ნეტგაზეთი | რამდენი წლის უნდა შევიყვანოთ ბავშვი სკოლაში – 4, 5 თუ 6 წლის? რამდენი წლის უნდა შევიყვანოთ ბავშვი სკოლაში – 4, 5 თუ 6 წლის? – Netgazeti
RU | GE  

რამდენი წლის უნდა შევიყვანოთ ბავშვი სკოლაში – 4, 5 თუ 6 წლის?

მე 14 დეკემბერს ვარ დაბადებული. ჩემს ბავშვობაში კანონით დაშვებული იყო მხოლოდ იმ ბავშვების შეყვანა სკოლაში, რომელთაც 1 სექტემბრისთვის უკვე შეუსრულდათ 6 წელი.

 ყოველთვის გონიერ ბავშვად ვითვლებოდი და ხუთი წლისამ უკვე ვიცოდი წერა-კითხვა და მიმატება-გამოკლება. ამას ხელს ისიც უწყობდა, რომ ჩემზე ერთი წლით და ოთხი თვით უფროსი და უკვე სკოლაში დადიოდა და მე მასთან ერთად ვსწავლობდი ყველაფერს. როცა სექტემბერი მოახლოვდა, ჩემმა ოჯახის წევრებმა გადაწყვიტეს, რომ მე აუცილებლად უნდა წავსულიყავი სკოლაში, რადგან საკმარისზე მეტად ვიყავი გონებრივად განვითარებული და ‘წელი არ უნდა დამეკარგა. შესაბამისად, შემიცვალეს დაბადების მოწმობა, გამაფრთხილეს, რომ თუკი ვინმე შემეკითხებოდა, ჩემი დაბადების დღე აგვისტოში იყო და არა დეკემბერში, და გამიშვეს სკოლაში. სკოლაში სწავლის მხრივ არც დაწყებით კლასებში და არც შემდგომ პრობლემა არ მქონია, პირიქით, ძალიან კარგ მოსწავლედ ვითვლებოდი ყოველთვის. თუმცა, მიუხედავად ამისა, ყოველთვის ძალიან მძაფრად ვგრძნობდი, რომ ჩემს კლასელებთან შედარებით ძალიან პატარა ვიყავი. ახლა მიჭირს კიდევაც ზუსტად დავასახელო, კონკრეტულად რაში გამოვლინდებოდა ეს, მაგრამ  ერთი ძალიან თვალსაჩინო უარყოფითი შედეგი, რომელიც ჩემ სკოლაში ადრე შეყვანას მოყვა, ის იყო, რომ სკოლა 16 წლისამ დავამთავრე და მაშინდელი სოციალური ნორმების თანახმად იმავე წელს ჩავაბარე უნივერსიტეტში.

რომელ თვეში ჯობს დაბადება წარმატების მისაღწევად?

თითქმის ყველა ქვეყანაში დადგენილია კონკრეტული თარიღი, როდესაც ბავშვს უნდა შეუსრულდეს გარკვეული ასაკი, რათა მისი სკოლაში მიყვანა შესაძლებელი იყოს. ხშირად ეს თარიღი არის პირველი სექტემბერი (გაერთიანებული სამეფო, საფრანგეთი), ან პირველი იანვარი (ავსტრალია, კანადა), ან განსხვავდება რეგიონების მიხედვით (აშშ). უკანასკნელ წლებში ჩატარდა ბევრი კვლევა იმის შესახებ, თუ რა გავლენას ახდენს დაბადების თვე აკადემიურ და სხვა სახის წარმატებაზე. ყველა კვლევა ადასტურებს, რომ ბავშვები, რომლებიც თავის კლასელებზე რამდენიმე თვით უფროსები არიან, ბევრად უკეთეს შედეგებს აჩვენებენ ყველა თვალსაზრისით. მაგალითად, საშუალოდ ინგლისელი ბავშვები, რომლებიც ივლისში და აგვისტოში არიან დაბადებული, ბევრად უფრო ნაკლებ წარმატებულები არიან აკადემიურად, ვიდრე მათი თანაკლასელი სექტემბერში და ოქტომბერში დაბადებული ბავშვები. მიზეზი ის არის, რომ ეს უკანასკნელები პირველებზე დაახლოებით 10-11 თვით უფროსები არიან და მეცნიერები თანხმდებიან, რომ განვითარების ადრეულ ეტაპზე 10-11 თვე მნიშვნელოვანი განსხვავებაა.

საინტერესოა, რომ გარდა აკადემიური წარმატებისა, შემოდგომაზე დაბადებული ბავშვები სოციალურ-ემოციურადაც უფრო განვითარებული არიან და უფრო მაღალი თვითშეფასება აქვთ . ამის მიზეზი კვლავაც ის არის, რომ შემოდგომაზე დაბადებული ბავშვები კლასში ყველაზე უფროსები არიან და, შესაბამისად, სოციალიზაციის პროცესს უფრო წარმატებულად გადიან.

ასევე საინტერესოა, რომ საქართველოსგან განსხვავებით, მშობლებისა და საზოგადოების მხრიდან პრობლემად (ან უფრო უსიამოვნო ფაქტორად) აღიქმება ის, რომ სკოლაში შეყვანის ასაკი სავალდებულოა და, მაგალითად, აგვისტოში დაბადებული ბავშვი აუცილებლად უნდა წავიდეს სკოლაში სექტემბერში. ეს კი მისი აკადემიური წარმატების შანსებს ამცირებს . თუმცა კვლევებით ბოლომდე დადასტურებული არ არის. ბევრი მეცნიერი ვარაუდობს, რომ განვითარებულ ქვეყნებში შესაძლოა მშობლები სტრატეგიულად არჩევდნენ ბავშვის დაბადების თარიღს შემოდგომაზე, რომ ბავშვები მაქსიმალურად გვიან შეიყვანონ სკოლაში.

“შემოდგომის ბავშვების” უპირატესობა ‘ზაფხულის ბავშვებთან” შედარებით აკადემიურისგან ისეთ განსხვავებულ სფეროშიც შეინიშნება, როგორიც არის სპორტი. ასე მაგალითად, 2005 წელს ინგლისში ჩატარებული კვლევის თანახმად, 13 წლის განმავლობაში პრემიერ ლიგის 1779 საუკეთესო მოთამაშიდან 40%-ზე მეტი დაბადებულია სექტემბერში, ოქტომბერში, ან ნოემბერში. კანადის ჰოკეის უმაღლეს ლიგაში კი ბევრად მეტი იანვარში, თებერვალში და მარტში დაბადებული ჰოკეისტია, ვიდრე სხვა თვეებში  – კანადაში სკოლაში წასვლა შეუძლია ბავშვს, რომელსაც იანვარში შეუსრულდა 5 ან 6 წელი (რეგიონის მიხედვით).

ზემოთ აღწერილი და სხვა არაერთი კვლევა ადასტურებს, რომ რამდენიმე თვეს ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს ადრეულ ასაკში. ასევე ამ კვლევების საფუძველზე შეგვიძლია დავასკვნათ, რომ სკოლაში ადრე შეყვანით მშობლები თავიანთი შვილების აკადემიური, სოციალური და, გნებავთ, სპორტული წარმატების შანსებს ამცირებენ.

არის თუ არა 5 წლის ბავშვი მზად სკოლისთვის?

სკოლა
სკოლა

მგონი არ შევცდები, თუ ვივარაუდებ, რომ თუ 5 წლის ქართველი ბავშვი ანბანის ასოებს ცნობს, ოცამდე ითვლის და ევროპის რამდენიმე ქვეყნის დედაქალაქს ასახელებს, მისი მშობელი 90 % ალბათობით განაცხადებს, რომ ბავშვი მზად არის სკოლაში შესასვლელად. თუმცა კოგნიტური უნარები ადრეულ ასაკში განვითარების მხოლოდ ერთ ნაწილს წარმოადგენს. გაეროს ბავშვთა ფონდის მხარდაჭერით და საერთაშორისო ექსპერტების დახმარებით შემუშავებული ‘ადრეული სწავლისა და განვითარების სტანდარტი’ ხუთ სხვადასხვა სფეროს მოიცავს: ჯანმრთელობა და ფიზიკური განვითარება, შემეცნება და ზოგადი ცოდნა, სწავლისადმი მიდგომა, მეტყველება, სოციალურ-ემოციური განვითარება. კოგნიტურ განვითარებას მნიშვნელობით განვითარების არც ერთი სხვა სფერო არ ჩამორჩება ადრეულ ასაკში (სათანადო მოტორული უნარების განუვითარებლობით გამოწვეული მარცხის გრძნობა მეც მახსოვს, როცა პირველ კლასში საშვიდნოემბრო დემონსტრაციაზე სამბორბლიანი ველოსიპედი სწორად ვერ გავატარე, წყლის გუბეში შევტოპე და კლასელების ორგანიზებულ სვლას გამოვეთიშე).

2010 წელს გაეროს ბავშვთა ფონდის მხარდაჭერით განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს და ეროვნული სასწავლო გეგმების ცენტრის მიერ ჩატარებული სასკოლო მზაობის კვლევის შედეგები ძალიან დიდ სხვაობას გვიჩვენებს 6 და 5 წლის ბავშვებს შორის განვითარების ყველა სფეროში. 2012 წელს მასწავლებელთა პროფესიული განვითარების მიერ ჩატარებული კვლევა კი ცხადყოფს, რომ მშობლები არ არიან სათანადოდ ინფორმირებულები ადრეულ ასაკში ბავშვის განვითარების თავისებურებების შესახებ და მნიშვნელოვანი სამუშაოებია ჩასატარებელი როგორც მშობელთა ინფორმირებულობის გაზრდის, ასევე სასწავლო პროგრამის და გარემოს ადაპტირების მიზნით .

არის თუ არა სკოლა მზად 5 წლის მოსწავლის მისაღებად?

ზოგადად შეკითხვა “არის თუ არა 5 წლის ბავშვი სკოლაში წასასვლელად მზად” მცდარ შეკითხვად მიმაჩნია. უნივერსალური პასუხი ამ კითხვაზე არის: სკოლას გააჩნია. ვფიქრობ, სინამდვილეში პასუხი უნდა გაეცეს კითხვას, არის თუა რა სკოლა მზად 5 წლის ბავშვის მისაღებად. თეორიულად შესაძლებელია 4 წლის ბავშვიც მივიყვანოთ სკოლაში და 3 წლისაც. თუკი სკოლას შეუძლია ამ ასაკის შესაბამისი გარემო და სასწავლო გეგმა (რომელიც შეესაბამება ზემოთ მოყვანილ სწავლისა და განვითარების სტანდარტებს) შესთავაზოს მოსწავლეებს, მაშინ რატომაც არა, ვერანაირ პრობლემას ვერ ვხედავ.

როდესაც სასკოლო ასაკს განიხილავენ, ხშჲრად მოჰყავთ ხოლმე განვითარებული ქვეყნების მაგალითი, სადაც 5 წლის ბავშვები მიჰყავთ სკოლაში. მე ვფიქრობ, ასეთი შედარება გაუმართლებელია შემდეგი მიზეზების გამო: უპირველეს ყოვლისა, უმეტეს შემთხვევაში 5 წლის ბავშვები წინასასკოლო პროგრამაში არიან ჩართული (როგორიც არის, მაგალითად, აშშ-ში pre-K); მაგრამ, რაც ყველაზე მთავარია, განვითარებულ ქვეყნებში ბავშვებს სთავაზობენ მათ ასაკს მორგებულ გარემოს – ბავშვებს არ ევალებათ გაკვეთილზე გაუნძრევლად ჯდომა, მათ აქვთ შესაძლებლობა წამოწვნენ ხალიჩაზე, დაიძინონ დღის განმავლობაში და ა.შ. სასწავლო პროგრამაც ასაკს შეესაბამება. საქართველოს სკოლებში კი (სადაც, სხვათა შორის, 1-12 კლასის მოსწავლეები ერთ შენობაში სწავლობენ) სასწავლო გარემო არ არის ადაპტირებული ასეთი მცრიეწლოვანი ბავშვების მისაღებად.

“წლის დაკარგვა”

ყველაზე ხშირად გაგონილი და ჩემთვის ყველაზე გაუგებარი არგუმენტი, რის გამოც მშობლებს უნდათ, რომ ბავშვი სკოლაში ადრე გაუშვან, არის “წლის დაკარგვა”. ეს არგუმენტი ძალიან პოპულარულია ასევე სკოლის დამთავრების დროსაც, როცა მშობლებს უნდათ, რომ შვილმა აუცილებლად იმავე წელს ჩააბაროს უმაღლეს სასწავლებელში.

სად იკარგება ეს წელი, რომელსაც ასე მისტირიან მშობლები? რა არის ის საბოლოო მიზანი, რომლის მიღწევის ერთი წლით გადაწევა ამდენად დრამატულად აღიქმება? 21 წლის ასაკში უნივერსიტეტის დამთავრება? 22 წლის ასაკში სტაბილური სამსახურის შოვნა? არც ერთ ჩემს არაქართველ მეგობარს 21 წლის ასაკში ბაკალავრის დიპლომი არ აუღია, მაგრამ ამით არც ერთ მათგანს არ დაუკარგავს არც ერთი წელი და არც ერთი დღე.

მე ვფიქრობ, ბევრად მეტი დაეკარგება 16-17 წლის სკოლის კურსდამთავრებულს, რომელიც იმავე წელს უნივერსიტეტში ჩააბარებს, რამდენიმე წელიწადში აღმოაჩენს, რომ სრულიად სხვა სპეციალობის შესწავლა უნდა, მაგრამ იფიქრებს, რომ უკვე გვიანია და ინერციით გაყვება 17 წლის ასაკში სრულიად გაუაზრებლად გაკეთებულ არჩევანს. ერთი ან ორი წლის დაკარგვის შიშით შეიძლება ბავშვებს არა მხოლოდ წლები, არამედ საყვარელი საქმიანობა, ინტერესი და ხალისი დავაკარგვინოთ.

ლელა ჩახაია
ლელა ჩახაია
ავტორის შესახებ

ლელა ჩახაია არის ევროპის უნივერსიტეტის ინსტიტუტის სოციალურ და პოლიტიკურ მეცნიერებათა დოქტორანტი (ფლორენცია, იტალია). თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის, ცენტრალური ევროპის უნივერსიტეტის და ჰარვარდის უნივერსიტეტის კურსდამთავრებული. სხვადასხვა დროს მუშაობდა ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტში, გაეროს ბავშვთა ფონდში, განათლებისა და მეცნიერების სამინისტროში.

ნეტგაზეთის მასალების სხვა გამოცემებში გადაბეჭდვის წესი
ლელა ჩახაია, სპეციალურად ნეტგაზეთისთვის