კომენტარი

გინდა, სააკაშვილის გზა აირჩიო და ცხოვრება ჰალსტუხის ღეჭვაში გაატარო? — კადიროვი ზელენსკის

5 მარტი, 2022 • 8410
გინდა, სააკაშვილის გზა აირჩიო და ცხოვრება ჰალსტუხის ღეჭვაში გაატარო? — კადიროვი ზელენსკის

რუსეთის ფედერაციაში შემავალი ჩეჩნეთის რესპუბლიკის პრეზიდენტი რამზან კადიროვი უკრაინის პრეზიდენტს, ვოლოდიმირ ზელენსკის მოუწოდებს, ძალაუფლება ვიქტორ იანუკოვიჩს გადააბაროს. ტელეგრამზე გამოქვეყნებულ ტექსტში ის ასევე ახსენებს საქართველოს ყოფილ პრეზიდენტს, მიხეილ სააკაშვილს.

ხსენებულ მიმართვაში კადიროვი ზელენსკიზე ისე საუბრობს, როგორც გაქცეულ პრეზიდენტზე, მიუხედავად იმისა, რომ აღნიშნული ცნობა ფაქტებით არ დასტურდება. უკრაინის პრეზიდენტმა არაერთი ვიდეო გამოაქვეყნა, რომელთა თანახმადაც ის ამჟამადაც კიევში რჩება.

“და მაინც, არ არის გვიანი, რომ სახე შეინარჩუნო და ღირსეულად განვლო დარჩენილი ცხოვრება. ნუ შეურაცხყოფ ხალხს. დაბრუნდი, ვოლოდიმირ! მართლა გინდა, აირჩიო სააკაშვილის გზა და დარჩენილი დრო შიშისგან ჰალსტუხის ღეჭვაში გაატარო? არ არის საუკეთესო ვარიანტი…” — წერს ის.

ამის შემდეგ რუსეთის ფედერაციაში შემავალი რესპუბლიკის ლიდერი ახსენებს ვიქტორ იანუკოვიჩს — უკრაინის ყოფილი პრეზიდენტს, რომელიც 2013-2014 წლების მასობრივი ანტისამთავრობო აქციებით გადააყენეს.

კადიროვის სიტყვებით, ზელენსკის, როგორც პრეზიდენტს არ მიმართავს, ვინაიდან “კანონის მიხედვით” ასეთად ისევ იანუკოვიჩი რჩება.

“მოგმართავთ არა როგორც პრეზიდენტს, ვინაიდან პრეზიდენტი, როგორც ასეთი, უკრაინისთვის დღემდე არის ვიქტორ იანუკოვიჩი. აი, მას, ლეგიტიმურ პრეზიდენტს გადაეცით [ძალაუფლება] და მიენდეთ იღბალს”.

უკრაინაში უკვე იბრძვიან კადიროვის მიერ გაგზავნილი ჯგუფები. უკრაინული მხარე პერიოდულად ავრცელებს ინფორმაციას განადგურებული კადიროველების შესახებ.კადიროვების კლანი რუსეთ-ჩეჩნეთის პირველ ომში, სხვა ჩეჩნური ჯგუფების მსგავსად, რუსეთის წინააღმდეგ იბრძოდა, მაგრამ მეორე ომისას, კადიროვები რუსეთის მხარეს გადავიდნენ.საპირისპიროდ, უკრაინის მხარეს იბრძვის ჩეჩენთა ბატალიონი, რომელიც ჩეჩნეთის პირველი პრეზიდენტის, ჩეჩენი ხალხის დამოუკიდებლობისთვის მოძრაობის ლიდერის, ჯოხარ დუდაევის სახელს ატარებს.

მასალების გადაბეჭდვის წესი