კომენტარი

უკრაინაში მებრძოლი ქართველები პაუზაზე ფიქრობენ – ინტერვიუ “ქართული ლეგიონის” ლიდერთან

24 თებერვალი, 2015 • • 7608
უკრაინაში მებრძოლი ქართველები პაუზაზე ფიქრობენ – ინტერვიუ “ქართული ლეგიონის” ლიდერთან

ბატონო მამუკა, გამომდინარე ცეცხლის შეწყვეტის იმ შეთანხმებიდან, რომელიც ძალების დაშორიშორებას ითვალისწინებს, ხომ არ აპირებენ უკრაინაში მებრძოლი საქართველოს მოქალაქეები უკან დაბრუნებას?

 

რაც შეეხება ამ ხელშეკრულებას, მე მგონია, რომ რუსეთის მხრიდან მისი პუნქტები არ იქნება შესრულებული. ლაპარაკი იმაზე, რომ ომი დამთავრდა, ჯერჯერობით არ შეიძლება, მაგრამ ჩემი ინიციატივით “ქართული ლეგიონის” ბიჭები ოჯახებს სავარაუდოდ დაუბრუნდებიან, იმიტომ, რომ პასიური პერიოდია ახლა და დასვენება შეგვიძლია. არ გამოვრიცხავ, რომ რამდენიმე ადამიანის გარდა, სხვა ბიჭები დაბრუნდნენ [საქართველოში].

 

როდისთვის?

 

ამას ჯერ ვერ გეტყვით. დავაკვირდებით ხელშეკრულების პუნქტების შესრულების მსვლელობას და მაგის მიხედვით ვიმსჯელებთ, რამდენად შევძლებთ დაბრუნებას.

 

თუ ქართული ლეგიონი საქართველოში დაბრუნდება და უკრაინაში საომარი მოქმედებები კვლავ განახლდება, ისევ ჩავლენ უკან?

 

ალბათ, კი. თუ საბრძოლო მოქმედებები განახლდება, დაბრუნდებიან და ბრძოლას გააგრძელებენ. ჯერჯერობით პასიურ ფაზაში მიმდინარეობს ომი და გვაქვს შესვენების პერიოდი.

 

სულ რამდენი ადამიანი იბრძვის საქართველოდან თქვენს რიგებში?

 

მაგას ვერ გეტყვით. ამაზე საჯაროდ ვერ ვისუაბრებ.

 

თუ შეიძლება მოგვიყევით ქართული ლეგიონის სტრუქტურაზე უკრაინაში, ვისგან იღებს ბრძანებებს, როგორ ოპერირებს უკრიანის ტერიტორიაზე?

 

ბევრ რაღაცაზე მე ლაპარაკი არ შემიძლია. გეტყვით, რომ ოპერირებს დამოუკიდებლად, რაც შეეხება მოქმედების კოორდინაციას, ეს ხდება უკრაინის ოფიციალურ სტრუქტურებთან, ასე რომ, აქ დანაშაულს არ ჩავდივართ და თვითნებურად არაფერს ვაკეთებთ. როგორც ასეთი, რომელიმე ოფიციალურ ბატალიონთან მიბმული არ ვართ, მაგრამ გვაქვს კოორდინაცია, საუბარი და კონტაქტი.

თქვენი ჯგუფის ოფიციალური სტატუსი რა არის უკრაინაში?

 

ოფიციალური სტატუსი. როგორც მოქალაქეებს იღებენ მოხალისეთა ბატალიონში, ისე შეიქმნა ქართველების ბატალიონი… ჩვენი მიზანი ის კი არ ყოფილა, რომ აქ რაიმე სტატუსი მიგვეღო, არამედ ის, რომ ჩამოვსულიყავით და გვებრძოლა. გვაქვს ამის საშუალება და ვიბრძვით.

 

უცხოელი მოხალისეების ბრძოლის ეს საკითხი უკრაინის კანონმდებლობასთან შესაბამისობაში მოდის?

 

დიახ. ჩვენთან შინაგან და თავდაცვის სამინისტროს ბატალიონები კოორდინირებულად მოქმედებენ… მინდა გითხრათ, რომ ჩვენ მიმართ უკრაინელები ძალიან სიყვარულით არიან განწყობილი. ალბათ, ნახავდით, რომ პატრიარქმა ფილარეტმა დააჯილდოვა ქართველი მებრძოლები. ჩვენც მადლიერები ვართ ამის გამო. უკრაინის პატრიარქის ინიციატივით მოხდა ეს ყველაფერი. ეს საკმაოდ მაღალი ჯილდოა. მე რამდენადაც ვიცი, მთელ ბატალიონს მხოლოდ 10 ჯილდოს აძლევენ ხოლმე, ჩვენს შემთხვევაში ყველა მებრძოლი დააჯილდოვეს, ყველა ქართველი, რომელიც წინა ხაზზეა.

მამუკა მამულაშვილი/ფოტო მისი ფეისბუკ-გვერდიდან
მამუკა მამულაშვილი/ფოტო მისი ფეისბუკ-გვერდიდან

თუ შეიძლება რომ აგვიხსნათ ის ფორმულა, რომლის საშუალებითაც თქვენ და სხვა მებრძოლები უკრაინაში მოხვდით და შემდეგ უკვე ჩაებით საბრძოლო მოქმედებებში?

[ევრომაიდნის დროს] აზერბაიჯანში ტარდებოდა მსოფლიო ჩემპიონატი შერეულ ორთაბრძოლებში და ჩვენ იქ მხარი დავუჭირეთ უკრაინას. იქ ქართველი სპორტსმენები ევრომაიდნის პროცესების მხარდასაჭერად უკრაინის დროშებით გამოვიდნენ, რამაც ძალიან დიდი აჟიოტაჟი გამოიწვია, რადგან რუსეთის ტელევიზია იღებდა ამ ყველაფერს. ეს იყო პირველი ეტაპი, როცა მაიდნის მხარდაჭერა დავიწყეთ. მერწმუნეთ, ამის შესახებ არც ერთმა პოლიტიკოსმა იცოდა რამე და პოლიტიკოსების ჩართულობა არ ყოფილა. ასევე მე ვიცნობ კლიჩკოს სპორტიდან. კოლეგები ვართ, ის მოკრივეა, მე შერეული ორთაბრძოლების წარმომადგენელი ვარ და ურთიერთობები გვქონდა. როდესაც უკვე ომი დაიწყო, შეიქმნა პატარა საბრძოლო დანაყოფი, რომელიც ძირითადად აფხაზეთის ომის ვეტერანებით იყო დაკომპლექტებული. მე საქართველოში ორგანიზაცია მაქვს “აფხაზეთში ტყვედ ნამყოფთა საზოგადოება”. აქედან შევიკრიბეთ მებრძოლები და წამოვედით უკრაინაში. ჩემი მეგობრები არიან ეს ადამინები, ამ ორგანიზაციაში 600 კაცია გაწევრიანებული,  ყველა არაა წამოსული, მაგრამ ყველა ერთმანეთს ვიცნობთ, ტყვედ ვიყავით ერთად. ჩემი ბიოგრაფია იცის საზოგადოებამ, მე 14 წლის ვიყავი, ტყვედ რომ ჩავვარდი მამაჩემთან ერთად აფხაზეთში. მოკლედ, კოორდინაცია გაგვაჩნია ერთმანეთან.

უკრაინაში საბრძოლველად ჩასვლა კლიჩკომ შემოგთავაზათ?

 

არა, ეს უშუალოდ ჩვენი გადაწყვეტილება იყო, ჩემი და რამდენიმე თანამებრძოლის. კლიჩკო ვერ გვეტყოდა, რომ, ბიჭებო, მხარი დაგვიჭირეთო. როდესაც აზერბაიჯანში გამორთულ ზემოხსენებულ ჩემპიონატზე ევრომაიდანს მხარი დავუჭირეთ, მან თვითონ გადაგვიხადა მადლობა.

 

მე უშუალოდ უკრაინაში საბრძოლო ჯგუფის შექმნაზე გეკითხებით, ამ პროცესში რა როლი ჰქონდა კლიჩკოს?

 

არა მას არ ჰქონია რაიმე როლი. კლიჩკომ ეს არც იცოდა.

 

მაშინ, თანამებრძოლებთან ერთად თქვენი იქ ჩასვლა, შემდეგ ლეგიონის ჩამოყალიბება როგორ მოხდა? ამას ხომ სჭირდებოდა გარკვეული კოორდინაცია უკრაინის შესაბამის სტრუქტურებთან?

 

არანაირი კოორდინაცია არ სჭირდებოდა. უკრაინაში ჩამოვედით ჩვენით, არავის გამოუყვია რაიმე თანხა ამისთვის. ჩამოვდიოდით 2-2, 3-3 კაცი. აქ, რა თქმა უნდა, გვყავდა მეგობრები, ვინც ხელი შეგვიწყო, თუმცა არ მინდა გავახმაურო, ვინ გვეხმარებოდა, მე ვგულისხმობ უკრაინელ მეგობრებს.

 

რაც შეეხება ფინანსების საკითხს, თქვენ იღებთ გარკვეულ ანაზღაურებას უკრაინის ბიუჯეტიდან?

 

რა სისულელეა. ორსული ცოლი მიგზავნიდა თბილისიდან ტელეფონზე ჩასარიცხ თანხას, 20 დოლარს. რა ანაზღაურებაზეა ლაპარაკი… ჩვენი დაფინანსება ხდებოდა ოჯახებიდან, სანამ მოხალისეებმა დაიწყეს ჩვენი დახმარება, რადგან საკვები ფაქტობრივად არ გვქონდა და ოფიციალური სტრუქტურები ამაზე არ რეაგირებდნენ, როცა უკრაინელმა მოხალისეებმა ჩვენი საკვებით მომარაგება დაიწყეს. ამის შემდეგ ცოტა ამოვისუნთქეთ.

 

რაც შეეხება იარაღს, რომლითაც თქვენ ახლა იბრძვით. ვინ გადმოგცათ ის?

 

ჩვენი შეიარაღება მთლიანად არის, როგორც მებრძოლები უწოდებენ – “ტროფეი” ანუ ბრძოლის ველიდან აღებული იარაღი, რომელიც სეპარატისტებს ეკუთვნოდათ. ჩვენ მხოლოდ ამ იარაღს ვიყენებთ.

 

დიახ, მაგრამ სანამ ამ იარაღს მოიპოვებდით, ბრძოლის ველზე შიშველი ხელებით გადიოდით?

 

არა, ეს “ტროფეი” უკრაინელმა ბიჭებმა გადმოგვცეს, რომლებიც ჩვენამდე იბრძოდნენ.

 

ბატონო მამუკა, ფეისბუკზე რამდენიმე ფოტო გაქვთ გამოქვეყნებული ქართული ლეგიონის წარმომადგენლებთან ერთად გადაღებული და მებრძოლების ნაწილს სახე აქვს დაფარული. რა არის მიზეზი?

 

მიზეზი არის ის, რომ საქართველოში ცდილობენ პრობლემები შეუქმნან ამ ბიჭებს. ძალიან ბევრ მათგანს არ აქვს სურვილი არც გვარის დასახელების და არც გამოჩენის. ეს განპირობებულია საქართველოს ხელისუფლების მცდელობით ლეგიონის დისკრედიტაციასთან დაკავშირებით.

 

საქართველოში დაბრუნების შემდეგ გაქვთ მოლოდინი, რომ რაიმე პრობლემები შეიძლება შეგექმნათ?

 

მოლოდინი, რა თქმა უნდა, გვაქვს, რადგან გვგონია, რომ ახლანდელი მთავრობა გარკვეულ პრობლემებს შექმნის. ძალიან მონდომებული იყვნენ, რომ ჩვენთვის რაღაც გაეფუჭებინათ. მოტივაციას საზოგადოება თვითონ მიხვდება, თუ საიდან მოდის, თორემ ჩვენ, ჩვეულებრივი ქართველები უკრაინას ვიცავთ, ამაში ცუდი არაფერია. ჩვენი მთავრობის პოზიციაში უკვე იკვეთება პრორუსული ნოტები, რაც ჩემთვის არასასიამოვნოა.

 

ამის თქმის საფუძველს რა გაძლევთ?

 

როდესაც ჩვენი მებრძოლი გრიგოლაშვილი გარდაიცვალა, თავდაცვის სამინისტროს განცხადებები და ასე შემდეგ.

 

შემდეგ ბოდიშიც ხომ მოიხადა თავდაცვის უწყებამ…

 

როცა მიცვალებულ ადამიანზე რაღაცას იტყვი, ჯერ უნდა დაფიქრდე, როცა ოფიციალურ სტრუქტურას წარმოადგენ და არ ხარ კერძო პიროვნება. ეს ბიჭი არის საქართველოს გმირი და მინდა, რომ ძალიან მოწიებით მოეპყრან, რასაც მე ვერ ვხედავ. პირიქით, რასაც ვაკვირდები, უფრო ხელშეშლას ცდილობენ. ამიტომ მალავს ყველა სახეს, რადგან საქართველოს ხელისუფლებას რა გადაუტრიალდება თავში და რაზეა წამსვლელი, კაცმა არ იცის. ვცდილობ, რომ ყველა ჩვენი მებრძოლი მათთვის ამოუცნობი იყოს.

 

ასევე, საქართველოში დაიწყეს კანონის შემუშავება, თუმცა მე დიდი იმედი მაქვს, რომ ეს კანონი ჩვენ არ შეგვეხება, ძალით თუ არ შეგვახეს, უკანონო ფორმირებებში მონაწილეობის კანონს ვგულისხმობ.

 

შს მინისტრის მოადგილე ლევან იზორიამ განაცხადა, რომ ისინი საქმის კურსში არიან უკრაინაში მებრძოლი ქართველების საკითხზე და ეს კანონი უკრაინის მხარეს მებრძოლ ქართველებს არ ეხებაო…

 

მე არ ვიცი, რა განაცხადა, მაგრამ თუ არ შეეხება, ძალიან კარგი, თუ შეეხება, ცუდი მათთვის,  იმიტომ, რომ საკუთარ პრორუსლ განწყობას დაამტკიცებენ.

 

მხოლოდ განწყობებზე საუბრობთ, რომ შესაძლოა შეგექმნათ პრობლემები, თუ არსებობს ფაქტები, როდესაც ლეგიონის რომელიმე წევრი უკვე დაბრუნდა საქართველოში და მას რაიმე პრობლემები შეუქმნეს?

 

ასეთი ფაქტი არ ყოფილა და იმედი მაქვს, რომ არც იქნება. თუმცა, ჩემი აზრით, ხელისუფლება დღეს არაპროგნოზირებადია და ნებისმიერ დროს შეუძლია ჭკუა გადაუტრიალდეს. იმაშიც გვდებენ ბრალს, რომ თითქოს რომელიღაც პოლიტიკური ჯგუფის წარმომადგენლები ვართ ჩვენ, რაც ტყუილია. ჩვენ დამოუკიდებელ მებრძოლთა ჯგუფი ვართ, ვინც საქართველოს ინტერესებს იცავს და არა რომელიღაც პოლიტიკური ჯგუფის ინტერესებს, თუ რომელიმე პოლიტიკურ ჯგუფის ინტერესები ჩვენსას დაემთხვევა, ძალიან გამიხარდება.

 

შესაძლოა ეს ბრალდება იმიტომაც გაჩნდა, რომ ყოფილი ხელისუფლების წარმომადგენლები გამოჩნდნენ თქვენთან ერთად იგივე პატრიარქ ფილარეტის მიერ თქვენი დაჯილდოებისას…

 

შეიძლება ეგეცაა, მაგრამ თუ ვინმე მოვა და გვერდში დაგვიდგება, იქნება ეს დაჯილდოება თუ სხვა ღონისძიება, ძალიან გაგვახარებს. თუ ვინმეს უნდა, რომ ძალით პოლიტიკურად ანგაჟირებული გაგვხადოს, ეს არ გამოუვა, ჩვენ არ ვართ პოლიტიკური ჯგუფი, ჩვენ ჩვეულებრივი მებრძოლები ვართ.

 

ახლა როგორი განწყობაა ზოგადად უკრაინის შეიარაღებულ ძალებში?

 

ძალიან ოპტიმისუტური განწყობაა. ფრონტის ხაზი ერთი მილიმეტრითაც კი არაა გადმოწეული, თუ არ ჩავთვლით დებალცევოს ქვაბს [ალყა]. ეგ ადგილი დავტოვეთ და გამოვედით.

და ელოდებით ცეცხლის შეწყვეტის ხელშეკრულების შესრულებას…

 

დიახ, თუმცა მე არ მგონია, რომ რუსეთმა ეს პუნქტები შეასრულოს, მაგრამ იქ, სადაც ჩვენ ვიმყოფებით ახლა, ცეცხლი 80 პროცენტით შეწყვეტილია. შიგადაშიგ არის  სროლები, მაგრამ განსაკუთრებული არაფერი. ვნახოთ, დრო გვაჩვენებს, რამდენად რეალურია მათი მხრიდან ხელშეკრულების შესრულება.

 

თქვენი განცხადება გავრცელდა სოციალურ ქსელში იმის თაობაზე, რომ რუსეთმა უკრაინაში მებრძოლ ქართველების ლიკვიდაციის სანაცვლოდ ჯილდო დააწესა, თუ შეიძლება, უფრო მეტი დეტალი რომ გვითხრათ ამ თემაზე, საიდან ფლობთ ამ ინფორმაციას და რა თანხას იხდის რუსეთი ჯილდოს სახით?

 

უკრაინელმა მეგობრებმა დამირეკეს და მითხრეს, რომ სეპარატისტების ერთ-ერთ ბატალიონში ლაპარკაობდნენ იმაზე, რომ ყოველ მოკლულ ქართველზე დაწესებულია ჯილდო. ეს მოხდა ზუსტად პატრიარქ ფილარეტის მიერ ჩვენი დაჯილდოების დღეს.

 

როდესაც კადრებში გამოჩნდნენ ქართველი მებრძოლები.

 

დიახ.

 

რა თანხაზეა ლაპარაკი, ჯილდოს სახით?

 

ამ ინფორმაციას არ ვფლობ.

 

როგორ ხედავთ უკრაინაში მყოფი ქართველი მებრძოლების მომავალს ომის დასრულების შემდეგ? აპირებთ საქართველოში ცხოვრების გაგრძელებას, თუ არიან ისეთებიც, ვინც უკრაინაში დარჩენაზე ფიქრობენ?

 

ჩვენ აქ იმისთვის არ ჩამოვსულვართ, რომ ან პასპორტი ავიღოთ, ან დავრჩეთ. აქ ადამიანები იმისთვის არიან ჩამოსულები, რომ საქართველოს ინტერესები დაიცვან და შემდეგ სახლში დაბრუნდნენ. იმედია, ამისთვის მათ საქართველოში არ დააკავებენ.

 

საქართველოში ჩამოსვლის შემდეგ ხომ არ ფიქრობთ საქართველოს შეიარაღებულ ძალებში მუშაობის გაგრძელებაზე?

ამაზე მგონია, რომ ლაპარაკიც ზედმეტია, რადგან თავის დროზე ირაკლი ალასანიამ ჩემი ჩათვლით არაერთი ვეტერანი გაათავისუფლა, როდესაც სამინისტროში მივიდა. ბევრი ჩემი თანამებრძოლი შემდეგ თვითონ ადგა და წამოვიდა, იმიტომ, რომ შეუძლებელი იყო მაგ სტრუქტურაში მუშაობა. ჩემთვის მანდ მუშაობა მიუღებელი იქნება.

მასალების გადაბეჭდვის წესი