კომენტარი

ამანდა პოლი: საქართველო უკვე უნდა იყოს ნატო-ს წევრი

20 იანვარი, 2022 • 2666
ამანდა პოლი: საქართველო უკვე უნდა იყოს ნატო-ს წევრი

ევროპული პოლიტიკის ცენტრის (EPC, ბელგია) წამყვანი ანალიტიკოსი ამანდა პოლი ამბობს, რომ დასავლეთმა უნდა გააკეთოს იმის საპირისპირო, რასაც რუსეთი ითხოვს.

ამანდა პოლის აზრით, დიპლომატიის პარალელურად, აშშ-ს და ნატო-ს სჭირდება თავდაცვისუნარიანობის და შეკავების მზაობის დემონსტრირება.

„მე არ ველოდები მნიშვნელოვან გარღვევას და სწრაფ შედეგს მიმდინარე მოლაპარაკებებისგან. რუსეთისგან ყველაფერი მოსალოდნელია, ამიტომ ვერ ვიტყვი, რომ შეუძლებელია, თუმცა არ მგონია, რომ დიდ ომს წამოიწყებს უკრაინაში. მაგრამ უფრო მცირე მასშტაბის კრიზისები მოსალოდნელია. რუსეთი არ აპირებს უკანდახევას და არ ეძებს იოლ გამოსავალს. მათ შექმნეს ეს კრიზისი იმისთვის, რომ მიეღწიათ საკუთარი მიზნებისთვის. დასავლეთს დიპლომატიის პარალელურად სჭირდება თავდაცვა, შეკავება, ერთი და იგივე გზავნილები ვაშინგტონიდან, პარიზიდან, ლონდონიდან, ბალტიის ქვეყნებიდან, რომ დაეხმარებიან უკრაინას თავდაცვაში. ნატო-ს რაც შეიძლება მეტმა წევრმა უნდა გააგზავნოს უკრაინაში შეიარაღება. ამავდროულად, უზრუნველყონ საკუთარი უსაფრთხოება, გააფართოონ ნატო-ს ძალები ბალტიის სახელმწიფოებში. ანუ, მათ უნდა გააკეთონ იმის საპირისპირო, რასაც რუსეთი ითხოვს“, — ამბობს „ნეტგაზეთთან“ საუბარში ამანდა პოლი.

რუსეთი აშშ-სა და ნატო-ს სთავაზობს შეთანხმებას „უსაფრთხოების გარანტიებზე”, რომელიც ითვალისწინებს ნატოს აღმოსავლეთით გაფართოების პრევენციას. ამასთან, მოსკოვის მოთხოვნაა, არ განთავსდეს დამატებითი ძალები და შეიარაღება იმ ქვეყნებს მიღმა, სადაც ისინი 1997 წლის მაისისთვის, აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნების ნატო-ში გაწევრიანებამდე იყო; არ განთავსდეს რაკეტები იქ, საიდანაც მეორე მხარის ტერიტორიას საფრთხე შეექმნება; უარი ითქვას უკრაინაში, აღმოსავლეთ ევროპაში, ამიერკავკასიასა და ცენტრალურ აზიაში ნატო-ს სამხედრო საქმიანობაზე.

ამანდა პოლის შეფასებით, რუსეთის მოთხოვნების სია სასაცილო და არარეალურია.

„რუსეთის საქმე არაა, ვინ შეუერთდება ნატო-ს. ნატო-მ მისცა პირობა უკრაინას და საქართველოს და მიზეზი, რატომაც ორივე ამ ქვეყანას სურს ნატო-ში გაწევრიანება, არის რუსეთის აგრესია. უკრაინა არასდროს ყოფილა დაინტერესებული ნატო-ს წევრობით, მაგრამ მას შემდეგ, რაც რუსეთმა ყირიმის ანექსია მოახდინა, დონბასში ომი წამოიწყო, ნატო-ს წევრობა უკრაინისთვის პრიორიტეტად იქცა. მე არ ველი, რომ ნატო იტყვის: „კი, ბატონო პუტინო, არც საქართველო და არც უკრაინა ნატო-ს არ შეუერთდებიან“. ეს უდიდესი შეცდომა იქნება. რუსეთს არ აქვს ხმის უფლება ნატო-ს გადაწყვეტილებებში, ამიტომ წინწაწევაა საჭირო ამ ორი ქვეყნის გაწევრიანების მიმართულებით. საქართველო უკვე უნდა იყოს ნატო-ს წევრი. ფაქტი, რომ არ არის, არის გზავნილი, რომ რუსეთს აქვს ვეტო საქართველოს წევრობაზე და ეს პოლიტიკა ნატო-ს მხრიდან არასწორია“, — ამბობს ამანდა პოლი.

ამანდა პოლის აზრით, ვლადიმერ პუტინი მუდმივი კრიზისების შექმნას ბედავს  დასავლეთის სუსტი პასუხის გამო — მაგალითად, ნულოვანი ფასი გადაიხადა 2008 წელს საქართველოში შეჭრისთვის და ძალიან ცოტა — 2014 წელს ყირიმის ანექსიისა და დონბასში ომის პროვოცირებისთვის. მისი თქმით, დროა, დასავლეთი იყოს პროაქტიული და აჩვენოს, რომ მასაც შეუძლია მოქმედება.

სად არის ევროკავშირი?

ევროპის უსაფრთხოების საკითხებზე დიპლომატიური მოლაპარაკებები გაიმართა აშშ-სა და რუსეთს შორის, ნატო-რუსეთის საბჭოში, ეუთო-ში, ორმხრივ ფორმატებში. აშშ-ის სახელმწიფო მდივანი ენტონი ბლინკენი დღეს, 20 იანვარს გერმანიაში ჩადის, მანამდე გერმანიისა და რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრა გაიმართა. მიუხედავად აშშ-ს წამყვანი როლისა, ვაშინგტონი მუდმივად ხაზს უსვამს, რომ არ მოილაპარაკებს უკრაინაზე უკრაინის გარეშე, ევროპაზე — ევროპის გარეშე და ნატო-ზე — ნატო-ს გარეშე. ამავდროულად, ევროპაში აქტიურია დისკუსია იმის შესახებ, რომ ევროკავშირი, როგორც ინსტიტუტი, დიალოგს ჩამოშორებულია.

რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრი სერგეი ლავროვი მიიჩნევს, რომ ევროკავშირი ვერ უზრუნველყოფს მის მიერვე მოლაპარაკებული შეთანხმებების შესრულებას და თქვა, რომ, მაგალითად, ბელგრადსა და პრიშტინას შორის 2013 წელს მიღწეული შეთანხმების შეუსრულებლობა ევროკავშირის „პოლიტიკურ იმპოტენციაზე“ მიუთითებს.

„რუსეთი არ არის დაინტერესებული ევროკავშირით, მისი ლიდერებით. ფიქრობს, რომ ისინი უკიდურესად სუსტები არიან. ასევე, ფაქტია, რომ ევროკავშირს ზოგჯერ აქვს პრობლემა, ერთიანი პოზიციით გამოვიდეს და ერთი ნათელი გზავნილი გააკეთოს. ეს შეიძლება იყოს ზიანის მომტანი. რუსებისთვის გადაწყვეტილების მიმღები ადამიანები ვაშინგტონში არიან, ამიტომ არის აშშ ცენტრალური სცენაზე, ევროკავშირთან კონსულტაციებით, რა თქმა უნდა, იმიტომ, რომ ჩვენ ვსაუბრობთ ევროპის უსაფრთხოებაზე  ეუთო-სთან ერთად“, — გვითხრა ამანდა პოლმა.

ამანდა პოლი თბილისში რონდელის უსაფრთხოების კონფერენციაზე დასასწრებად ჩამოვიდა. კონფერენციაზე სიტყვით გამოსვლისას თქვა, რომ  მისი აზრით, ევროკავშირს ზოგჯერ არ ესმის რეგიონული დინამიკა, არ აქვს ერთიანი სტრატეგია არც რუსეთთან და არც აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნებთან მიმართებით.

„ამ კონკრეტულ კრიზისს რაც შეეხება, იმედი მაქვს, რომ საქმე არ მივა იმ მდგომარეობამდე, როდესაც ევროკავშირს მოუწევს სანქციებზე გადაწყვეტილების მიღება, იმიტომ, რომ მიუხედავად განცხადებებისა მკაცრი პასუხის შესახებ, არ ვარ დარწმუნებული, რომ ნამდვილად მკაცრს სანქციებს ვნახავთ ბრიუსელიდან. ბელარუსთან დაკავშირებითაც იყო ხმამაღალი განცხადებები, რომ ჩვენ დავეხმარებით ბელარუსელ ხალხს, მაგრამ, მაგალითად, ჩემმა ქვეყანამ, ბელგიამ დაბლოკა პოტაშის ინდუსტრიაზე სანქციების დაწესება. ეს არის ის, რაზეც იმედებს ამყარებს რუსეთი. ვფიქრობ, ამერიკელებიც ნერვიულობენ, რომ არ იქნება ერთობა…

რუსეთი ცდილობს, დასავლეთი ისეთ პანიკაში ჩააგდოს, რომ მიიღოს შეთანხმება, რომლის სხვადასხვაგვარად ინტერპრეტირება იქნება შესაძლებელი. ამან იმუშავა წარსულში. საქართველოში 2008 წლის ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმება ძალიან ცუდად იყო ფორმულირებული და, შესაბამისად, ინტერპრეტირებული ორმხრივად. იგივე მოხდა მინსკის შეთანხმების შემთხვევაში. როგორც არ უნდა დამთავრდეს მოლაპარაკებები, მნიშვნელოვანია, ფორმულირება იყოს ნათელი — დასავლეთმა არ უნდა გაიმეოროს ისტორიული შეცდომა და არ მოაწეროს ხელი დოკუმენტს, რომელიც შეძლება სხვადასხვაგვარად იყოს ინტერპრეტირებული“, — განაცხადა ამანდა პოლმა კონფერენციაზე სიტყვით გამოსვლისას.

ამანდა პოლის თქმით, შეიძლება უკრაინის საზღვართან შექმნილი კრიზისი მალე გადაწყდეს და რუსული გემები საკუთარ ნავსადგურებს დაუბრუნდნენ, მაგრამ თუ დასავლეთი არ შეცვლის მიდგომას რუსეთისადმი, 6 თვეში მოსკოვი იმავეს გაიმეორებს.

მასალების გადაბეჭდვის წესი