კომენტარი

პედაგოგები და სხვა პრიორიტეტული სამიზნე ჯგუფები ევროინტეგრაციაზე ინფორმირებისთვის

20 აპრილი, 2015 • • 1305
პედაგოგები და სხვა პრიორიტეტული სამიზნე ჯგუფები ევროინტეგრაციაზე ინფორმირებისთვის

ცენტრის მიზანი არის საქართველოს ნატოსა და ევროკავშირში ინტეგრაციის ხელშეწყობა საზოგადოების ინფორმირებისა და ადამიანებთან მუდმივი დიალოგის გზით. ჩვენ ვექვემდებარებით ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტრებში ინტეგრაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის აპარატს. ჩვენი სამოქმედო გეგმა სრულ თანხვედრაშია სახელმწიფო მინისტრის მიერ დასახულ ამოცანებთან. მე ვგულისხმობ ევროკავშირში ინტეგრაციის კომუნიკაციის ეროვნულ სტრატეგიას, რომელიც 2014-2017 წლებზეა გაწერილი და რომლის განხორციელებაში, პრაქტიკულად, ყველა საჯარო უწყებაა ჩართული სამოქალაქო საზოგადოებასთან ერთად. ამ სტრატეგიის მიზანი სწორედაც რომ ასოცირების და თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმების განხორციელების თაობაზე საზოგადოების ინფორმირებაა. ამ სტრატეგიის ფარგლებში იქმნება წლიური სამოქმედო გეგმა. ჩვენ უკვე გვაქვს ასეთი გეგმა, რომელიც საკმაოდ ამბიციური და დატვირთულია. ამ გეგმის ერთი ნაწილი არის ასოცირების ხელშეკრულებით გათვალისწინებული რეფორმების მოქალაქეებამდე მიტანა, ხოლო მეორე არის ზოგადად ევროინტეგრაციის თაობაზე საზოგადოების ინფორმირება. ხშირ შემთხვევაში ჩვენ ზოგადი საუბარი გვიწევს ხოლმე ევროკავშირის ღირებულებებისა და ფასეულობების შესახებ. განსაკუთრებით რაიონებსა და სოფლებში, უფრო ხშირად ახალგაზრდებათან.

 

ამაში რას გულისხმობთ?

 

ახალგაზრდებთან ჩვენ უფრო ზოგადად ვსაუბრობთ ევროპულ ღირებულებებზე, თუ რა მნიშვნელობა აქვს ევროინტეგაციის პროცესს საქართველოსთვის. მათთან უფრო ნაკლებად გვიწევს საუბარი კონკრეტული რეფორმების შესახებ, თუმცა ჩვენი ძალიან მნიშვნელოვანი სამიზნე ჯგუფია ფერმერები და ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოებში დასაქმებული საჯარო მოხელეები, რომლებთანაც ძალიან კონკრეტულ რეფორმებზე ვსაუბრობთ, მაგალითად, სოფელში აგრონომიული სექტორის ხელშეწყობაზე, ევროკავშირის დახმარებების შესახებ, როგორ ხდება პროექტების დაწერა და ასე შემდეგ. ეს პროცესი მრავალ სფეროს გულისხმობს- განათლებას კულტურას. ყველა სფეროს თავისი სამიზნე ჯგუფი ყავს.

 

2015 წლის გეგმის მთავარი პრიორიტეტები რა არის?

 

წარსულში ჩვენ გვქონდა პრაქტიკა, რომ ფართო საზოგადოება ერთად აღებული იყო სამიზნე ჯგუფი, თუმცა კონკრეტულ სამიზნე ჯგუფებთან თანამშრომლობის შემდეგ გამოჩნდა, რომ ინტერესების სხვადასხვა დონე არსებობს, შესაბამისად, სამიზნე ჯგუფების დიფერენცირება გავაკეთეთ. შარშან ყველაზე პრიორიტეტული სამიზნე ჯგუფი პედაგოგები იყო, ვინაიდან ქვეყანაში 60 ათასი მასწავლებელი გვყავს. აქედან 12 ათასი ასწავლის ისტორიას, გეოგრაფიას, სამოქალაქო განათლებას და უფროსკლასელებთან უწევთ მუშაობა. ვცდილობდით, რაც შეიძლება მეტი ინფორმაცია მიგვეწოდებინა მასწავლებლებისათვის, რადგან ისინი ინფორმაციის ყველაზე ეფექტური მულტიპლიკატორები და გადამტანები არიან. ამიტომ მათი ჩართვა აუცილებელი იყო. პირდაპირი კომუნიკაციებისა და შეხვედრების გზით ჩვენ 2014 წელს დაახლოებით 1500 პედაგოგს ვესაუბრეთ. ასეთმა მიდგომამ გაამართლა და ეს გამოჩნდა იმით, რომ სოფლის სკოლების დონეზე პედაგოგებთან დაკავშირებით ძალიან ბევრი პროექტი განხორციელდა. აღსანიშნავია, რომ იქ უკვე მათი ინიციატივით ჩავდიოდით. ისინი ცდილობდნენ, რომ ევროპული ღირებულებების შესახებ დიალოგში ახალგაზრდები ჩაერთოთ. ამიტომ ჩვენ 2015 წელსაც დავტოვეთ პედაგოგები პრიორიტეტულ სამიზნე ჯგუფად  და ამას დავამატეთ ადგილობრივი თვითმმართველობის საჯარო მოხელეები, რადგან ასოცირების ხელშეკრულების თაობაზე მათი ინფორმირება კრიტიკულად მნიშვნელოვანია. ამ ორ სამიზნე ჯგუფზე არის ძირითადად ჩვენი სამოქმედო გეგმა მორგებული. ჩვენ ვიმუშავეთ დონორებთან. მაგალითად, ებერტის ფონდმა დაგვიფინანსა პედაგოგების კონფერენცია, რომელიც წელს მეორედ ჩატარდა. ამის ფარგლებში მასწავლებლებმა წარმოადგინეს პროექტები და 10 საუკეთესო კონცეფციის ავტორი ლატვიაში მიგვყავს გამოციდლების გაზიარებისთვის. ეს პროცესი გაგრძელდება. ჩვენ მუდმივად ჩამოგვყავს პედაგოგები რეგიონებიდან და მათთვის ვაკეთებთ შეხვედრების ორგანიზებას, იქნება ეს საელჩოებსა თუ სამინისტროებში, რათა მათი ინფორმირების დონე ავამაღლოთ.

 

თვითმმართველობის ორგანოებში დასაქმებულ საჯარო მოხელეებს რაც შეეხება, ჩვენ მივმართეთ ნიდერლანდების საელჩოს და გაეროს განვითარების ფონდს და მათთან ერთად სპეციალურ პროექტებს ვახორციელებთ რეგიონების მასშტაბით. მათი ჩართულობით ჩვენ საზოგადოების ინფორმირების დონე და აქტიურობის ხარისხი უნდა ავამაღლოთ.

 

როდესაც პრიორიტეტულ ჯგუფებზე ვსაუბრობთ, აუცილებლად უნდა ვთქვათ ფერმერებზეც, რადგან  მათ უშუალოდ ეხებათ ასოცირების ხელშერკულების შედეგად შემოტანილი რეფორმები და სიახლეები. მათი ინფორმირება კრიტიკულად მნიშვნელოვანია, რადგან ამ ადამიანებმა ზუსტად უნდა იცდონენ, რა ცვლილებები შემოდის. მოგეხსენებათ, ძალიან დიდი დახმარება მოდის ევროკავშირისგან და საჭიროა ადამიანების სწორად ინფორმირება, რათა მათ ზუსტად იცოდნენ, თუ რა ინსტრუმენტებია მათ ხელში. ეს არის ჩვენი გეგმის ძირითად პრიორიტეტები.

რაც შეეხება ახალგაზრდულ ჯგუფებს, სტუდენტებს…

გეტყვით, რომ პედაგოგები ერთი წლის წინ პასიურები იყვნენ (წელს ამას ვერ ვიტყვი), მაგრამ არსებობს ძალიან აქტიური ჯგუფი, ახალგაზრდები და სტუდენტები. ისინი შეიძლება ითქვას, რომ პროაქტიულები არიან. მათთან სულ სხვა ტიპის ღონისძიებები გვაქვს. ვაკეთებთ  სტუდენტურ სკოლებს, რომელშიც ეთნიკური უმცირესობების წარმომადგენელი სტუდენტებიც მონაწილობენ.

სულ, ჯამში, რამდენი შეხვედრა გამართეთ 2014 წელს და რამდენ ადამიანს შეხვდით?

 

გაიმართა 300-მდე შეხვედრა, რაც ნიშნავს, რომ პრაქტიკულად, ყოველდღიურად იმართებოდა შეხვედრა ან დღეში რამდენჯერმე. ჩვენ თბილისის ცენტრალური ოფისის გარდა რეგიონებში 4 ბიურო გვაქვს: იმერეთში, აჭარაში, სამეგრელოსა და კახეთში. მათი მეშვეობით სხვადასხვა ღონისძიების ფარგლებში პირდაპირი კომუნიკაციის გზით ჩვენ 15 ათასამდე მოქალაქეს შევხვდით. ეს არის ძალიან დიდი რიცხვი.

 

თუმცა არის კი საკმარისი მოსახლეობის სრულად ინფორმირებისთვის?

ნამდვილად არ არის საკმარისი და ვერც ერთი სტრუქტურა ან ერთი სამინისტრო ვერ შეძლებს, რომ მთლიანად მოიცვას მთელი საზოგადოება.

 

რა უნდა გაკეთდეს ამისათვის დამატებით?

 

მიმდინარე წლის პირველ კვარტალში ჩვენ უკვე 65 შეხვედრა გვაქვს გამართული. ისევ მიდვივართ იმავე ტემპით. მინდა გითხრათ, რომ ამ შეხვედრების ნახევარი ადგილობრივი ინიციატივებით გაიმართა, ანუ მე აღარ ვთხოვ უკვე ადამიანებს შეხვედრას, თვითონ გვთხოვენ, რომ ჩავიდეთ და ინფორმაცია მივაწოდოთ. ამას ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს. მიღებულია გადაწყვეტილება, რომ წელს, უახლოეს მომავალში (შესაძლოა უკვე მაისში) ჩვენ დაგვემატება რეგიონული ოფისები იმისათვის, რომ რეგიონებში ყველგან იყოს ინფორმაციისადმი წვდომა შესაძლებელი. ჩვენთვის პრიორიტეტული არის სამცხე-ჯავახეთი და ქვემო ქართლი. ასევე, გორი და საოკუპაციო ზოლთან მცხოვრები მოქალაქეები. რა თქმა უნდა, სხვა რეგიონებიც: გურია, რაჭა. ჩვენ ვცდილობთ, რომ სისტემური ხასიათი მივცეთ რეგიონებში შეხვედრებს. ამაში ჩართულები არიან ხოლმე შესაბამისი სამინისტროების წარმომადგენლები, ექსპერტები, დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლები, საერთაშორისო ექსპერტებიც… ამ გზაზე გამოცდილების გაზიარება ძალიან მნიშვენლოვანია.

 

მაინც არ გამოვიდა, მგონი, ჩემს კითხვაზე პასუხი, წელს ამ ახალი რეგიონული ოფისებით რომ გაიაზრდოს შეხვედრების რაოდენობა და, დავუშვათ, 30 ათას ადამიანთან მოახერხოთ ინტერაქცია, ეს როგორ იქნება საკმარისი 4-მილიონიან ქვეყანაში…

წელს თუ 30 ათას ადამიანს მოვიცავთ, მერწმუნეთ, რომ ეს საკმარისი იქნება, რადგან თითო ადამიანს ოჯახის წევრები ჰყავს, ანუ ეს ინფორმაცია გადამრავლებას ექვემდებარება. მთავარია, ის ძალიან მაღალი პროცენტული მხარდაჭერა, რომელიც საქართველოს ევროატლანტიკურ კურსს გააჩნია, გაცნობირებული იყოს. ეს ნაბიჯ-ნაბიჯ უნდა მოხდეს, ერთ და ორ წელიწადში ვერ მოესწრება. 15 ათას ადამიანთან შეხვედრა, რაზეც მე ვთქვი, იყო ერთჯერადი და ზოგი გვეხმაურება უკან, ზოგი არა. 30 ათას ადამიანთან საუბარი ევროინტეგრაციაზე, რა თქმა უდა, თავისი შედეგს მოიტანს, თუმცა გაცნობიერებულ მხარდაჭერას ალბათ წლები სჭირდება. განათლების და ინფორმირების მუდმივი პროცესია საჭიროა, შესაბამისად, ერთ წელიწადში ამ საკითხის მთლიანად მოხსნას დღის წესრიგიდან მე არ ველი, მაგრამ 30 ათასი ადამიანის ინფორმირება თუ მოხერხდა ყველა სახელწმიფო უწყების მიერ, ეს იქნება გარღვევა და პროცესის დასაწყისი.

 

ტელევიზიის რესურსის გამოყენებაზე რას ფიქრობთ? დღეს, თუ არ ვცდები, არ არსებობს ისეთი გადაცემა მეინსტრიმულ მედიაში, სადაც სექტორულად იქნებოდა ასოცირების ხელშეკრულების განხილული…

 

რეგიონულ მაუწყებლებში უფრო არის ასეთი გადაცემები, მართალია, მცირემასშტაბიანი, მაგრამ იქ უფრო არის, იგივე აჭარის ტელევიზიაშია ასეთი გადაცემა. თუმცა საინფორმაციო ბადეში, იქნება ეს ტელევიზია, რადიო თუ პრესა, ნამდვილად გვაკლია პროფესიული მასალები და ჩვენ ამ მხრივაც ვმუშაობთ საერთაშორისო დონორებთან, მათ შორის დაწყებული გვაქვს საუბარი ევროკავშირთან… უახლოეს თვეებში სატელევიზიო ეთერში გაჩნდება კონკრეტული რეფორმების შესახებ ინფორმაცია, როგორც სოციალური რეკლამის სახით, ასევე სპეციალური გადაცემის მეშვეობითაც.

 

თქვენ უშუალოდ გიწევთ მსგავსი ტიპის შეხვედრებში მონაწილეობა და როგორია ცნობიერების დონე ევროკავშირთან დაკავშირებით მოსახლეობაში?

 

ცნობიერების დონე სტუდნეტებში არის საკმაოდ კარგი, მათ აქვთ სწორი ხედვა, თუ რა არის ევროპა, მისი ღირებულებები და ასე შემდეგ. ანუ მათი მხარდაჭერა ევროპული კურსის მიმართ გაცილებით უფრო გაცნობიერებულია, ვიდრე ფერმერებისა თუ ადგილობრივი თვითმმართველობის საჯარო მოხელეების. ამიტომ სჭიროა უფრო მეტი მუშაობა.

 

აქ მთავარი არის ის, რომ ამ გზაზე გამოჩნდა ახალი საფრთხე: ანტიდასავლური პროპაგანდა, რის შედეგადაც ფეხს იკიდებს მითები. იმისათვის, რომ ეს ასე არ მოხდეს და მითებმა ფეხი ვერ მოიკიდოს, საჭიროა საზოგადოებას გაცნობირებული ჰქონდეს, რა არის ევროინტეგრაცია. მე მჯერა, რომ ჩვენ პროპაგანდას უნდა დავუპირისპირდეთ არა კონტრპროპაგანდით, არამედ ფაქტებით. სწორედ აქეთკენ იქნება მიმართული ის სატელევიზიო და რადიოპროექტები, რომლის ჩვენებაც მომავალში დაიგეგმება. მთავარია, რომ მითების გაქარწყლება ეფექტურად მოხდეს და ის პროპაგანდისტული მანქანა, რომელიც მუშაობს, ჩვენ რეალური გამოცდილებითა და მაგალითებით გავაქარწყლოთ. რუსულ პროპაგანდაში ძალიან დიდი ფულია ჩადებული, ჩვენ ვხედავთ ამას და ისინი ძალიან დიდ ფულს იყენებენ ამისათვის: ფონდები, მედიასაშულებები  განსაკუთრებით ეთნიკური უმცირესობებით დასახლებულ რეგიონებში, სადაც ქართული ენის ცოდნის პრობლემაც არის და ინფორმაციის მიღების ძირითადი წყარო რუსული მედიაა. სწორედ აქეთაა ჩვენი ძლისხმევის მიმართვა საჭირო, რათა რაც შეიძლება მეტი საკომუნიკაციო საშუალება იყოს გამოყენებული იმისათვის, რომ საზოგადოებას სწორი და გაცნობირებული ხედვა ჩამოუყალიბდეს საქართველოს ევროატლანტიკური კურსის მიმართ.

 

ყველაზე უცნაური მითები რა მოგისმენიათ ევროატლანტიკური ინტეგრაციის შესახებ?

იდენტობასთან დაკავშირებული საკითხებია ძირითადად: მაგალითად, ის, რომ ევროკავშირი თითქოს ვიღაცას ერთსქესიანთა ქორწინების დაკანონებას ავალდებულებს, რაც ტყუილია. მაგალითად, ნატოსთან დაკავშირებით არსებობს ასეთ მითი, რომ თუ ჩვენ ნატოში შევალათ, ახალქალაქში გაიხსნება თურქეთის სამხედრო ბაზა და იქ მცხოვრები საქართველოს მოქალაქე ეთნიკური სომხები ამას საფრთხედ აღიქვამენ, ასევე ნატოსთან დაკავშირებით შემხვედრია ასეთი კითხვა, როცა ნატოში გაწევრიანდება საქართველო, უნდა დავაბრუნოთ თუ არა ის ფინანსური დამხარება, რაც უკვე მიღებული გვაქვსო და ასე შემდეგ, თუმცა ყველაზე ცუდი, რასაც მე ვაწყდები, არის ასეთი დამოკიდბეულება: საქართველოს მაინც არავინ მიიღებს ნატოსა და ევროკავშირში და ესაა წყლის ნაყვა. სწორედ ესაა მთავარი, რომ ამ პროცესში არ მოხდეს ჩვენი შესაძლებლობების დეგრადაცია და სტრატეგიული ამოცანის შეცვლა, იქიდან გამომდინარე, რომ თითქოს ეს უტოპიაა… არ არის უტოპია, ეს არის რეალობა, ეს ისტორიამ აჩვენა და საქართველოს ევროპულ არჩევანს ალტერნატივა არ აქვს, შესაბამისად, ამაზე დიალოგი ყველასთან არის აუცილებელი.

მასალების გადაბეჭდვის წესი