კრიზისების მართვის საბჭოს გადაწყვეტილებით, თქვენ, ანუ მონადირეების ჯგუფი ჩაერთეთ მტაცებელი ცხოველების ძებნის ოპერაციაში 19 ივნისიდან. რამდენი მონადირე მონაწილეობს ამ ოპერაციაში და როგორ შეარჩიეს ეს ადამიანები?
დაახლოებით 15 ადამიანი მონაწილეობს. ნადირობისა და თევზაობის ფედერაციის პრეზიდენტის, თემურ ტყემალაძის ინიციატივა იყო ეს, თუმცა ყველა გამოვთქვამდით სურვილს სოციალურ ქსელში. დროულად რომ მომხდარიყო ჩვენი ჩართულობა ამ პროცესში, უკეთესი იქნებოდა – მაშინვე, როცა გამოჩნდა ცხოველის კვალი და ა.შ. მერე რაღაც კონკრეტული ადგილი დავთქვით და შევიკრიბეთ ჩვენ თვითონ. ვისაც ცხოველის მეძებარი ძაღლები ჰყავდა, იმ მონადირეების შერჩევა მოხდა. კონკრეტულად, შენ წამოდი და შენ არ წამოხვიდე – ასე არ ყოფილა. გამოცდილ მონადირეებზე იყო საუბარი, ვისაც ჰყავდა რეალურად მეძებარი ძაღლები.
თვითონ მთავრობის მხრიდან თუ იყო დაინტერესება იმ შემთხვევამდე, როდესაც ვეფხვმა დაგლიჯა ადამიანი?
მაგას ზუსტად ვერ გეტყვით. როგორც თქვეს, თვითონ კრიზისების მართვის სამსახურმა მიმართა მერე მონადირეებს და სთხოვა, რომ ჩართულიყვნენ ამ ოპერაციაში. ალბათ, მათი მხრიდანაც იყო დაინტერესება, თუმცა ამას ზუსტად ვერ გეტყვით.
გაქვთ თუ არა წინასწარ შემუშავებული გეგმა, რომლის მიხედვითაც ხორციელდება ძებნის ოპერეცია? როგორია ეს გეგმა?
წინასწარ შემუშავებული გეგმა არ არსებობს. უბრალოდ, რა ხდება იცით? რეალურად უნდა გამოჩნდეს კვალი. აბსოლუტურად ყველა გამოძახება, სადაც მონადირეთა ჯგუფი წავიდა, იყო ცრუ. ხალხმა, საზოგადოებამ არ იცის ვეფხვი როგორია, კვალი როგორი აქვს. ახლა, მაგალითად, მოვდივართ სოფლიდან, სადაც მეცხვარის ძაღლის კვალი იყო და ვიღაც ქალი იძახის, რომ დავინახეო. შემოვიარეთ ყველაფერი, სადაც შეიძლებოდა მტაცებელი ცხოველი ყოფილიყო და კვალის ნასახი არსად აღმოჩნდა.
ცხოველის აღმოჩენის შესახებ ამდენი ცრუ განგაში და ზარი 122–ში არის თუ არა ერთგვარი პანიკის შედეგი?
რა თქმა უნდა. ხომ გეუბნებით – რა გამოძახებაც იყო, აბსოლუტურად ყველა იყო ცრუ. ეს იყო პანიკის საფუძველზე, რომ ვიღაცამ რაღაცა დაინახა, ვიღაცამ შეხედა რაღაცას და ცხოველს მიამსგავსა… ასეთი გამოძახებებია, ძირითადად. რეალურად, ისეთი ფაქტი, რომ ვიღაცამ დაინახა, გადაიღო, აგერ იყო, ან შეჭამა ხბო ან ძაღლი – ასეთი შეტყობინება არ ყოფილა ჯერ, იმის მერე, რაც ცხოველები გაიქცნენ ზოოპარკიდან.
ამ დროისთვის სად იმყოფებით მონადირეები?
ახლა წეროვნის აგარაკების მიმდებარე ტერიტორიაზე ვართ. ვიღაც ქალმა შენიშნა ვითომ მტაცებელი ცხოველი. საუბრობს, რომ იყო ვითომ ვეფხვი. ვანახეთ ძაღლი და ვკითხეთ, ეს ვეფხვი იყო–თქო? – კი, ეს იყოო. ერთი სიტყვით, გაურკვევლობაში ვართ. ჩემი აზრით, პირველ რიგში, ზოოპარკის ტერიტორია თავიდან ბოლომდე უნდა გაიწმინდოს და შემოწმდეს. უნდა დაითვალონ რამდენი ცხოველია ტერიტორიაზე. შეიძლება იქ არის ცხოველიც და ჩვენ ტყუილად დავდივართ. ფაქტობრივად, ჩვენ ტყუილად დავდივართ, ცხოველთა მონიტორინგის სააგენტოს ბიჭებთან ერთად. კარგად იმუშავა ყველამ, თუმცა ჩვენი აბსოლუტურად ყველა გასვლა იყო პანიკის საფუძველზე.
თბილისის ზოოპარკის გაწმენდის შემდეგ, თუ გაირკვა, რომ მართლა არის მტაცებელი ცხოველი ტერიტორიის გარეთ, მონადირეების გარდა, კიდევ რა მექანიზმი უნდა იყოს გამოყენებული მტაცებელი ცხოველების მოსაძიებლად?
ხალხი უნდა იყოს ფრთხილად. პირველ რიგში, ხალხმა უნდა გაითვალისწინოს ეს და მოერიდოს. 112–ზე ან თვითონ მონადირეთა ჯგუფთან უნდა დარეკონ და გამოგვიძახონ. ინფორმირებული უნდა იყვნენ კონკრეტულ სიტუაციაში, თუ როგორ უნდა მოიქცნენ. ვეფხვთან როგორ უნდა მოიქცნენ, მე არ ვიცი ნამდვილად.
ინტერნეტში გავრცელდა ინფორმაცია “ჯადოსნური სიტყვის” “აშმალახას” შესახებ, რომელიც თურმე შემთხვევით შემოფეთებული მტაცებლის მოსაგერიებლად გამოიყენება. სპეციალისტები საუბრობენ, რომ ყველაზე დამღუპველი ამ შემთხვევაში შიში და პანიკაა. არსებობს იმის ალბათობა, რომ რომელიმე ჯადოსნური სიტყვით და გამბედაობით საკუთარი ან სხვისი სიცოცხლის გადასარჩენად მტაცებელი მოვიგერიოთ?
მე არ მსმენია. შიშით მართლა გამოყოფს ადამიანი ადრენალინს. ნებისმიერი პატარა ძაღლიც კი გრძნობს, როდესაც გეშინია და მოდის შენსკენ. რაღაცნაირად უნდა დადგე და თავი შეიკავო ზედმეტი მოძრაობისგან. ყოველ შემთხვევაში, არ უნდა გაიქცე. მტაცებელია და ყველა ვარიანტში მიდის გაქცეულზე. თავი უნდა შეიკავოთ ზედმეტი მოძრაობებისაგან და ნელ–ნელა გაერიდოთ. ის, რომ ჯოხი დაიკავო ხელში და “ოქში–ოქში”, “აშმალახა” და რაღაცები ეძახო – არა. ვეფხვთან შეხვედრისგან ღმერთმა დაგვიფაროს. დარწმუნებული ვარ ამაში და წამიკითხავს კიდეც ბევრი: უნდა მოერიდო და ზედმეტი მოძრაობების, რეაქციების გარეშე ნელ–ნელა უნდა გაერიდო ნადირს. მერე უნდა დარეკო 112–ში ან ჩვენთან და როგორმე დავეხმარებით.