კომენტარი

ერთიანობის “საიდუმლო”

24 თებერვალი, 2010 •
ერთიანობის “საიდუმლო”

ოპოზიცია დიდ გაერთიანებაზე ჯერ კიდევ მერის არჩევნების დანიშვნამდე საუბრობდა. თუმცა თარიღის მოახლოებასთან ერთად გაჩნდა პირობები _ “ყველას მინიუს ერთი” და სხვა. ორი დღის წინ კი ირაკლი ალასანიამ თავისი შეცვლილი პოზიცია ასე ჩამოაყალიბა – “კარი ყველასთვის ღიაა”. პოლიტიკურ ასპარეზს დაუბრუნდა ლევან გაჩეჩილაძეც და დღის წერიგში ალიანსის დაშლის საკითხიც დადგა. ვის აწყობს ალიანსის დაშლა, თუ ოპოზიციური გაერთიანება მაინც შედგება? _ წინასაარჩევნო საფრთხეებზე “ბათუმელებს” პოლიტოლოგი, რამაზ საყვარელიძე ესაუბრა.

ბატონო რამაზ, ვინ შლის ალიანსს – ალასანია თუ “რესპუბლიკელები” და “მემარჯვენეები”?

მე არ მიმაჩნია, რომ ალიანსი იშლება, თუნდაც იმ შემთხვევაში, თუ მის წევრებს სხვადასხვა პოზიცია უკავიათ რაღაც კონკრეტულ საკითხში. ოჯახის წევრებსაც აქვთ ხშირად განსხვავებული პოზიცია, მაგრამ ეს არ ნიშნავს, რომ ოჯახი დაიშლება. თუ იტყვიან, რომ ისინი ერთად აღარ არიან, ამის შემდეგ შეგვიძლია ვისაუბროთ დაშლაზე. საერთო ენის გამონახვა ყოველთვის შეიძლება. მგონია, პოზიციების ძიება მიდის, ალბათ, შიდა კამათიც ამასთან დაკავშირებით აქვთ.

თუ ალასანია გახდა ოპოზიციური გაერთიანების ერთიანი კანდიდატი, რა შანსები აქვს მას, როგორც პოლიტიკოსს?

მას აქვს შანსები, რომ გაიმარჯვოს თბილისში.

ოპოზიცას, ამ ეტაპზე, თბილისის მერად ექვსი კანდიდატი ჰყავს წარდგენილი. თუნდაც ორამდე რომ შემცირდეს მათი რაოდენობა, რამდენად შეძლებს ოპოზიცია გიგი უგულავასთვის კონკურენციის გაწევას და რამდენად რეალურია, რომ მათი რაოდენობა ერთამდე შემცირდეს?

 არჩევნებში ერთი კანდიდატის წარდგენა ალბათ შეიძლება, მაგრამ ეს არარეალურია, რადგან არსებობენ ეგრეთ წოდებული “არაპოლიტიკური მენეჯერების” კანდიდატურები, რომლებიც მესამე ფრთას წარმოადგენენ ამ არჩევნებში, ხელისუფლებისა და პოლიტიკური ოპოზიციის გვერდით. საარჩევნო ნუსხაში ისინი მაინც აღმოჩნდებიან. ასე რომ, ამომრჩეველს ორი ალტერნატივა არ ექნება. მაგრამ თუ ოპოზიციას ერთიანი კანდიდატი ეყოლება, ეს გაზრდის მის შანსებს.

 “რესპუბლიკელები” სახელისუფლებო ხაფანგზე საუბრობენ, რა უფრო დიდი ხაფანგია _ ოპოზიციის გაერთიანება პრორუსული ნოღაიდელის ჩათვლით, თუ ოპოზიციის დაშლა? როგორია ნოღაიდელის როლი ამ პროცესებში?

არამგონია, შიდა პოლიტიკურ პროცესებში ნოღაიდელს მნიშვნელოვანი როლი ჰქონდეს. მისი პოლიტიკური რეიტინგი ამის თქმის საშუალებას არ იძლევა. სხვათა შორის, მგონია, რომ რაიმე მნიშვნელოვანი როლი არც საგარეო პროცესებში აქვს.

ნოღაიდელი ოპოზიციისთვის განხეთქილების ვაშლი აღმოჩნდა. ქართულ მედიაში წერენ, რომ ის პრეზიდენტის საქმეს აკეთებს. რამდენად რეალურია ნოღაიდელის ეს ფუნქცია?

 წესით ეს პრეზიდენტის დავალება არ უნდა იყოს, მაგრამ მეორე მხრივ, რა მდგომარეობაშიც არის ქართულ-რუსული ურთიერთობები, ხელისუფლებას უნდა აწყობდეს ასეთი ხიდის არსებობა. ეს, როგორც რესურსი, შეიძლება მომავალში რაღაცაში გამოადგეს. თუ ნოღაიდელი იქცა ოპოზიციის განხეთქილების ვაშლად, ესეც ხელისუფლების სასარგებლოდ ნოღაიდელის გამოყენებაა. თუმცა ვერ ვხედავ, რომ ეს რეალურია. ორივე მხარეს ბევრი მოტივი ჰქონდა, ერთმანეთის მიმართ შეურიგებელი რომ ყოფილიყო. ვიმეორებ, შეიძლება ალიანსი არ არსებობდეს, მაგრამ გაწყობდეს პროცესი, რომელიც იმას მიჰყავს, ვისთანაც შენ არ ლაპარაკობ. წესით, საქართველოში ვინც არ უნდა იყოს ხელისუფლებაში, ყველას უნდა აწყობდეს იმ მხარესთან დამლაპარაკებელი მოიძებნოს, რომელთან ლაპარაკიც თვითონ არ შეუძლია.

 ცოტა ხნის წინ  ალასანია ლავროს შეხვდა. მის ბოლო გადაწყვეტილებაზე ამას გავლენა რამდენად შეეძლო მოეხდინა?

 ამ ტიპის დეტალები საგარეო საქმეთა მინისტრთან შეხვედრის დონეზე, როგორც წესი, არ გაირჩევა. ეს ტექნიკური დეტალია, რომელიც, რომც შედიოდეს რუსების ინტერესებში, სხვა ფორმატში უნდა შეატყობინოს ქართულ პოლიტიკურ წრეებს. თანაც არამგონია, რუსეთი ასე ყურადღებით ადევნებდეს თვალს თბილისის მერის არჩევნებს.

თუ ალიანსი დაიშლება, რა შედეგს მოიტანს ეს პოლიტიკურად ოპოზიციისთვის და რამდენად იმოქმედებს არჩევნების შედეგებზე?

 უფრო ნაკლები მხარდამჭერი ეყოლება ოპოზიციას, ვიდრე ჰყავს თითოეულ წევრს _ ქართულ ელექტორატს დაშლა არ უყვარს. პოლიტიკური შედეგები კი ის იქნება, რომ ოპოზიცია დაკარგავს ხმების გარკვეულ რაოდენობას.

თუ ლევან გაჩეჩილაძე გახდება ოპოზიციის ერთიანი კანდიდატი, ეს ოპოზიციის მხრიდან ერთსა და იმავე მდინარეში ორჯერ შესვლას ხომ არ ნიშნავს?

 ერთსა და იმავე მდინარეში პოლიტიკოსები ხშირად შედიან. თუ ლევან გაჩეჩილაძე შევა გაერთიანებაში, ეს სერიოზული განაცხადი იქნება მისი მხრიდან. იმ გზაზე დადგებიან, რომლის ფინიშზე იგივე არჩევნები იქნება მოსალოდნელი, რაც მან უკვე გაიარა.

ამ ქვეყანაში მუდმივად საუბრობენ ოპოზიციის გაერთიანების მნიშვნელობაზე, მაგრამ ოპოზიცია, ძირითადად, იმას ახერხებს, რომ ყველა არჩევნების წინ ამაზე კამათობს. რატომ ხდება ეს?

წარმოვიდგინოთ ამოცანა – ყველა ჟურნალისტი უნდა გაერთიანდეს. მოახერხებთ ამას? გაგიჭირდებათ. საერთოდ, ყველა ტიპის გაერთიანება იმიტომაა რთული, რომ სხვადასხვა პოზიციის მქონე ადამიანები უნდა გაერთიანდნენ. პოზიციები თუ არ აერთიანებთ, ისე რა აზრი აქვს მათ ერთად ყოფნას. პოზიციის მარტო იმიტომ დათმობა, რომ არიქა, გავერთიანდეთ, არავის უნდა.

მასალების გადაბეჭდვის წესი