კომენტარი

უკრაინას არ დაავიწყდება საქართველოს მთავრობის ქმედებები – კაკაჩია ელჩის გაწვევაზე

1 მარტი, 2022 • 1671
უკრაინას არ დაავიწყდება საქართველოს მთავრობის ქმედებები – კაკაჩია ელჩის გაწვევაზე

საქართველოს პოლიტიკის ინსტიტუტის დირექტორის, პოლიტიკის მეცნიერის, კორნელი კაკაჩიას განცხადებით, უკრაინის მიერ საქართველოდან ელჩის გაწვევა არის გამოხატულება იმისა, რომ კიევი არ არის კმაყოფილი საქართველოს დამოკიდებულებით. ასევე, ეს არის ქართული დიპლომატიის ჩავარდნა.

„ვფიქრობ, ელჩის გაწვევა მოსალოდნელიც იყო, გამომდინარე იქიდან, თუ რა ურთიერთობა დამყარდა საქართველოსა და უკრაინას შორის, განსაკუთრებით- ირაკლი ღარიბაშვილის პრემიერ-მინისტრობის დროს. ფაქტობრივად, ძალიან დაბალ დონეზე დაეშვა [ურთიერთობები] და ვერ მოხერხდა ურთიერთობების დალაგება, პირიქით, საქართველო, რომელიც დღეს უნდა ყოფილიყო უკრაინის ყველაზე მტკიცე მხარდამჭერი, საერთოდ მოიაზრება, როგორც გაუგებრობის ზონაში მოხვედრილი ქვეყანა, რომლის ფასიც უკრაინისთვის არის აბსოლუტურად გაუგებარი“, – უთხრა კორნელი კაკაჩიამ ნეტგაზეთს.

შეკითხვაზე, იმ დროს, როდესაც უკრაინაში ომის ფონზე საუბარია, მათ შორის, საქართველოსთვის ევროინტეგრაციის შესაძლებლობების ფანჯრის არსებობაზე, როგორ აისახება საქართველოს მთავრობის ბოლოდროინდელი რიტორიკა და კიევის მიერ ელჩის გაწვევა, კაკაჩია პასუხობს, რომ ეს მოვლენები აუცილებლად ცუდად იმოქმედებს.

„რა თქმა უნდა, ცუდად აისახება. შესაძლებლობების ფანჯარა იხსნება. შესაძლოა, ეს არ იყოს წევრობა, თუმცა საუბარია კანდიდატობაზე. საქართველო ფანჯრიდან კი არ უნდა შეძვრეს, არამედ მას უნდა ჰქონდეს მორალური უფლება, რომ უკრაინასთან დადგეს. სწორედ ამას უქმნის საფრთხეს პრემიერ-მინისტრის [ღარიბაშვილი] განცხადებები.

ყველა მოელოდა, რომ საქართველო მხარს დაუჭერდა უკრაინას და, რა თქმა უნდა, მორალური პრობლემა დგება“, – განაცხადა კორნელი კაკაჩიამ.

მისი განცხადებით, უკრაინელებს არასოდეს დაავიწყდებათ საქართველოს მთავრობის ქმედებები.

„საქართველო, მოლდოვა და უკრაინა, როგორც ასოცირებული ტრიო, ერთად განიხილებოდა.

ღმერთმა ქნას, რომ იქ ყველაფერი კარგად დასრულდეს. თუ იქ ხელისუფლება შენარჩუნდა და საქართველოს მთავრობაში იგივე ხალხი იქნება, ამის გამოსწორება შეუძლებელი იქნება, რადგან, როგორც უკრაინას არ დაავიწყდება ბელარუსის ქმედება, ასევე არ დაავიწყდება საქართველოს ხელისუფლების მოქმედებები.

მეგობარი გასაჭირში იცნობა. საქართველოდან არავინ მოელოდა სამხედრო დახმარებას, უბრალოდ მოლოდინი იყო იმ ელემენტარულისა, რისი გაკეთებაც საჭირო იყო“, – აცხადებს იგი.

უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ დღეს საქართველოდან “მოხალისეების არგაშვებისა და სანქციებთან დაკავშირებით ამორალური პოზიციის გამო”, ელჩი გაიწვია.

მასალების გადაბეჭდვის წესი