კომენტარისამხრეთ კავკასიის ამბები

“საქართველოს მაგალითი სომხეთს სწორ გზაზე დაბრუნების შანსს მისცემს”

20 იანვარი, 2015 • • 1107
“საქართველოს მაგალითი სომხეთს სწორ გზაზე დაბრუნების შანსს მისცემს”

გიუმრის ტრაგედიამ გულგრილი არავინ დატოვა. თქვენ რა შეფასებას მისცემთ რუსი ჯარისკაცის მიერ მთელი ოჯახის დახოცვის ფაქტს?

 

რუსულმა მხარემ უნდა გადასცეს დამნაშავე სომხეთის მართლმსაჯულებას. აპელირება რუსეთის კონსტიტუციაზე, რომელშიც ნათქვამია, რომ რუსეთის ფედერაცია თავის მოქალაქეებს არ გადასცემს, აბსურდულია. ყველამ უნდა იცოდეს, რომ რუსული სამხედრო ბაზა, რომელიც სომხეთის ტერიტორიაზეა დისლოცირებული, თავისებურად უნიკალურია – ჩვენ ვიხდით თანხას იმაში, რომ ისინი აქ არიან განთავსებულნი. ჩვენ ვიხდით გაზის, ელექტროენერგიის, წყლის საფასურს, რასაც რუსი სამხედროები მოიხმარენ. მხოლოდ ესეც კი აძლევს სომხურ მხარეს უფლებას დამოუკიდებლად გამოიძიოს ეს საქმე და მიიყვანოს სასამართლომდე, რომელიც მის ტერიტორიაზეა განთავსებული და თავად გამოიტანოს განაჩენი. დამნაშავის გადაცემა სომხეთის მართლმსაჯულებისთვის იქნებოდა რუსეთის მხრიდან შესაბამისი ნაბიჯი. ბოლოს და ბოლოს, მოსკოვში უნდა გაიგონ, რომ რუსი სამხედროები გამოვლენ ბაზის ტერიტორიიდან ქალაქში, ივლიან მაღაზიებში და ა.შ. იმისათვის, რომ მომავალში აღარ შეიქმნას დიდი პრობლემები ამ საშინელ დანაშაულთან დაკავშირებით, ეს საკითხები დღეს უნდა გადაწყდეს.

 

თქვენი თვალთახედვით რომ შეაფასოთ, როგორი იყო გასული წელი სომხეთისთვის და რას უნდა ველოდოთ წლევანდელი წლისგან?

 

ვფიქრობ, ეს დაკარგული წელი იყო, გარკვეულწილად რეგრესის წელი. ხშირად ოპორტუნიზმის გამოვლინებას ჰქონდა ადგილი. შესაძლოა, ტაქტიკური გეგმით ეს სწორი ნაბიჯები იყო, მაგრამ სტრატეგიულად – არცთუ ისე სწორი. მაგრამ გზის შეცვლა გვიან არასდროს არის, რომ გადააფასო საკუთარი შეცდომები და თავიდან დაიწყო ცხოვრება.

 

სომხებს აკლიათ კარგი, ჯანსაღი ამბიცია და ჩვენ არ გვესმის, რომ თუკი თითოეული ჩვენგანი შინაგანად ამბიციურია, ეს უნდა გავრცელდეს მთელ ხალხზე. ჩვენ ხშირად ვამბობთ, რომ საზოგადოება არ აღუდგა წინ ხელისუფლებას, ხალხმა არ გამოხატა თავისი აზრი, მაგრამ გვავიწყდება, რომ თავად ჩვენ არაფერი გაგვიკეთებია ამ კუთხით.

 

ახალ წელს შევხვდით და ეს კარგია, მაგრამ რას უნდა ველოდოთ, სიმართლე გითხრათ, მიჭირს თქმა. რადგან ლოგიკურად მოვლენები ისე ვითარდება, რომ კარგს არაფერს უნდა ველოდოთ.

 

რას გულისხმობთ?

 

მე ქვეყნის პოლიტიკური და ეკონომიკური მდგომარეობა მაქვს მხედველობაში. ასე ვიტყოდი, რომ სომხეთის ცივილურ არჩევანში კარგს ვერაფერს ვხედავ. პროგრესს ყოველთვის უკეთესობისკენ სწრაფვა განაპირობებს, გარკვეული იდეალებისკენ, ორიენტირებისკენ. როცა ეს არ არის საფუძველში, მეეჭვება, რომ პროგრესი იყოს. და აქ საქმე მხოლოდ იმაში არ არის, რომ მოვლენები, რაც ახლა მსოფლიოში ვითარდება, რუსეთის წინააღმდეგ სანქციები, შესაძლოა უარყოფითად აისახოს სომხეთზე. ეს სანქციებიც რომ არ იყოს, რუსეთშიც ასე კატასტროფულად რომ არ იყოს გაუარესებული ფინანსური მდგომარეობა, თავად ჩვენი ცივილური არჩევანი არ არის იმ მიმართულებით, რომელსაც მოაქვს პროგრესი. უფრო მეტიც, ვფიქრობ, რომ სომხეთის პროგრესირებით, პირველ რიგში კი ეკონომიკური კუთხით, სამწუხაროდ, თავად ახალშექმნილი ევრაზიული ეკონომიკური კავშირიც კი არ არის მაინცდამაინც დაინტერესებული. სომხეთი, როგორც ამ ეკონომიკური კავშირის წევრი, უბრალოდ არ ჭირდება ამ კავშირის სხვა წევრებს და ორი მათგანი – ბელორუსი და ყაზახეთი ამას არც მალავენ. ცხადია, ჩვენ არ ვჭირდებით არც მესამე, კავშირის ყველაზე დიდ ქვეყანას – რუსეთს.

 

მაშ, რა აზრი ჰქონდა სომხეთის ევრაზიულ ეკონომიკურ კავშირში შეყვანას?

 

როცა ეს საკითხი ისმება, მე ვამბობ, რომ აქ გათვლა ძალიან მარტივია. თუკი სომხეთი განახორციელებდა მანამდე დაგეგმილ არჩევანს, ადრე თუ გვიან ქვეყანაში დადგებოდა ეკონომიკური პროგრესი. ეკონომიკურად განვითარებული სომხეთი, განვითარებულ სამყაროსთან განსაზღვრული ეკონომიკური კავშირებით, შესაძლოა, აღარ ყოფილიყო ადვილად მართვადი და მოეპოვებინა დამოუკიდებლობის ის დონე, რაც საშუალებას მისცემდა ისეთი გადაწყვეტილებები მაინც მიეღო, რომელიც მის უშაულო ბედს უკავშირდება. გასაგებია, რომ ასეთ შემთხვევაში მისი დამოკიდებულება ჩრდილოელ მეზობელზე შესუსტდებოდა. რით შეიძლებოდა ეს დასრულებულიყო, უცნობია. ვფიქრობ, რომ რუსეთს არ სურს ასეთი გამოცდის წინაშე საკუთარი თავის დაყენება. პრინციპი ასეთია: ყველაზე ერთგული მეგობარი ის არის, რომელიც სიღატაკეშია და სრულადაა დამოკიდებული დიდ და მდიდარ მეზობელზე. ხოლო იმისათვის, რომ ის საღარიბეში ამყოფო, აუცილებელია მუდმივად აშინებდე მეზობლებით, რომლებიც სომხეთისადმი აგრესიულად არიან განწყობილნი. საბოლოო ჯამში, გამოდის, რომ მეტწილად სომხეთის ამჟამინდელი მოკავშირეებიდან არავინაა მისი ეკონომიკური პროგრესით დაინტერესებული.

რუბენ ბაბაიანი
რუბენ ბაბაიანი

როგორც ჩანს, თქვენ არ ემხრობით ევრაზიულ კავშირს, რომლის წევრიც გახდა სომხეთი 2 იანვრიდან.

 

ვიტყვი ასე – არ გვექნება ჩვენ ეკონომიკური პროგრესი, არც პოლიტიკური სტაბილურობა, არც ღირსეული ადგილი მსოფლიოში და, რაც მთავარია, არც უსაფრთხოება, რადგან უსაფრთხოება არ მიიღწევა მხოლოდ შუბების მომრავლებით. ეს, პირველ რიგში, არის ძლიერი ეკონომიკური საფუძველი. ამიტომაც ისეთი წინათგრძნობა მაქვს, რომ ეს წელი კარგს არაფერს მოგვიტანს. მაგრამ აქსიომაა ის, რომ შეუძლებელია ისტორიის უკან დაბრუნება. თავად ეკონომიკური კავშირის შექმნის იდეა, რომელიც ეკონომიკურ საფუძველზე შენდება, ჩემი აზრით, უტოპიაა. ის არასდროს იმუშავებს. ვფიქრობ, რომ ჯერ კიდევ შესაძლებელია ყველაფრის თავის ადგილზე დაბრუნება. ადრე თუ გვიან ყველა იმპერიული ამბიცია ტყდება, თუნდაც დიდი დანაკარგების ხარჯზე იმ ქვეყნების მხრიდან, რომლებიც ამ ამბიციების გამო იტანჯებიან. ამ შემთხვევაში, სომხეთისთვის ყველაზე მთავარია, რომ შემთხვევით არ აღმოჩნდეს ამ დამანგრეველი სტიქიის ავანგარდში, რომელიც ადრე თუ გვიან ჩვენამდეც მოაღწევს. ისტორიის შემობრუნების ნებისმიერი მცდელობა თავშივე განწირულია. მე საუკეთესო წარმოდგენის ვარ ჩემს ხალხზე, მის პოტენციალზე, მისწრაფებებზე, იმედებზე. სომხეთი, პირველ რიგში, ეფუძნება ქრისტიანულ ღირებულებებს, რაც არის ცივილიზებული სამყაროს ღირებულებებიც. საქმე მხოლოდ გეოპოლიტიკურ არჩევანში არ არის. ის ქვეყნებიც რომ ამ ღირებულებებს იზიარებდნენ, რომლებთანაც სომხეთი თანამშრომლობს, პრობლემები არ იქნებოდა. ამდენად, აქ საქმე არ არის გეოპოლიტიკაში, ჩვენ შესანიშნავ ადგილზე ვცხოვრობთ. საქმე ცივილურ არჩევანს ეხება.

 

თქვენ ამბობთ, რომ შესანიშნავ ადგილზე ვცხოვრობთ, მაგრამ სომხეთის ორი მეზობელი – თურქეთი და აზერბაიჯანი ბლოკავს მას, ხოლო მესამე მეზობლის – ირანის წინააღმდეგ მთელი მსოფლიოა. საქართველოს თავისი სერიოზული პრობლემები აქვს რუსეთთან…

 

რა თქმა უნდა, შეგვიძლია ჩვენი ადგილმდებარეობა განვიხილოთ, როგორც დიდი უბედურება, რასაც დღეს უმრავლესობა აკეთებს, მაგრამ, მე ვფიქრობ, რომ ჩვენი ადგილი შესანიშნავია, მხოლოდ აუცილებელია შევეცადოთ გამოვძებნოთ საერთო ენა ჩვენს ძალიან მრავალფეროვან მეზობლებთან. უნდა შევეცადოთ, რომ აქ არ შემოვიყვანოთ ისინი, ვისაც აქ არასდროს უცხოვრია და მათ ხარჯზე გადავწყვიტოთ რაღაც საკითხები. ამით უფრო ვამძაფრებთ ურთიერთობას მეზობლებთან. ცხოვრება იცვლება, ირანის იზოლაციაც კი დიდხანს არ გაგრძელდება, იქ ხალხი სულ სხვაგვარია, ისე როგორც ბევრ სხვა ქვეყანაში არ ემთხვევა ხალხისა და სახელმწიფოს შეხედულებები. ხალხი უფრო გახსნილია, ცდილობს ურთიერთგაგებას, ურთიერთდახმარებას. შესაძლოა, ირანი ძალიან მალე გაეხსნას მსოფლიოს და მსოფლიოც გაიხსნება ირანისთვის. საქართველო უმნიშვნელოვანესი მეზობელია ერთი უდავო უპირატესობით – იგი ჩვენი ერთადერთი ქრისტიანული მეზობელია, რომელთანაც ძალიან ბევრი საერთო გვაქვს და კიდევ უფრო მეტი საერთო უნდა გვქონდეს. რეალურად ჩვენ ძალიან დაინტერესებულნი ვართ საქართველოთი და ვფიქრობ, საქართველოც – ჩვენით. უნდა ვეძებოთ ერთმანეთის საუკეთესო შტრიხები და არა ცუდი გამოვლინებები.

 

საქართველო და სომხეთი სხვადასხვა გზით წავიდნენ – პირველი ისწრაფვის ევროკავშირისკენ, მეორე კი უკვე ევრაზიულ საბაჟო კავშირშია. როგორ შეიძლება ეს აისახოს ამ ორი ქვეყნის ურთიერთობაზე?  

 

მინდა, რომ საქართველოსთან ურთიერთობა შეიცვალოს მხოლოდ და მხოლოდ საუკეთესო მიმართულებით. გულწრფელად გეტყვით, ძალიან დაინტერესებული ვარ, რომ საქართველოში ყველაფერი კარგად იყოს. და ეს არა იმიტომ, რომ მე ასეთი ალტრუისტი ვარ, არამედ დარწმუნებული ვარ, რომ რაც უფრო უკეთესად იქნება საქართველო, მით მეტი შანსი აქვს სომხეთს დაუბრუნდეს სწორ გზას. როცა მეზობლის მაგალითი გაქვს თვალწინ, ამას გვერდს ვერ აუვლი. ნებისმიერ შემთხვევაში, იმის მიუხედავად, თუ როგორ სისტემაში იმყოფები, აუცილებელია ბევრი შრომა. რამდენიმე წლის წინ ვიყავი მოლდოვაში. იგი ისწრაფვის ევროკავშირისკენ და პირდაპირი საზღვარი აქვს ევროპულ ქვეყანა რუმინეთთან, მაგრამ იქაურობა ძალიან კეთილმოუწყობელია. ეს იმას ნიშნავს, რომ არჩევანი – ეს არის შანსი. სხვა დანარჩენი შენ უნდა გააკეთო. შენს ნაცვლად ამას არავინ გააკეთებს. იმედი მაქვს, რომ ეს საქართველოშიც კარგად ესმით. აუცილებელია ბევრი რამის ახლებურად სწავლა, გადაფასება და ბევრი შრომა, რომ საბოლოოდ კარგ კომპანიაში აღმოჩნდე. ჯერ მათ მხოლოდ კარი აქვთ ღია. იქამდე მისასვლელი გზა თავად უნდა გაიარო.

 

თქვენი საუბრიდან ჩანს, რომ სახელმწიფოს ძალაუფლების ნაკლებად გწამთ.

 

არ არსებობს ასეთი აბსტრაქტული გაგება სახელმწიფოსი. არის ქვეყანა, რომელიც დასახლებულია ხალხით, ხალხი კი ადამიანებისგან შედგება. როცა მე მესმის საუბრები, რომ აი, ჩვენ ასეთ მენტალიტეტი გვაქვს, ამაშია ჩვენი განსაკუთრებულობა, ყოველთვის ვპასუხობ, რომ ეს არის მსოფლიოში მიმდინარე პროცესებიდან 40-50 წლით ჩამორჩენა. რთული წარმოსადგენია, მაგრამ სულ რამდენიმე ათეული წლის წინ იყო ევროპაში ფაშიზმი, ომი, ნგრევა, მასზე აღმოცენდა როგორც ნაციზმის, ისე კომუნიზმის იდეოლოგია. ახლა ისეთი შთაბეჭდილება იქმნება, თითქოს ათასი წლის წინ იყო ეს, არადა, ასი წელიც არ გასულა. შეხედეთ დღეს ევროპას. მსოფლიომ ეს გადალახა, გააცნობიერა, რომ სხვა კატეგორიებით უნდა ვიხელმძღვანელოთ, რაც სინამდვილეში ძალიან დიდი ღირებულებაა – ესაა ადამიანის სიცოცხლე. ასევე, ყველაზე დიდი ღირებულებაა თითოეული ადამიანის უფლება. ის, რომ ომში არ არსებობს გამარჯვებული და ვინც ყველაზე ხმამაღლა ყვირის, რომ გამარჯვებულია, საბოლოოდ დამარცხებული აღმოჩნდება. სად არის ახლა საბჭოთა კავშირი და სად გერმანია…

 

როგორ აფასებთ არასაპარლამენტო ძალების ბრძოლას სომხეთში ხელისუფლების ცვლილებისთვის?

 

ვფიქრობ, რომ ხელისუფლების შესაცვლელად აუცილებელი არ არის თავისუფლების მოედანზე გამოსვლა. იქ თავისუფლებისთვის უნდა გამოხვიდე. მიმაჩნია, რომ ნებისმიერ პარტიასა ან ადამიანს, რომელიც გამოდის ამ მოედანზე, სადაც იკრიბება ათობით ათასი ადამიანი და მართავს მიტინგს, არ უნდა დაავიწყდეს, რომ სწორედ თავისუფლების მოედანზე გამოდიან. რაც შეეხება საზოგადოებას, ვფიქრობ, ის უფრო ვითარდება და მხოლოდ სიტყვაზე არ ენდობა პოლიტიკურ ლიდერებს. თუკი ლიდერები არ სახავენ გლობალური პრობლემების გადაწყვეტის ამოცანას, სხვა დანარჩენი დეტალები პირადად ჩემთვის მნიშვნელოვანი არ არის.

როგორც არ უნდა იყოს, წელი დაიწყო და ჩვენ ყველას ბევრი შრომა გველის. ისტორია კი ყველაფერს თავის ადგილზე დაალაგებს.


სტატია მომზადებულია პროექტ “სამხრეთ კავკასიის ამბების” ფარგლებში ჰაინრიჰ ბიოლის ფონდის მხარდაჭერით. პროექტის ფარგლებში მომზადებული ტექსტები შეიცავს იმ ტერმინოლოგიას, რომელიც აფხაზეთის, სამხრეთ ოსეთის და მთიანი ყარაბაღის თვითაღიარებულ რესპუბლიკებში გამოიყენება. სტატიებში გამოთქმული მოსაზრებები შესაძლოა არ ემთხვეოდეს ჰაინრიჰ ბიოლის ფონდის და ნეტგაზეთის პოზიციას.


მასალების გადაბეჭდვის წესი