მიხეილ სააკაშვილის განცხადებით, შიმშილობას წყვეტს.
ამის შესახებ მსჯავრდადებულმა ექსპრეზიდენტმა განცხადება საკუთარ ფეისბუკ გვერდზე გაავრცელა. მიხეილ სააკაშვილის თქმით, ეს გადაწყვეტილება იმ ქართველი მებრძოლების თხოვნის შემდეგ მიიღო, რომლებიც 2014 წლიდან უკრაინაში იბრძვიან.
სააკაშვილის თქმით, იგივე თხოვნა ესმის უკრაინის უმაღლესი მთავარსარდლობის წარმომადგენლებისგანაც, რომლებთანაც, მისი თქმით, მუდმივ კონტაქტზეა:
„მოვლენები ვითარდება ზუსტად ისე, როგორც წლების წინ ვიწინასწარმეტყველე. რუსეთის იმპერია სულს ღაფავს ჩემი ყველაზე საყვარელი ქალაქის, კიევის მისადგომებთან. გმირი უკრაინელი ხალხი, მთავარსარდალ ვოლოდიმირ ზელენსკის მეთაურობით, ამ ეპოქალურ ომს იგებს. მსოფლიო ჩვენ თვალწინ იცვლება. კიევი საქართველოსთვის ახალი კონსტანტინოპოლი და ამჟამად თავისუფალი სამყაროს დედაქალაქია და ის აუცილებლად გაუძლებს.
ამ სიტუაციაში ჩვენ, როგორც არასდროს, გვჭირდება ერთიანობა და მომზადება.
იმ დროისთვის, როცა სიმართლის მომენტი დადგება, ჩემთვის სოხუმის მშვიდობიანი დაბრუნების გზა გადის კიევზე, საქართველოს გათავისუფლება და აყვავება გადის კიევზე. ახლა ჩვენ გვჭირდება არა დასუსტება, არამედ ძალის მოკრება, რომელიც მალე ძალიან გამოგვადგება. ეს შემეხება მეც.
მივიღე წერილი იმ ქართველი მებრძოლებისგან, რომლებიც 2014 წლიდან იცავენ უკრაინას, რომლებითაც ძალიან ვამაყობ და მათთან ვმეგობრობ. ისინი მთხოვენ, შევწყვიტო შიმშილობა და რაც შეიძლება სწრაფად, ძალების სრული მოკრებით ჩავერთო ბრძოლაში. იგივე თხოვნა მოდის უკრაინის უმაღლესი მთავარსარდლობის წარმომადგენლებისგან, რომლებთანაც მუდმივ კონტაქტზე ვარ“, – ამბობს მიხეილ სააკაშვილი.
გამომდინარე აქედან, სააკაშვილის თქმით, შიმშილობის მე-20 დღეს პროტესტის ამ ფორმას შეწყვეტს, რადგანაც მიიჩნევს, რომ ახლა სიძლიერე და სრული მობილიზაციაა საჭირო:
„ამიტომ, მე-20 დღეს მე შევწყვეტ შიმშილობას. ახლა გვჭირდება საღი აზრი, ჯანმრთელობა და სრული მობილიზაცია, სიძლიერე სისუსტის ნაცვლად. ჩვენ გამარჯვებას სრულ მზადყოფნაში უნდა შევხვდეთ“ ,- ამბობს სააკაშვილი.