კომენტარი

გიორგი ტუღუში: ბოლო წლებში პირველად საქართველოს რეალური პოლიტიკური პატიმრები ჰყავს

24 მარტი, 2015 •
გიორგი ტუღუში: ბოლო წლებში პირველად საქართველოს რეალური პოლიტიკური პატიმრები ჰყავს

რა ტიპის საქმეებზე ქონდა ორიენტაცია თქვენს ორგანიზაციას აღებული, რომელი საქმეები შეისწავლეთ?

 

რა თქმა უნდა, შემთხვევით არ მომხდარა სისხლის სამართლის საქმეების შერჩევა, ძირითადში ჩვენ ორიენტაცია ავიღეთ ისეთ საქმეებზე, რომლებზეც არაერთი კითხვის ნიშანი გაჩნდა ბოლო პერიოდში, რა თქმა უნდა, როდესაც საკითხი ეხება იმას, თუ რამდენად მიუკერძოებლად და სამართლიანად წარმოებდა გამოძიება ამ საქმეებზე. იცით, საქართველოს ხელისუფლება არაერთხელ გააკრიტიკა არაერთმა საერთაშორისო ორგანიზაციამ, ასევე შეშფოთება გამოხატეს ჩვენმა უცხოელმა პარტნიორებმა, ქვეყნის შიგნითაც არაერთხელ იყო საუბარი იმაზე, რომ ეს სისხლის სამართლის საქმეები აჩენს სერიოზულ ეჭვს იმაზე, რომ გამოძიება არის პოლიტიკურად მოტივირებული. ჩვენ ავიღეთ ევროპის საბჭოს მიერ დამტკიცებული კრიტერიუმები, რომლებიც შეეხება პოლიტიკური პატიმრის დეფინიციას. ჩვენი მიზანი არანაირად არ ყოფილა, რომ გვემტკიცებინა ვინმეს უდანაშაულობა ან დამნშავეობა, ჩვენ მხოლოდ და მხოლოდ შევისწავლეთ საქმეები იმ კუთხით, რომ გვენახა რამდენად კანონის ფარგლებში მოქმედებდა პროკურატურა, საგამოძიებო ორგანოები და სასამართლო, ასევე, იკვეთებოდა თუ არა საქმეებში პოლიტიკური მოტივაცია, რაზეც უკვე დიდი ხანია არის საუბარი. აქედან გამომდინარე, შევისწავლეთ როგორც ყოფილი პრეზიდენტის, სააკაშვილის, ყოფილი ქალაქის მერის, უგულავას მიმართ წარმოებული სისხლის სამართლის საქმეები, ასევე ივანე მერაბიშვილის, ბაჩანა ახალაიას, თავდაცვის სამინისტროს მაღალჩინოსნების, უკვე ალასანიას პერიოდზეა საუბარი. რა თქმა უნდა, ალექსანდრე ნინუა, გიორგი ონიანი, თენგიზ გუნავა. რაზეც ხელი მიგვიწვდა, ყველა საქმე დეტალურად იქნა განხილული, შესწავლილი და ამ ანგარიშში საკმაოდ დეტალური ანალიზია მოცემული, თუ სად დავინახეთ ძირითადი პრობლემები. საქმეებში გამოიკვეთა არაერთი პრობლემა, რომელზეც ადრეც იყო საუბარი, თუმცა ამის სისტემურად დანახვა ერთობლიობაში აღმოჩნდა გაცილებით უფრო საინტერესო. ანგარიშს თუ გადახედავთ, თვალნათლივ ჩანს, რომ უმეტეს შემთხვევებში გამოძებას ამოძრავებს ერთ–ერთი ძირითადი მოტივი, ეს არის წინასწარ პატიმრობაში მოათავსოს პირი, რომ იგი არ იმყოფებოდეს გარეთ თუნდაც ძიების პროცესში.

ანგარიშში მოცემულია, რომ სააკაშვილის წინააღმდეგ მოწმეების ჩვენებაშიც არის გარკვეული პრობლემები

 

დავიწყოთ იმით, რომ რამდენად შეიძლება გამოძებისთვის სანდო იყოს ყველაზე აგრესიული პოლიტიკური ოპონენტის ჩვენება მიცემული გამოძიებისთვის. ცხადია, დაახლოებით იგივეა, ვთქვათ, რომ მოიყვანო ნაციონალური მოძრაობის ერთ–ერთი ლიდერი და ჩვენება მიაცემინო ქართული ოცნების ერთ–ერთი ლიდერის წინააღმდეგ. დაახლოებით იგივე სიტუაცია გვაქვს, როდესაც ირაკლი ოქრუაშვილს და ნინო ბურჯანაძეს კითხავენ და ისინი, ასე ვთქვათ, ირიბ ჩვენებებს იძლევიან  სააკაშვილის წინააღმდეგ. აქ მთავარი პრობლემა ის არის, რომ ამ საქმეებში სხვა მოწმე არ არის.  ანუ, ეს რომ იყოს ერთ–ერთი მოწმე საქმეში, რომ არ იყოს მხოლოდ ბურჯანაძე და ოქრუაშვილი, კიდევ  ვიფიქრებდით, რომ გამოძიება შეეცადა გაემყარებინა თავისი პოზიცია, მაგრამ ზოგ ეპიზოდში ისინი ერთადერთი მოწმეები არიან. ამას ემატება ჩვენებების არადამაჯერებლობა, ასევე ემატება ის, რომ ჩვენებები შეცვლილია რამდენიმეჯერ, როგორც ჩანს, სავარაუდოდ გამოძიების მითითებით, რათა ეს ჩვენება მორგებოდა კვალიფიკაციას. ნახავთ, რომ რამდენიმე ეპიზოდად არის ანგარიშში ეს თავები დაყოფილი და პირდაპირ დაინახავთ, რამდენად სერიოზულია ეჭვები იმაზე, რომ გამოძიება პირდაპირ ცდილობს, პოლიტიკური ოპონენტი გამოიყენოს, ასე ვთქვათ, მოწინააღმდეგის სისხლისსამართლებრივი დევნისთვის. იგივე შეეხება გიორგი უგულავას სააქმეებსაც, იქ არის არაერთი ირიბი ჩვენება, რომლებიც ეხება უკანონო შემოსავლების ლეგალიზებას.

 

კიდევ რა პრობლემები იკვეთება უგულავას საქმის შემთხვევაში?

 

ერთ–ერთ ფაქტს მოვიყვნ მაგალითად, ყველაზე თვალნათელი რაც არის: დისკრიმინაციული მიდგომა პროკურატურის მხრიდან და მიკერძოებულობა. მარნეულის საარჩევნო კომსიის ინციდენტი. ამაზე უგულავას ბრალი აქვს წარდგენილი. მაგრამ იგივე, როდესაც ქართული ოცნების აქტივისტებს ერთი თვე, თუ არ ვცდები, მარტვილის გამგეობა ქონდათ პარალიზებული და თვითმმართველობას არ აძლევდნენ საშუალებას ემუშავა, არავინ არ არის იქ პასუხისგებაში მიცემული. ასევე, არჩევნების დღეს იყო რამდენიმე ფაქტი სამეგრელოში, როდესაც უბანზე არჩევნები ჩაიშალა, სროლაც იყო, იქ არავინ დასჯილი არაა. უგულავამ, როგორც წერია, ორგანიზება გაუწია საარჩევნო კომისიის მუშაობაში ხელის შეშლას. საინტერესოა, მან თუ ორგანიზება გაუწია, აღმსრულებლები ვინ იყვნენ ამ შემთხვევაში. არავინ არ არის ამ საქმეზე დასჯილი, ერთადერთი გიორგი უგულავას აქვს წარდგენილი ბრალი. იგივე, თუ შევხედავთ, რა გაკეთდა მისი წინასწარ პატიმრობაში მოთავსების მიზნით, რამდენიმეჯერ ცადა პროკურატურამ, რომ მისთვის თავისუფლება აღეკვეთა, პირველად მას გირაო შეეფარდა, მერე ერთმა მოსამართლემ თქვა, რომ საფუძველს ევრ ხედავდა მისი წინასწარ პატიმრობაში ყოფნის და ბოლოს იგი აეროპორტში დააკავეს, კიდევ ახალი ბრალი წარმოადგინეს და მიაღწიეს იმას, რომ იგი მოხვდა წინასწარ პატიმრობაში. აპრილის დასაწყისში მას გასდიოდა 9–თვიანი წინასწარი პატიმრობის ვადა და უმძიმებენ ბრალს. თქვენ ასევე ნახავთ, რომ როდესაც ჩვენ შევისწავლეთ წინასწარი პატიმრობის შეფარდების განჩინებები, უმეტესი მათგანი არის აბსოლუტურად დაუსაბუთებელი და სასამართლოს აქვს საკმაოდ ზედაპირული მსჯელობა. ანუ, ფაქტობრივად, ეს განჩინებები ვერ აკმაყოფილებს ევროსასამართლოს ვერანაირ სტანდარტს, რომელიც უკავშირდება განჩინების დასაბუთებულობას განსაკუთრებით მაშინ, როდესაც პირს უნდა აღეკვეთოს თავისუფლება. ბოლო პერიოდში საქართველოში იმყოფებოდა ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის სპეციალური მომხსენებელი წინასწარი პატიმრობის ბოროტად გამოყენების საკითხებში პედრო აგრამუნტი. მანაც აღნიშნა, რომ შოკირებული იყო, როდესაც გაეცნო ვითარებას საქართველოში, დეტალურად შეისწავლა გარკვეული ფაქტები, ასევე ციხეში გაესაუბრა გარკვეულ პირებს. და მანაც მიიჩნია, რომ საქართველოში ხელისუფლება წინასწარ პატიმრობას იყენებს სწორედ პოლიტიკური ოპონენტების თავიდან მოსაშორებლად. ეს ანგარიშიც მიუთითებს იმაზე, რომ  უმეტეს შემთხვევში წინასწარი პატიმრობა ემსახურება სწორედ იმას, რომ პოლიტიკურად აქტიური ოპოზიციის წარმომადგენლები იმყოფებონენ გისოსებს მიღმა და არა გარეთ, ვინაიდან აქ გამოძიება ხედავს გარკვეულ საფრთხეს.

 

ანგარიშში შესულია ახალაიას შემთხვევაც

 

კი ბატონო, საკმაოდ დიდი ადგილი უკავია იმიტომ, რომ ახალაიას წინააღმდეგ არაერთი სისხლის სამართლის საქმე წარმოებდა. უმეტეს მათგანში იგი გამართლდა. აქაც საინტერესოა განსაკუთრებით მოწმეების ნაწილი, რადგან არაერთგან იკვეთება მოწმეებზე ზეწოლის ფაქტები, ასევე დაუსაბუთებლობა მთელი რიგი გამოძიების პოზიციებისა და, რაც ძალიან საინტერესოა, აქაც ბოროტად გამოყენება წინასწარი პატიმრობის. აქაც უამრავ შემთხვევას ნახავთ თქვენ, სადაც პროკურატურას არ გააჩნია სათანადო მტკიცებულებები, თუმცა ყველა მეთოდს იყენებს იმისთვის, რომ პირი დარჩეს წინასწარ პატიმრობაში. ასევე, აქვე მინდა აღვნიშნო, რომ სასამართლოც უწყობს ამას ხელს რიგ შემთხვევებში, როდესაც აბსოლუტურად დაუსაბუთებლად პირს უგრძელებს წინასწარი პატიმრობის ვადას.

 

ანგარიშის წარდგენისას განაცხადეთ, რომ ქართული ოცნების სასარგებლოდ ვინც გააკეთა არჩევანი, მათ მიმართ არ განხორციელდა სისხლის სამართლის დევნა და ვინც ასე არ მოიქცა, ისინი იდევნებიან. აქ რას გულისხმობდით?

 

არჩევანში მე არ მიგულისხმია, რომ მაინცდამაინც საარჩევნო უბანში მივიდა და ხმა მისცა. აქ იგულისხმება ის, როდესაც მათ მისცეს ამ პირთა წინააღმდეგ ჩვენება, რომლებითაც დაინტერესებული იყო პროკურატურა. თუმცა რიგ შემთხვევებში თავად იყვნენ აღმსრულებლები იმ ქმედების, რასაც პროკურატურა, მაგალითად, ედავება- იქნება ეს ახალაია, უგულავა, მერაბიშვილი, სააკაშვილი, არ აქვს მნიშვნელობა. მაგრამ არც ერთი ეს პირი არ მიეცა პასუხისგებაში, ან საერთოდაც არ არიან დაკითხული. ხოლო სისხლის სამართლებრივი დევნა გაგრძელდა უშუალოდ იმ პირთა მიმართ, რომელთაც, რიგ შემთხვევებში, ედავებინ ამ დანაშაულის ჩადენის ორგანიზებას. ესეც ძალაინ საინტერესო ტენდენციაა, რომელიც მარტო ერთში არა, რამდენიმე სისხლის სამართლის საქმეში იკვეთება. კიდევ ერთ–ერთი საინტერესო ფაქტია, მაგალითად, ალექსანდრე ნინუას საქმე, რომელზეც მედიაში ძალიან ბევრი საუბარი არ ყოფილა, მაგრამ ეს ადამიანი იყო თავდაცვის სამინისტროს შესყიდვების სამსახურის უფროსი. მან განაცხადა, რომ მის კოლეგებზე ხორციელდება ზეწოლა, ამიტომ პროვოცირება მოახდინა, იარაღი დააგდო. 3 წელი მიუსაჯეს მას იარაღის უკანონო შენახვა–ტარებისთვის. როდესაც პირს არ აქვს ნასამართლობა, ზოგადად, დადგენილი პრაქტიკაა, რომ პატიმრობა არ გამოიყენება მსგავს დანაშაულზე, თუმცა ნინუას მიმართ სრული სიმკაცრით გამოიყენა პროკურატურამ კანონი და მოითხოვა მისთვის 3–წლიანი პატიმრობა. ეს ერთ–ერთი საინტერესო ფაქტია, რომელიც მიუთითებს დისკრიმინაციულ მიდგომაზე. იგივე მიდგომები აქვს გამოყენებული უგულავას რამდენიმე ეპიზოდში. ასევე ისიც საინტერესოა, რომ  იგივე ჯოზეფ ქეი გვევლინება ერთ–ერთ მოწმედ, რომელიც უკავშირდება უგულავას შემთხვევაში  “იმედის” ეპიზოდს. ასევე, უგულავას წინააღდმეგ არის არაერთი ირიბი ჩვენება მიცემული და თქვენ ალბათ გსმენიათ, რომ ერთ–ერთ ბოლო გადაწყვეტილებაში საკონსტიტუციო სასამართლომ არაკონსტიტციურად გამოაცხადა, ზოგადად, ირიბი ჩვენების გამოყენება სისხლის სამართლის პროცესში. როგორც ჩანს, ამით პროკურატურა დიდად არ დაინტერესებულა. თუმცა, მინდა გითხრათ, რომ საკონსტიტუციოს გადაწყვეტილებამ, ფაქტობრივად, საფუძველი გამოაცალა სწორედ იმ ბრალდებებს და იმ კონკრეტულ სისხლის სამართლის საქმეებს, რომლებსაც პროკურატურა ამ პირთა მიმართ აწარმოებს ირიბ ჩვენებებზე დაყრდნობით.

 

ანგარიშში ნახსენებია თანდაცვის სამინისტროს მაღალჩინოსნების საქმეც. აქ რა პრობლემები გამოიკვეთა?

 

აქ პირველ რიგში იკვეთება პოლიტიკური მოტივაცია, რომ ეს ადამიანები ასევე მოეთავსებინათ წინასწარ პატიმრობაში. მინდა გითხრათ, რომ როდესაც გავყევით საქმეს, ბრალის ნიშნები საერთოდ არ იკვეთება. ზოგადად, მოტივი ამ სავარაუდო დანაშაულის ჩადენის არ ჩანს. ასევე, როდესაც ჩვენ ჩავხედეთ, ვინ არიან მოწმეები, რის საფუძველზე მოხდა ამ ადამიანების სისხლის სამართლებრივ პასუხისგებაში მიცემა, რატომ გამოიყენა, მაგალითად, სასამართლომ ამ პირების მიმართ წინასწარი პატიმრობა, როდესაც არც ერთი არ არის ნასამართლევი, შეუბღალავი წარსული აქვს ყველა მათგანს, არ აქვთ ძალადობრივ დანაშაულში ბრალი წარდგენილი. ახლა ჩვენ ვხედავთ, რომ სასამართლოს დახმარებით პროკურატურამ ყველაფერი გააკეთა იმისთვის, რომ ეს პირები ყოლოდა წინასწარ პატიმრობაში. მათი პროცესი უსაშველოდ ჭიანურდება, პროკურატურამ რამდენიმეჯერ გადადო, რომ არ ჩატარებულიყო სასამართლო სხდომა და მინდა გითხრათ, იმ ფაქტით, რომ არ დაუშვეს დაცვა საქმის მასალებთან, უგულებელყვეს კანონის მოთხოვნები. თავად მტკიცებულებები, რომლებიც საქმეში არსებობს, მოტივის არარსებობა, განზრახვის არარსებობა, ერთობლიობაში თქვენ დაინახავთ, რომ პროკურატურას აშკარად  ერთადერთი მიზანი ამოძრავებდა: რამენაირად ყოფილი მინისტრის გარშემო მყოფი რამდენიმე მაღალჩინოსანი, რომლებიც, რა თქმა უნდა, სერიოზულ თანამდებობებს იკავებდნენ თავდაცვის სამინისტროში, მოეთავსებინათ პატიმრობაში. არაერთი განცხადება გააკეთა ასევე ირაკლი ალასანიამაც და მისი პარტიის წარმომადგენლებმა, მათმა ადვოკატებმა, თუმცა ეს პირები რჩებიან ციხეში.

 

ამ შესწავლილი ქეისების მიხედვით, როგორ ფიქრობთ, შეიძლება იმის თქმა, რომ პროკურატურა არის იმ ინტერესების გამტარებელი, რაც აქვს “ქართულ ოცნებას”?

ეს ანგარიში მეტს არაფერს არ ადასტურებს, ეგ არის ძირითადი ამოსავალი წერტილი. სწორედ ამიტომ ქვია ამ ანგარიშს “პოლიტიკურად მიკერძოებული მართლმსაჯულება საქართველოში”. ჩვენ შეიძლება ძალიან ბევრი ვისაუბროთ იმაზე, თუ ბოლო ორნახევარი წლის განმავლობაში რა მიმართულებით განიცადა პროგრესი მართლმსაჯულებამ და რა მიმართულებით – რეგრესი. თუმცა ცხადია, რომ პირველად ბოლო წლების განმავლობაში საქართველო მივიდა იმ ზღვარზე, როდესაც რეალურად შეიძლება ვთქვათ, რომ ჰყავს რეალური პოლიტიკური პატიმრები ციხეში.

 

პროკურატურაში ახლახან შეიქმნა დეპარტამენტი, რომელიც საჯარო მოხელეების მიერ 2012 წლამდე ჩადენილ დანაშაულებებს შეისწავლის. როგორ შეაფასებთ ამ დეპარტამენტის შექმნას, ხომ არ შეიცავს ეს იმ რისკებს, რაზეც არის უშუალოდ თქვენს ანგარშში საუბარი?

 

ამ ანგარიშის შედეგად მიღებული კონკრეტული შედეგების მიხედვით თუ ვიმსჯელებთ, ცხადია, რომ ოპტიმისტურად განწყობილი ვერ ვიქნებით ამ დეპარტამენტის მიმართ იმიტომ, რომ არ მგონია, ის რამე განსხვავებულით დაკავდეს, რითაც, ვთქვათ, ამჟამად არის დაკავებული პროკურატურა. ზოგადად, დეპარტამენტზე მე უშუალოდ აზრი ვერ მექნება. ვთვლი, რომ ეს გარკვეული პოლიტიკური დაპირებების ნაწილს წარმოადგენს. ძალიან საინტერესოა, ზოგადად, მანდატი ამ დეპარტამენტის და დებულება, უშუალოდ რომელი ტიპის საქმეები უნდა შეიწავლოს. თუმცა ცოტა საეჭვოა, რატომ ხდება ამ დეპარტამენტის შექმნა ორწელიწადნახევრის შემდეგ, რამ განაპირობა ეს. ამას ემატება ისიც, რომ ზოგადად ნდობა პროკურატურის მიმართ ეტაპობრივად მცირდება იმის მაგივრად, რომ დაწყებულიყო რეალური რეფორმა და ჩვენ გვესაუბრა იმაზე, რომ მიგვეღო მიუკერძოებელი, დამოუკიდებელი პროკურატურა. ჩვენი ანგარიში ცხადყოფს იმას, რომ საერთოდ სხვა მიმართულებით არის წასული. იმედს ვიტოვებ, რომ კიდევ ამ დეპარტამენტის საქმიანობაზე ცაკლე ანგარიშის წერა არ მოგვიწევს, თუმცა არავინ არ არის ამისგან დაზღვეული.

 

რა რეკომენდაციები გაქვთ?

 

პროკურატურა უნდა გათავისუფლდეს პოლიტიკური მოტივაციისგან. ეს არის მარტივი, ერთადერთი რეკომენდაცია იმიტომ, რომ იმდენად აშკარად იკვეთება ეს პრობლემა მათ მიერ წარმოებულ სისხლის სამართლის საქმეებში, რომ ამაზე მოუწევთ სერიოზული დაფიქრება. თუმცა ეს, რა თქმა უნდა, ერთი ხელის მოსმით არ მოგვარდება. ჩვენ გვაქვს სისტემურ პრობლემასთან საქმე, რომელიც სათავეს იღებს ძალიან მაღალი დონიდან და ეს თემა არის, რა თქმა უნდა, მოსაგვარებელი. მაგრამ, დღეს რასაც ვხედავ, ამის რეალური მოცემულობა ქვეყნაში არ არის, რომ ვინმეს ამის მოგვარება სურდეს. იგივე, ბოლოს მოვისმინე, რომ საერთაშორისო მრჩეველთა საბჭო იძლევა რეკომენდაციებს. გასაგებია, რომ ეს ხალხი სწორედ ამისთვის არის დაქირავებული პროკურატურის მიერ და ხელფასს უხდიან, მაგრამ იმის მაგივრად, რომ პროკურატურა ეცადოს, ვთქვათ, გაამყაროს თავისი პოზიციები ამ მიმართულებით, მე მგონი, პირიქით, უნდა იზრუნოს, რომ ეს პრობლემა აღმოფხვრას, იმიტომ, რომ საქართველოში ამ პრობლემაზე უკვე ყველა ღიად საუბრობს როგორც ქვეყნის შიგნით, ასევე ქვეყნის გარეთ.

თქვენს ანგარიშში იკვეთება არა მარტო პროკურატურის, არამედ სასამართლოს დამოუკიდებლობის პრობლემებიც

 

კი ბატონო, ეს პრობლემა აქტიურად დგას, ასევე მოხვდა ეუთოს მიერ წარმოდგენილ ანგარიშში. ვინმეს ახლა თუ იმის ილუზია აქვს, რომ საქართველოში ბოლო 2 წელია უნიკალური და დამოუკიდებელი სასამართლო შეიქმნა, ძალიან მწარედ ცდება. სასამართლოში რჩება უამრავი პრობლემა. ამას უკავშირდება ისიც, როგორც ჩანს, თუ პოლიტიკური ინტერესი არსებობს საქმის მიმართ, სასამართლო კვლავ საკმაოდ მოწყვლადია ამ საქმეებში და ჩვენ ვხედავთ იმასაც, რომ პროკურატურა ძალიან კარგად ახერხებს ხოლმე დაელოდოს რიგითობით იმ მოსამართლეს, რომლისაც მეტი იმედი აქვს. ჩემთვის ამოსავალი წერტილი არის განჩინების სამოტივაციო ნაწილი, როდესაც ვუყურებ, რომ, ფაქტობრივად, დასაბუთება არის ან არარსებული, ან ძალიან დაბალი დონის და ეყრდნობა მხოლოდ და მხოლოდ საპროცესო კოდექსის ჩანაწერებს: მიიმალება, გაანადგურებს მტკიცებულებებს, მოახდენს მოწმეებზე ზეწოლას. იგივე ხდებოდა ზუსტად წინა წლებში, როდესაც გარკვეული პირები დავობდნენ იმაზე, რომ ისინი დაუსაბუთებლად ამყოფეს წინასწარ პატიმრობაში. ასე რომ, ბაქი–ბუქი იმით, რომ სასამართლომ ზედამოუკიდებლობას მიაღწია პირველი ოქტომბრის შემდეგ, ეს, ცოტა არ იყოს, არასერიოზულია.  

მასალების გადაბეჭდვის წესი