უკვე ახალი მსოფლიოა.
ეს მსოფლიო განპირობებულია მრავალწლიანი დაპირისპირებით რუსეთთან. ეს არის დიდი ცვლილება, რომელიც განსაზღვრავს დასავლეთის პოზიციასაც.
მსოფლიო ტენდენციის პარალელურად, არსებობს აზრი, რომ საქართველოსთვის ჩნდება შესაძლებლობების ფანჯარა, რათა მიიღოს თავდაცვითი შეიარაღება დასავლეთისგან და გაზარდოს თავდაცვის ბიუჯეტი. რეალურად არსებობს თუ არა ეს ფანჯარა და უნდა გამოიყენოს თუ არა ის საქართველომ?
მე ვფიქრობ, ნამდვილად არსებობს შესაძლებლობების ასეთი ფანჯარა, რადგან რუსეთის თავდასხმის საფრთხე უზარმაზარია.
პუტინი 2008 წლის შემდეგ ფიქრობს, რომ საქართველო განეკუთვნება რუსეთის დომინაციის სფეროს. შესაძლოა, ეს იყოს პირდაპირი ინტერვენცია, საქართველოს დაყოფა, რომელიმე რეგიონის მიტაცება ან უბრალოდ საქართველოს დაქვემდებარებულ სახელმწიფოდ გადაქცევა, როგორიც ბელარუსი და ტაჯიკეთია.
ვფიქრობ, საქართველოს აქვს დრო ამ საფრთხეების გასამკლავებლად, რადგან ამჟამად რუსეთი მთლიანად გადართულია უკრაინაზე და რამდენიმე დღის წინ სამხრეთ კავკასიიდანაც კი დაიწყო ძალების გადასროლა უკრაინაში.
საფრთხეების გასამკლავებლად არსებობს დრო, სავარაუდოდ, თვეები ან წლები, მაგრამ თუ საქართველო არ გადადგამს ნაბიჯებს, ვფიქრობ, აღარ შეეძლება იყოს ნამდვილად სუვერენული სახელმწიფო.
რა რისკი არსებობს იმისა, რომ თუ საქართველო გაზრდის თავდაცვის ბიუჯეტს, ამას რუსეთი საქართველოს წინააღმდეგ აგრესიის საბაბად გამოიყენებს?
არსებობს ამგვარი რისკი და ამის უარყოფა არ შეიძლება. იმ დროს, როდესაც რუსეთი უკრაინაში შეიჭრა, გამოჩნდა, რომ რუსეთს არ შეუძლია დიდი ქალაქების აღება ომის დაწყებიდან სამი კვირის გასვლის შემდეგ, ამგვარი რისკი შედარებით შორეულია. დროის გასვლის შემდეგ, მოგვიანებით, თუ საქართველო კვლავ იქნება სუსტი, ეს რისკი გაიზრდება.
მე ვფიქრობ, რომ წინა ხელისუფლების პოლიტიკა რუსეთთან დაკავშირებით… ზოგჯერ იყენებდა იმაზე მეტ ანტირუსულ რიტორიკას, ვიდრე საჭირო იყო, მაგრამ როგორც ჩვენ ვიცით უკრაინის მაგალითიდან, თუ პუტინს სურს თავს დაესხას ქვეყანას, იგი ამას გააკეთებს.
უცხო ქვეყანაზე თავდასხმა კრემლის სურვილზეა დამოკიდებული. უკრაინა არაფერს აკეთებდა რაიმე განსხვავებულს. პუტინმა შეარჩია ეს დრო თავდასხმისთვის. ის, სავარაუდოდ, მიზნად ისახავდა ქვეყნის სრულიად ოკუპაციას, თუმცა შესაძლოა, მათ ეს ვერ მოახერხონ.
ფიქრობთ, რომ უკრაინის შემდეგ საქართველოზე მიდგებ აჯერი?
ეს აუცილებელი არ არის. არსებობს ბევრი საკითხი, სადაც რუსეთი ეწინააღმდეგება დასავლეთს, მათ შორის სირია, ლიბია, მოლდოვა. ბალტიკური სახელმწიფოები არიან მუდმივი გაღიზიანების საბაბი რუსეთისთვის. მე ვფიქრობ, არსებობს ბევრი საფრთხე, რაც დამოკიდებულია რუსეთზე, თუ სად მიმართავს მას.
ვფიქრობ, ქვეყნებს, რომლებიც ცდილობენ, როგორც ეს უკრაინამ გააკეთა, აჩვენონ, რომ მათი დაპყრობა ადვილი არ არის, უფრო მეტად შეუძლიათ რუსული თავდასხმის თავიდან აცილება.
თუ უკრაინაზე თავდასხმა რუსეთისთვის იქნება მარცხის მომტანი, მას ნამდვილად დასჭირდება ერთგვარი „წარმატებული ისტორია“, ეს კი ნამდვილად დიდი საფრთხეა საქართველოსთვის. სამწუხაროდ, გეოგრაფია და წარსული გამოცდილება ადვილს ხდის საქართველოს დაპყრობას, თუ მას არ ექნება საგარეო მხარდაჭერა. ამიტომ ეს არის ერთ-ერთი შემთხვევა, რომელშიც საქართველოს დიდი საფრთხე ემუქრება.
საქართველოს საფრთხე ემუქრება უკრაინაში [პუტინის] როგორც წარმატების, ისე წარუმატებლობის შემთხვევაში.
ამ სცენარებზე საუბარს ისევ დავუბრუნდებით, მანამდე კი მაინტერესებს, რას ფიქრობთ, როგორ უნდა რეაგირებდეს სახელმწიფო და საზოგადოება ამ საფრთხეებზე?
ვფიქრობ, რომ საზოგადოებას სჭირდება „გამოღვიძება“ ამ საფრთხეების აღსაქმელად.
პოლიტიკურმა პარტიებმა, როგორც ეს სალომე ზურაბიშვილმა განაცხადა, გვერდზე უნდა გადადონ განსხვავებები და თვალი ერთად უნდა გაუსწორონ იმ საფრთხეს, რომლის წინაშეც ქვეყანაა.
ვფიქრობ, თუ მთავრობას სურს, რომ დარჩეს ხელისუფლებაში, მან ანგარიში უნდა გაუწიოს საზოგადოების მოთხოვნებს უკრაინისთვის სოლიდარობის გამოცხადებასთან დაკავშირებით.
ამ ყოველივეზე სერიოზული პასუხი იქნებოდა თავდაცვის ბიუჯეტის გაზრდა და დასავლეთის სახელმწიფოებთან შეთანხმებების გაფორმება იარაღის მიღების შესახებ. მე ვფიქრობ, რომ ეს აბსოლუტურად შესაძლებელია.
საპირისპიროდ შეიძლება ითქვას, რომ საქართველომ ერთგვარი იზოლაციონალიზმის პოლიტიკა აირჩია ომის თავიდან ასაცილებლად. უარი თქვა სანქციებზე, მეტიც, პრემიერმა განაცხადა, რომ სანქციები არ მუშაობს. ამას კრიტიკა მოჰყვა როგორც ქვეყნის შიგნით, ასევე დაიძაბა ურთიერთობები კიევთანაც, რომელმაც თბილისიდან ელჩი გაიწვია. რამდენად ადეკვატურად პასუხობს თბილისის ეს პოზიცია ომის თავიდან აცილების ან თავდაცვის მიზანს?
როგორც უკრაინის მაგალითი აჩვენებს, პუტინი იპყრობს იმ ქვეყნებს, რომელიც მას სურს და ამისთვის იყენებს ისეთ ცინიკურ ბრალდებებს, როგორიცაა რუსულად მოლაპარაკე მოსახლეობის გენოციდი დონეცკსა და ლუგანსკში.
მას ამგვარი ბრალდების წაყენება საქართველოს წინააღმდეგაც ნებისმიერ დროს შეუძლია.
როგორც ვთქვი, საქართველოს მთავრობისთვის მნიშვნელოვანია ის, რომ გამოუცხადოს დაუმორჩილებლობა რუსეთს, მაგრამ გაიაზროს ის საფრთხეები და გადადგას დაუყოვნებლივი ნაბიჯები ამ საფრთხეებთან გასამკლავებლად.
მინდა დასავლეთზეც გკითხოთ. უკრაინაში მიმდინარე მოვლენებში დასავლეთი, მართალია, გარკვეულ შეიარაღებას აწვდის კიევს, თუმცა თავს იკავებს, მაგალითად, თვითმფრინავების გადაცემისგან, რადგან, როგორც ნატოს ლიდერები აცხადებენ, ეს ნატოს ომში ჩართვად შეფასდება. რა არის ის წითელი ხაზი, რომლის შემდეგაც ნატო უფრო ღიად, თამამად დაეხმარება უკრაინას, არსებობს თუ არა ასეთი წითელი ხაზები?
ვფიქრობ, რომ აშშ-ისა და ევროპული სახელმწიფოების ნაწილის მიერ თვითმფრინავების გადაცემაზე უარის თქმა იყო სასაცილო. თვითმფრინავების გადაცემა აბსოლუტურად თანხვედრაშია საერთაშორისო სამართალთან.
რეალურად, რუსები არ აღიარებენ, რომ ისინი ომს აწარმოებენ უკრაინაში, შესაბამისად, (თვითმფრინავების მიწოდება ომისას) არ იქნებოდა საერთაშორისო სამართლის დარღვევა. თუ უკრაინა მოიწვევდა ნატოს ძალებს ქვეყნის დასავლეთ ტერიტორიაზე, ესეც აბსოლუტურად ამ სახელმწიფოების უფლება იქნებოდა.
პოტენციურად ქიმიური ან ბიოლოგიური იარაღის გამოყენება, არის ასეთი წითელი ხაზი, რასაც მოჰყვება მნიშვნელოვანი პასუხი დასავლეთისგან.
ეჭვგარეშეა, რომ იქნება სერიოზული ძალისხმევა დასავლური სახელმწიფოების მხრიდან, უფრო სერიოზული, ვიდრე ახლაა, რათა დაეხმარონ უკრაინას გადარჩეს.
დასავლეთი იმავეს გააკეთებს საქართველოს შემთხვევაშიც?
ვფიქრობ, რომ კი. კონკრეტულად კი იმიტომ, რომ დასავლეთმა იცის, რა შეცდომა დაუშვა საქართველოს შემთხვევაში 2008 წელს და უკრაინაში 2014-ში.
ბევრის აზრით, რაც ხდება ახლა უკრაინაში, არ მოხდებოდა, თუ უკრაინა და საქართველო იქნებოდნენ ნატოში გაწევრიანების აქტიურ პროცესში.
დარწმუნებული ვარ, რომ თუ საქართველოს მთავრობის პოლიტიკა არ იქნება სულელური, ნატოს მხრიდან იქნება გაცილებით უფრო დიდი, გამოკვეთილი მხარდაჭერა საქართველოზე ნებისმიერი თავდასხმის დროს, ვიდრე ეს იყო 2008-ში.
უკრაინაში მოვლენების განვითარების რა სცენარები არსებობს და როგორ აისახება თითოეული საქართველოზე, მათ შორის, რა მოხდება უკრაინაში რუსული წარმატების ან წარუმატებლობის შემთხვევაში.
მანამ, სანამ რუსეთი მოახდენს მისი რეზერვების მობილიზებას, რუსეთის წარმატების მიღწევის შანსები შეზღუდულია, რადგან ახლა რაც შეუძლიათ, არის მხოლოდ ქალაქებზე თავდასხმა და დაზიანება შორი დისტანციიდან, როგორც ამას ახლა აკეთებენ.
რუსებს არ აქვთ რესურსები მთლიანი ქვეყნის ოკუპირებისთვის და მოწინააღმდეგესთან პარტიზანულ ბრძოლაში ჩართვისთვის. უკრაინაში პარტიზანული ომი რუსეთს ხელ-ფეხს შეუკრავს წლების განმავლობაში.
საქართველო შეიძლება გახდეს უკრაინაში შექმნილი ამგვარი ვითარების მსხვერპლი, რადგან შესაძლოა, პუტინს დასჭირდეს წარმატება და საქართველო აღმოჩნდეს ადვილი საკბილო, რადგან მას ჰყავს უფრო მცირე მოსახლეობა, უფრო იზოლირებულია გეოგრაფიულად და შესაძლოა უფრო მარტივად დამარცხდეს.
ასევე, შესაძლოა, ოლიგარქები ჩამოშორდნენ პუტინს, რომელმაც უდიდესი შეცდომა დაუშვა (უკრაინაში შეჭრით). იგი არ მართავს იმგვარად ორგანიზებულ საზოგადოებას, როგორც ეს სტალინის დროს იყო.
კიდევ ერთი შესაძლებლობაა, რომელიც შეიძლება არ მოხდეს ახლა, მაგრამ დასაშვებია, რომ მოხდება მომავალში, არის ერთგვარი რევოლუცია რუსეთში. ეს სცენარი კარგია საქართველოსთვის, რადგან ნებისმიერი ახალი მმართველი, რომელიც შეეცდება ქვეყნის დემოკრატიზაციას, პირველ რიგში ამას საგარეო პოლიტიკიდან დაიწყებს. არ არის პოპულარული აზრი, რომ რუსეთში რევოლუცია მოხდება, თუმცა ეს შესაძლებელია.
ფეირბანკსი არის საბჭოთა და პოსტსაბჭოთა სისტემების პროფესორი ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტში.
ასევე, უფროსი მკვლევარი ჰუდსონის ინსტიტუტში, ვაშინგტონი. ის იყო საერთაშორისო ურთიერთობების მკვლევარი პროფესორი ჯონ ჰოპკინსის უნივერსიტეტში და ცენტრალური აზიის-კავკასიის ინსტიტუტის დირექტორი. ასევე იყო აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის ასისტენტ-მდივნის მოადგილე და დეპარტამენტის პოლიტიკის დაგეგმვის გუნდის ნაწილი. ის ასევე იყო რეიგანის 1980 წლის კამპანიის და ბუშის 1988 წლის კამპანიის მრჩეველი საგარეო პოლიტიკის საკითხებში. ფეირბანკსს ასევე უმუშავია პოლიტიკის მეცნიერებების იელის უნივერსიტეტისა და ტორონტოს უნივერსიტეტის ფაკულტეტებზე.








