კომენტარისაზოგადოება

რა განაპირობებს გერმანიის პოზიციას უკრაინასთან დაკავშირებით – ინტერვიუ შტეფან მაისტერთან

17 თებერვალი, 2022 • 2417
რა განაპირობებს გერმანიის პოზიციას უკრაინასთან დაკავშირებით – ინტერვიუ შტეფან მაისტერთან

რა პოზიცია უჭირავს გერმანიას რუსეთსა და უკრაინას შორის მიმდინარე კრიზისის დროს და რითია განპირობებული ეს პოზიცია? ამ და სხვა კითხვებზე პასუხისთვის ნეტგაზეთი “საერთაშორისო ურთიერთობების გერმანული საბჭოს” საერთაშორისო წესრიგისა და დემოკრატიის პროგრამის ხელმძღვანელს, შტეფან მაისტერს ესაუბრა.

უკრაინის კრიზისის პარალელურად, ანალიტიკოსების ნაწილს, მათ შორის უკრაინაშიც, აქვს განცდა, რომ გერმანია, განსხვავებით ამერიკის შეერთებული შტატებისა და მისი ევროპელი მოკავშირეებისგან, შედარებით ნაკლებად კრიტიკულია რუსეთის მიმართ. ასევე გვახსოვს, რომ გერმანიამ სხვა ქვეყნებს არ მისცა უფლება, გერმანული იარაღი უკრაინისათვის მიეწოდებინათ. როგორ შეიძლება დახასიათდეს გერმანიის დამოკიდებულება მოცემულ მომენტში და რა განაპირობებს ამას?

მე ვფიქრობ, რომ ეს კომპლექსური საკითხია. გერმანული საზოგადოება გაყოფილია იმასთან დაკავშირებით, თუ როგორი უნდა იყოს დამოკიდებულება რუსეთისა და უკრაინის შემთხვევაში, როგორი უნდა იყოს დამოკიდებულება ზოგადად ომის მიმართ.

ეს დაყოფა აისახება მმართველ ელიტებსა და მათ შორის, მმართველ კოალიციაზეც. არსებობს აზრთა სხვადასხვაობა არა მხოლოდ პარტიებს შორის, არამედ, პარტიებს შიგნითაც. მაგალითისთვის, მწვანეთა პარტიაში არიან ადამიანები, რომლებიც ამბობენ, რომ არ სურთ იარაღის მიწოდება უკრაინისთვის, რომ ეს ძალიან პრობლემატური საკითხია, მათ შორის ისტორიიდან გამომდინარე, და გერმანიამ არ უნდა მოახდინოს პროვოცირება. ასევე არიან ადამიანები სოციალ-დემოკრატიულ პარტიაში, რომელთაც აქვთ Ostpolitik-ის (პოლიტიკური დოქტრინა 1969-1974 წლების დასავლეთ გერმანიაში, რომელიც აღმოსავლეთ გერმანიასთან და სოციალისტური ბანაკის სხვა სახელმწიფოებთან დაახლოებას გულისხმობდა) ან რუსეთთან ჩართულობის პოლიტიკის მემკვიდრეობა.

გერმანიის ამჟამინდელ მთავრობას რუსეთის საკითხის ირგვლივ შეჯერებული მიდგომა ჯერ არ აქვს შემუშავებული.

მთავრობა გაყოფილია, თუ როგორ უნდა გაუმკლავდეს რუსეთს. ოლაფ შოლცი ძალიან ფრთხილობს, როცა რაიმეს ამბობს, რადგან ამან შეიძლება, გამოიწვიოს გარკვეული დაყოფა მის პარტიაში და შეიძლება იყოს არაპოპულარული გერმანულ საზოგადოებაში.

პარლამენტში წარმოდგენილ მწვანეთა პარტიაში ძალიან ცოტა ადამიანია საგარეო ურთიერთობების ექსპერტი. თავად კანცლერი ყოფილი ფინანსთა მინისტრია. ის არ არის საგარეო ურთიერთობებიდან ან უსაფრთხოებიდან მოსული პოლიტიკოსი. შესაბამისად, ცოდნისა და გამოცდილების ნაკლებობაა არა მხოლოდ უმაღლეს დონეზე, არამედ, პარტიებშიც.

სხვა საკითხია, რომ გერმანიაში ფიქრობენ, თუ ჩვენ იარაღს უკრაინას მივაწვდით, მიუხედავად იმისა, რომ ეს საზოგადოებაში არაპოპულარული ნაბიჯია, ეს ასევე იქნება ცუდი, რადგან აღარ შეგვეძლება მოლაპარაკება რუსეთთან, რადგან გავხდებით კონფლიქტის მხარე, უკრაინის სასარგებლოდ.

თუ გვინდა, რომ მოვილაპარაკოთ რუსეთთან და  წარმოვადგენდეთ ნეიტრალურ პლატფორმას, უფრო სწორად, რუსეთი გვაღიარებდეს ასეთად, ფიქრობენ, რომ უმჯობესია, თუ იარაღს არ მიაწვდიან უკრაინას.

თუმცა საქმე მხოლოდ იარაღის მიწოდებას არ ეხება. ამ შემთხვევაში, შეგვიძლია გერმანია მოვიაზროთ დასავლური ძალების ერთ-ერთ წევრად, ან სულაც ამ ერთობის ერთ-ერთ ლიდერად, თუ ის ცდილობს დარჩეს ერთგვარ „კომფორტის ზონაში“ (არ იყოს ხისტი რუსეთის მიმართ), მათ შორის იმ ენერგოპროექტების გამო, რომელსაც რუსეთი და გერმანია ერთობლივად ახორციელებენ?

პრობლემა ისაა, რომ შოლცს არ სურდა გამკლავებოდა რუსეთ-უკრაინის კრიზისს. მან უკან გადადგა ნაბიჯი და აკვირდებოდა ვითარებას.

ვფიქრობ, ეს ამ მთავრობის პრობლემაა, რადგან გერმანიაში არავინ წარმართავს პოლიტიკას რუსეთის შესახებ, ასევე, ლიდერობის პრობლემაა ევროპაშიც. ემანუელ მაკრონს არ შეუძლია იყოს ლიდერი. შოლცი გაემგზავრა მოსკოვში, გააკეთა ზოგიერთი კარგი განცხადება, მაგრამ მაინც არ სურს, რეალურად მართლაც გაუძღვეს პროცესებს და წავიდეს რისკზე. ის გრძნობს, რომ შეიძლება დამარცხდეს, თუ ძალიან შორს წავა. ეს კი ევროპას ასუსტებს, მათ შორის რუსეთთან მოლაპარაკებებისას.

თქვენ მართალი ხართ, ეს ეხება ენერგეტიკასაც. ამჟამად გერმანია თავისი გაზის 55 პროცენტს რუსეთისგან იღებს. არსებობს დივერსიფიცირების პრობლემა. ეს წინა მთავრობის ჩავარდნაა. ახლა კი ძალიან სახიფათოა, გაზის ფასების გათვალისწინებით, რუსეთთან დიდ კონფლიქტში შესვლა.

ჩვენ ასევე გავყიდეთ გაზის მარაგები. 2015-ში, მერკელის დროს, გაზის ყველაზე დიდი საცავი გაზპრომს მივყიდეთ. ესეც ძალიან დიდი სტრატეგიული შეცდომა იყო.

უკრაინის კრიზისის პარალელურად, ჩვენ ვნახეთ შოლცის განცხადება, რომ ნატოს გაფართოება დღის წესრიგში არ არის. რა იმალება ამ სიტყვების უკან, ნიშნავს თუ არა ეს იმას, რომ გერმანია თანხმდება რუსეთის მოთხოვნებს?

შოლცი უბრალოდ ამბობდა, რომ ეს არ არის დღის წესრიგში. არ არის კონსენსუსი, რომ უკრაინა მზადაა მომდევნო წლების განმავლობაში [გახდეს ნატოს წევრი] და რუსეთი რატომ მოითხოვს რაიმეს, რაც რეალური არ არის.

ეს განცხადება პუტინისკენ იყო მიმართული, რომ მე არ მჯერა ნატოს აღმოსავლეთ გაფართოების შეწყვეტის შესახებ შენი მოთხოვნის, რადგან ეს მაგიდაზე არ არის.

ვფიქრობ, ეს იყო გაუგებრობა, როგორც გავრცელდა. განცხადებაში შოლცი უბრალოდ ბრალს სდებდა რუსეთს იმის მოთხოვნისთვის, რაც ისედაც არ იყო დღის წესრიგში.

დღეს ვხედავთ, რომ რუსული ძალების ნაწილი უკრაინის საზღვრიდან თავიანთ პირველად განლაგების ადგილებს დაუბრუნდნენ, მაგრამ დასავლური სახელმწიფოების განცხადებით, ეს დეესკალაცია არ არის და უკრაინის საზღვართან კვლავ რჩებიან რუსული ძალები. რას ცდილობს რეალურად რუსეთი ამ ნაბიჯით?

ის ცდილობს ივაჭროს.

რუსეთი იმიტირებს, თითქოს უკრაინის საზღვრიდან გაიყვანა ძალები, თუმცა, სინამდვილეში, კლავ უკრაინის საზღვრებთან ახლოს არიან. ჩვენ ასევე გვაქვს დუმის გადაწყვეტილება დონეცკისა და ლუგანსკის რესპუბლიკების აღიარების შესახებ.

რუსეთი ხან უკან, ხან კი წინ იმოძრავებს, რათა გაიუმჯობესოს სავაჭრო პოზიცია, მათ შორის ომის შესაძლებლობებით, მაგრამ რუსეთს შესაძლოა, რეალურად, ,ნამდვილად არ სურდეს ომი, რადგან ეს ძალიან ძვირი ჯდება.

ის ქმნის პანიკას, შემდეგ კი ცდილობს ზეწოლას ევროპაზე და იმედოვნებს, რომ სარგებელს მიიღებს ამ სტრატეგიით.

ეს არის შანტაჟის სტრატეგია. რუსეთი თამაშობს ჩვენს ემოციებზეც და ახორციელებს ზეწოლას, რათა (დასავლეთმა) უკრაინას განახორციელებინოს დათმობები დონბასთან დაკავშირებით.

კონკრეტულად რის მიღწევას შეიძლება ცდილობდეს რუსეთი, მათ შორის მინსკის შეთანხმების შესახებ აპელირებით?

მინსკის შეთანხმების მთავარი აზრი ისაა, რომ უკრაინაში ჩატარდეს არჩევნები და გადაწყდეს დონეცკისა და ლუგანსკის რესპუბლიკების მომავალი სტატუსი.

მთავარი მიზანი არის უკრაინის ფედერალიზაცია, იმ პირობით, რომ ამ რესპუბლიკებს ექნებათ ვეტოს უფლება კიევის ნებისმიერ გადაწყვეტილებაზე.

ამ გზით, რუსეთს ყოველთვის ექნება ვეტოს უფლება კიევის გადაწყვეტილებებზე, მათ შორის ნატოსა და ევროკავშირის წევრობის შესახებ და სხვა საგარეო პოლიტიკის საკითხების თაობაზეც.

ამგვარად, რუსეთი ცდილობს უკრაინაზე ზეწოლას, რათა ჩატარდეს ეს არჩევნები, აღიარონ სეპარატისტები მოლაპარაკებებში თანასწორუფლებიან მხარედ და შემდეგ მიიღონ ქვეყნის ფედერალიზაციის გადაწყვეტილება.

მე ვფიქრობ, მოსკოვში გრძნობენ, რომ უახლოვდებიან ამას, რადგან საფრანგეთი და გერმანია, როგორც ჩანს, მოუწოდებენ ზელენსკის, რომ მიიღოს ზოგიერთი მოთხოვნა რუსეთის მხრიდან, მათ შორის ფედერალიზაციისა და დეცენტრალიზაციის შესახებაც. ეს ძალიან პრობლემურია, რადგან ეს იქნება მისთვის პოლიტიკური თვითმკვლელობის ტოლფასი.

რუსეთის კიდევ ერთი მიზანია, რომ უკრაინა გახდეს დისფუნქციური ქვეყანა.

პოლიტიკური თვითმკვლელობა არა მხოლოდ ზელენსკისთვის, არამედ უკრაინისთვისაც, რადგან ამ შემთხვევაში გეოპოლიტიკურად სრულიად რუსული გავლენის სივრცეში მოექცევა, რადგან მისი საგარეო გადაწყვეტილებები გაკონტროლდება… მაშინ, რა უნდა გააკეთოს დასავლეთმა, რათა დაიცვას ქვეყნები რუსული აგრესიისგან ან რუსული გავლენის სფეროში აღმოჩენისაგან. მეორე მხრივ, რა უნდა გააკეთონ ამ ქვეყნებმა, რომელთაც ეს საფრთხე ემუქრებათ?

ეს ხანგრძლივი თამაშია და სწრაფად არ დასრულდება. პუტინს სჭირდება მტერი და  ფიქრობს, რომ ახლა დასავლეთი სუსტია და მას შეუძლია მიიღოს ის სარგებელი, რასაც ადრე ვერ მიიღებდა.

ის იყენებს სამხედრო შესაძლებლობებს, ჰიბრიდულ საფრთხეებს, კიბერ-შეტევებს, რათა ეს ქვეყნები ზეწოლის ქვეშ ჰყავდეს. ასევე, ჩვენს საზოგადოებასა და გადაწყვეტილების მიმღებებზე გავლენა ჰქონდეს.

პირველ რიგში, ეს ყოველივე რეალობად უნდა ვცნოთ. ევროპაში კვლავ პრობლემაა, რომ არ ვაღიარებთ რუსეთის რეჟიმის მიზნებსა და სურვილებს.

დასავლეთმა ასევე უნდა გააძლიეროს სამხედრო შესაძლებლობები ისეთი ქვეყნების, როგორიცაა საქართველო და უკრაინა. მე ვფიქრობ, რომ ნებისმიერი რუსული თავდასხმის ფასი უნდა გაიზარდოს.

დასავლეთმა ასევე ღიად უნდა განაცხადოს, თუ რა ფასი ექნება რუსულ მოქმედებებს, იმ შემთხვევაშიც, თუ ეს ჰიბრიდული საფრთხეა, ან თუ ხილვადი არ არის. მე ვფიქრობ, რომ ამას საკუთარი ფასი უნდა ჰქონდეს.

რუსეთს დასავლეთი უნდა მოელაპარაკოს კიდეც ევროპის უსაფრთხოების შესახებ, მაგრამ ჩვენ ღიად უნდა განვსაზღვროთ, თუ სად გადის „წითელი ხაზები“.  არ ვარ დარწმუნებული, რომ ეს უკვე განსაზღვრული აქვს დასავლეთს.

დასავლეთმა არ უნდა მიატოვოს უკრაინისა და საქართველოს ტრანს-ატლანტიკურ ინსტიტუტებში ინტეგრაციის იდეა. ეს სტაბილურობისა და პროგრესის საკითხია და ასევე შედის ჩვენს ინტერესშიც.

რაც შეეხება ამ ქვეყნებს, ვფიქრობ, პირველ რიგში უნდა გააგრძელონ დემოკრატიული გარდაქმნები. დემოკრატიული წარმატების მაგალითები, ეს სწორედ ისაა, რის აღმოფხვრასაც ცდილობს რუსეთი საკუთარ სამეზობლოში.

მათ ასევე უნდა იბრძოლონ (ევრო-ატლანტიკური ორგანიზაციების) წევრობისთვის. შეიძლება ეს არარეალისტურია უახლოეს მომავალში, მაგრამ არაფერია სამუდამო.

მასალების გადაბეჭდვის წესი