კომენტარი

სახ.ინსპექტორის მიმართვა “ოცნების” კაც დეპუტატებს პარლამენტში

28 დეკემბერი, 2021 • 1798
სახ.ინსპექტორის მიმართვა “ოცნების” კაც დეპუტატებს პარლამენტში

“რატომ ჩაითვალა სახელმწიფო ინსპექტორის სამსახური ისე უმნიშვნელოდ, რომ არცერთი შეკითხვა არ დაგისვამთ ამ კანონპროექტთან დაკავშირებით”, – ამ კითხვით მიმართა სახელმწიფო ინსპექტორმა ლონდა თოლორაიამ “ქართული ოცნების” დეპუტატებს.

მმართველი გუნდის დეპუტატებს კითხვები ლონდა თოლორაიამ დღეს, 28 დეკემბერს, გაერთიანებული კომიტეტების სხდომაზე დაუსვა, სადაც სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის გაუქმებას განიხილავენ.

“288 გვერდი კანონპროექტი დაწერეთ ისე, რომ სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურისთვის ერთი შეკითხვა არ დაგისვამთ. იქნებ ტაშს ვუკრავდით ჩვენ ამ კანონპროექტს. ამიტომ ძალიან მაინტერესებს, რატომ ჩაითვალა სახელმწიფო ინსპექტორის სამსახური ისე უმნიშვნელოდ, რომ არცერთი შეკითხვა არ დაგისვამთ ამ კანონპროექტთან დაკავშირებით […]

გავიგეთ, რომ შემუშავების პროცესში მონაწილეობა არ მივიღეთ, ამის ღირსად არ ჩავითვალეთ. რატომ არ გამოგვეგზავნა თუნდაც უკვე დაინიცირებული კანონპროექტი იმისათვის, რომ დღეს ჩვენ გვქონოდა მეტი ინფორმაცია.

ეს არის ის მიზეზები, რაც მე მაფიქრებინებს, რომ ჩვენ რეალურ რეფორმას ამ კანონებით არ ვატარებთ. გახსენდებათ რეალური რეფორმა, რომელიც ეხებოდა იუსტიციის სამინისტროს და იუსტიციის სამინისტრომ ბოლოს გაიგო? მე არ მახსენდება. 15 წელია საჯარო სამსახურში ვმუშაობ და არ მახსენდება არცერთი პრეცედენტი გატარებულიყოს რეფორმა იმ უწყების გარეშე, რომელშიც მე ვმუშაობდი და ეს რეფორმა ეხებოდა.

ამიტომ, მე მაინტერესებს, რატომ არ იყო ამაში სახელმწიფო ისნპექტორის სამსახური ჩართული და რატომ ვიგებთ წინასაახალწლოდ ამ ყველაფერს? მაშინ, როცა ჩვენ უნდა ვისხდეთ საახალწლო სუფრების მზადებაში, რატომ ვსხედვართ დღეს აქ და განვიხილავთ 288-გვერდიან კანონპროექტს, რომელიც არის სრული ნონსენსი სამართლებრივი, რომ არაფერი ვთქვა იმ ადამიანურ ფაქტორებზე… არ მინდა დეტალებში შესვლა, მაგრამ ეს პროცესი კანონიერებას და უწყებების მიმართ დამოკიდებულებას მთლიანად არის მოწყვეტილი”, – განაცხადა ლონდა თოლორაიამ.

მისი თქმით, კანონპროექტის დაინიცირებამდე რამდენიმე კვირით ადრე, 8-9 დეკემბერს, თავად მისწერა პარლამენტს წინანადადების შესახებ, რომელიც სამსახურის გაძლიერებას ემსახურებოდა, თუმცა პარლამენტისგან პასუხი არ მიუღია, რომ პარალელურად სამსახურის გაუქმებაზე კანონპროექტს ამზადებდნენ.

“დეკემბრის დასაწყისიდან მე ვცდილობ პარლამენტთან კოორდინაციას იმასთან დაკავშირებით, რომ წარმოგვედგინა ჩვენი საკანონმდებლო წინადადება. მე არ მინდოდა, რომ საქართველოს პარლამენტს ჩვენი წინადადების შესახებ გაეგო კანცელარიიდან. მოვიწირე პარლამენტში მეილი, რომ არ მინდა საკანონმდებლო წინადადების ისე მოტანა, რომ პარლამენტი საქმის კურსში არ იყოს. ეს მეილი რომ მოვიწერე 9 თუ 8 დეკემბერი იყო და ვიღებ პარლამენტისგან პასუხს, რომ დატვირთულები ვართ. ვიფიქრე, რომ ეს იყო აბსოლუტურად გასაგები, წლის ბოლოა, დატვირთული რეჟიმია და ა.შ. და თურმე ამის პარალელურად იწერება ეს კანონპროექტი, რომელიც არა თუ გაძლიერებაზე, მთლიანად ამ უწყებას აუქმებს.

ეს დამოკიდებულება რითი დავიმსახურე ან მე ან სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურმა, რომ ამხელა ფარსში მონაწილეობა მიგვაღებინეს. მე წინადადებას ვწერ გაძლიერებაზე და თქვენ თურმე საპასუხო კანონპროექტს წერთ გაუქმებაზე, მინიმუმ იმის გამბედაობა უნდა ჰქონოდა ვინმეს, რომ [ეთქვა] ლონდა, აზრი არ აქვს, თავს ნუ აკლავ ამ ყველაფერს და სამშობიაროდან არ უნდა მეწერა ეს კანონპროექტი მინიმუმ”, – განაცხადა ლონდა თოლორაიამ.

მისი თქმით,  კანონპროექტის განხილვაში მის მონაწილეობას აზრი არ აქვს, რადგან მმართველ გუნდს სასმსახურის გაუქმებაზ3 გადაწყვეტილება უკვე მიღებული აქვს და ამიტომ მან, კითხვების დასმისა და პასუხის მოსმენის შემდეგ სხდომა დატოვა.

“ამიტომ მე არ ვიცი რა აზრი აქვს ამ კომიტეტებში ჩემი მონაწილეობის გაგრძელებას. ფორმალურად შეიძლება ვისხდეთ და ბევრი ვილაპარაკოთ, მაგრამ როგორც ჩანს ეს გადაწყვეტილება ძალიან მტკიცეა და არავითარი ძალა ამ გადაწყვეტილებას არ შეგაცვლევინებთ.

ამიტომ თქვენის ნებართვით, მე ფიზიკურადაც ვერ ვიღებ ამაში მონაწილეობას და ამაში ცალკე ძალიან დიდი მადლობა თქვენ, რომ ეს პერიოდი აარჩიეთ ამისთვის. უღრმესი მადლობა ამ დამოკიდებულებისათვის, რომ ინსპექტორს არ მიეცა სრულყოფილად ამ პროცესებში მონაწილეობის მიღება. ძალიან დიდი მადლობა ამ კანონპროექტის ავტორ ყველა მამაკაცს”, – განაცხადა ლონდა თოლორაიამ.

მასალების გადაბეჭდვის წესი