კომენტარი

სოზარ სუბარის მიმართვის სრული ტექსტი

23 თებერვალი, 2010 • 2202
სოზარ სუბარის მიმართვის სრული ტექსტი

 სოზარ სუბარი ,  „ალიანსი საქართველოსთვის“ თანათავმჯდომარე:

სამწუხაროდ, ქვეყანაში არ ვიმყოფები, თუმცა, გულდასმით ვადევნებ თვალს მიმდინარე პროცესებს და აუცილებლად მიმაჩნია გამოვხატო ჩემი პოზიცია შექმნილ ვითარებასთან დაკავშირებით.

სრულად ვიზიარებ  „ახალი მემარჯვენეების“ და „რესპუბლიკელების“  პოზიციას თბილისის მერის ერთიანი კანდიდატის შესარჩევად პრაიმერის დაუშვებლობის თაობაზე.

„ალიანსი საქართველოსთვის“ ყოველთვის ესწრაფვოდა ერთობას. სწორედ ეს იყო ჩემთვის მიმზიდველი, როცა ალიანსს შევუერთდი.

პოლიტიკაში მოსვლის შემდეგ ჩემი  ყველა ქმედება მიმართული იყო  ერთიანობის მიღწევისკენ და ახლაც კიდევ ერთხელ ვაფიქსირებ მზადყოფნას ერთობისთვის.

კატეგორიულად არ ვეთანხმები იმ მოსაზრებას, რომ თვითმართველობის არჩევნებით არაფერი შეიცვლება საქართველოში. ღრმად ვარ დარწმუნებული, რომ გონივრული ნაბიჯების გადადგმის შემთხვევაში გამარჯვება სავსებით  შესაძლებელია და ეს იქნება ქვეყანაში დემოკრატიის დამკვიდრების და  სამართლიანობის აღდგენის დასაწყისი.

ეს მაღალი მიზანი აუცილებლად ითხოვს პოლიტიკური პარტიებისაგან და ლიდერებისაგან თანხმობის მიღწევას.

მინდა განვაცხადო, რომ  ერთიანი კანდიდატის შერჩევის ყველასთვის მისაღებ ერთადერთ  მოდელად მესახება  საზოგადოებრივი აზრის კვლევა, რომელიც, ერთის მხრივ,  გამოხატავს ხალხის განწყობას,  და, მეორეს მხრივ, ამ პროცესში ხელისუფლების შესაძლო ჩარევასაც   აგვაცილებს თავიდან.

შერჩევის ამ ფორმას სხვა ბევრი  უპირატესობაც აქვს – მოითხოვს გაცილებით ნაკლებ ფინანსურ რესურსებს, ვიდრე პრაიმერი,  ადგილობრივი და საერთაშორისო ორგანიზაციების დახმარებით გარანტირებულია  კონტროლის იმ მექანიზმების შექმნა, რაც უზრუნველყოფს მიუმხრობელი და ობიექტური გამოკითხვის ჩატარებას, არ იწვევს დაპირისპირებას კანდიდატებს შორის.

ამიტომ, დაბეჯითებით ვთხოვ ყველა იმ ოპოზიციურ პარტიას, რომელიც მოითხოვს გაერთიანებას, ასევე საზოგადოების იმ ნაწილს, რომელიც გამოდის ოპოზიციური გაერთიანების მოწოდებით –  არა მხოლოდ ვისაუბროთ გაერთიანებაზე, არამედ  შევთანხმდეთ  გაერთიანების  რეალურ მექანიზმზე.

 

 

 

მასალების გადაბეჭდვის წესი