კომენტარი

ხუთი ნაბიჯი პოლიტიკური მშვიდობისთვის

18 იანვარი, 2022 • 3220
ხუთი ნაბიჯი პოლიტიკური მშვიდობისთვის

ავტორები: ბაკურ კვაშილავა და ლევან ცუცქირიძე

საქართველოს ქრონიკული პოლიტიკური კრიზისით დაავადება აზიანებს ჩვენს მოქალაქეებსა და საერთო ეროვნულ ინტერესებს. ოპონენტების განადგურებასა და დევნაზე ფოკუსირებული პოლიტიკური ცხოვრება აღარ ტოვებს სივრცესა და ენერგიას მნიშვნელოვანი ამოცანების გადასაწყვეტად. პოლიტიკოსებმა უკეთ უნდა დაინახონ ის რისკები, რასაც მათი კონფრონტაციული მოქმედება უქმნის ქვეყანას და გადადგან გაბედული, თუნდაც ნაკლებად პოპულარული ნაბიჯები მდგომარეობის შესაცვლელად. არ შეიძლება, ქვეყნის პოლიტიკური ლიდერები ერთმანეთის განადგურებასა და დამცირებაზე ხარჯავდნენ მთელ ენერგიას მაშინ, როდესაც პანდემიას სააშკარაოზე გამოაქვს ჩვენი ჯანდაცვის სისტემის სისუსტე, რაც ყოველდღიურად ათეულობით ადამიანის სიცოცხლეს იწირავს, ეკონომიკური კრიზისი უფრო და უფრო მეტი ოჯახის კეთილდღეობას უქმნის საფრთხეს, ხოლო რუსეთის სამხედრო და დიპლომატიური პოზიციები კი ჩვენს დამოუკიდებლობასა და თავისუფლებას ღიად ემუქრება. სრული ეპიდემიური, ეკონომიკური და სამხედრო-პოლიტიკური შტორმის წინაშე მდგომი ქვეყანა მოუმზადებელი და გამოფიტულია.

ამ პრობლემების გადაჭრას ხელს უშლის ის, რომ ქვეყანაში პრაქტიკულად აღარ მიმდინარეობს პოლიტიკური დისკუსია ამ მნიშვნელოვან საკითხებზე და არცერთი პლატფორმა არ იძლევა საშუალებას ხალხისთვის ყველაზე მეტად მნიშვნელოვან საკითხებზე აზრთა ურთიერთგაცვლას ოპტიმალური პოლიტიკისა და სტრატეგიის შემუშავება მოჰყვეს. პოლიტიკური დისკუსია მხოლოდ ძალაუფლებისთვის ბრძოლად გადაიქცა, სადაც ამოსავალი წერტილი მეორე მხარის სრული დეჰუმანიზაციაა, რის მისაღწევადაც ემოციური არგუმენტები ჭარბობს. საზოგადოებას აღარ მიეწოდება კომპეტენტური და მიუკერძოებელი მოსაზრებები პოლიტიკურ, ეკონომიკურ, სოციალურ თუ საგარეო პოლიტიკის საკითხებზე. პოლიტიკური პარტიები გადაეჩვივნენ დიალოგს საქმის არსზე, პოლემიკას შინაარსობრივ საკითხებზე, კრიტიკულ ანალიზსა და რაციონალურ მსჯელობას. დიდწილად ისინი სიძულვილისა და სწორხაზოვანი პოლიტიკური ხედვების მძევლებად იქცნენ. ეს საშიშია როგორც მათთვის, ისე ქვეყნისთვის.

ქართველმა პოლიტიკოსებმა ნამდვილი საფრთხეების აღმოფხვრაზე უნდა იფიქრონ და თავი დაანებონ ერთმანეთის განადგურების მცდელობას. საქართველოშიც, ისევ როგორც ყველა ცივილიზებურ საზოგადოებაში, პოლიტიკა უნდა იყოს საქმიანი მსჯელობის, არგუმენტირებული კამათის და არა სამკვდრო-სასიცოცხლო, ეროვნული ინტერესების დამაზიანებელი საქმიანობა. ჩვენ მიერ ქვემოთ აღწერილ ხუთ საკითხზე შეთანხმება დაეხმარება პოლიტიკოსებს, თავი დააღწიონ მათ მიერვე შექმნილ მანკიერ წრეს და მისცემს მათ შანსს, სასიცოცხლო ამოცანების გადაჭრას დაუბრუნდნენ ქვეყნისა და ხალხის ინტერესების შესაბამისად.

სიტყვები მნიშვნელოვანია

ქვეყნის პოლიტიკური კულტურის გაუარესებასა და რადიკალიზაციაში დიდი წვლილი პოლიტიკური ენის დეგრადაციას მიუძღვის – იმ სიძულვილისა და მტრობის ენას, რომელსაც პოლიტიკოსები და შემდეგ საზოგადოებაც, ერთმანეთის მიმართ იყენებენ. დამამცირებელი, მეტოქეების მარგინალიზაციისა და დეჰუმანიზაციისაკენ მიმართული ენა ხელს უწყობს მტრის ხატების ფორმირებას, ქმნის სამოქალაქო დაპირისპირების ნიადაგს და აბრკოლებს პოლიტიკური მორიგებისკენ გადადგმულ ნაბიჯებს. სწორედ ამიტომ, პოლიტიკურმა ლიდერებმა, ჟურნალისტებმა, მიმოხილველებმა თუ აქტივისტებმა უარი უნდა თქვან სიძულვილისა და დამამცირებელ ენაზე. პოლიტიკური მეტყველების შეცვლა ხელს შეუწყობს დაძაბულობის შემცირებას და უფრო ხელსაყრელ ემოციურ და პოლიტიკურ გარემოს შექმნის შემდგომი საუბრებისა თუ შეთანხმებებისთვის.

მორატორიუმი პარტიულ გადაბირებებზე საკრებულოებში

პოლიტიკოსებმა უარი უნდა თქვან საკრებულოს წევრების გადაბირების მცდელობებზე, რომლებიც ახლა აქტიურად მიმდინარეობს. პარტიებს არ აქვთ უფლება ამომრჩევლის ზურგს უკან იმ შედეგების შეცვლისა, რომელიც ამომრჩევლის პირდაპირი მონაწილეობით დადგა. პოლიტიკური გადაბირების შეწყვეტა უფრო მშვიდ და სტაბილურ ვითარებას შექმნის იმისათვის, რომ ადგილობრივი ხელისუფლება, თუნდაც დღევანდელი შეზღუდული შესაძლებლობებით, დაკავდეს ადგილობრივი პოლიტიკის კეთებით და მხარეებმა კონკურენციის პირობებში თანამშრომლობაც ისწავლონ. პოლიტიკური ლიდერების შეთანხმება, რაც არ უნდა იყოს ის, ვერ იქნება საყოველთაო, თუ ის არ იქნება გაზიარებული საზოგადოების მიერ. ასეთი მორატორიუმის გამოცხადება ხელს შეუწყობს მწვავე პოლიტიკური განხეთქილების დასრულებას სოფლებში, თემებსა თუ ქალაქებში და მნიშვნელოვან როლს შეასრულებს არა მხოლოდ პოლიტიკური მშვიდობის დადგომაში, არამედ მის შენარჩუნებაშიც.

მიხეილ სააკაშვილის საკითხის სამართლიანი გადაწყვეტა

საქართველოს მესამე პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის წინააღმდეგ წაყენებულია ბრალდებები, რომელთაც მოსახლეობის დიდი ნაწილის თვალში პოლიტიკური და არა სამართლებრივი მოტივი აქვს; იგი განსაჯა სასამართლომ, რომელიც ვერც ჩვენი საზოგადოების და ვერც მთავარი საერთაშორისო პარტნიორების შეხედულებებით აკმაყოფილებს ობიექტური მართლმსაჯულების სტანდარტებს; მიხეილ სააკაშვილის მიმართ გამოყენებული იქნა დამამცირებელი და მისი და ქვეყნის ღირსების შემლახავი ქმედებები. მიუხედავად პოლიტიკური შეხედულებებისა, უნდა შევთანხმდეთ, რომ ქვეყნის მესამე პრეზიდენტი იმსახურებს როგორც ღირსეულ მოპყრობას, ისე მისი საქმის ობიექტურად და მართლმსაჯულების უმაღლესი სტანდარტით განხილვას, რაც არ მომხდარა. ამიტომ აუცილებელია განსაკუთრებული გადაწყვეტილებები ქვეყნისათვის ამ რთული საკითხის გადასაჭრელად. ერთი მხრივ, შესაძლებელია საერთაშორისო თუ ეროვნული სამართლებრივი მექანიზმებისა და შესაძლებლობების გამოყენება, რათა სააკაშვილის საქმე უფრო მაღალი ნდობის მქონე პროცესით გადაწყდეს. მაგრამ ასეთი შესაძლებლობების შექმნა მოითხოვს საკმაო დროს, რომლის განმავლობაშიც მიმდინარე პოლიტიკური კრიზისი კიდევ უფრო დააზიანებს ქვეყანას. ამიტომ, სალომე ზურაბიშვილის მიერ მიხეილ სააკაშვილის შეწყალება იქნებოდა გაბედული და სწორი ნაბიჯი პოლიტიკური კონსოლიდაციის გზაზე და აჩვენებდა, რომ პრეზიდენტს შეუძლია გადაწყვეტილებები არა კერძო შეხედულებების, არამედ ეროვნული ინტერესიდან გამომდინარე მიიღოს. პრეზიდენტ სააკაშვილის საკითხის სამართლიანი გადაწყვეტა ასევე უნდა გახდეს სიმბოლური და რეალური დასაწყისი მართლმსაჯულების ნამდვილი რეფორმისა საქართველოში.

საარჩევნო ადმინისტრაციის ფუნდამენტური რეფორმა

ბოლო დროს საარჩევნო სისტემაში რამდენიმე რეფორმა, მათ შორის პოზიტიური ცვლილებებიც მოხდა. ამის მიუხედავად, ის მოდელი, რომელზეც მოწყობილია ჩვენი საარჩევნო ადმინისტრაცია, ვერ უზრუნველყოფს ვერც მის სათანადო ეფექტურობას და ვერც სანდოობის მაღალ ხარისხს. პოლიტიკური და პროფესიული ნიშნით დაკომპლექტებული, „შერეული“ კოლეგიური სისტემა, მუდმივად ქმნის საარჩევნო პროცესის დაზიანების და მისდამი ნდობის შერყევის შესაძლებლობას, რასაც პარტიები ხშირად იყენებენ. სწორედ საარჩევნო შედეგების მიმართ ნდობის დეფიციტი იყო კიდეც საფუძველი მრავალი იმ პოლიტიკური კრიზისისა, რომლებიც საქართველომ ბოლო წლებში გამოიარა. 2024 წელს დაგეგმილი საპარლამენტო არჩევნები უნდა ჩაატაროს თვისებრივად ახლებურად დაკომპლექტებულმა საარჩევნო კომისიამ. ასეთი კომისია უნდა შედგებოდეს სრულიად პროფესიული ნიშნით შერჩეული მოხელეებისგან, რომელთა დანიშვნა-გათავისუფლებას ერთპიროვნულად განსაზღვრავს ასევე პროფესიული ნიშნით, სამართლიანად შერჩეული „მთავარი საარჩევნო ადმინისტრატორი“. საქართველოს აქვს იმის რესურსი, რომ რეალურად სამართლიანი, ობიექტური და ყველა მხარისათვის სანდო არჩევნები ჩაატაროს. ამ რესურსის გამოუყენებლობა შეცდომაა, მუდმივად ქმნის პოლიტიკური კრიზისების ნიადაგს და აფერხებს ქვეყნის წინსვლას.

უარი ვადამდელი არჩევნების მოთხოვნაზე

ამ პირობების შესრულების შემთხვევაში, ოპოზიციურმა პოლიტიკურმა პარტიებმა უარი უნდა თქვან ვადამდელი არჩევნების მოთხოვნაზე, ხოლო მმართველმა პარტიამ- ასეთი არჩევნების პოტენციურად პოლიტიკურ ინსტრუმენტად გამოყენებაზე. შემდგომი არჩევნები უნდა ჩატარდეს უკეთეს ემოციურ, ინსტიტუციურ და პოლიტიკურ ვითარებაში. პოლიტიკური პარტიები უკეთ უნდა იყვნენ მზად ისეთ საკითხებზე პოლემიკისთვის, რომლებიც ამომრჩევლის ლეგიტიმურ და რეალურ ინტერესებზე იქნება მორგებული, არ გაამწვავებს კონფრონტაციას და კიდევ უფრო სახიფათოდ არ გაზრდის პოლარიზაციას. ამას სჭირდება დრო და პოლიტიკური თანამშრომლობა, წინააღმდეგ შემთხვევაში, ჩვენ ისევ დავრჩებით პოლიტიკური კრიზისის მოჯადოებულ წრეში და, სავარაუდოდ, ქართული დემოკრატიისთვის ფატალური შედეგების წინაშე აღმოვჩნდებით.

საარჩევნო ადმინისტრაციის პრინციპული რეფორმა; პრეზიდენტ სააკაშვილის საკითხის სამართლიანად და ეროვნული ინტერესების მიხედვით გადაწყვეტა და მართლმსაჯულების ფუნდამენტური რეფორმის დაწყება, საერთო პარალიზის დასრულება თვითმმართველობებში, მათი რეალური ამუშავება და კონფრონტაციული ენით თანამოქალაქეებთან საუბრის შეწყვეტა, ქვეყანას ნორმალურ პოლიტიკურ კალაპოტში დააბრუნებს. ამის გარეშე, ყველანი სახიფათო წყლებში აღმოვჩნდებით იმ ნავის ქვეშ, სადაც ერთად ვსხედვართ და წლებია, მონდომებით ვარყევთ.


ავტორების შესახებ:

ლევან ცუცქირიძე, აღმოსავლეთ ევროპის მრავალპარტიული დემოკრატიის ცენტრის აღმასრულებელი დირექტორი.

ბაკურ კვაშილავა, საქართველოს საზოგადოებრივ საქმეთა ინსტიტუტის სამართლისა და პოლიტიკის სკოლის დეკანი.

მასალების გადაბეჭდვის წესი