კომენტარი

“WISG“: საბი ბერიანის საქმის სამართლიანი განხილვისთვის ყველა საშუალებას გამოვიყენებთ

8 აგვისტო, 2015 •
“WISG“: საბი ბერიანის საქმის სამართლიანი განხილვისთვის ყველა საშუალებას გამოვიყენებთ

2015 წლის 7 აგვისტოს თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის კოლეგიის მოსამართლემ გიორგი დარახველიძემ საბი ბარიანის მკვლელობაში ბრალდებულის, ლევან კოჭლაშვილის მიმართ ნაწილობრივ გამამართლებელი განაჩენი გამოიტანა.

 

ამ ეტაპზე გამოცხადდა განაჩენის მხოლოდ სარეზოლუციო ნაწილი. განაჩენის დასაბუთების გარეშე, რომელიც ორი კვირის ვადაში იქნება ხელმისაწვდომი,  ორგანიზაცია თავს იკავებს სამართლებრივი შეფასებისა და კომენტარებისაგან. თუმცა, ვითვალისწინებთ რა საქმის მიმართ საზოგადოებაში არსებულ მაღალ ინტერესს, ორგანიზაცია გთავაზობთ ფაქტობრივი გარემოებებისა და სასამართლოზე განვითარებული აღწერების მოკლე აღწერას.

 

ლევან კოჭლაშვილს ბრალი წარდგენილი ჰქონდა  საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 108-ე მუხლით (განზრახ მკვლელობა), 125-ე მუხლით (ცემა) და 187-ე მუხლის მე-2 ნაწილით (ნივთის დაზიანება ან განადგურება ცეცხლის წაკიდებით).

 

სასამართლომ ბრალდებული ლევან კოჭლაშვილი უდანაშაულოდ ცნო საბი ბერიანის განზრახ მკვლელობაში. სასამართლომ გამამტყუნებელი განაჩენი გამოიტანა 125-ე მუხლთან (ცემა) დაკავშირებით, რომლისთვისაც სასჯელად ჯარიმა განესაზღვრა.

 

რაც შეეხება ნივთის დაზიანება ან განადგურებას, ცეცხლის წაკიდების გამო კოჭლაშვილს სასჯელის ზომად და სახედ განესაზღვრა 4 წლით თავისუფლების აღკვეთა. ამასთან, მძიმე სასჯელმა შთანთქა ნაკლებად მძიმე სასჯელი და საბოლოოდ სასჯელის ზომად და სახედ ლევან კოჭლაშვილს განესაზღვრა 4 წლით თავისუფლების აღკვეთა.

 

საქმის ფაქტობრივი გარემოებები:

 

2014 წლის 11 ნოემბერს, საკუთარ ბინაში გარდაცვლილი იპოვნეს ტრანსგენდერი ქალი საბი (ბექა) ბერიანი. მას დანით მრავლობითი ჭრილობები ჰქონდა მიყენებული. ბრლადებულმა ამის შემდეგ, ცეცხლი წაუკიდა ბინას და ადგილიდან მიიმალა. პოლიციამ ეჭვმიტანილი მეორე დღესვე დააკავა, რომელმაც აღიარა დანაშაული[1].

 

ბრალდებულმა დაკავებისას ჩვენებაში განაცხადა, რომ საბი ბერიანს მისი ვალი ჰქონდა, რომლის დაბრუნებაზეც უარს ამბობდა და ამის გამო იყო მასთან ბინაში მისული. ბრალდებულის თქმით, ურთიერთშელაპარაკების დროს საბი ბერიანი თავს დაესხა, ის კი თავს იცავდა.

 

ბრალდებულის ვერსიას ნაკლებ სარწმუნოდ მიიჩნევს სასამართლო-სამედიცინო ექსპერტი. ექსპერტიზის დასკვნის მიხედვით, ჭრილობათა განლაგება შემდეგნაირი იყო:  #1 კისრის წინა ზედაპირზე, #2 კისრის მარცხენა გვერდით ზედაპირზე, #3 მარცხენა ქედის მიდამოში, #4 მარცხნივ დელტისებრ და მკერდის დიდ კუნთებს შორის მიდამოში, #5 ხერხემლის მიდამოში, #6 კისრის უკანა მარჯვენა ნახევარში, #7 მუცლის მარცხენა გვერდით მიდამოში, #8 მუცლის მარცხენა გვერდით მიდამოში, #9 მუცლის წინა ზედაპირზე მარჯვნივ.  ჭრილობების მდებარეობა გამორიცხავს იმ ფაქტს, რომ ჩხუბის დროს საბი ბერიანს სჭეროდა ხელში დანა და ამ დროს ლევან კოჭლაშვილს თავდაცვისას მიეყენებინა სასიკვდილო ჭრილობები.

 

რაც შეეხება ხანძარს, ბრალდებულის თქმით, ხანძარი, სავარაუდოდ, ჩაუმქრალმა სიგარეტმა გამოიწვია, რომელიც მას ბინაში დაუვარდა. გამოძიების მასალები და სასამართლო სხდომაზე გამოკვლეული მტკიცებულებები საწინააღმდეგოზე მეტყველებს. სასამართლო სხდომაზე დაკითხულმა სახანძრო სამსახურის თანამშრომლებმა მიუთითეს, რომ მათ საბი ბერიანის საცხოვრებელ ბინაში ხანძრის ორი კერა დახვდათ. იმავეს მიუთითებს ექსპერტიზის დასკვნაც, რაც იმაზე მიანიშნებს, რომ ხანძარი განზრახ იყო მოწყობილი.

 

ბრალდებულმა სასამართლო სხდომაზე ასევე აღიარა, რომ მკვლელობის იარაღი მან უშუალოდ გარდაცვლილთან ბინაში მისვლამდე შეიძინა. ეს ფაქტი აძლიერებს ეჭვს, რომ იგი საბი ბერიანის ბინაში მკვლელობის განზრახვით იყო მისული.

 

არც გამოძიების და არც სასამართლოს მსვლელობისას, მოწმეთა დაკითხვის პროცესში მკვლელობის მოტივი ნათლად არ გამოკვეთილა.

 

2014 წლის 13 ნოემბერს, ადამიანის უფლებათა სწავლებისა და მონიტორინგის ცენტრმა და იდენტობამ გაავრცელეს ერთობლივი განცხადება, რომელშიც აღნიშნული იყო, რომ საბი ბერიანის მკვლელობაში ეჭვმიტანილი, ორი დღით ადრე თავს დაესხა კიდევ ერთ ტრანსგენდერ ქალს და სცადა მისი მოკვლა. ეს და საქმეში არსებული სხვა მასალები იძლევა ეჭვის საფუძველს, რომ საქმე სიძულვილით მოტივირებულ დანაშაულთან გვაქვს.

 

2014 წლის 13 ნოემბერს, „ქალთა ინიციატივების მხარდამჭერმა ჯგუფმა“ ღია წერილით მიმართა შინაგან საქმეთა მინისტრსა და მთავარ პროკურორს, რომელშიც მოუწოდა, საქმის ძიების პროცესში განსაკუთრებული ყურადღება მიაქციათ საქმეში არსებული ყველა იმ დეტალის შესწავლისა და ანალიზისათვის, რომლებიც შესაძლოა მიუთითებდეს სიძულვილით მოტივირებულ დანაშაულზე.

 

ეს მოსაზრება, დაფიქსირებული იქნა შესაბამის ოქმშიც: საბი ბერიანის დედის ადვოკატმა, „ქალთა ინიციატივების მხარდამჭერი ჯგუფის“ წარმომადგენელმა, ციალა რატიანმა საქმის მასალების გაცნობის დროს ოქმში გარკვევით მიუთითა, რომ გაცნობილი მტკიცებულები იძლეოდა იმის საფუძველს, რომ დანაშაული მიჩნეული ყოფილიყო სიძულვილით მოტივირებულ დანაშაულად”, – აცხადებს ორგანზიაცია.

 

თბილისის საქალაქო სასამართლომ ტრანსგენდერი ქალის საბი ბერიანის მკვლელობაში ბრალდებული ნაწილობრივ გაამართლა.

ტრანსგენდერი საბი ბერიანი 11 ნოემბერს საკუთარ საცხოვრებელში მოკლეს. შინაგან საქმეთა სამინისტროს ოფიციალური ვერსიის თანახმად, მკვლელობა კოჭლოშვილსა და ბერიანს შორის შელაპარაკების ნიადაგზე მოხდა, რომელიც თანხას უკავშირდებოდა.

თუმცა, არასამთავრობო ორგანიზაციები, “ადამიანის უფლებების სწავლებისა და მონიტორინგის ცენტრი” (EMC), “იდენტობა”, “ქალთა ინიციატივების მხარდამჭერი ჯგუფი”, მიიჩნევენ, რომ მკვლელობა გენდერული იდენტობის ნიადაგზე მოხდა.

ტრანსგენდერ ბიანკა შიგუროვას თქმით, საბის მკველობაში ბრალდებული მკვლელობამდე რამდენიმე საათით ადრე მას დაესხა თავს, რომელ ნაწილშიც სასამართლომ დამნაშავედ სცნო.

საბი ბერიანი
საბი ბერიანი

მასალების გადაბეჭდვის წესი