კომენტარი

სოსო ცისკარიშვილი: ალასანიას ნაბიჯი პოლიტიკური მიამიტობის შედეგი იყო

1 მარტი, 2010 • 1198
სოსო ცისკარიშვილი: ალასანიას ნაბიჯი პოლიტიკური მიამიტობის შედეგი იყო

ირაკლი ალასანიას ”ალიანსის” ლიდერად დარჩენის თაობაზე, უკვე მოყვა განსხვავებული შეფასებები. ხალხის პარტიის ლიდერი კობა დავითაშვილი აცხადებს, რომ ალასანიამ ჯერ ერთი ნაბიჯი წინ და შემდეგ ორი ერთბაშად უკან გადადგა. ალიანსის წევრი მანანა ნაჭყებია ფიქრობს, რომ ალასანიამ მხოლოდ ახლა გაიაზრა ”სახელისუფლო ხაფანგში მოხვედის საფრთხე” და სწორი გადაწყვეტილება მიიღო. განსხვავებული პოზიცია აქვს პოლიტოლოგ სოსო ცისკარიშვილს, რომელიც ფიქრობს,რომ ალასანიას პოზიციები არ შუეცვლია, უბრალოდ  ის არ ”გაჯიუტდა” და  სწორი ნაბიჯის ძიებას აგრძელებს.

თქვენი აზრით, ირაკლი ალასანიას გადაწყვეტილების ცვლილება რით იყო განპირობებული?

ირაკლი ალასანიამ თავისი პოზიცია პირველად დააფიქსირა, მრავალთვიანი პასიურობის შემდეგ და ისეთი რეაქცია მიიღო პოლიტიკური სპექტრისგან, რომ სულაც არ მოერიდა მის გადახედვას.

 ჩვენ მრავალწლიანი გამოცდილება გვაქვს პოლიტიკოსების სიჯიუტის. ვნახეთ, რომ თურმე შეიძლება გვყავდეს პოლიტიკოსი, რომელიც სიუჯიტეს არ მიიჩნევს საკუთარი წარმატების სიმბოლოდ. თავისთავად, მისი პოზიცია არ გახლავთ ჯერ კიდევ საბოლოო.  გარემოში, რომელშიც ბატონი ალასანია ცდილობს სწორი ნაბიჯის მოძიებას, მრავალი მონაწილეა და ეს გარემო იქმნება კოლექტიური ძალისხმევით. ვგულისხმობ ოპოზიციურ სპექტრს.

ემოციურობით, რომლითაც ისინი დაესხნენ ალასანიას პოლიტიკურ ნაწილს, ისინი ქვეყანას ვერ მართავენ (ვგულისხმობ რესპუბლიკელებსა და მემარჯვენეებს). ვფიქრობ, ისინი უფრო თავდაჭერილნი უნდა იყვნენ პოლიტიკურ თემებზე საუბრისას, რადგან  თავადაც შეიძლება უხერხულ მდგომარეობაში ჩაჩავარდნე. ასე საუბარი შეიძლება პოლიტიკურ კლუბში, საღამოობით შეკრებისას.

თავისთავად ალასანიას მზაობა, რომ გაგრძლდეს მზაობა ერთიანი კანდიდატის შესარჩევად, სახეზეა.  თუ ამ ერთიანი კანდიდატის უკან არ მოიაზრება კონსერვატორები და ხალხის პარტია, ეს არ გახლავთ მთავარი უბედურება, მთავარია, რომ რაოდენობა პოლიტიკური მრავალფეროვნების შემქმნელი პარტიების იყოს უფრო მეტი და არა უფრო ნაკლები, ვიდრე ეს აღმოჩნდა ალიანსის სამი სუბიექტისთვის მიუღებლად, ალასანიას პირველი გადაწყვეტილების.

შეიცვალა თუ ალასანიას მიმართ საზოგადოების დამოკიდებულება?

გულწრფელობის ხარისხი და ღიაობა ამ ადამიანის, განსხვავებით მრავალწლიან პოლიტიკაში ჩაფლული პირებისგან, ეჭვს არ იწვევს. ის გულწრფელი იყო მაშინაც, როცა სურდა ყოფილიყო ღია დიალოგი განსხვავებული აზრის მქონე პოლიტიკოსებთან. მას ასეთი პირდაპირი დიალოგის არ შეეშინდა.
არ ვარ დარწმუნებული, რომ პროცესი დასრულდა. კინკლაობის მორიგი რაუნდი ისევ იქნება.
საკუთარ საიტზე ყველა პოლიტიკური პარტია მხოლოდ საკუთარი მხარდამჭერების აზრს ითვალისწინებს.

რა მიზანი ამოძრავებდა ალასანიას, როცა ის პოლიტიკურ პარტიებთან კონსულტაციებს იწყებდა?

ჩემი აზრით ეს პოლიტიკური მიამიტობის შედეგია, სურვილი იმისა, რომ მერობის კანდიდატს ცოტა ნაადრევად დაენახვებინა საკუთარი პოტენციური ამომრჩველისთვის, რომ ის არ იქნება მხოლოდ საკუთარი პოლიტიკური ძალის ლიდერი, მერად არჩევის შემთხვევაში. რომ მისთვის პოლიტიკური მისწრაფებები იქნება მეორეხარისხოვანი. ალასანიას ახალი ხედვა სწორედ ამაში მდგომარეობს. მისთვის მიუღებელი პოლიტიკური ძალაც კი წარმოადგენს ისეთ სუბიექტს, რომელსაც მისგან არ დააკლდება ყურადღება და თანაბარუფლებიანობის განცდა.

გადაწყვეტილება, პოლიტიკური პარტიებთან კონსულტაციების, ხომ არ იყო იმედი, რომ ალასანია თავად გახდებოდა ერთიანი კანდიდატი?

მას ეს იმედი ჰქონდა და ახლაც აქვს. მას ალიანსიდან გასვლა არა მგონია ნდომოდა.
ერთია პოზიციების შეთანხმება-არ შეთანხმება,  მეორეა დამოუკიდებელი პოლიტიკური ძალის ლიდერობა, მესამე არის კორექტულობა და კოლეგიალობა.

კოლეგიალობა და კორექტულობა და პოლიტიკური ალღო უნდა კარნახობდეს გამოცდილ პოლიტიკოსებს. დაპირისპირება ბევრად უფრო მარტივია ვიდრე პარტნიორობა.პირველი ეჭვი რაც ჩნდება, რომ პარტნიორობა ყოფილა არაბუნებრივი, ახლა ვფიქრობ ყველანი უხერხულ ვითარებაში უნდა იყვნენ.

ალასანიას დააკლდა შინაგანი თავისუფლების ხარისხის განცდა ალიანსის წევრებთან უერთიერთობაში, ვგულისხმობ, რომ დამოუკიდებელი პოლიტიკოსი ალასანია არ ჩანდა ამ თვეების განმავლობაში და ეს იყო მისი პირველი დამოუკიდებელი განცხადება, რომელმაც ასეთი რეაქცია გამოიწვია.

იყო თუ არა, ეს ალასანიას შეცდომა?

იცით, შეცდომა კი არა, ლაკმუსის ქაღალდის როლი ითამაშა ამ ნაბიჯმა. ეს რომ ყოფილიყო გრძელვადიან პერსექტივაზე გათვლილი  ნაბიჯი,ის არ შეცვლიდა პირველ გადაწყვეტილებას. მან მონახა თავის თავში ძალა, რომ აღედგინა ის სტატუს ქვო, რომელიც მას გააჩნდა, ცოტა ამჩატებულ მდგომარეობაში აღმოჩნდა ყველა სხვა, ვინც დაინახა საკუთარი პოლიტიკური პერსპერქტივის კრახი ასეთ ნაბიჯში.

მასალების გადაბეჭდვის წესი