ბაქოში ჩავფრინდი 30 მარტს, დაახლოებით 13:30 საათზე. პასპორტის კონტროლისას მესაზღვრეს გადავეცი ჩემი პასპორტი, უკვე თითქმის ჩარტყმული ჰქონდათ ბეჭედი, როდესაც კომპიუტერმა, როგორც ჩანს, ჩემი სახელი და გვარი “ამოუგდო”. პირველმა მესაზღვრემ დაუძახა მეორეს, მეორემ – მესამეს, მესამემ – მეოთხეს… მომდევნო 31 საათის განმავლობაში ჩემი პასპორტი თვალით აღარ მინახავს.
ფაქტია, მათ იცოდნენ რა ორგანიზაციას წარმოვადგენდი, იცოდნენ რისთვის მივდიოდი იქ… მკითხეს და არც დამიმალავას, რომ ადამიანის უფლებათა დამცველთა სასამართლო პროცესზე დასწრებას ვაპირებდი. ეს ადამიანები პოლიტიკური მოტივებით არიან იქ დევნილები. საბოლოო ჯამში, მათ მიიღეს პოლიტიკური გადაწყვეტილება, რომ მე ქვეყანაში არ შევეშვი.
რატომ ფიქრობთ ასე?
პოლიტიკურ მოტივაციაზე იმიტომ ვსაუბრობ, რომ ქვეყანაში ჩემი არშეშვების სამართლებრივი საფუძვლები არ არსებობდა. მე არ მჭირდება ვიზა, შესაბამისად, სავიზო რეჟიმი არ დამირღვევია. მე არ შევსულვარ ყარაბაღში სომხეთის გავლით, რაც ადამიანის აზერბაიჯანიდან გაძევების ერთ-ერთი წინაპირობაა. შესაბამისად, ჩემი იქ არშეშვება პოლიტიკური გადაწყვეტილებაა. ეს ყველაფერი ძალიან გაიწელა დროში. ვერ იღებდნენ სწრაფად გადაწყვეტილებას, ერთმანეთში ათანხმებდნენ, რა და როგორ მომხდარიყო. ძირითადი დრო აეროპორტის ტრანზიტულ პუნქტში გავატარე.
თუ განგიმარტეს არშეშვების მიზეზი?
არანაირი ახსნა-განმარტება არ მიმიღია. მეტიც, მომიჩინეს პიროვნება, რომელიც არც ინგლისურად საუბრობდა და არც რუსულად, შესაბამისად, მე მასთან კომუნიკაციას ვერ ვამყარებდი და სრულ ინფორმაციულ ვაკუუმში ვიყავი. ბოლოს კრიმინალივით გამომაძევეს ქვეყნიდან. უშიშროების ორმა თანამშრომელმა ჩამსვა თვითმფრინავში, ჩემი პასპორტი სტიუარდს გადასცა. როდესაც ვკითხე მიზეზი, მითხრეს, რომ აზერბაიჯანში შეშვებაზე უარი მეთქვა – მიზეზის დასახელების გარეშე. ძალიან რთული იქნებოდა ამ მიზეზის მოძიება მათი მხრიდან, რადგან, როგორც უკვე გითხარით, ეს სხვა არაფერია, თუ არა პოლიტიკური გადაწყვეტილება. ადამიანის უფლებების დაცვის კუთხით აზერბაიჯანში სიტუაცია ძალიან მძიმეა. მდგომარეობა განსაკუთრებით ბოლო ერთი წლის განმავლობაში დამძიმდა. ადამიანის უფლებების დაცვის სფეროში მომუშავე ლიდერებისაგან თითქმის ყველა დაპატიმრებულია, ზოგი მათგანი გაქცეულია და იმალება. მე მივდიოდი ორი უფლებადამცველის სასამართლოზე – რასულ ჯაფაროვისა და ინტიგამ ალიევის. ალიევი ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი იურისტია აზერბაიჯანში, რომელიც ასობით საქმეს უძღვებოდა [აზერბაიჯანის წინააღმდეგ] ადამიანის უფლებების ევროპულ სასამართლოში. მისი ორგანიზაცია საერთოდ დაიხურა.
იყავით თუ არა დაკავებული ბაქოს აეროპორტში?
ეს არ იყო დაკავება, თუმცა მე გადაადგილების თავისუფლება შემეზღუდა. არ მქონდა პასპორტი, ინფორმაცია და შემზღუდეს გარკვეულ სივრცეში. არ მიშვებდნენ ქვეყანაში, სასტუმროს ჯავშანიც გამიუქმდა, ვერ ვბრუნდებოდი უკან, რადგან სამი რეისი გამოფრინდა თბილისში და მე ბოლოზე, ანუ მესამე რეისზე მოვხვდი მხოლოდ. არც საჭმელი შემოუთავაზებიათ, არც სასმელი. იქ იყო კაფე და მე შემეძლო ყავა დამელია, მაგრამ ეს მოხდა იმიტომ, რომ მე მქონდა საკრედიტო ბარათი და შემეძლო საკუთარი თავისთვის მიმეხედა. მთელი ამ ხნის განმავლობაში მეუბნებოდნენ, რომ სწავლობდნენ ჩემს საკითხს. თავიდან მქონდა იმედი, რომ გარკვეული პერიოდის შემდეგ მიხვდებოდნენ რომ არახელსაყრელი იყო მათთვის… რადგან ძალიან ცუდი პიარი იქნებოდა HRW-ის მკვლევარის არშეშვება. ანუ მქონდა იმედი, რომ შემიშვებდნენ, მაგრამ როცა ღამის გათევება მომიხდა იქ, მივხვდი, რომ უკან დამაბრუნებდნენ.
ღამის გათევება ტრანზიტულ პუნქტში მოგიწიათ?
დიახ. იქ სავარძელი იყო, მაგრამ დაძინება შეუძლებელი იყო, ღამე არ მძინებია.
რამდენად ხართ კმაყოფილი საქართველოს საკონსულოს მუშაობით, როგორც ვიცით, ისინი შეგხვდნენ თქვენ აეროპორტში?
ძალიან კმაყოფილი ვარ. მომაქციეს ყურადღება. აეროპორტში მოვიდნენ. შეეცადნენ ვითარების გარკვევას. სამწუხაროდ, მათაც არ მიაწოდეს ინფორმაცია, თუ რატომ ვიყავი გაჩერებული.
ხომ არ აპირებთ ამ საკითხის გარკვევას საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს მეშვეობით. როგორც ჩვენ კონსულმა განგვიცხადა, პროცედურა ასეთია, რომ დაინტერესების შემთხვევაში თქვენ უნდა მიმართოთ ოფიციალურ თბილისს და შემდეგ აზერბაიჯანში საქართველოს საელჩო დაუკავშირდება აზერბაიჯანის საგარეო უწყებას და იკითხავს, თუ რატომ არ მოგეცათ ქვეყანაში შესვლის საშუალება?
ჩემთვის მიზეზი ძალიან ნათელია. მათ იცოდნენ ვინ ვიყავი, ძალიან კარგად იცნობენ ჩემს საქმიანობას. მე კანონდამრღვევი არ ვყოფილვარ, ამიტომ ჩემი იქ არშეშვების სამართლებრივი საფუძველი არ არსებობდა. შესაბამისად, ჩემთვის ნათელია, რაც მოხდა. ალბათ დავფიქრდები იმაზე, რაც თქვენ თქვით. ჩვენმა ორგანიზაციამ ამ ფაქტს შეფასება უკვე გაუკეთა. მე პირადად სტატიის დაწერას ვაპირებ ამ მოვლენებთან დაკავშირებით. ჩემ ამბავი იქ მხოლოდ 31 საათი გაგრძელდა, მაგრამ უფრო მნიშვნელოვანია ყურადღების გამახვილება ჩემს კოლეგებზე, ვინც იქ ციხეში სხედან.
თვითონ იმ სასამართლო პროცესებზე რა მოხდა, რომელზეც თქვენ მიემგზავრებოდით?
დღეს იქ ორი სხდომა ჩატარდა. როგორც მე გავარკვიე, დაცვის მხარის არც ერთი შუამდგომლობა არ იქნა დაკმაყოფილებული. ეს არის ფარსი იმიტომ, რომ რეალურ ბრალდებებს იქ ადგილი არ აქვს და საჩვენებელი სასამართლო სხდომა იმართება, რომელიც საჯაროა, მაგრამ ამასთანავე, მაგალითად, მე არ შემიშვეს.
თქვენ ამ პროცესის შესახებ ანგარიშის მომზადებას აპირებდით?
დიახ, მისი გაშუქება მინდოდა, ან ანგარიშს დავწერდი ან პრესრელიზს მოვამზადებდი. მე ამ საქმეებს უკვე რამდენიმე თვეა, რაც თვალყურს ვადევნებ.
ბატონო გიორგი, ალბათ პირველად არ ჩახვედით თქვენ ახლა აზერბაიჯანში. ასეთი ინციდენტი პირველი შემთხვევაა?
მე 12 წელია, რაც HWR-ისთვის ვმუშაობ აზერბაიჯანის საკითხებზე. წელიწადში რამდენჯერმე დავდიოდი, ვიკვლევდი… არასდროს მქონია პრობლემა არც ქვეყანაში შესვლის და არც იქიდან გამოსვლის თვალსაზრისით.
ახლა რა მოხდა თქვენი აზრით?
მე ვუკავშირებ იმას, რაც უკვე გითხარით, რომ ბოლო ერთი წლის განმავლობაში სიტუაცია განსაკუთრებით დამძიმდა აზერბაიჯანში. ადამიანის უფლებების დაცვის სფეროს ლიდერები დაიჭირეს, ბევრი ორგანიზაცია დახურულია, მათ შორის World Vision, IREX, ღია საზოგადოების ფონდი. დამოუკიდებელი არასამთავრობო სექტორი ქვეყანაში რეალურად აღარ ფუნქციონირებს.
ამ საქმეების მონიტორინგისათვის საქართველოდან სხვა ორგანიზაციების წარმომადგენლებიც მიდიოდინენ ხომ, აზერბაიჯანში?
ვიცი, რომ ადამიანის უფლებათ ცენტრის წარმომადგენელი იყო, მაგრამ ის ინდივიდუალურად ამ ერთ სხდომაზე ჩავიდა. ის აზერბაიჯანის საკითხებზე არ მუშაობს და, შესაბამისად, გარკვეული ეჭვები არ გამოუწვევია.